ბრძანება N 12760
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 12760
07.06.2023
ფ/პ "------" (პ/ნ "------")
(ფაქტ. მის.: "------")
2023 წლის 25 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილაბაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 მაისის სხდომაზე (ოქმი №58) განიხილა ფ/პ "------"(პ/ნ "------") 2023 წლის 25 აპრილის №80565/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 მარტის №006-104 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მის მიერ განხორციელებული სასესხო ხელშეკრულებებიდან მიღებული სარგებლის 20%-ით დაბეგვრას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლზე მითითებით აცხადებს, რომ მისი შემოსავალი, რომელიც ფორმირებულია მხოლოდ ფულადი სახსრების სესხად გაცემის შედეგად მიღებული საპროცენტო შემოსავლისგან უნდა დაიბეგროს 5%-ით. განმარტავს, რომ ფულადი სახსრების სესხად გაცემა არ წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას. გადამხდელი აცხადებს, რომ არის არამეწარმე ფიზიკური პირი და არ ეთანხმება მიმდინარე გადასახდელების დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 იანვრის N996 ბრძანების საფუძველზე ფ/პ "------"-ს (პ/ნ "------") ჩაუტარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 20 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 17 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 21 მარტს გამოსცა №5547 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-104 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 9 842 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 6 609 ლარი, ჯარიმა 1 932 ლარი და საურავი 1 301 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული, სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის მასალებით დგინდება, რომ ფ/პ "------" (პ/ნ "------") გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, სესხის სახით გასცემდა თანხებს სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე და სარგებლის სახით იღებდა საპროცენტო შემოსავალს. "------"-ის მიერ 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 20 იანვრის ჩათვლით სესხის სახით გაცემულმა თანხამ შეადგინა 25 020 აშშ დოლარი, მათ შორის: 2020 წელს 8 800 აშშ დოლარი და 2021 წელს 16 220 აშშ დოლარი. აღნიშნული ოპერაციებიდან, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული მასალების, აგრეთვე, გადამხდელის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის (საბანკო ამონაწერები) და ახსნა-განმარტებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გაცემული სესხებიდან სარგებლის სახით მიღებულმა შემოსავალმა სულ შეადგინა 2020 წელს 1 700 აშშ დოლარი, რამაც შესაბამის პერიოდებში საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგინა 5 594.7 ლარი, 2021 წელს 3 024 დოლარი და 4 050 ლარი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, ჯამში შეადგენს 13 725 ლარს, ხოლო 2022 წელს - 1000 დოლარი, (2 799.7 ლარი). 2022 წლის შემოსავლის, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა პირს ევალება 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციით, რომელიც საგადასახადო ორგანოს უნდა წარუდგინოს 2023 წლის 1 აპრილამდე.
შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80, 73-ე და 102-ე მუხლების თანახმად, ფ/პ "------"-ის მიერ სხვადასხვა პირებზე გასესხებული თანხებიდან, პროცენტის სახით მიღებული შემოსავლები გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი პერიოდების ერთობლივ შემოსავალში და დაიბეგრა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. აგრეთვე, 2022 წელს პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი 2 799.7 ლარი, გათვალისწინებულ უნდა იქნას 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში და ექვემდებარება დეკლარირებას 2023 წლის 1 აპრილამდე.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფინანსურ მომსახურებად/ოპერაციად განიხილება კრედიტის (სესხის) აღება/გაცემა/გადაცემა, სინდიცირება, სტრუქტურირება, მართვა და განკარგვა, მათ შორის, კრედიტის (სესხის) უზრუნველსაყოფად განხორციელებული ქმედებები (ქონების/აქტივის დაგირავება, საკრედიტო რისკის მესამე პირზე ნაწილობრივ ან მთლიანად გადაყიდვა, გარანტიების ან ანალოგიური შინაარსის ფინანსური ინსტრუმენტების გაცემა/დამოწმება/მართვა/განკარგვა ან ასეთი ინსტრუმენტის შეძენა/მის ბენეფიციარად ყოფნა), კრედიტის (სესხის) მომსახურება (საპროცენტო სარგებლისა და ძირის გადახდა) და კრედიტზე (სესხზე) საპროცენტო სარგებლისა და კრედიტის (ძირის) დაფარვის მიღება, აგრეთვე ფაქტორინგი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად:
1. შემოსავალი გადასახადით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი კანონიერება სადავოა.
