ბრძანება N 27532
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27532
08 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“ (ს/ნ -----)
(მის.: --------)
2023 წლის 23 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 სექტემბრის და 26 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმი №95, ოქმი №111) განიხილა შპს „------ს“ (ს/ნ -----) 2023 წლის 23 თებერვლის №79328/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №001-272 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირებას. განმარტავს, რომ შეძენილი საქონლის ნაწილი წარმოადგენს დაშლილ მდგომარეობაში მყოფ ვაგონის ნაწილებს, რომელსაც გამყიდველიც და მყიდველიც განიხილავს ჯართად, ხოლო დარჩენილი ნაწილი წარმოადგენს ხმარებაში ნამყოფ მეორად ნაწილებს, რომელსაც გამყიდველიც და მყიდველიც განიხილავს როგორც ნაწილს და შესაბამისად გამყიდველი ბეგრავს, ხოლო მყიდველი ახორციელებს მასზე დარიცხული დღგ-ის ჩათვლას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება არამართებულია.
2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ფულის ნაშთში გამოვლენილ სხვაობას და აღნიშნული ნაშთის დივიდენდად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული დასაბეგრი ბრუნვების ჯამი და შესაბამისად მიღებული თანხა შეადგენს 2 591 099 ლარს, ვინაიდან გადამხდელს მისივე ახსნა-განმარტებით დებიტორული მოთხოვნა პერიოდის ბოლოს არ გააჩნია, შემოწმების აქტით დადგენილი შემოსავალი შეადგენს 2 746 961 ლარს. აღნიშნული სხვაობით შესამცირებელია დასაბეგრი ბრუნვა და შესაბამისად, მიღებული ფულადი სახსრების მოცულობა. ამასთან, სალაროს ნაშთი შეადგენს 1 360 845 ლარს, ხოლო აუდიტის მიერ დადგენილია 1 517 275 ლარი, რაც იწვევს ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების არასწორ განსაზღვრას. გადამხდელი ასევე მიუთითებს, რომ დაახლოებით 200 ცალი წყვილთვალა შეძენილია ადგილობრივ ბაზარზე, რომელზეც საწარმოს არ აქვს მიღებული ზედნადები და ითხოვს ზემოაღნიშნული საქონლის შეძენის ღირებულება გათვალისწინებულ იქნეს სალაროს ვირტუალური ნაშთის განსაზღვრისას „0256“ სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად. ასევე აღნიშნავს, რომ საწარმოს მიერ შეძენილ გარკვეულ მომსახურებებზე (ვაგონის დაჭრა, საქონლის დაკომპლექტება, მეორადი წყვილთვალების გარემონტება/დაკომპლექტება და შემდგომი ექსპორტირება) გადახდილი თანხები არ არის გამოქვითული ხარჯებიდან და არ არის გათვალისწინებული განკარგვადი ფულადი სახსრების განსაზღვრისას.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 24 თებერვლის №4756 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 3 დეკემბრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 16 იანვრის №671 ბრძანებით შესწავლილი საკითხებისა. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 22 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 დეკემბრის №33598 ბრძანება და ამავე თარიღის №001-272 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 735 164 ლარი, მათ შორის, გადასახადი 370 508 ლარი, ჯარიმა 185 194 ლარი და საურავი 179 462 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. შპს „------ს“ საქმიანობას წარმოადგენს მეორადი მატარებლის ვაგონების და ვაგონის დეტალების შესყიდვა რეალიზაცია, როგორც ადგილობრივი ბაზარზე ასევე იმპორტის გზით. ადგილობრივად გადამხდელი შეძენას ახორციელებს საქართველოს რკინიგზისგან, რასთან დაკავშირებითაც მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის საფუძველზეც გადამხდელს ჩათვლილი აქვს დღგ-ის თანხა. საქონლის დასახელებაში მითითებულია ჯართი. გადამხდელი აღნიშნულ ვაგონებს შლის და ყიდის დეტალებად. ძირითადად უფიქსირდება ექსპორტი, შესაბამისად არ განიხილავს დღგ-თი დასაბეგრ ოპერაციად. ამასთან, გადამხდელი ადგილობრივ ბაზარზე მიწოდებულ საქონელსაც განიხილავს ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციად. შემოწმებით გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ჩათვლილი დღგ-ის თანხები დაანგარიშდა პროპორციის გამოყენებით, კერძოდ, მთლიანი რეალიზაციის და ექსპორტის გზით რეალიზებულ თანხებს შორის თანაფარდობით. შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს შეუმცირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. გადამხდელმა შემოწმებას წარმოუდგინა ბუღალტრული პროგრამა, თუმცა იგი არ არის წარმოებული კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით და საგადასახადაო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას და საბანკო ამონაწერებს, რომელთა ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავალი და ხარჯები. შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების ანალიზის საფუძველზე, სალაროს საბოლოო ნაშთმა შეადგინა 1 545 931 ლარი. გადამხდელის ახსნა-განმარტების მიხედვით, საწარმოს არ გააჩნია დებიტორ-კრედიტორები, ამავე ახსნა-განმარტებით გადამხდელმა მოითხოვა აღნიშნული სალაროს ნაშთის დივიდენდად განხილვა. საგადასახდო შემოწმებით სალაროს ნაშთი განხილულ იქნა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 -ე და 130-ე მუხლების საფუძველზე, დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა. შენიშვნა: ამ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი არ მოიცავს შავი ლითონის სხმულებს, ზოდებს, ნაგლინს, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულს და ნახევარფაბრიკატებს, რომლებიც კლასიფიცირებულია საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 7201, 7202, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებში და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ გადამხდელი საქონლის შეძენას ახორციელებს ადგილობრივად საქართველოს რკინიგზისგან, რასთან დაკავშირებითაც მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ჩათვლილი აქვს დღგ-ის თანხა. გადამხდელის მიერ შეძენილია შერეული საქონელი, რომლის ნაწილი წარმოადგენს ჯართს და ნაწილი მეორად საქონელს, კერძოდ, მიღებულ საგადასახადო ანგარიშფაქტურებში საქონლის დასახელებაში მითითებულია „ვაგონის ჯართი“, „რკინიგზის ჯართი“, „მინერალმზიდი“, „ვაგონის წყვილთვალა“ და სხვა, რომელზეც მომწოდებელს დარიცხული აქვს დღგ-ის თანხა, ხოლო მყიდველს სრულად აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა. შპს „-----ს“ მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვით, ასევე საწარმოს დირექტორის მიერ ვერ მოხდა აღნიშნული საქონლის გამიჯვნა/გაშიფრვა თუ ზუსტად რა ღირებულების და რაოდენობის საქონელი წარმოადგენდა ჯართს და რა ვარგის (მეორადი მატარებლის ნაწილი) საქონელს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა რეალიზებული და შეძენილი საქონლის ანალიზი. შემოწმებით გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები დაანგარიშდა პროპორციის გამოყენებით, კერძოდ, მიღებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირებული ჯართის და შერეული საქონლის (ვაგონი, მინერალმზიდი, რკინიგზის ჯართი და სხვა/ვაგონის წყვილთვალა, დუმკარა და სხვა.) ღირებულება შეუპირისპირდა სრულად შესყიდულ საქონელს და აღნიშნული თანაფარდობით დადგინდა ჩასათვლელი თანხის პროპორცია, რომლის მიხედვითაც შემცირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა. შემოწმებით განხორციელდა მთლიანი რეალიზაციის და ექსპორტის გზით რეალიზებულ საქონელს შორის თანაფარდობის ანალიზი, რომელიც თანხვედრაში მოვიდა სრული ადგილობრივი შესყიდული სმფ-ის და შესყიდული ჯართის თანაფარდობასთან. შედეგად, პირს დამატებული ღირებულების გადასახადში განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 12-ე ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 -ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა ბუღალტრული პროგრამა, რომელიც არ იყო ნაწარმოები კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას და საბანკო ამონაწერებს, რომლის მიხედვით გაანგარიშდა გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავალი/ხარჯები. შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა ყველა დოუმენტური ხარჯი, მათ შორის დოკუმენტურად დადასტურებული მიღებული მომსახურებები, რომლის საფუძველზეც სალაროს საბოლოო ნაშთმა შეადგინა 1 545 931 ლარი. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ახსნა/განმარტების საფუძველზე, სალაროს ნაშთი განხილულ იქნა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად და დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვრი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, −იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირებას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ფულის ნაშთში გამოვლენილ სხვაობას და აღნიშნული ნაშთის დივიდენდად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. მომჩივნის საქმიანობას წარმოადგენს მეორადი მატარებლის ვაგონების და ვაგონის დეტალების შესყიდვა რეალიზაცია, როგორც ადგილობრივი ბაზარზე ასევე იმპორტის გზით. ადგილობრივად გადამხდელი შეძენას ახორციელებს საქართველოს რკინიგზისგან, რასთან დაკავშირებითაც მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის საფუძველზეც გადამხდელს ჩათვლილი აქვს დღგ-ის თანხა. საქონლის დასახელებაში მითითებულია ჯართი. გადამხდელი აღნიშნულ ვაგონებს შლის და ყიდის დეტალებად. ძირითადად უფიქსირდება ექსპორტი, შესაბამისად არ განიხილავს დღგ-თი დასაბეგრ ოპერაციად. ამასთან, გადამხდელი ადგილობრივ ბაზარზე მიწოდებულ საქონელსაც განიხილავს ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციად. შემოწმებით გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ჩათვლილი დღგ-ის თანხები დაანგარიშდა პროპორციის გამოყენებით, კერძოდ, მთლიანი რეალიზაციის და ექსპორტის გზით რეალიზებულ თანხებს შორის თანაფარდობით. გადამხდელს შეუმცირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
2. გადამხდელმა შემოწმებას წარმოუდგინა ბუღალტრული პროგრამა, თუმცა იგი არ არის წარმოებული კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების ანალიზის საფუძველზე, სალაროს საბოლოო ნაშთმა შეადგინა 1 545 931 ლარი. გადამხდელის ახსნა-განმარტების მიხედვით, საწარმოს არ გააჩნია დებიტორ-კრედიტორები, ამავე ახსნა-განმარტებით გადამხდელმა მოითხოვა აღნიშნული სალაროს ნაშთის დივიდენდად განხილვა. საგადასახდო შემოწმებით სალაროს ნაშთი განხილულ იქნა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად და დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. გადამხდელს ასევე დაერიცხა შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(4), 136(3), 61(3), 73(4)(9"ბ"), 8(12), 96"ა", 97(1"ა"), 981(1), 130(1), 154(1"ზ"), 269(1)(7), 272(1), 275.
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 173(1), 174(1"ა"), 168(4"წ").