საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/232-2023

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 26.12.2023
№ დოკუმენტი 3/232-2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე N 3/232-2023 წელი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 დეკემბერი, 2023 წელი

ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - მიხეილ ბებიაშვილი

სხდომის მდივანი - ელისო ჟორჟოლიანი

მოსარჩელე – შპს „-------“;

წარმომადგენელი - --------;

წარმომადგენელი - --------;

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი - --------;

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

წარმომადგენელი - --------;

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს "-------"-ს მიმართ გამოცემული სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 აპრილის N094-36 საგადასახადო მოთხოვნა;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 06 აპრილის N8660 ბრძანება თანხების დარიცხვის შესახებ;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 აგვისტოს N21405 ბრძანება;

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 09 მარტის N17585/2/2022 გადაწყვეტილება;

 

მოსარჩელის განმარტებით, შპს „-------“-ის მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში 31.03.2022 წ. შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზე გამოცემულ იქნა 06.04.2022 წ. No8660 ბრძანება თანხების დარიცხვის შესახებ და 11.04.2022 წ. No094-36 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელისათვის დარიცხულ იქნა გადასახადები 122 527 ლარი, ჯარიმა 60 747,5 ლარი და საურავი 26 209,86, სულ 209 484,36 ლარი.

 

მოსარჩელის მიერ მითითებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წარმოებულ იქნა საგადასახადო დავა, რომლის ფარგლებში მიღებული დავის განმხილველ ორგანოთა გადაწყვეტილებებით (სსიპ შემოსავლების სამსახურის 11.08.2022 წ. No 21405 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 09.03.2023 წ. No17585/2/2022 გადაწყვეტილება) გადამხდელის მიერ წარდგენილი ელექტრონული საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ როგორც აუდიტის დეპარტამენტში მის მიმართ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ისე საგადასახადო დავის ფარგლებში ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია, გამოცემულია საქმის გარემოებების ობიექტური შეფასების გარეშე და უკანონოა. კერძოდ, მოპასუხეთაგან განსხვავებით, მოსარჩელე თვლის, რომ საქმის მასალებით დასტურდება კომპანიის კუთვნილი - საქონლის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ფაქტი, რაც საკმარისია იმის მისაჩნევად, რომ აღნიშნული საქონელი არ იქნეს მიჩნეული დანაკლისად და მისი "მიწოდება" არ დაიბეგროს მოგების გადასახადითა და დღგ-ით. შესაბამისად მიაჩნიათ, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სრულიად უკანონოა, რადგანაც იგი არ ეყრდნობა შესაბამის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წერილობითი სახის შესაგებლით და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

2.2. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა წერილობითი სახის შესაგებლით და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის შპს „-------“-ს საქმიანობის სახეა არასპეციალიზებული საბითუმო ვაჭრობა, საბითუმო ვაჭრობა სხვა საკვები პროდუქტებით. მისი იურიდიული და ფაქტობრივი მისამართია: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჭითაწყარი. საბითუმო ვაჭრობას შპს „-------“ ეწევა საწყობიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

 

3.2. დადგენილია, რომ კომპანიამ 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ჩაატარა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც გამოვლინდა დანაკლისი 353 381.36 ლარის ოდენობით (დღგ-ის ჩათვლით). დანაკლისის ღირებულება შეფასებულია ---------- ბიუროს 14.05.2021 წ. დასკვნით, კერძოდ, დადგინდა შპს „------"-ს (ს/კ -----) 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით _ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული ნაშთების (187 პოზიცია) რაოდენობრივი მაჩვენებლები და სანაქონლო-მატერიალური ფასეულობების სხვაობის (დანაკლისი 187 პოზიციაზე) რაოდენობრივი მაჩვენებლები, რომლის ჯამური ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 353 381,36 ლარს. გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული დანაკლისი ბუღალტრულად გაატარა მოთხოვნებში (ანგარიში 1415).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შემოწმების აქტი;

- ექსპერტიზის დასკვნა # 003248521;

 

3.3. დადგენილია, რომ 2021 წლის 2 ივნისს შსს --------ს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N044020621006 საქმეზე კომპანიის საწყობიდან ქურდობის ფაქტზე (სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული).

