სააპელაციო სასამართლოს განჩინება N 3/ბ-566-22
📄 სრული ტექსტი
საქმე N 3/ბ-566-22წ.
საქმე N 080310018002495307
განჩინება
საქართველოს სახელით
08 თებერვალი, 2023 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები - შოთა სირაძე (მომხსენებელი),ხათუნა ხომერიკი, ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური;
წარმომადგენელი - თამთა ფორჩხიძე;
აპელანტი (მოსარჩელე) - ინდ. მეწარმე „-----“ (ს/ნ "------");
წარმომადგენელი -"------";
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
1.1. აპელანტ ინდ. მეწარმე „----- -ის “ მოთხოვნა – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;
1.2. აპელანტის, სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა - სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად უარყოფა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. 2018 წლის 14 ივნისს ინდ. მეწარმე „------ - “ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოთხოვა:
-ბათილად იქნას ცნობილი 2018 წლის 13 აპრილის N 173161 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი თანამდევი შედეგებით;
-ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 24 მაისის N 12443 ბრძანება.
მოსარჩელის მითითებით, სადავო N 173161 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, დაეკისრა 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა, რაც უკანონოა, რადგან ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, პირს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება:
ა) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე – სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის, აგრეთვე რეგულარული ან უწყვეტი წესით საქონლის (ელექტრო- ან თბოენერგია, გაზი, წყალი) ტრანსპორტირების ან მიწოდების შემთხვევაში.
ინდ. მეწარმე „-----“ აღნიშნავს, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი ხე-მცენარე - „ევონიმუსი" გამოჰყავს საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში, იგი არ წარმოადგენს მერქნიან ხე-ტყეს და სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე – სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციაა, რაც არ საჭიროებს ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერას.
2.2.მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელი არ ცნო,მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის მოთხოვნა.
2.3 გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის ოქტომბრის გადაწყვეტილებით,ნაწილობრივ დაკმაყოფილდა "------" -ის ("------" )სარჩელი, "------" (პ/ნ "------") გათავისუფლდა 2018 წლის .... 28 აპრილის N 173161 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა 500 (ხუთასი ათასი) ლარის გადასახადისგან და ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 24 მაისის N12443 ბრძანება.ამავე გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 75 ლარი,დაეკისრა მოპასუხე... მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახადელად,ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 75 ლარი,დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
2.4. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.4.1. 13.04.2018 წლის No173161 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, მძღოლი "------" ახორციელებდა ინდ. მეწარმე „------ -ის “ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი ხე-მცენარე „ევონიმუსის“ (ჭანჭყატი) ტრანსპორტირებას. ხე-მცენარის საერთო საორიენტაციო საბაზრო ღირებულება შეადგენდა 3585 ლარს დღგ-ის ჩათვლით. ოქმის მიხედვით, "------"-ს დაეკისრა 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.
2.4.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2018 წლის 13 აპრილის N 44681/04/18 დასკვნით, ხე-მცენარე „ევონიმუსი" (ჭანჭყატი) არის სხვადასხვა ზომის (საშუალო სიგრძით 50სმ-დან 80სმ-მდე). ჭანჭყატი (Euonymus) - ფოთოლმცვივანი ან მარად მწვანე ხეებისა და ბუჩქების გვარისფერთა ოჯახისა. აღნიშნული ხე-მცენარე „ევონიმუსი“ (ჭანჭყატი) წარმოდგენილი იყო ღია ცის ქვეშ, რომლის ძირებიც ნაწილობრივ მიწით იყო დაფარული. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ხე-მცენარის „ევონიმუსის“ (ჭანჭყატი) რაოდენობა შეადგენდა 239 ცალს, ხოლო ხე-მცენარის საერთო საორიენტაციო საბაზრო ღირებულება 3585 ლარს, დღგ-ის ჩათვლით.
2,4.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 24 მაისის N 12443 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა "------"-ის საჩივარი 13.04.2018 წლის N 173161 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების შესახებ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
საქალაქო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას – მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ- ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული საკანონმდებლო ნორმა ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების არსებობა სავალდებულოა და ამასთან, იგი 2 უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.
საქალაქო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს კვლევის საგანია ინდ. მეწარმე „------ -ის " სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი ხე- მცენარე „ევონიმუსი“ (ჭანჭყატი) ტრანსპორტირებისას საჭიროებდა თუ არა ხე-ტყის სპეციალური ზედნადების გამოწერას.
ამ მიმართებით, სასამართლო მოიხმობს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანების 24-ე მუხლის მეორე პუნქტს, რომლის მიხედვით: სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ზე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის: ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება; ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით: მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარეშე აკრძალულია საქონლის საწარმოს ტერიტორიულად განცალკევებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის (ფილიალები, საამქროები, უბნები და ა.შ.) საქონლის ტრანსპორტირება (გადაადგილება) და შენახვა. ამავე ბრძანების 252 მუხლის მიხედვით: ხე – ტყის სასაქონლო ზედნადები (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდეგში – ზედნადები) არის N II-013 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლის შევსება სავალდებულოა ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემდეგ საქოწელზე: ა) მრგვალ ხე- ტყეზე (მორი) – ხე-ტყის ან ხემცენარის დამზადების შედეგად (მათ შორის, ძირნაყარი ხე– ტყისგან) მიღებული 12 სმ-ზე მეტი (წვრილი თავის ბოლოდან) დიამეტრის, ასევე დადგენილი წესით დაფირნიშებული წვრილი თავის ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი; ბ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი – გადამუშავების პროდუქტზე ...; გ) ხე-მცენარეებზე – თვითმმართველი ერთეულის აწ კერძო საკუთრებაში არსებული ხე-მცენარეები, მათ შორის, კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობები (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა); დ) ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილ მრგვალ ხე-ტყეზე (მორზე) და წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყეზე.
სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ტყის კოდექსის მე-2 მუხლის „ნ“ პუნქტზეც, რომლის მიხედვით ხე არის მრავალწლიანი მერქნიანი მცეწარე, რომელიც ივითარებს ერთ მთავარ ღეროს ან, ამონაყრის შემთხვევაში, ღეროებს და აქვს განშტოებული ვარჯი, რომლის სიმაღლე სიმწიფის ასაკში არანაკლებ 3 მ-ია; ამავე მუხლის „ო“ პუნქტით კი, ბუჩქი არის მრავალწლიანი მერქნიანი მცენარე, რომელსაც აქვს ნიადაგის ზედაპირიდან განშტოეზული ვარჯი და რომლის სიმაღლე არაუმეტეს 3 მ-ია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2018 წლის 13 აპრილს, "------"-ის სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი ხე-მცენარე „ევონიმუსი“ (ჭანჭყატი) ტრანსპორტირებისას საჭიროებდა ხე-ტყის სპეციალური სასაქონლო ზედნადების გამოწერას. სასამართლო თვლის, რომ ხე-მცენარე „ევონიმუსი“ (ჭანჭყატი) წარმოადგენს ფოთოლმცვივანი ან მარად მწვანე ხეებისა და ბუჩქების ოჯახის წევრს და მასზე ვერ გავრცელდება საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, პირს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება: ა) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე – სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის, აგრეთვე რეგულარული ან უწყვეტი წესით საქონლის (ელექტრო-ან თბოენერგია, გაზი, წყალი) ტრანსპორტირების ან მიწოდების შემთხვევაში.
ამასთან, დადგენილად მიაჩნია რა, ინდ. მეწარმე „------ -ის “ მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომელიც საგადასახადო პასუხისმგებლობისგან პირის გათავისუფლების იმგვარ საკითხებს აწესრიგებს, როდესაც უფლებამოსილ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა, გაათავისუფლოს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან პირი, თუ იგი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმის აშკარა ბუნდოვანი და ორაზროვანი შინაარსის გამო, კეთილსინდისიერად ცდებოდა კანონის არსთან მიმართებაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული რეგულირების ქვეშ ექცევა"------"-ის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლების მოთხოვნა, რადგან იგი კეთილსინდისიერად ცდებოდა კანონის განმარტებასთან დაკავშირებით.
გადამხდელის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე გს–222–219(კ–14), რომელშიც განმარტებულია, რომ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი საგადასახადო ორგანოს/სასამართლოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი დარიცხული სანქციისაგან, რაც გულისხმობს, რომ საგადასახადო ორგანო არ არის ვალდებული, ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმა. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერების პრინციპი პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებად განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსი გადასახადის გადამხდელის ქმედების შესაფასებლად არ განსაზღვრავს „კეთილსინდისიერების“ ან „არაკეთილსინდისიერების" ცნებას. თუმცა კეთილსინდისიერების საკითხს საგადასახადო დავის გადაწყვეტისა და კონკრეტული საგადასახადო-სამართლებრივი ნორმების შეფარდების პროცესში განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირს სწამს,რომ მისი ქმედება კანონიერია, არ არის მართლსაწინააღმდეგო. ამასთან, პირი მოქმედებს ე.წ საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას. საპატიებელი შეცდომის დროს პირი ფიქრობს, რომ არ არსებობს ისეთი ნორმა, რომელიც მის ქმედებას კრძალავს. მაშასადამე, მას არ გააჩნია - სამართალდარღვევის ჩადენის შეგნება.
მოცემულ შემთხვევაში კანონის მიზანს წარმოადგენს, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს არა სტანდარტულად შეცდომის დამშვები პირი, არამედ პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. გადასახადის გადამხდელი შეიძლება კეთილსინდისიერად ცდებოდეს კანონის არსთან მიმართებაში, თუ აშკარად ბუნდოვანი და ორაზროვანი შინაარსის გამო კანონის ნორმა აზრთა სხვადასხვაობის, განსხვავებული ინტერპრეტაციისა და არაერთგვაროვანი განმარტების საშუალებას იძლევა.“
საქალაქო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე კეთილსინდისიერად ცდებოდა კანონის არსთან მიმართებაში, როცა ეგონა, რომ მის მიერ საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში გამოყვანილი ხე-მცენარე “ევონიმუსი“ საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე- 6 ნაწილის თანახმად, არ საჭიროებდა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერას, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად საგადასახადო პასუხისმგებლობისგან პირის გათავისუფლების საფუძველია.
ამდენად, საქმის გარემოებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 მუხლის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17, 32-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა "------"-ის (პ/ნ "------") სარჩელი და იგი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გაათავისუფლა 2018 წლის 13 აპრილის No173161 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის 5000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდისაგან, ხოლო შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 24 მაისის No12443 ბრძანება ბათილად ცნო.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ინდ. მეწარმე „----- -მ “ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
აპელანტის, ინდ. მეწარმე „------ -ის " შეფასებით, სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას საკმაოდ არგუმენტირებულად და დასაბუთებულად ცნო დადგენილად "------"- ის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულების მიმართ კეთილსინდისიერების ფაქტი, თუმცა არასწორად დაადგინა, რომ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი ხე-მცენარე „ევონიმუსი“ (ჭანჭყატი) ტრანსპორტირებისას საჭიროებდა ხე-ტყის სპეციალური სასაქონლო ზედნადების გამოწერას და არ იმსჯელა გასაჩივრებული სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2018 წლის 13 აპრილს შედგენილი N 173161 საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნაზე.
სააპელაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ „ევონიმუსი" (ჭანჭყატი) ტყის კულტურა არ არის, მსოფლიოს და ასევე საქართველოს ტყეებში ველური სახით არსად არაა გავრცელებული, ხოლო საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პირველად (სამრეწველო გადამუშავებამდე-სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციაზე ვრცელდება საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის დანაწესი და „ევონიმუსი“ (ჭანჭყატი) ტრანსპორტირებისას არ საჭიროებდა ხე-ტყის სპეციალური სასაქონლო ზედნადების გამოწერას. შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 13 აპრილის N 173161 საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმი ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე. ინდ. მეწარმე „-------“ მოითხოვს გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ - საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის ნაწილში და დაკმაყოფილდეს სარჩელი სრულად.
აპელანტი, სსიპ შემოსავლების სამსახური იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომელმაც მიიჩნია, რომ სახეზე იყო სამართალდარღვევის ფაქტი, რადგან"------"-ის სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი ხე-მცენარე „ევონიმუსი" (ჭანჭყატი) ტრანსპორტირებისას საჭიროებდა ხე-ტყის სპეციალური სასაქონლო ზედნადების გამოწერას, თუმცა არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც მოსარჩელე, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი გათავისუფლდა ოქმით შეფარდებული სანქციისაგან.
