გადაწყვეტილება №21149/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21149/2/2023
13 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: -------- (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ს 25.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21149/2/2023).
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია გასაჩივრების ვადა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2022 წლის №045-14 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 9.10.2023 წლის №24876 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 129 804,76 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 63 415
ჯარიმა - 31 708
საურავი - 34 681,76
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 16.11.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ ------ და ს/კ ------) შპს -----ს (ს/ნ ------, ყოფილი შპს -----) კაპიტალში შეტანის (გადაცემის) შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების დეკლარირების სისწორე.
შემოწმების აქტის საფუძველზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2022 წლის №045-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 9.10.2023 წლის №24876 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 ნაწილებზე, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილზე, 299-ე მუხლის მე-4 და მე-10 ნაწილებზე და 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ ფ/პ ------ს (პ/ნ -----) 16.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2022 წლის №28925 ბრძანება და ამავე თარიღის №045-14 საგადასახადო მოთხოვნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით ჩაბარდა პირადად 29.11.2022 წელს.
შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 14.09.2023 წელს.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
16.11.2022 წელს აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა საგადასახადო შემოწმების აქტი. აქტის საფუძველზე 17.11.2022 წელს აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა №28925 ბრძანება დარიცხვის შესახებ, რომლის საფუძველზე №045-14 საგადასახადო მოთხოვნით ფიზიკურ პირს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად დაერიცხა 129 804 ლარი.
ზემოთ აღნიშნული ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს მომჩივანი გაეცნო 9.09.2023 წელს, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე (www.rs.ge). აქტების გაცნობისას აღმოაჩინა, რომ დარიცხული საგადასახადო ვალდებულება პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახულია როგორც აღიარებული ვალდებულება.
სადავო ინდივიდუალური აქტები არ ჩაბარებია ფოსტის მეშვეობით. საგადასახადო მოთხოვნა და დარიცხვის შესახებ ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 9.10.2023 წელს შემოსავლების სამსახურმა გამოსცა №24876 ბრძანება (გადაწყვეტილება) საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით.
სადავო ოპერაციის განხორციელების პერიოდში (15.05.2018 წელს) მოქმედი საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლის მე-7 ნაწილი განსაზღვრავდა შემთხვევას, რა დროსაც არ მოქმედებდა ამავე მუხლის დებულებები - ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ოპერაციის მონაწილე რომელიმე მხარე მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტები ს მიხედვით.
2018 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში დაინიცირდა კანონპროექტი, რომლითაც გარკვეული ცვლილებები უნდა შესულიყო საგადასახადო კოდექსში, მათ შორის ცვლილებები ეხებოდა საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლის მე-7 ნაწილს, რომელიც უნდა დარედაქტირებულიყო შემდეგი ფორმულირებით - ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ოპერაციის მონაწილე რომელიმე მხარე მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იურიდიულ პირს მასში 50 პროცენტის ან მეტი წილის/აქციების სანაცვლოდ აქტივებს გადასცემს ფიზიკური პირი.
მოცემულ კანონპროექტს თან ახლავს განმარტებითი ბარათი. განმარტებითი ბარათის მე-8 მუხლში განმარტებულია შემდეგი - საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით პირის (პირთა) მიერ იურიდიული პირისათვის მასში 50 პროცენტის ან მეტი წილის (აქციების) სანაცვლოდ აქტივების გადაცემა (დავალიანებით ან მის გარეშე) არ არის აქტივების მიწოდება. 2017 წლიდან მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი მოდელის ამოქმედებასთან დაკავშირებით განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმად, აღნიშნული ნორმა არ გამოიყენება, თუ ოპერაციის მონაწილე რომელიმე მხარე მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით. შესაბამისად, ფიზიკური პირის მიერ იურიდიული პირისათვის, რომელიც მოგების გადასახადის ახალი მოდელით იბეგრება, მასში 50 პროცენტის ან მეტი წილის სანაცვლოდ აქტივების გადაცემა განიხილება აქტივების მიწოდებად, რამაც ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ხელი შეუშალოს ფიზიკური პირის მიერ საწარმოს კაპიტალში ინვესტირების პროცესს. კანონპროექტით სწორდება აღნიშნული ხარვეზი. კერძოდ, 2017 წლამდე მოქმედი კანონის ანალოგიურად, ფიზიკური პირის მიერ იურიდიული პირისათვის, მასში 50 პროცენტის ან მეტი წილის სანაცვლოდ აქტივების გადაცემა, აღარ განიხილება აქტივის მიწოდებად. ამრიგად, თავად ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლის მე-7 ნაწილის ის რედაქცია, რომელიც მოქმედებდა სადავო ოპერაციის განხორციელების დროს და რომლის მიხედვითაც მოხდა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა, წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის ხარვეზს და აუცილებლობას წარმოადგენდა ამ ხარვეზის აღმოფხვრა.