 

საქმეზე მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 1 აპრილიდან - 2020 წლის 30 დეკემბრამდე პერიოდში, სხვადასხვა დროს, ქ. -------ში მდებარე შპს „--------"- ს (ს/ნ ------) საწყობიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად იქნა დაუფლებული ჯამში 299 457,73 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, რის შედეგადაც შპს „-------"-ს მიადგა დიდი ოდენობით - 299 457,73 ლარის ქონებრივი ზიანი. რის გამოც სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში შპს „--------" ცნობილია დაზარალებულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ;

 

3.1.4. დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 22.07.2021 წ. No24067 ბრძანებით დაინიშნა კომპანიის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა: 01.01.2018 წ. - 01.07.2021 წ. (მათ შორის სისხლის სამართლის საქმით მოცული პერიოდი).

 

საგადასახადო შემოწმების შედეგად 31.03.2022წ. შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზე გამოცემულ იქნა 06.04.2022 წ. N8660 ბრძანება თანხების დარიცხვის შესახებ და წარდგენილ იქნა 11.04.2022 წ. N094-36 საგადასახადო მოთხოვნა. შემოწმების შედეგად გადამხდელისათვის დარიცხულ იქნა გადასახადები 122 527 ლარი, ჯარიმა 60 747,5 ლარი და საურავი 26 209,86, სულ 209 484,36 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შემოწმების აქტი;

- #8660 ბრძანება დარიცხვის შესახებ;

– #094-36 საგადასახადო მოთხოვნა;

 

3.1.5. შემოწმების აქტის თანახმად, დადგენილია, რომ ზემოთაღნიშნული დანაკლისი აღმოჩენის მომენტში (2020 წლის 31 დეკემბერი) ჩაითვალა უსასყიდლო მიწოდებად საბაზრო ფასად და დაიბეგრა როგორც დამატებითი ღირებულების, ისე მოგების გადასახადით.

 

დადგენილია, რომ საბაზრო ფასი განსაზღვრულ იქნა შემდეგნაირად: საქონლის თვითღირებულებაზე (სახეობების მიხედვით) გავრცელებული იქნა შესაბამისი პროდუქციის დოკუმენტური ფასნამატი. კომპანიას დაერიცხა ძირითადი გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შემოწმების აქტი;

 

3.1.6. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის N1094-36 საგადასახადო მოთხოვნისა და 06.04.2022 წლის N 8660 ბრძანების ბათილობის მოთხოვნით გადამხდელმა შემოსავლების სამსახურში 07.05.2022 წ. წარადგინა საჩივარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 07.05.2022 წ. საჩივარი;

 

3.1.7. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2022 წლის 28 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი N73) განიხილა შპს „--------"-ის (ს/ნ ------) 2022 წლის 7 მაისის N70652/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 11 აპრილის N094-36 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით და სსიპ შემოსავლების სამსახურის 11.08.2022 წ. N21405 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის 07.05.2022 წ. საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბრძანებაში შემოსავლების სამსახურმა მიუთითა, რომ გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი დღგ-ის მიზნებისათვის განეხილა მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად, ხოლო მოგების გადასახადის მიზნებისათვის უსასყიდლოდ მიწოდებად და აესახა შესაბამისი თვის დამატებული ღირებულების გადასახადის და მოგების გადასახადის დეკლარაციებში. ამასთან, განმარტეს, რომ მომჩივნის წარმოდგენილი მტკიცებულებები და არგუმენტები არ არის ისეთი მტკიცებულება/არ-გუმენტი, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. საჩივრის განხილვის მომენტისთვის საწარმო ცნობილი იყო დაზარალებულ პირად, ხოლო კონკრეტულ პირზე ბრალის წარდგენა არ მომხდარა. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობდა შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რადგან გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შემოსავლების სამსახურის 11.08.2022 წ. No21405 ბრძანება;

 