აპელანტი, სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაპყრობს იმ მნიშვნელოვან გარემოებაზე, რაც მისი შეფასებით გამორიცხავს ინდ. მეწარმე „------ -ის “ კეთილსინდისიერებას. კერძოდ, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სადავო სამართალდარღვევის ჩადენამდე"------"-ს გამოწერილი აქვს არაერთი სასაქონლო ზედნადები იდენტურ საქონელზე - „ევონიმუსზე“, რაც გამორიცხავს მის შეცდომას კანონის არსთან მიმართებაში. ამდენად, მისთვის ცნობილი იყო კანონის მოთხოვნა ზედნადების გამოწერის თაობაზე, რასაც ასრულებდა კიდეც, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევას და საგადასახადო ორგანომაც მოახდინა შესაბამისი რეაგირება.
სსიპ შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე- 7 ნაწილის საფუძველზე, როგორც საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს, ასევე სასამართლოს მიენიჭა უფლებამოსილება გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით არცოდნით, შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განისაზღვრა კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის სანქციისაგან გათავისუფლების მექანიზმი, რომლის გამოყენების უფლებამოსილება მიენიჭა სასამართლოსაც, ამდენად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველი ორგანოს მიერ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციისაგან გათავისუფლების შესახებ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის არდაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო არ ამოწმებს ადმინისტრაციული აქტების კანონიერებას, არამედ უფლებამოსილია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან.
გადასანადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
აპელანტის შეფასებით, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა საფუძველზეც გადამხდელი ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას, არ წარმოადგენს ისეთ ფაქტობრივ გარემოებებს/არგუმენტებს, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.
გარდა ამისა, აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება საფუძველსაა მოკლებული სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილშიც, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის გადახდა წარმოებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, რომლის მე–5 მუხლის თანახმადაც, საგადასახადო ორგანოები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ შემოსავლების სამსახური ითხოვს გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე N 3/393-18-22) და უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უასაფუძვლობის გამო.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უწდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის ტანახმად სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია – გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე (Hirvisaari v Finland, F32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.6l, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahrke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე. ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (No.3) 38-42).
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო არსებითად ეთანხმება საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებულ შემაჯამებელ დასკვნას, როგორც საქმის ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობების ზედმიწევნით განმეორების წაცვლად, პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების მოტივებზე.
აპელანტი, ინდ. მეწარმე „------“ არ ეთანხმება გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია გადასახადის გადამხდელის მხრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. გადასახადის გადამხდელი თვლის, რომ მას საგადასახადო კანონმდებლობა არ დაურღვევია და არ არსებობდა მის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველი. თავის მხრივ, სსიპ შემოსავლების სამსახური არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილების იმ არგუმენტებს, რომლითაც მიუხედავად სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დადასტურებისა, სასამართლომ ინდ. მეწარმე „------“, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, გაათავისუფლა დაკისრებული სანქციისაგან (სააპელაციო საჩივრების მოტივები ვრცლად იხილეთ ზემოთ).
ამრიგად, განსახილველ საქმეზე პალატამ შეფასება უნდა მისცეს ორ ძირითად საკითხს:
1) ინდ. მეწარმე „------ -ის “ მიერ ჩადენილია თუ არა საგადასახადო სამართალდარღვევა, რაც გამოიხატა. სამეწარმეო საქმიანობისათვის _ ხე-მცენარის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებაში;
2) ეფუძნება თუ არა კანონიერ საფუძვლებს სასამართლოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო სანქციისგან გათავისუფლების შესახებ.
ამ საკითხებთან მიმართებით, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია კიდევ ერთხელ მიუთითოს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2018 წლის 13 აპრილს, 14:25 საათზე, ინდ. მეწარმე „------ -ის " (პ/ნ "------") მიმართ შედგენილი იქნა N 173161 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ, 2018 წლის 11 აპრილს, 11:51 საათზე, "------"-ის რაიონის, სოფ. "------"-ში გადამოწმდა ავტომანქანა „ფორდი“, სახელმწიფო ნომრით: "------". გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ "------"(პ/ნ "------") ახორციელებდა ინდ. მეწარმე „------ -ის “ (ს/ნ "------") სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 3585 ლარის ღირებულების საქონლის (ხე-მცენარე „ევონიმუსი“ (ჭანჭყატი), 239 ძირი) ტრანსპორტირებას, ხე-ტყის სპეციალური ელ. სასაქონლო ზედნადების გარეშე, რითაც დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რაც იწვევს დაჯარიმებას საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით.
შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისათვის, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული საქონელი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2018 წლის 13 აპრილის N 44681/04/18 დასკვნის მიხედვით, ამოღებული ხე-მცენარე „ევონიმუსი“ (ჭანჭყატი) იყო სხვადასხვა ზომის (საშუალო სიგრძით 50სმ-დან 80სმ-მდე), რაოდენობით 239 ცალი. ჭანჭყატი (Euonymus) არის ფოთოლმცვივანი ან მარად მწვანე ხეებისა და ბუჩქების გვარისფერთა ოჯახის. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ხე-მცენარე „ევონიმუსის“ (ჭანჭყატის) საერთო საორიენტაციო საბაზრო ღირებულება შეადგენდა 3585 ლარს, დღგ-ის ჩათვლით.
2018 წლის 24 აპრილს, ინდ. მეწარმე „----- -მ “ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 13 აპრილის N 173161 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და მის საფუძველზე დაკისრებული სანქციების გაუქმება. გადასახადის გადამხდელი წარდგენილ საჩივარში მიუთიებდა, რომ იგი ახდენდა საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში წარმოებული (მოყვანილი) „ევონიმუსის“ სახეობის ნერგების (ფესვების გადაჭრის გარეშე ანუ სასაქონლო კოდის შეცვლის გარეშე) ტრანსპორტირებას, რომლებიც წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქტს და მის ტრანსპორტირებაზე გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა სატრანსპორტო ზედნადების გამოწერის ვალდებულება.
