გადაწყვეტილება №24458/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.02.2025
№ დოკუმენტი 24458/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24458/2/2024

11 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---ს“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 16.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24458/2/2024).

 

დავის საგანი:

1. ავტომობილის იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრა;

2. საწარმოს მიერ გაწეული მომსახურების გადაზიდვის მომსახურებად განხილვა;

3. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებები;

4. ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გაუთვალისწინებლობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.07.2024 წლის №077-11 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 26.11.2024 წლის №24795 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 173 038,67 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 106 427

დღგ - 40 012

საშემოსავლო გადასახადი - 65 598

ქონების გადასახადი - 817

ჯარიმა - 45 528

საურავი - 21 083,67

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს რკინეულით საცალო და საბითუმო ვაჭრობა, რომელიც შეძენილი აქვს ადგილობრივი შესყიდვის გზით. აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.02.2024 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.07.2024 წლის №077-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.11.2024 წლის №24795 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ავტომობილის იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ შემოწმების შედეგად დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები განსხვავდება გადამხდელის მიერ წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში დაფიქსირებული მონაცემებისგან, კერძოდ, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საიჯარო ხელშეკრულებით საწარმოს თავისი კუთვნილი ორი სატვირთო ავტომანქანა მერსედესის მარკის სახელმწიფო ნომრებით --- 2021 წლის პირველი იანვრიდან ასევე ემსახურება შპს „---ს“. საიჯარო ქირა განსაზღვრულია ყოველთვიურად 1500 ლარის ოდენობით, საიჯარო ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირობა, რომ სატვირთო მანქანების საწვავებით უზრუნველყოფას ახორციელებს მანქანების იჯარით გამცემი. ორივე აღნიშნული ოპერაცია წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, რომელიც გადამხდელს დაბეგრილი არ აქვს. შესაბამისად, დაკორექტირდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა 275-ე მუხლის მიხედვით. ამასთან, შემოსავლების და ხარჯების ანალიზის შედეგად გამოვლენილი დამატებით მიღებული შემოსავალი, განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ყურადღებას ამახვილებს მხარეთა არგუმენტაციაზე და პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ავტომობილის იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

ამასთან, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, ვინაიდან, შემოწმებით არ დასტურდება ფულის მიღების ფაქტი, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით გამოვლენილი შემოსავლების მიღებულად და ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძველით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას ბრუნვა დეკლარირებული ჰქონდა სხვა საანგარიშო პერიოდში, ხოლო შემოწმებას უნდა მოეხდინა საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საანგარიშო პერიოდის ცვლილება, ამასთან, შეემცირებინა დეკლარირებული დღგ-ის თანხა. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ საშემოსავლო გადასახადის კუთხით, აღნიშნული თანხების დაბეგვრა განხორციელდა მოიჯარის მიერ საიჯარო თანხების ჯამურად ჩარიცხვის საანგარიშო პერიოდის შემდეგ პერიოდებში, შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ კომპანიისთვის დამატებითი საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საბჭო მიუთითებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელის მიერ წარდგენილი საიჯარო ხელშეკრულებით საწარმოს თავისი კუთვნილი ორი სატვირთო ავტომანქანა მერსედესის მარკის სახელმწიფო ნომრებით --- და --- 2021 წლის პირველი იანვრიდან ემსახურება შპს „---ს“. საიჯარო ქირა განსაზღვრულია ყოველთვიურად 1500 ლარის ოდენობით, საიჯარო ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირობა, რომ სატვირთო მანქანების საწვავებით უზრუნველყოფას ახორციელებს მანქანების იჯარით გამცემი. შემოწმების მიერ დაკორექტირებულ იქნა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამასთან, შემოწმებით დამატებით გამოვლენილი შემოსავალი განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ავტომობილის იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

შემოსავლების სამსახურის 26.11.2024 წლის №24795 ბრძანებით, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, ვინაიდან, შემოწმებით არ დასტურდება ფულის მიღების ფაქტი, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით გამოვლენილი შემოსავლების მიღებულად და ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძველით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 26.11.2024 წლის №24795 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

3. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებები ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ერთი ცალი რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი. შემოწმების პროცესში გადამხდელი თანამშრომლობდა შემოწმებასთან. შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმო შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობითი დადგენილი წესით, კერძოდ, საანგარიშო პერიოდში არ გააჩნია რეალიზებული საქონლის სახეობრივი და რაოდენობრივი გაშიფვრა. შესაბამისად, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების პარალელურად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.01.2024 წლის №1338 ბრძანებით დაინიშნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა. გაირკვა, რომ გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური მარაგების ფაქტობრივი ნაშთი შეადგენს 923 523 ლარს პირვანდელი ღირებულებით დღგ-ის ჩათვლით. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული დოკუმენტური შეძენები და რეალიზაციები თითოეული საქონლის მიხედვით. დადგინდა მთლიან შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (თითოეული საქონლის მიხედვით), რომელიც შემცირდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულებით, ხოლო დარჩენილი მონაცემი წარმოადგენს დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებას, რაზედაც გავრცელდა შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი. დოკუმენტური შეძენა-რეალიზაციის მიხედვით თითოეულ საქონელზე დადგინდა ფასნამატი, რაც გამოყენებული იქნა იმავე საქონლის არადოკუმენტური რეალიზაციისას შემოსავლის დასადგენად. შესაბამისად, გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ.