ხარვეზის არსებობა თავის მხრივ დაადასტურა და გაიზიარა საქართველოს პარლამენტმა, რომელმაც საბოლოოდ აღმოფხვრა ხარვეზი და 28.06.2019 წელს მიიღო საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ №4906-II. აუდიტის დეპარტამენტი წარმოადგენს ფინანსთა სამინისტროში შემავალი სსიპ შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულს, შესაბამისად ის წარმოადგენს იმ სისტემის ნაწილს, რომლის მიერაც მოხდა საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება. აღნიშნულიდან გამომდინარე არსებობს პრეზუმცია, რომ აუდიტის დეპარტამენტისთვის ცნობილი იყო იმის შესახებ, რომ საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლის 4.07.2019 წლამდე მოქმედი რედაქცია შეიცავდა მნიშვნელოვან ხარვეზს. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, აუდიტის დეპარტამენტმა საგადასახადო ვალდებულება განუსაზღვრა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით - ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.
შემოსავლების სამსახურის 9.10.2023 წლის №24876 ბრძანების მიხედვით - შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ მომჩივანს 16.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2022 წელის №28925 ბრძანება და ამავე თარიღის №045-14 საგადასახადო მოთხოვნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით ჩაბარდა პირადად 29.11.2022 წელს.
შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 14.09.2023 წელს.
საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2022 წლის №28925 ბრძანებასა და ამავე თარიღის №045-14 საგადასახადო მოთხოვნას მომჩივანი გაეცნო 9.09.2023 წელს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე www.rs.ge, შესაბამისად 14.09.2023 წლის საჩივარი წარდგენილია კანონმდებლობით დადგენილი ვადების დაცვით.
შემოსავლების სამსახური როგორც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შეესწავლა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, მათ შორის საჩივარი განეხილა მომჩივნის მონაწილეობით. გადაწყვეტილებით გახდა ცნობილი შემოსავლების სამსახურის პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით, რაც შეეხება ამ ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, მომჩივანს დღემდე არ ჩაბარებია.
შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები და წინამდებარე საჩივრის განხილვა უზრუნველყოფილი უნდა იქნას ზეპირი მოსმენის ფორმით, მომჩივნის მონაწილეობით.
ამრიგად, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 9.10.2023 წლის №24876 ბრძანება (გადაწყვეტილება), აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2022 წლის №28925 ბრძანება დარიცხვის შესახებ და №045-14 საგადასახადო მოთხოვნა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, წერილობითი დოკუმენტი ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა ადრესატს პირადად.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
აუდიტის დეპარტამენტის 30.10.2023 წლის №109443-21-14 და 4.12.2023 წლის №122816-21-14 წერილების მიხედვით, 16.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული 17.11.2022 წლის №28925 ბრძანება და 17.11.2022 წლის №045-14 საგადასახადო მოთხოვნა, გადამხდელს ჩაბარდა საფოსტო დაწესებულების საშუალებით 29.11.2022 წელს (გაგზავნილია 25.11.2022 წლის №21- 14/107908 წერილით). ასევე, აღნიშნულ დოკუმენტებს გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.rs.ge) საშუალებით 9.09.2023 წელს.
აუდიტის დეპარტამენტის 30.10.2023 წლის №109443-21-14 წერილზე დართული გზავნილის (გზავნილის კოდი 208811140, წერილის თარიღი და ნომერი: 25.11.2022 წლის №21-14/107908) ადრესატზე ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, გზავნილი ჩაბარდა მომჩივანს პირადად, რაც დადასტურებულია ხელმოწერით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2022 წლის №045-14 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 29.12.2022 წელი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების თაობაზე საჩივარი შემოსავლების სამსახურში ელექტრონულად წარდგენილია 14.09.2023 წელს, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
ამასთან, მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებებით არ დასტურდება, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მომჩივნისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია გასაჩივრების ვადა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 16.11.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს -ს კაპიტალში შეტანის (გადაცემის) შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების დეკლარირების სისწორე. შემოწმების აქტის საფუძველზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2022 წლის №045-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 9.10.2023 წლის №24876 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44(4)(6"ა"), 299(4)(10), 301"ე".