სსიპ შემოსავლების სამსახურმა არ გაიზიარა გადამხდელის არგუმენტები, დადგენილად მიიჩნია, რომ „ევონიმუსი“ (ჭანჭყატი) მიეკუთვნება ხე-მცენარეებს, რომლებზეც სავალდებულოა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერა და 2018 წლის 24 მაისის N 12443 ბრძანებით არ დააკმაყოფილა "------"-ის საჩივარი 13.04.2018 წლის N 173161 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლოც დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და დადასტურებულად მიიჩნია ინდ. მეწარმე „------ -ის “ მხრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და მიუთითებს, რომ საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის (საქონელი არის მატერიალური ან არამატერიალური ქონება, მათ შორის, ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი - საგადასახადო კოდექსის მე-13 მუხლი) ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას – მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების დამატებული მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა “ გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანების 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე. ამასთან, დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას მიღებულ შემოსავლებში და გაწეულ ხარჯებში არც ერთი ელემენტი არ უნდა იქნეს გამოტოვებული ან ორჯერ ჩართული. ამავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/სე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის: ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება; ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში. ამ მუხლის მე-3 პუნქტში კი ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარეშე აკრძალულია საქონლის საწარმოს ტერიტორიულად განცალკევებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის (ფილიალები, საამქროები, უბნები და ა.შ.) საქონლის ტრანსპორტირება (გადაადგილება) და შენახვა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის N 996 ბრძანება, იმის მიხედვით რა სახის საქონლის ტრანსპორტირება თუ მიწოდება ხდება, ერთმანეთისგან მიჯნავს სასაქონლო ზედნადებს (მუხლი 251) და ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებს (მუხლი 251), თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ამ ინსტრუქციის 25 მუხლით გათვალისწინებული დებულებები ვრცელდება ამავე ინსტრუქციის N II-013 დანართით დამტკიცებული ფორმის (ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები) ზედნადებზეც (251 მუხლი). ბრძანების 25 მუხლის მიხედვით: 1. სასაქონლო ზედნადები (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდეგში – ზედნადები) არის N II-01 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი;
2. ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.
ბრძანების 252 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები არის N II-013 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლის შევსება სავალდებულოა ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემდეგ საქონელზე; გ) ხე-მცენარეებზე – თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებული ხე-მცენარეები, მათ შორის, კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობები (გარდა სხვა ხილ- კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა).
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 72-ე მუხლის პირველი პუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება,მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
როგორც ზემოთ მოხმობილი ნორმების ანალიზით ირკვევა, სასაქონლო ზედნადები არის დოკუმენტი, რომლის მეშვეობითაც ხდება საქონლის ტრანსპორტირება, შენახვა, გაცემა და მიღება. ზედნადები არის საქონელზე ან გადასაზიდ ტვირთზე დართული საბუთი, რომელშიც აღნიშნულია საქონლის (ტვირთის) დასახელება, რაოდენობა და ფასი. „სასაქონლო ზედნადები წარმოადგენს აღრიცხვის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდების ფაქტი და რომლის გარეშე აკრძალულია საქონლის ტრანსპორტირება,შენახვა და რეალიზაცია(წყარო: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=14560 - ბიზნესი და კანონმდებლობა N 1.– იანვარი 2008,– გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია", – სარედაქციო საბჭო: იაშა მესხია, ნოდარ ჭითანავა ელგუჯა მექვაბიშვილი, თემურ ხომერიკი, ლევან გრიგალაშვილი, ნიკო ბაკაშვილი, ანზორ აბრალავა, ნოდარ ბაგრატიონი, სოსო ცისკარიშვილი, ლამარა ქოქიაური, თამაზ აქუბარდია, ზაქარია ქუცნაშვილი, ლარისა თაკალანძე, მარინე კორძაძე).
ამდენად, საგადასახადო კანონმდებლობა სამეწარმეო საქმიანობისთვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირების, შენახვის და რეალიზაციისას ადგენს ზედნადების გამოყენების სავალდებულოობას და კონკრეტულად შესავსები ზედნადების სახე (სასაქონლო თუ ხე-ტყის სასაქონლო) დამოკიდებულია ტრანსპორტირებული, შენახული თუ რეალიზებული საქონლის სახეობაზე. ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ გამოიყოფა ის შემთხვევები, როცა სავალდებულო არ არის არც სასაქონლო ზედნადების და არც ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოყენება.
კერძოდ, ინსტრუქციის 251 მუხლის მე-15 პუნქტის მიხედვით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). ზედნადების გამოყენება სავალდებულო არ არის: ა) შესაბამისი პირისათვის მომსახურების გასაწევად განკუთვნილი იმ სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ტრანსპორტირებისას, რომელიც რჩება მომსახურების გამწევის საკუთრებაში; ბ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების ტრანსპორტირების შემთხვევაში; გ) სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის შემაფერხებელი ავარიული დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი საქონლის ტრანსპორტირებისას; დ) იმ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის მატერიალური საგნის (მიუხედავად მისი ფორმისა ან ბუნებისა) ტრანსპორტირებისას, რომლის გადაადგილება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის N 507 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხის“ შესაბამისად, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას. ამავე ინსტრუქციის 252 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების შევსების ვალდებულება არ ვრცელდება: ა) სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყისა ან/და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტებზე; ბ) ხე-ტყის მომპოვებლის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტყიდან დანიშნულების ადგილამდე (პირველადი დასაწყობების ან პირველად გადამამუშავებელ ობიექტამდე) ტრანსპორტირებისას; გ) თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ხე-მცენარეებზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობით ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით ხე- მცენარეების მისი მესაკუთრის მიერ ტრანსპორტირებისას, გარდა მიწოდებისა; დ) აუქციონის შედეგების შესახებ სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისას; ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით (ბრძანებით) და შესაბამისი მიღება- ჩაბარების აქტით მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისას.
როგორც განსახილველი საქმის მასალებით დგინდება, ინდ. მეწარმე „----- -ის “ შემთხვევაში არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ საგამონაკლისო შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. ამდენად, ის ფაქტი, რომ ინდ. მეწარმე „-------“ ახდენდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას ზედნადების გარეშე უდავოა, თუმცა სადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარისი არაა მხოლოდ იმ ფაქტის დადგენა, რომ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სათანადო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება ხდებოდა, აუცილებელია ამავდროულად დადგინდეს, რომ ხდებოდა თუ არა ამ მუხლის დისპოზიციაში აღნიშნული საქონლის - მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების ტრანსპორტირება სამეწარმეო საქმიანობისთვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე- მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, – იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
საქმის მასალებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ ინდ. მეწარმე „------“ ახდენდა „ევონიმუსის (ჭანჭყატის) ნერგების ტრანსპორტირებას, შემდგომი რეალიზაციის მიზნით და აღნიშნული საქმიანობა წლების განმავლობაში მის სამეწარმოეო საქმიანობის სფეროს წარმოადგენს.