3.1.8. დადგელია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 11.08.2022 წლის N21405 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის N094-36 საგადასახადო მოთხოვნისა და 06.04.2022 წლის N8660 ბრძანების ბათილობის მოთხოვნით გადამხდელმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში 21.08.2022წ. წარადგინა საჩივარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 21.08.2022 წ. საჩივარი;

 

3.1.8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 09.03.2023 წ. N17585/2/2022 გადაწყვეტილებით გადამხდელის 21.08.2022 წ. საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლეოდა ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელისთვის არ იყო ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანმა ვერ დაამტკიცა, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დავების განხილვის საბჭოს 09.03.2023 წ. No17585/2/2022 გადაწყვეტილება;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ხოლო, მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 აპრილის N094- 36 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 06 აპრილის N8660 ბრძანება თანხების დარიცხვის შესახებ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 აგვისტოს N21405 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 09 მარტის N17585/2/2022 გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუცია საგადასახადო კანონმდებლობას მიაკუთვნებს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას (მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი), რითაც ხაზს უსვამს მის როლს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებაში. გადასახადების აკრეფის ფუნქცია სახელმწიფოსათვის სასიცოცხლო დანიშნულების ფუნქციაა. გადასახადები არის სახელმწიფო, თუ სხვადასხვა დონის ბიუჯეტის შევსების უმთავრესი წყარო და საჯარო ამოცანების განხორციელების ერთ-ერთი ძირითადი მატერიალური წინაპირობა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. ამდენად, საქართველოს კონსტიტუცია გადასახადის გადამხდელს არა მხოლოდ გადასახადის შესაბამისი ოდენობით გადახდას ავალებს, არამედ გადასახადის გადახდისას კანონით დადგენილი წესის დაცვასაც სთხოვს. გადასახადის გადამხდელმა უნდა შეასრულოს შესაბამისი პროცედურები, ითანამშრომლოს საგადასახადო ორგანოებთან და მიაწოდოს მათ აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც მის ფინანსებსა და კერძო სფეროს უკავშირდება.

 

6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო- მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ" ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98(3) მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

 

საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

 

შემოწმების აქტის თანახმად, სსკ-ის 98(3) მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლო მიწოდებად; სსკ-ის 159-ე მუხლის მიხედვით დღგ- ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება; სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად განიხილება დანაკლისი. შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „------"-მ 2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით ჩაატარა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც გამოვლინდა _ დანაკლისი 353 381.36 ლარის ოდენობით (დღგ-ის ჩათვლით). დანაკლისის ღირებულება შეფასებულია -------- ბიუროს 14.05.2021 წ. დასკვნით, კერძოდ, დადგინდა შპს „------"-ს (ს/კ ------) 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული ნაშთების (187 პოზიცია) რაოდენობრივი მაჩვენებლები და სანაქონლო-მატერიალური ფასეულობების სხვაობის (დანაკლისი 187 პოზიციაზე) რაოდენობრივი მაჩვენებლები, რომლის ჯამური ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 353 381,36 ლარს. გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული დანაკლისი ბუღალტრულად გაატარა მოთხოვნებში (ანგარიში 1415).

 

დადგენილია, რომ 2021 წლის 2 ივნისს შსს --------ს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N044020621006 საქმეზე კომპანიის საწყობიდან ქურდობის ფაქტზე (სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული).

 

საქმეზე მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 1 აპრილიდან - 2020 წლის 30 დეკემბრამდე პერიოდში, სხვადასხვა დროს, ქ. ------ში მდებარე შპს „-------"- ს (ს/ნ -------) საწყობიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად იქნა დაუფლებული ჯამში 299 457,73 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, რის შედეგადაც შპს „-------"-ს მიადგა დიდი ოდენობით - 299 457,73 ლარის ქონებრივი ზიანი. რის გამოც სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში შპს „--------" ცნობილია დაზარალებულად.

 

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 22.07.2021 წ. N24067 ბრძანებით დაინიშნა კომპანიის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა: 01.01.2018 წ. - 01.07.2021 წ. (მათ შორის სისხლის სამართლის საქმით მოცული პერიოდი).