ამასთანავე, შემოწმებით მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დამატებით გამოვლენილი შემოსავალი, განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმო შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობითი დადგენილი წესით, შემოწმების პარალელურად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.01.2024 წლის №1338 ბრძანების შესაბამისად დაინიშნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა, რომლითაც ირკვევა, რომ გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური მარაგების ფაქტობრივი ნაშთი შეადგენს 923 523 ლარს. დადგენილი იქნა მთლიან შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (თითოეული საქონლის მიხედვით). ამასთან, მთლიანი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება შემცირდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულებით, ხოლო დარჩენილი რპთ-ზე გავრცელებული იქნა შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი. ამასთან, დოკუმენტური შეძენა-რეალიზაციის მიხედვით თითოეულ საქონელზე დადგინდა ფასნამატი, რაც გამოყენებული იქნა იმავე საქონლის არადოკუმენტური რეალიზაციისას შემოსავლის დასადგენად. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, ხოლო შემოწმებით გამოვლენილი შემოსავალი განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ არაპირდაპირი მეთოდის ფარგლებში დადგენილი დამატებითი შემოსავალი (222 371 ლარი) შეადგენს კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული შემოსავლის (10 627 101 ლარი) 2,09%-ს, შესაბამისად, მისი არსებითობიდან გამომდინარე, არაპირდაპირი მეთოდის ფარგლებში კომპანიისთვის დარიცხული გადასახადები უნდა განისაზღვროს - 0 ლარით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ (დანართი №10) მეთოდურ მითითებაზე, რომლის თანახმადაც, აუდიტორი უფლებამოსილია პირის საგადასახადო ვალდებულებები არ განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდით, თუ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მიღებული შემოსავალი ან/და დასაბეგრი ბრუნვა, პირის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული შემოსავლის ან/და დასაბეგრის ბრუნვის 2%-ს არ აღემატება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მე-2 სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების არსებითობის საკითხი და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ფასნამატის გაანგარიშების პროცესში არასწორად მოხდა საქონლის კატეგორიზაცია და მაღალი გასაყიდი ფასის საქონელს შეუპირისპირდა დაბალი სარეალიზაციო ფასის საქონლის შესყიდვის ღირებულება (თვითღირებულება). ფასნამატის გაანგარიშებაში დაშვებულია მექანიკური შეცდომები. ფასნამატის აღებულია მხოლოდ მაღალი ფასნამატის მქონე საქონელი და არ იქნა გათვალისწინებული ის საქონელი, რომელთა წვლილი კომპანიის მთლიან შემოსავალში არსებითია, თუმცა პატარა სარეალიზაციო ფასნამატით ხასიათდებიან. ფასნამატის გაანგარიშებაში გათვალისწინებული არ არის კომპანიაში შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მარაგების ინვენტარიზაციის საფუძველზე დადგენილი სარეალიზაციო ფასნამატები.

შემოსავლის გაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული სახეობების მიხედვით თითეული მათგანის ხვედრითი წილი კომპანიის მთლიან შემოსავალში. არაპირდაპირი მეთოდის ფარგლებში დადგენილი დამატებითი შემოსავალი (222 371 ლარი) შეადგენს კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული შემოსავლის (10 627 101 ლარი) 2,09%-ს. კომპანიაში ჩატარებული კონტროლის პროცედურის - საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში (29.01.2024 #853085 ოქმი - საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ) კომპანიაში სამართალდარღვევა არ გამოვლენილა. კომპანიაში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სმფ-ების ნაშთი სრულ შესაბამისობაში იყო ბუღატრულ ჩანაწერებში დაფიქსირებულ საქონლის ნაშთთან. რაიმე სახის დარღვევა არ გამოვლენილა. გარემოებების გათვალისწინებით და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით არაპირდაპირი მეთოდის ფარგლებში კომპანიისთვის დარიცხული გადასახადები უნდა განისაზღვროს - 0 ლარით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის 26.11.2024 წლის №24795 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მე-2 სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების არსებითობის საკითხი და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 26.11.2024 წლის №24795 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

4. ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გაუთვალისწინებლობა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არ არის.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას მექანიკური შეცდომის გამო არ აქვს ჩათვლილი დღგ-ის თანხები საგადასახადო ანგარიშფაქტურებით ეა----, თუმცა აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები წარდგენილია საგადასახადო დეკლარაციებზე. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადამხდელი ითხოვს ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გათვალისწინებას. საანგარიშო პერიოდში კომპანიას (მექანიკური შეცდომის გამო) არ აქვს ჩათვლილი დღგ-ის თანხები 2 საგადასახადო ანგარიშფაქტურით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები აკრულია საგადასახადო დეკლარაციებზე. კერძოდ, მექანიკური შეცდომის გამო ჩათვლაში არ მოხდა - 10/21 ეა --- და 12/23 ეა ---საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ს თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში - საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

შემოსავლების სამსახურის 26.11.2024 წლის №24795 ბრძანებით, მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 26.11.2024 წლის №24795 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ავტომობილის იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრა;

2. საწარმოს მიერ გაწეული მომსახურების გადაზიდვის მომსახურებად განხილვა;

3. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებები;

4. ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გაუთვალისწინებლობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიერ დაკორექტირებული იქნა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამასთან, შემოწმებით გამოვლენილი დამატებით მიღებული შემოსავლების და ხარჯების ანალიზის შედეგად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დამატებით გამოვლენილი შემოსავალი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმო შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობითი დადგენილი წესით, კერძოდ, საანგარიშო პერიოდში არ გააჩნია რეალიზებული საქონლის სახეობრივი და რაოდენობრივი გაშიფვრა. შესაბამისად, პირის საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 101; 154; 159; 163; 164; 174; 176.