პალატა მიუთითებს, რომ ჭანჭყატი (Euonymus) არის ფოთოლმცვივანი ან მარადმწვანე ხეებისა და ბუჩქების გვარი ჭანჭყატისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 200-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებული არიან ორივე ნახევარსფეროს ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერი ჰავის სარტყლებში. საქართველოში იზრდება 7 სახეობა; მათგან 2 ენდემურია (https://ka.wikipedia.org/) ჭანჭყატისებრნი (Celastraceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ფოთოლმცვივანი ან მარადმწვანე ხეები, ბუჩქები და ლიანებია. ყვავილები ორსქესიანი ან ერთსქესიანია; შეკრებილია მტევნისებრ ყვავილედებად. ნაყოფი კოლოფი, კენკრა ან კურკიანაა ((https://ka.wikipedia.org/).
„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის N46 დადგენილების მეორე მუხლის მიხედვით, ხე-მცენარე არის მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული მერქნული რესურსი და სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებს და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსი.
პალატა მიუთითებს, საქართველოს ტყის კოდექსის მე-2 მუხლის „ნ“ პუნქტზეც, რომლის მიხედვით ხე არის მრავალწლიანი მერქნიანი მცენარე, რომელიც ივითარებს ერთ მთავარ ღეროს ან ამონაყრის შემთხვევაში, ღეროებს და აქვს განშტოებული ვარჯი, რომლის სიმაღლე სიმწიფის ასაკში არანაკლებ 3 მ-ია; ამავე მუხლის „ო“ პუნქტით კი, ბუჩქი არის მრავალწლიანი მერქნიანი მცენარე, რომელსაც აქვს ნიადაგის ზედაპირიდან განშტოებული ვარჯი და რომლის სიმაღლე არაუმეტეს 3 მ–ია.
ამდენად, ზემოთ აღნიშნული განმარტებების მხედველობაში მიღებით, პალატა იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს და პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და დადგენილად მიიჩნევს, რომ ინდ. მეწარმე "------"-ის მიერ სამეწარმეო საქმიანობისთვის ტრანსპორტირებული ნერგები წარმოადგენდა ხე-მცენარეებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 წაწილის მიზნებისათვის, რომელთა ტრანსპორტირებასაც ესაჭიროებოდა სპეციალური ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერა.
შესაბამისად, პალატა არ იზიარებს გადასახადის გადამხდელის მითითებას საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტზე, რომლითაც დადგენილია, რომ პირს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება: საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე – სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის, აგრეთვე რეგულარული ან უწყვეტი წესით საქონლის (ელექტრო- ან თბოენერგია, გაზი, წყალი) ტრანსპორტირების ან მიწოდების შემთხვევაში, რადგან აღნიშნული ნორმა ადგენს 286-ე მუხლის პირველი და არა 12 ნაწილით პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებებს და ამასთან, სოფლის მეურწეობის პირველადი პროდუქტი თავის თავში მოიცავს ადამიანის ან ცხოველის საკვებად განკუთვნილ პროდუქტს, რომელიც მიღებულია პირველადი წარმოებიდან (პროცესი, რომელიც მოიცავს: მცენარის მოყვანას (მოსავლის აღების, ნაყოფის კრეფის ჩათვლით); ცხოველის გაზრდას, მოშენებას დაკვლამდე, აგრეთვე რძის წველას. პირველადი წარმოება ასევე მოიცავს ნადირობას, თევზჭერას და ველური მცენარეების შეგროვებას) გადამუშავებამდე (მათ შორის, ნიადაგიდან) ცხოველის მოშენების, ნადირობის ან თევზჭერის შედეგად (სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი).
პალატა, გადასახადის გადამხდელის სამართალდამრღვევად ცნობასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს,საგადასახადო პასუხისმგებლობა იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახეა. იურიდიული პასუხისმგებლობა გულისხმობს სამართალდამრღვევის მიმართ სახელმწიფო იძულების ზომების გამოყენებას მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43–ე მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება საგადასახადო კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
განსახილველ საქმეზე სადავო სამართალურთიერთობა წარმოშობილია საგადასახადო სამართალდარღვევათა სფეროში, გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის.
საგადასახადო სამართალდარღვევები საქართველოში მოწესრიგებულია საგადასახადო კოდექსით, რომელიც განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებსა და საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას. კერძოდ. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლით განსაზღვრულია ქმედების საგადასახადო სამართალდარღვევად მიჩნევისა და საგადასახადო პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები, რომლის მიხედვით საგადასახადო სამართალდარღვევად ჩაითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საგადასახადო პასუხისმგებლობა არის კონკრეტული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვალდებულება. საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის. საგადასახადო პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საფუძვლები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას აუცილებელია, არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი – საგადასახადო სამართალდარღვევა. ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით განსაზღვრავს საგადასახადო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
საგადასახადო პასუხისმგებლობას, იურიდიული ფუნქციის გარდა, სოციალური ფუნქციაც გააჩნია. საგადასახადო პასუხისმგებლობის სოციალური ფუნქცია საგადასახადო სამართალდარღვევის თავიდან აცილების ზოგადი და კერძო პრევენციით ხორციელდება. ზოგადი პრევენცია უზრუნველყოფს ახალი საგადასახადო სამართალდარღვევის თავიდან აცილებას საგადასახადო სამართლის ყველა სუბიექტის მიერ, ხოლო კერძო პრევენცია – ახალი საგადასახადო სამართალდარღვევის თავიდან აცილებას საგადასახადო სამართლის ინდივიდუალურად განსაზღვრული სუბიექტის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, ინდ. მეწარმე „----- -სთვის " საგადასახადო პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენა. პალატის შეფასებით, დადგენილი ფაქტია, რასაც გადასახადის გადამხდელი სათანადო მტკიცებულებები ვერ აბათილებს, რომ "------" ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის ხე-მცენარის ტრანსპორტირებას სათანადო ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე. მართალია, "------" მიუთითებს, რომ მისი მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, თუმცა კონკრეტული რელევანტური არგუმენტი, რაც მის ამგვარ პოზიციას გაამყარებდა გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია.
