ბრძანება N 27139
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27139
02 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 3 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №108) განიხილა შპს „-----------“-ის (ს/ნ ------------) №132843/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივლისის №081-135 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით და აცხადებს, რომ დარიცხვა აგებულია შეუსაბამოდ მაღალ ფასნამატზე. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს მალფუჭებადი საქონლის შეძენა-რეალიზაცია. საქონელბრუნვიდან და საქონლის შენახვის პირობების არარსებობიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ დადგენილი ფასნამატი არარეალურია. თუ საქონელი პირველ დღეს იყიდება გარკვეულ ფასში, შემდეგ დღეებში ამ საქონლის გასაყიდი ფასი მნიშვნელოვნად მცირდება (ხარისხის გაუარესების გამო), იქნება ეს დოკუმენტური, თუ არაიდენტიფიცირებულ პირებზე საქონლის რეალიზაცია. აღნიშნავს, რომ დოკუმენტებით რეალიზაცია განხორციელებულია ძირითადად ისეთ ორგანიზაციებზე, რომელთა მიერაც ხდება საქონლის ხარისხის მიხედვით არჩევა და შედარებით მაღალი ფასის გადახდა. აქედან გამომდინარე, შემოწმების მიერ დადგენილი დოკუმენტური ფასის გავრცელება მთლიან რპთ-ზე არასწორია. აცხადებს, რომ შემოწმებას უცვლელად უნდა დაეტოვებინა დოკუმენტური რეალიზაცია, ხოლო საქონლის არაიდენტიფიცირებულ რეალიზაციაზე უნდა გაევრცელებინა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადამხდელების ფასნამატი. მომჩივანი ასევე განმარტავს, რომ მალფუჭებადი ხასიათიდან გამომდინარე, ყოველდღიური ხასიათი ჰქონდა სარეალიზაციო საქონლის გაფუჭებას/ნაგავსაყრელზე გატანას, რის გამოც პრაქტიკულად შეუძლებელი ხდებოდა საგადასახადო ორგანოს მონაწილეობით გაფუჭებული საქონლის ჩამოწერა. გარდა ამისა, შესამოწმებელ პერიოდში ხშირი იყო შემთხვევები, როცა საქონელი იყიდებოდა საბითუმოდ მეწარმე სუბიექტებზე ისე, რომ მყიდველი უარს აცხადებდა დოკუმენტის გაწერაზე. მალფუჭებადობის გათვალისწინებით იმპორტიორი თანახმა იყო რეალიზაციის ასეთ ფორმაზეც. გარკვეულ შემთხვევებში ეს იყო გადარჩეული საქონელი, რომელიც იყიდებოდა შესაძლო დაბალ ფასში ზარალის შესამცირებლად.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტი მომწოდებლებისათვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75%-ის ჩათვლას ანაზღაურებულად. აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის არ მიმდინარეობს დავა თანხის ანაზღაურების მოთხოვნით, რაც ნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს საქონლის მომწოდებლებზე სრულად აქვს გადახდილი ინვოისებში დაფიქსირებული საქონლის ღირებულება. ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით შემოწმების მიერ არ არის გამოთხოვილი ინფორმაცია მომწოდებლებისგან. მიიჩნევს, რომ თუ საქონლის ღირებულება სადავო არ არის (შესაბამისი დროისათვის სხვა ინვოისებში მითითებულ ანალოგიურ საქონელზე არსებული ფასების იდენტურია), უნდა ჩაითვალოს, რომ ინვოისში მითითებული საქონლის ღირებულება სრულად წარმოადგენს გადამხდელის ხარჯებს და ამ ნაწილში დამატებით დაბეგვრის ობიექტზე მსჯელობა არ უნდა მოხდეს.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული, კომპანიაში ნაშთად არსებული განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ მის მიერ დაზუსტებული იქნა საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია და სალაროს ნაშთი მთლიანად იქნა დეკლარირებული ხელფასის სახით განაცემად. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის სალაროს ნაშთი ბუღალტრულად შეადგენდა 0 ლარს. შემოწმებამ შეუსაბამოდ მაღალი ფასნამატის გამოყენებით და საქონლის შეძენის ხარჯის შემცირებით ხელოვნურად გაზარდა სალაროს ნაშთი. მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ზემოაღნიშნული სადავო საკითხებისა და გადამხდელის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების გათვალისწინებით (რომელიც შემოწმების მიმდინარეობისას გარკვეული მიზეზების გამო ვერ იქნა წარდგენილი) უნდა გადაიანგარიშოს სალაროს ნაშთი და შესაბამისად განხორციელებული დარიცხვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით, გადასახადის გადამხდელი ითხოვს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მარტის №5240 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------“-ის (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 9 სექტემბრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 14 ივლისის №17136 ბრძანება და ამავე თარიღის №081-135 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 4 053 450 ლარი, მათ შორის, გადასახადი 2 457 644 ლარი, ჯარიმა 1 228 822 ლარი, საურავი 366 984 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შპს „----------“ (ს/ნ -----------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 9 სექტემბერს და ამავე თარიღში დღგ-ის გადამხდელად. გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სახეა ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას არ ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და წესით. შესაბამისად, საქონლის აღრიცხვა/ჩამოწერა არ ხორციელდება სახეობრივ და რაოდენობრივ ჭრილში. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ ფიქსირდება მონაცემები დეფექტური ან მიწოდებისთვის უვარგისი საქონლის ჩამოწერაზე. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტების მიხედვით და არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა თავისივე დოკუმენტური ფასნამატი. შედეგად, გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2. კომპანიას უფიქსირდება საქონლის შეძენა იმპორტით. შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ------------, ------------, ------------ და ------------ იმპორტირებული საქონლის ნაწილზე არ აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა სახეზეა ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია. ვინაიდან, შემოწმებით ვერ დადგინდა არარეზიდენტ მომწოდებლებზე თანხის ანაზღაურება, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების მიხედვით, არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად.
3. კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლების დასათვლელად გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. გაწეული ხარჯი განისაზღვრა საბანკო ამონაწერების მიხედვით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით გადახდილი თანხებით და განისაზღვრა საწარმოში ნაშთად არსებული განკარგვადი თანხა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ 2022 წლის პირველი ნოემბრიდან საწარმოს აღარ განუხორციელებია არანაირი შესყიდვა-რეალიზაციის ოპერაცია, ასევე დებიტორული და კრედიტორული დავალიანება შეადგენს 0 ლარს, სასაქონლო და სალაროს ნაშთი - 0 ლარს. გადასახადის გადამხდელი ახსნა-განმარტებაში ასევე აღნიშნავს, რომ 2022 წლის სექტემბრის თვეში შიდა შემოწმების შედეგად გამოვლინდა ფულადი სახსრების დანაკლისი 1 438 589 ლარის ოდენობით, რომელიც დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ანაზღაურებად და დაიბეგრა 2022 წლის სექტემბრის თვის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცით. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და სალაროში არ ფიქსირდება მიწოდების შედეგად მიღებული/მისაღები თანხები. აღნიშნული ოპერაციით მიღებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა თითოეული საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას არ ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და წესით. შესაბამისად, საქონლის აღრიცხვა/ჩამოწერა არ ხორციელდება სახეობრივ და რაოდენობრივ ჭრილში. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ ფიქსირდება მონაცემები დეფექტური ან მიწოდებისთვის უვარგისი საქონლის ჩამოწერაზე. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა თავისივე დოკუმენტური ფასნამატი. შედეგად, გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვებს შორის.
გადასახადის გადამხდელს იმპორტირებული საქონლის ნაწილზე არ აქვს არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვინაიდან, შემოწმებით ვერ დადგინდა არარეზიდენტ მომწოდებლებზე თანხის ანაზღაურება, შემოსავლების სამსახურის უფროსის
2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების მიხედვით, არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად.
კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლების დასათვლელად გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. გაწეული ხარჯი განისაზღვრა საბანკო ამონაწერების მიხედვით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით გადახდილი თანხებით და განისაზღვრა საწარმოში ნაშთად არსებული განკარგვადი თანხა. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და სალაროში არ ფიქსირდება მიწოდების შედეგად მიღებული/მისაღები თანხები, მიღებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა თითოეული საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------------“-ის (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტი მომწოდებლებისათვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75%-ის ჩათვლას ანაზღაურებულად.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული, კომპანიაში ნაშთად არსებული განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას
ფაქტობრივი გარემოებები
1.მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 9 სექტემბერს და ამავე თარიღში დღგ-ის გადამხდელად. გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სახეა ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.მ საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას არ ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და წესით. შესაბამისად, საქონლის აღრიცხვა/ჩამოწერა არ ხორციელდება სახეობრივ და რაოდენობრივ ჭრილში. ი არ ფიქსირდება მონაცემები დეფექტური ან მიწოდებისთვის უვარგისი საქონლის ჩამოწერაზე.
შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. ადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.
2.კომპანიას უფიქსირდება საქონლის შეძენა იმპორტით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს იმპორტირებული საქონლის ნაწილზე არ აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა სახეზეა ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია.არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად.
3.გამოვლინდა ფულადი სახსრების დანაკლისი 1 438 589 ლარის ოდენობით, რომელიც დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ანაზღაურებად და დაიბეგრა სექტემბრის თვის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცით. აღნიშნული ოპერაციით მიღებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა თითოეული საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:136(1);61(3);73(5,9);8(22);158(1);159(1);163(1,2);164(1);101(1);154(1);