ბრძანება N 28463

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.11.2023
№ დოკუმენტი 28463
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 28463

20 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------“ (ს/ნ "------")

(მის.: "------")

2023 წლის 5 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №111) განიხილა შპს „-------- -ის “ (ს/ნ "------") №82874/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის №006-343 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დამფუძნებლის მიმართ საწესდებო კაპიტალის სახით ვალდებულების გაუქმებას და აღნიშნული თანხების საწარმოს დირექტორის ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ 2019 წლამდე პერიოდზე საწარმოს გააჩნია ბუღალტრულად აღრიცხული ოპერაციები, რითიც დასტურდება საწესდებო კაპიტალში შენატანები. განმარტავს, რომ ახალ ბუღალტერს არ ჰქონდა ინფორმაცია 2019 წლამდე არსებულ პერიოდებზე და შესაბამისად, ვერ მიაწოდა შემოწმებას.

2. გადასახადი გადამხდელი არ ეთანხმება ქვეკონტრაქტორებზე გადახდილი თანხების არაეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ხარჯად განხილვას. აცხადებს, რომ საჩივარზე თანდართული მტკიცებულებებით დასტურდება შპს „N1-სგან “ და შპს „N2-სგან“ მიღებული მომსახურებების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 თებერვლის №2786 და 16 მაისის №10849 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------- ის “ (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 17 ოქტომბრის №35785 ბრძანებით მოცული საკითხებისა. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 23 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 7 ივლისის №16420 ბრძანება და ამავე თარიღის №006-343 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 620 396 ლარი, მათ შორის, გადასახადი 311 534 ლარი, ჯარიმა 155 769 ლარი, საურავი 153 093 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს გზების მშენებლობა. შემოწმების პროცესში პირმა წარმოადგინდა ბუღალტრული პროგრამა (ორისი) 2019 წლის შემდგომ პერიოდებზე, რომლის მიხედვითაც პირს შესამოწმებელი პერიოდის საწყის ნაშთად საწესდებო კაპიტალში უფიქსირდება 458 017 ლარი, საიდანაც შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში კომპანიიდან გატანილი აქვს 229 420 ლარი. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდამდე არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და ფულის მოძრაობის ანალიზი. ამასთან, პირმა ვერ წარმოადგინა კომპანიაში თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტები (საბანკო ამონაწერი, საჯარო რეესტრში რეგისტირებული კრების ოქმი). შემოწმების მიერ განხორციელდა ფულის მოძრაობის ანალიზი დაფუძნების დღიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე. შედეგად, ხანდაზმულ პერიოდში საწესდებო კაპიტალის შევსება არ დადასტურდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გაუქმებულ იქნა დამფუძნებლის მიმართ საწესდებო კაპიტალის სახით ვალდებულება და აღნიშნული თანხები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და154-ე მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის გზით, თუმცა უფიქსირდება ასევე კერძო პირებისთვის მომსახურების გაწევაც. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის, შემოწმება დაეყრდო სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციას. შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ მიღებული და გაწეული მომსახურება/საქონლის მიწოდება თითოეული ტენდერის მიხედვით და აღმოჩნდა, რომ პირი ქვეკონტრაქტორებისგან მიღებული მომსახურების თანხით აჭარბებს მის მიერ იმავე ტენდერში გაწეული მომსახურების ღირებულებას. განხორციელდა ქვეკონტრაქტორი პირების (შპს „N1“ (ს/ნ "------"), შპს „N2“ (ს/ნ "------")) საქმიანობის შესწავლა და დადგინდა, რომ აღნიშნულ პირებს არ უფიქსირდებოდათ საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა. შესაბამისად, მათ ვერ ექნებოდათ საკმარისი რესურსი ტენდერით განსაზღვრული სამუშაოების შესრულებისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ის დოკუმენტები, რომლებიც არ წარმოადგენდა გაწეული მომსახურებების ფარგლებში შეძენილს, ჩაითვალა არაეკონომიკურ ხარჯად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 982 -ე და 175-ე მუხლების თანახმად, პირის მიერ გაწეული ხარჯი, რომელიც დაიდენტიფიცირდა არაეკონომიკურ ხარჯად, დაიბეგრა მოგების გადასახადით და მასზე მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა შემცირებას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.

მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ 2019 წლამდე პერიოდზე საწარმოს გააჩნია ბუღალტრულად აღრიცხული ოპერაციები, რითიც დასტურდება საწესდებო კაპიტალში შენატანები. განმარტავს, რომ ახალ ბუღალტერს არ ჰქონდა ინფორმაცია 2019 წლამდე არსებულ პერიოდებზე და შესაბამისად, ვერ მიაწოდა შემოწმებას. ამასთან, მომჩივანს საჩივარზე თანადარული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, . ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ქვეკონტრაქტორებისგან მიღებული მომსახურება მიწოდებული აქვს დამკვეთი საწარმოსთვის. აღნიშნავს, რომ საჩივარზე თანდართული მტკიცებულებებით დასტურდება შპს „N1-სგან “ და შპს „N2-სგან“ მიღებული მომსახურებების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------ -ის“ (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დამფუძნებლის მიმართ საწესდებო კაპიტალის სახით ვალდებულების გაუქმებას და აღნიშნული თანხების საწარმოს დირექტორის ხელფასად განხილვას.

2. გადასახადი გადამხდელი არ ეთანხმება ქვეკონტრაქტორებზე გადახდილი თანხების არაეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ხარჯად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შემოწმების მიერ განხორციელდა ფულის მოძრაობის ანალიზი დაფუძნების დღიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე. შედეგად, ხანდაზმულ პერიოდში საწესდებო კაპიტალის შევსება არ დადასტურდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გაუქმებულ იქნა დამფუძნებლის მიმართ საწესდებო კაპიტალის სახით ვალდებულება და აღნიშნული თანხები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

2.შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ მიღებული და გაწეული მომსახურება/საქონლის მიწოდება თითოეული ტენდერის მიხედვით და აღმოჩნდა, რომ პირი ქვეკონტრაქტორებისგან მიღებული მომსახურების თანხით აჭარბებს მის მიერ იმავე ტენდერში გაწეული მომსახურების ღირებულებას. განხორციელდა ქვეკონტრაქტორი პირების საქმიანობის შესწავლა და დადგინდა, რომ აღნიშნულ პირებს არ უფიქსირდებოდათ საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა.ის დოკუმენტები, რომლებიც არ წარმოადგენდა გაწეული მომსახურებების ფარგლებში შეძენილს, ჩაითვალა არაეკონომიკურ ხარჯად. პირის მიერ გაწეული ხარჯი, რომელიც დაიდენტიფიცირდა არაეკონომიკურ ხარჯად, დაიბეგრა მოგების გადასახადით და მასზე მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა შემცირებას. გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),97,982,101,136(3),154,173,174.