ამრიგად, პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მტკიცების ტვირთის გაწილებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ განუმარტავს აპელანტს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე უფლებამოსილი და ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა პირდაპირ და არსებით გავლენას ახდენს დავაზე და შესაბამისად, განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუნი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. ამასთან, კანონი მხარეთა შეჯიბრობითობის პრინცის სრულყოფილად რეალიზაციას.
ამასთან,კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას,როცა დავის საგანს წარმოადგენს,როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება - მტკიცების ტვირთი, ასეთ დროს გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება არ გულისხმობს მოსარჩელე მხარის, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის, საერთოდ გათავისუფლებას მის მიერ მითითებული გარემოებების დასაბუთების ვალდებულებისაგან, ე.ი. იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რაზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას.
ამრიგად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებებით, საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი დადგენილია, რისი საწინააღმდეგო მტკიცებულებაც გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია და მისი პოზიცია სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული არ არის. პალატის შეფასებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ერთობლიობაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 გათვალისწინებულ გადაცდომაში ინდ. მეწარმე „----- -ის “ ბრალეულობაზე მიუთითებს, რის გამოც არ არსებობს მათი უარყოფისა და გადასახადის გადამხდელის პოზიციის გაზიარების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, რაც სწორად შეაფასა როგორც ადმინისტრაციულმა ორგანომ, ისე პირველი ინსტანციის სასამართლომ. შესაბამისად, არ არსებობს აპელანტის პოზიციის გათვალისწინების და მის მიერ სადავოდ გამხდარ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
რაც შეეხება სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო პრეტენზიას, ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევის მიუხედავად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების საფუძვლით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო სანქციებისგან გათავისუფლების თაობაზე, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი სამართალდამრღვევის მიმართ სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საგადასახადო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საგადასახადო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით, კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი შეიძლება განთავისუფლდეს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
პალატა მოიხმობს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.10.2014წ. (საქმე Nბს-222-219(კ- 14)) გადაწყვეტილებას, სადაც უზენაესმა სასამართლომ განსაზღვრა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენებისას სახელმძღვანელო პრინციპები.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ „მითითებული ნორმით კანონმდებელმა საგადასახადო სამართალში შემოიტანა გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერების(GOOD FAITH) პრინციპი, რაც მთელი რიგი ქვეყნების კანონმდებლობით, პასუხისმგებლობის ბრალის) გამომრიცხველ გარემოებად განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსი გადასახადის გადამხდელის ქმედების შესაფასებლად არ განსაზღვრავს „კეთილსინდისიერების" ან „არაკეთილსინდისიერების ცნებას, თუმცა კეთილსინდისიერების საკითხს საგადასახადო დავების გადაწყვეტისა და კონკრეტული საგადასახადო–სამართლებრივი ნორმების შეფარდების პროცესში განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის კვალიფიციური გაგება-გამოყეწება მოითხოვს ნორმის ტექსტის გაანალიზებას, რის საფუძველზეც უნდა დავასკვნათ, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერებას კანონმდებელი. მის მიერ დაშვებულ შეცდომას უკავშირებს. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით).
საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი, პირს სწამს, რომ მისი ქმედება კანონიერია, არ არის მართლსაწინააღმდეგო. ამასთან, პირი მოქმედებს ე.წ. საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას) საპატიებელი შეცდომის დროს პირი ფიქრობს, რომ არ არსებობს ისეთი ნორმა, რომელიც მის ქმედებას კრძალავს. მაშასადამე, მას არ გააჩნია სამართალდარღვევის ჩადენის შეგნება. იმ შემთხვევაში, თუ შეცდომა საპატიებელი არ არის (მაგალითად, მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით) პირი არ შეიძლება განთავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან.
საკასაციო სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს გადამხდელის შეცდომის არასამართლებრივი, ანუ ყოფითი გაგებით განმარტება-გამოყენების პრაქტიკაში დამკვიდრებას და განმარტავს: მოცემულ შემთხვევაში კანონის მიზანს წარმოადგენს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს არა სტანდარტულად შეცდომის დამშვები პირი, არამედ პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. სამართლებრივი შეცდომა შეუძლებელია გავაიგივოთ კანონის არცოდნასთან, რომელსაც ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, თუ პირმა საერთოდ არ იცოდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული და კანონით დადგენილი წესით ძალაში შესული კანონის არსებობის შესახებ - მაშინ, როდესაც უნდა სცოდნოდა და ობიექტურად შეეძლო სცოდნოდა ამის შესახებ. კანონის არცოდნა, როგორც წესი, არ ათავისუფლებს პირს პასუხისმგებლობისაგან. შეცდომას პირი უნდა უშვებდეს საპატიო მიზეზთა გამოისობით... გადასახადის გადამხდელი შეიძლება კეთილსინდისიერად ცდებოდეს კანონის არსთან მიმართებაშიც, თუ აშკარად ბუნდოვანი და ორაზროვანი შინაარსის გამო კანონის ნორმა აზრთა სხვადასახვაობის, განსხვავებული ინტერპრეტაციის და არაერთგვაროვანი ახსნა-განმარტების საშუალებას იძლევა“.
წინამდებარე საქმეზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდ. მეწარმე „------“ მოქმედებდა მისატევებელი შეცდომის ფარგლებში და იგი ცდებოდა კანონის არსთან მიმართებაში. აღნიშულის საწინააღმდეგოდ, სსიპ შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებზე, რომლებიც ------ -ს გამოწერილი - აქვს იდენტურ საქონელზე - „ევონიმუსზე“, რაც საგადასახადო ორგანოს შეფასებით, გამორიცხავს მის შეცდომას კანონის არსთან მიმართებაში.
პალატა არ იზიარებს საგადასახადო ორგანოს ამ არგუმენტებს და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი, ინდ. მეწარმე „------ -ის “ მიერ გამოწერილი ზედნადებები, რომლებზედაც აპელანტი სსიპ შემოსავლების სამსახური აფუძნებს თავის პოზიციას კონკრეტული საგადასახადადო სამართალდარღვევის მიმართ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერების ფაქტის გამორიცხვაზე. წარმოადგენს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანების დანართი N II-012-ით გათვალისწინებულ სასაქონლო ზედნადებებს და არა ამავე ბრძანების დანართი N II-013-ით განსაზღვრულ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებს, საგადასახადო რომლის გარეშე ტრანსპორტირებასაც ედავება წარმოდგენილი სამართალდარღვევის ოქმით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს.
საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ გადასახადის გადამხდელს ერთხელ მაინც მიეთითა ზედნადების არასწორად შედგენის თაობაზე. ამდენად, საგადასახადო კანონმდებლობის ისეთი მოთხოვნების შესრულების დროსაც, რაზეც შემოსავლების სამსახური არათუ ედავება გადასახადის გადამხდელს, არამედ მიიჩნევს, რომ იგი მოქმედებდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, მეწარმის მიერ გამოწერილი ზედნადებების სახეობა აშკარად მოწმობს, რომ იგი უშვებდა შეცდომას საგადასაადო კანონმდებლობის არსთან დაკავშირებით.
"------"-მ სააპელაციო სასამართლოში ამ ფაქტთან დაკავშირებით განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ზედნადებები გამოწერილია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მისთვის წინასწარ იყო ცნობილი საქონლის შემსყიდველი და
თოთეულ ზედნადებში შემსყიდველი იდენთიფიცირებულია, ხოლო სადავო შემთხვევაში ევონიმუსის წერგები ბაზარში მიჰქონდა იმ პირობებში, როდესაც წინასწარ არ იყო ცნობილი შემსყიდველის ვინაობა და ზედნადებს ნერგების შეძენის შემთხვევაში გამოწერდა.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული ზედნადებებით, კერძოდ: 1. ელ "------", თარიღი: 13.04.2018, ოპერაციის შინაარსი: ტრანსპორტირებით, მყიდველი: შპს „------“ (ს/ნ "------"); 2. ელ "------", თარიღი: 31.03.2018, ოპერაციის შინაარსი: ტრანსპორტირებით. მყიდველი: შპს „"------"“ (ს/ნ "------"); 3. ელ "------", თარიღი: 04.04.2018, ოპერაციის შინაარსი ტრანსპორტირებით, მყიდველი:"------" (პ/ნ "------"); 4. ელ "------", თარიღი: 24.07.2017, ოპერაციის შინაარსი: ტრანსპორტირებით, მყიდველი შპს „------“ (ს/ნ "------"); 5. ელ "------", თარიღი: 07.06.2017, ოპერაციის შინაარსი: ტრანსპორტირებით მყიდველი: შპს „-----“ (ს/ნ "------"); N ელ "------", თარიღი: 26.07.2017, ოპერაციის შინაარსი: ტრანსპორტირებით, მყიდველი: შპს „-----” (ს/ნ "------"); 7. ელ "------", თარიღი: 20.06.2016, ოპერაციის შინაარსი: ტრანსპორტირებით, მყიდველი: შპს „-------” (ს/ნ "------"); 8. ელ "------", თარიღი: 09.03.2016 ოპერაციის შინაარსი: ტრანსპორტირებით, მყიდველი: შპს „------(ს/ნ "------"); 9. ელ "------", თარიღი: 03.03.2016, ოპერაციის შინაარსი: ტრანსპორტირებით, მყიდველი შპს „------(ს/ნ "------"); 10. ელ "------", თარიღი: 11.09.2016 ოპერაციის შინაარსი: ტრანსპორტირებით, მყიდველი: შპს „-------“ (ს/ნ "------"), დადგენილია, რომ ზედნადებები წარმოადგენს არა „ევონიმუსის" (ჭანჭყატის) ტრანსპორტირების სასაქონლო ზედნადებებს, არამედ საქონლის ტრანსპორტირებით მიწოდების ზედნადებებს, როცა ცნობილია კონკრეტული მყიდველი, მიწოდების ადგილი, გასაყიდი საქონლის დასახელება, რაოდენობა და ფასი.
შესაბამისად, წარმოდგენილი ზედნადებები ვერ გამოდგება იმ მტკიცების არგუმენტად, რომ ერთი და იმავე ვითარებაში გადასახადის გადამხდელი განსხვავებულად მოქმედებდა, რაც მის კეთილსინდისიერებას გამორიცხავდა.
ამრიგად, სააპელაციო პალატის შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა სწორედ მისატევებელი შეცდომა, რადგან გადასახადის გადამხდელი შეცდა კანონის არსთან მიმართებაში, როცა სარეალიზაციოდ განკუთვნილი ნარგავები მიიჩნია სოფლის მეურნეობის პირველად პროდუქტად და არა ხე-მცენარედ, რომლის არა მხოლოდ მიწოდება, არამედ ტრანსპორტირებაც კი სპეციალურ ზედნადებს საჭიროებს და შესაბამისად, როცა მოახდინა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება სათანადო ზედნადების გარეშე.
ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, ინდ. მეწარმე „----- -ის “ მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გავრცელების თაობაზე, რაც ერთი მხრივ სამართალდარღვევის ოქმის იმ ნაწილში გაუქმებასაც იწვევს, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დაეკისრა შესაბამისი სანქცია, ხოლო მეორე მხრივ, ასევე იმ აქტის ბათილად ცნობის საფუძველიცაა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რადგან საჩივრის განმხილველ ორგანოს, საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სათანადოდ უნდა გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ემსჯელა დაკისრებული სანქციისგან გადამხდელის გათავისუფლებაზე, მით უმეტეს, როცა სამართალდამრღვევად ცნობილი პირის ადმინისტრაციული საჩივრის შინაარსითაც აშკარაა, რომ იგი ცდებოდა კანონის არსთან მიმართებაში.
ამასთან სააპელაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას კიდევ ერთხელ ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებით ეთახმება პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას ინდ. მეწარმე „------ -ის “ ქმედებაში საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის შემადგენლობის არსებოზასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება აპელანტის, სსიპ შემოსავლების სამსახურის მითითებას, რომ საგადასახადო ორგანო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის აუდისაგან, რის გამოც სასამართლო იყო უფლებამოსილი დაეკისრებინა მისთვის ბაჟი, პალატა განუმარტავს აპელანტს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო მოპასუხეს დაეკისრა სარჩელზე გადახდილი ბაჟის ნაწილის - 75 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის _ და არა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი ხაზგასმით ამბობს, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება. ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა : მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივრები არ შეიცავს საფუძვლიან პრეტენზიას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები:
აპელანტი, სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თანახმად „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა, ხოლო აპელანტს, ინდ. მეწარმე „----- -ს “ (ს/ნ "-------") საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, არ დაუბრუნდება სააპელაციო საჩივრის უარყოფის გამო, თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო - პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით. ამავე კოდექსის მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 389-ე და 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის და ინდ. მეწარმე „------- -ის “ (პ/ნ "------") სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების დარჩეს უცვლელად;
3. აპელანტი სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. აპელანტ ინდ. მეწარმე „------ -ის " მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N 6) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N 32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70- 78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა სირაძე
ხათუნა ხომერიკი
ლერი თედორაძე
საქმე N-3/ბ–566-22წ.