 

საგადასახადო შემოწმების შედეგად 31.03.2022წ. შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზე გამოცემულ იქნა 06.04.2022 წ. N8660 ბრძანება თანხების დარიცხვის შესახებ და წარდგენილ იქნა 11.04.2022 წ. N094-36 საგადასახადო მოთხოვნა. შემოწმების შედეგად გადამხდელისათვის დარიცხულ იქნა გადასახადები 122 527 ლარი, ჯარიმა 60 747,5 ლარი და საურავი 26 209,86, სულ 209 484,36 ლარი.

 

შემოწმების აქტის თანახმად, დადგენილია, რომ ზემოთაღნიშნული დანაკლისი აღმოჩენის მომენტში (2020 წლის 31 დეკემბერი) ჩაითვალა უსასყიდლო მიწოდებად საბაზრო ფასად და დაიბეგრა როგორც დამატებითი ღირებულების, ისე მოგების გადასახადით.

 

დადგენილია, რომ საბაზრო ფასი განსაზღვრულ იქნა შემდეგნაირად: საქონლის თვითღირებულებაზე (სახეობების მიხედვით) გავრცელებული იქნა შესაბამისი პროდუქციის დოკუმენტური ფასნამატი. კომპანიას დაერიცხა ძირითადი გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

დადგენილია, რომ შემოწმების შედეგად დღგ-სა და მოგების გადასახადის ნაწილში დამატებით დარიცხვები განხორციელდა იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მოპარული საქონელი ჩაითვალა დანაკლისად და მიწოდებად. შესაბამისად დაანგარიშდა და დაერიცხა საბაზრო ფასების მიხედვით დღგ და მოგების გადასახადი.

 

ფაქტობრივადაც და შემოწმების აქტშიც მოცემულია, რომ შპს -------- გამოძიების მიერ ცნობილია დაზარალებულად, ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ კონკრეტულ პირზე ან პირებზე ჯერჯერობით ბრალის წარდგენა არ მომხდარა. აღნიშნული კი იმას ნიშნავს, რომ საქონელი კომპანიიდან გასულია კომპანიის ნების გარეშე და გამოძიებით დადგინდება ბრალეული პირი. სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში მოპარული საქონლის უსასყიდლო მიწოდებად განხილვა არ არის კანონიერი.

 

შემოწმების აქტში მითითებულია, რომ სსკ-ის 98(3) მუხლის მე-2 ნაწილის, ასევე 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დანაკლისი განიხილება მიწოდებად. მოცემულ შემთხვევაში არ არის ის გარემოება, რომელიც კანონმდებლობით ჩაითვლებოდა დანაკლისად. დანაკლისს წარმოადგენს ის ფაქტი, როდესაც კომპანიას არ აქვს აღრიცხული რაიმე მოვლენა/ფაქტი და მოულოდნელად, დაუდგენელი გარემოებიდან გამომდინარე (მათ შორის ინვენტარიზაციის გზით) აღმოჩნდება ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხულთან განსხვავება.

 

მოცემულ შემთხვევაში მომხდარი ფაქტი აღრიცხულია ბურალტრულადაც, დაწყებულია გამოძიებაც და გამოძიებით დადასტურებულია ქურდობის ფაქტი და რადგანაც კომპანია ამის გამო ცნობილია დაზარალებულად, შესაბამისად ცალსახად დადასტურებულია, რომ კომპანიას მესამე პირის ბრალეული ქმედებით მიადგა ზიანი და ის წარმოადგენს დაზრალებულს და რეალურად მოსარჩელის მხრიდან არ განხორციელებულა საქონლის მიწოდება, აღნიშნულიდან გამომდინარე არ შეიძლება მას დაერიცხოს გადასახადები, მსგავსად იმისა, როდესაც ხორციელდება საქონლის მიწოდება სასყიდლით ან/და უსასყიდლოდ.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მსგავს საკითხთან დაკავშირებით გააკეთა შემდეგი სახის განმარტება: „საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ზოგად წესს ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვის შესახებ. ხარჯის შემოსავალთან ურთიერკავშირის ხასიათი შესაძლოა იყოს პირდაპირი ან არაპირდაპირი, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ ხარჯის გამოქვითვისთვის აუცილებელი არ არის, იგი გამოყენებული იყოს უშუალოდ შემოსავლის გამომუშავების პროცესში. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ 2012 წლის 6 აპრილს, 2013 წლის 25 იანვარსა და 2014 წლის 17 მაისს მოსარჩელის ეკონომიკური საქმიანობის ადგილებზე ქურდობისა და ყაჩაღობების შედეგად გადასახადის გადამხდელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი უნდა ჩაითვალოს ხარჯად, რომელიც ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებებს, რომ ქურდობისა და ყაჩაღობის ფაქტებზე შესაბამისი დადგენილების არარსებობის პირობებში აღნიშნული თანხა არ შეიძლება დაექვემდებაროს გამოქვითვას. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას, რომ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება, მიუხედავად იმ ფაქტისა, დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირება მოხდება თუ არა, წარმოშობს გადამხდელის უფლებას, მოცემული ქშედებების შედეგად ქონებრივი ზიანი გამოიქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან. (იხილეთ: საქმე Nბს-1233(2კ-20), 22.04.2021წ.).