2. საგადასახადო სამართალდარღვევით მიღებული შემოსავალი ან განხორციელებული სხვა ოპერაცია იბეგრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა." საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის/მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს რეზიდენტი ფიზიკური პირი,რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან (გარდა იმ პირისა, რომელიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკურ პირად ითვლება:
ა) ინდივიდუალური მეწარმე – ფიზიკური პირი, თუ ის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, არის ინდივიდუალური მეწარმე;
ბ) ფიზიკური პირი, თუ ის ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობა არის მოგების მიღების მიზნით განხორციელებული მართლზომიერი, არაერთჯერადი, დამოუკიდებელი და ორგანიზებული საქმიანობა.
ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. სამეწარმეო საქმიანობად არ მიიჩნევა ფიზიკური პირების სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო, საარბიტრაჟო, სამედიატორო, სანოტარო, აუდიტორული ან საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა, აგრეთვე ფიზიკური პირების ან იურიდიული პირების ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების მიერ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამეწარმეო საქმიანობად არ მიიჩნევა ფიზიკური პირების სასოფლო-სამეურნეო ან სატყეოსამეურნეო საქმიანობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის განსახორციელებლად მუდმივად დასაქმებულია 5 პირი მაინც, რომელიც არ არის წარმოების მფლობელის ოჯახის წევრი. ასეთ შემთხვევაში საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელია მეწარმის სამართლებრივი ფორმის დაფუძნება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საწარმო და მეწარმე ფიზიკური პირი, რომელთა საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი (საქმიანობის იმ ნაწილში, რომლისთვისაც დაბეგვრის ობიექტი კალენდარული წლის მიხედვით განისაზღვრება), ვალდებული არიან, მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანონ წინა საანგარიშო პერიოდის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:
ა) არაუგვიანეს 15 მაისისა – 25 პროცენტი;
ბ) არაუგვიანეს 15 ივლისისა – 25 პროცენტი;
გ) არაუგვიანეს 15 სექტემბრისა – 25 პროცენტი;
დ) არაუგვიანეს 15 დეკემბრისა – 25 პროცენტი
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი უძრავი ნივთის ნასყიდობის (გამოსყიდვის უფლებით) ხელშეკრულებების საფუძველზე, სესხის სახით გასცემდა თანხებს სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე და სარგებლის სახით იღებდა საპროცენტო შემოსავალს. შემოწმებით, გადამხდელის მიერ პროცენტის სახით მიღებული შემოსავლები გათვალისწინებული იქნა შესაბამისი პერიოდების ერთობლივ შემოსავალში და დაიბეგრა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობის გათვალისწინებით, კონკრეტული საანგარიშო პერიოდის წლიური შედეგების მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების, მათ შორის, მიმდინარე გადასახდელების დარიცხვა მართლზომიერია.
ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ "------"-ს (პ/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მის მიერ განხორციელებული სასესხო ხელშეკრულებებიდან მიღებული სარგებლის 20%-ით დაბეგვრას.
ასევე, არ ეთანხმება მიმდინარე გადასახდელების დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
ფ/პ-ს გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, სესხის სახით გასცემდა თანხებს სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე და სარგებლის სახით იღებდა საპროცენტო შემოსავალს
2022 წლის შემოსავლის, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა პირს ევალება 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციით, რომელიც საგადასახადო ორგანოს უნდა წარუდგინოს 2023 წლის 1 აპრილამდე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80, 73-ე და 102-ე მუხლების თანახმად, ფ/პ -ის მიერ სხვადასხვა პირებზე გასესხებული თანხებიდან, პროცენტის სახით მიღებული შემოსავლები გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი პერიოდების ერთობლივ შემოსავალში და დაიბეგრა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადით.
პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
36,80,81,100,102,153,155,