საქმე N-O80310018002495307
განჩინება
საქართველოს სახელით
14 თებერვალი, 2023 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები – შოთა სირაძე (მომხსენებელი),ხათუნა ხომერიკი, ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოპასუხე) – სსიპ შემოსავლების სამსახური;
წარმომადგენელი - თამთა ფორჩხიძე;
აპელანტი (მოსარჩელე) - ინდ. მეწარმე „-------“ (ს/ნ "------");
წარმომადგენელი - "------";
დავის საგანი - სასამართლო ხარჯების ანაზღაურების თაობაზე დამატებითი განჩინების გამოტანა.
სააპელაციო სასამართლომ გამოარკვია, რომ 2018 წლის 14 ივნისს, ინდ. მეწარმე „------ -მ “ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოთხოვა:
-ბათილად იქნას ცნობილი 2018 წლის 13 აპრილის N 173161 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი თანამდევი შედეგებით;
- ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 24 მაისის N 12443 ბრძანება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა "------"-ის (პ/ნ "------") სარჩელი. "------" (პ/ნ "------") გათავისუფლდა 2018 წლის 13 აპრილის N 173161 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდისაგან და ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 24 მაისის N 12443 ბრძანება. ამავე გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 75 ლარი, დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 75 ლარი, დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში
გადახდილად,ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და ინდ. მეწარმე „----- - მ “.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 თებერვლის განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის და ინდ. მეწარმე „----- -ის “ (პ/ნ "------") სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება. ამავე განჩინებაში აღნიშნულია, რომ აპელანტი სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თანახმად „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა, ხოლო აპელანტ ინდ. მეწარმე „------ -ის “ მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (150 ლარი) დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში, სააპელაციო საჩივრის უარყოფის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად.
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 08 თებერვლის განჩინებით სასამართლოს სრულად არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი, რაც საჭიროებს დამატებით გადაწყვეტას, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის თანახმად: გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება (განჩინება), თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. 2. დამატებითი გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.5 მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. კოდექსის 261-ე მუხლის „გ" ქვეპუნქტი ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმს, როდესაც სასამართლოს ხარჯების განაწილების საკითხი ექვემდებარებოდა მსჯელობას, მაგრამ სასამართლოს ამ საკითხზე არ უმსჯელია. სსკ-ის 261-ე მუხლის მიხედვით გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი (პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი). პალატა აღნიშნავს, რომ დამატებითი გადაწყვეტილება წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების ხარვეზის შევსების ერთ-ერთ საშუალებას, უკეთუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია რომელიმე მოთხოვნის უფლების ან სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი, მას აქვს შესაძლებლობა თავისი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე, დამატებითი გადაწყვეტილების მიღების გზით აღმოფხვრას გადაწყვეტილების ხარვეზი.
მოცემული საქმის მასალებით დგინდება, რომ ინდ. მეწარმე „------ -ის “ (პ/ნ "------") მიერ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე სახელწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 150 ლარი, თუმცა დავის საგანს შეადგენდა საგადასახადო სამართალდარღვევის N 173161 ოქმი, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენისთვის დაეკისრა ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. ამდენად, მოცემულ საქმეზე დავის საგნის ფასს შეადგენდა - 5000 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს სააპელაციო საჩივრისათვის დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. მაშასადამე, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე, ინდ. მეწარმე „----- -ის “ მიერ სახელმწიფო ბაჟი სრულად გადახდილი არ ყოფილა და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით გადასახდელი 200 ლარისა, მის მიერ გადახდილი იქნა მხოლოდ 150 ლარი.
აქედან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი, ინდ. მეწარმე „------“ (ს/ნ "------"), რომლის სააპელაციო საჩივარიც უარყოფილი იქნა, ვალდებულია სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟი სრულად, რაც დავის საგნის ღირებულებისა და მის მიერ უკვე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად შეადგენს დამატებით 50 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 261-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ინდ. მეწარმე „------- -ს “ (ს/ნ "------") დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა, რაც ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში: 200122900, სახაზინო კოდი: 30018 3150.
2. სააპელაციო სასამართლოს დამატებითი განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები:
შოთა სირაძე
ხათუნა ხომერიკი
ლერი თედორაძე
სადავო საკითხი
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
ფაქტობრივი გარემოებები
მძღოლი ახორციელებდა მოსარჩელის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი ხე-მცენარე „ევონიმუსის“ (ჭანჭყატი) ტრანსპორტირებას. ხე-მცენარის საერთო საორიენტაციო საბაზრო ღირებულება შეადგენდა 3585 ლარს დღგ-ის ჩათვლით. ოქმის მიხედვით, მას დაეკისრა 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნით, ხე-მცენარე „ევონიმუსი" არის სხვადასხვა ზომის.ჭანჭყატი - ფოთოლმცვივანი ან მარად მწვანე ხეებისა და ბუჩქების გვარისფერთა ოჯახისა. აღნიშნული ხე-მცენარე „ევონიმუსი“ წარმოდგენილი იყო ღია ცის ქვეშ, რომლის ძირებიც ნაწილობრივ მიწით იყო დაფარული. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ხე-მცენარის „ევონიმუსის“ რაოდენობა შეადგენდა 239 ცალს, ხოლო ხე-მცენარის საერთო საორიენტაციო საბაზრო ღირებულება 3585 ლარს, დღგ-ის ჩათვლით.
გადაწყვეტილება
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივრები არ შეიცავს საფუძვლიან პრეტენზიას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დასაბუთება
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით. ამავე კოდექსის მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 389-ე და 390-ე მუხლებით.