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის _ შეცდომით/არცოდნით. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩაიდიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

 

განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის ბრალეულობით იყო გამოწვეული ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა კომპანიის დაუდევრობით, არამედ მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით.

 

ზემოაღნიშნულ ვითარებაში მოცემული მოტივით დღგ-სა და მოგების გადასახადების დარიცხვა არის არამართებული, ხოლო მათზე ჯარიმის დარიცხვა არაკანონიერი. ამასთან გადასახადის ძირითადი თანხების დარიცხვის შემთხვევაშიც კი, უნდა გამოყენებულიყო სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი და კეთილსინდისიერი კომპანია გათავისუფლებულიყო ჯარიმებისაგან. ამდენად, შემოწმების შედეგად დამატებით დარიცხული ჯარიმები ამ კუთხითაც გასაუქმებელია.

 

კანონის მოთხოვნების შესრულება გულისხმობს პირის სურვილს და განზრახვას მისი ქმედება შეუსაბამოს მოქმედ ნორმატიულ სივრცეს, რაც თავის მხრივ, ასევე გულისხმობს პასუხისმგებლობას განხორციელებული ქმედების და მისი შედეგის კანონიერების მიმართ. პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე კი ნიშნავს კანონით მინიჭებულ უფლებასაც, ნებისმიერი პირი დაცული იყოს მისი ქმედების შეფასების სტაბილური სამართლებრივი გარანტიებით. სამართლებრივი გარანტიების შემქნა და შენარჩუნება კი, სოციალური სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს.

 

სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოები თავიანთი უფლებამოსილების განხორციელების დროს უნდა ხელმძღვანელობდნენ კონკრეტული საკანონმდებლო დანაწესით და მათი ქმედება, მით უფრო როდესაც ის ეხება ადამიანის ძირითად უფლებებს, უნდა ექვემდებარებოდეს კანონმდებლის შინაარსობრივი ნორმირებას და არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ზოგად პრინციპებზე მითითებით, რადგან დაუკონკრეტებელი და არამკაფიოდ განსაზღვრული ზოგადი ხასიათის დათქმა, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ანიჭებს უფლებამოსილებას, ცალკეულ შემთხვევაში თვითონ განსაზღვროს ქმედების თავისუფლების ფარგლები, არ შეესაბამება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონიერების პრინციპის დაცვას.

 

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, მოქალაქის თავისუფლების უპირატესობის ვარაუდთან ერთად, მოითხოვს თითოეულის დაცვას საჯარო ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული არასაჭირო, ზედმეტი შეზღუდვებისაგან; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უფლების ამგვარი ხელყოფა გამოწვეულია კანონით გათვალისწინებული პრინციპისა თუ აკრძალვის აუცილებლობით, მაშინ სავალდებულოა, მოქალაქეს განემარტოს მისი წინაპირობები და მისთვის გასაგები ფორმით მიეწოდოს ამასთან, რაც უფრო მეტად ეხება კანონით გათვალისწინებული შეზღუდვა ადამიანის თავისუფალი მოქმედების გამოვლენის ელემენტარულ ფორმას, მით უფრო ზედმიწევნითა და სიფრთხილით უნდა მოხდეს მოქალაქის თავისუფლების, უფლების, როგორც ძირითადი პრინციპისა, და აღნიშნული შეზღუდვის გამამართლებელი საფუძვლების ურთიერთშეფარდება. ყოველივე აღნიშნული, პირველ რიგში, გულისხმობს, რომ შეზღუდვის საშუალებები შეესაბამებოდეს კანონით გათვალისწინებულ მიზანს და ზედმეტად არ ზღუდავდეს ცალკეულ მოქალაქეს.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოტანილია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ისინი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს. შესაბამისად სახეზეა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ შპს „-------“-მ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 5 000 (ხუთი ათასი) ლარი; სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შპს --------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „-------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 06 აპრილის N8660 ბრძანება თანხების დარიცხვის შესახებ;

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი შპს "-------"-ს მიმართ გამოცემული სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 აპრილის N094-36 საგადასახადო მოთხოვნა;

 

4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 აგვისტოს N21405 ბრძანება;

 

5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 09 მარტის N17585/2/2022 გადაწყვეტილება;

 

6. სსიპ შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შპს „ნოვაცია-2009“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ _ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ანაზღაურება.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა No32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა No11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე

მიხეილ ბებიაშვილი

 

სადავო საკითხი

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საქმიანობის სახეა არასპეციალიზებული საბითუმო ვაჭრობა, საბითუმო ვაჭრობა სხვა საკვები პროდუქტებით. კომპანიამ 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ჩაატარა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც გამოვლინდა დანაკლისი 353 381.36 ლარის ოდენობით (დღგ-ის ჩათვლით). 2021 წლის 2 ივნისს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N044020621006 საქმეზე კომპანიის საწყობიდან ქურდობის ფაქტზე (სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული). საქმეზე მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 1 აპრილიდან - 2020 წლის 30 დეკემბრამდე პერიოდში, სხვადასხვა დროს, მომჩივნის საწყობიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად იქნა დაუფლებული ჯამში 299 457,73 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, რის შედეგადაც მომჩივანს მიადგა დიდი ოდენობით - 299 457,73 ლარის ქონებრივი ზიანი. რის გამოც სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მომჩივანი ცნობილია დაზარალებულად.

აუდიტის დეპარტამენტის 22.07.2021 წ. N24067 ბრძანებით დაინიშნა კომპანიის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა: 01.01.2018 წ. - 01.07.2021 წ. (მათ შორის სისხლის სამართლის საქმით მოცული პერიოდი). საგადასახადო შემოწმების შედეგად 31.03.2022წ. შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზე გამოცემულ იქნა 06.04.2022 წ. N8660 ბრძანება თანხების დარიცხვის შესახებ და წარდგენილ იქნა 11.04.2022 წ. N094-36 საგადასახადო მოთხოვნა. შემოწმების შედეგად გადამხდელისათვის დარიცხულ იქნა გადასახადები 122 527 ლარი, ჯარიმა 60 747,5 ლარი და საურავი 26 209,86, სულ 209 484,36 ლარი.

შემოწმების აქტის თანახმად, ზემოთაღნიშნული დანაკლისი აღმოჩენის მომენტში (2020 წლის 31 დეკემბერი) ჩაითვალა უსასყიდლო მიწოდებად საბაზრო ფასად და დაიბეგრა როგორც დამატებითი ღირებულების, ისე მოგების გადასახადით. საბაზრო ფასი განსაზღვრულ იქნა შემდეგნაირად: საქონლის თვითღირებულებაზე (სახეობების მიხედვით) გავრცელებული იქნა შესაბამისი პროდუქციის დოკუმენტური ფასნამატი. კომპანიას დაერიცხა ძირითადი გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოტანილია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ისინი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს. შესაბამისად სახეზეა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(11), 286(9), 97(1"გ"), 983(2), 159, 160(3), 161(1"ა"), 269(7);

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი: 1, 2, 12, 22, 32;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი: 8, 53, 243, 244, 257, 364, 369.