ბრძანება N 15971
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15971
15 ივლისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის.: ----- )
2025 წლის 18 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 ივლისის სხდომაზე (ოქმი N 53) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ------) N 94301/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 23 მაისის NEL285855 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2025 წლის 22 მაისს კონტეინერიდან გამოვიდა დალუქული სატრანსპორტო საშუალება. შესაბამისად, კომპანიის თანამშრომლების მიერ განხორციელდა მხოლოდ გარეგანი დათვალიერება. მსგავს შემთხვევაში ხდება იმის უზრუნველყოფა, რომ სატრანსპორტო საშუალებამ არ დატოვოს გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორია მის სრულ შემოწმებამდე. მიმღების გამოცხადების შემდგომ გაიღო სატრანსპორტო საშუალების კარი და განხორციელდა ტვირთის აღწერა საბაჟო დეპარტამენტის მიერ, რა დროსაც სატრანსპორტო საშუალებაში აღმოჩენილ იქნა საქონელი. მომჩივანს მიაჩნია, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის პროცედურის დარღვევას.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 20 მაისს შპს „-----“ (ს/ნ -----) საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე (---) მიღებულ იქნა საზღვაო გზით შემოტანილი და სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით (ფორმა 111 – №1-----/S1-----) გადაადგილებული N MSMU----- კონტეინერი, რომელშიც, საზღვაო მანიფესტის თანახმად, განთავსებული იყო სატრანსპორტო საშუალებები (შასი:WF-----; WDB-----;) და სხვადასხვა დასახელების საქონელი. 2025 წლის 22 მაისს საბაჟო საწყობის მიერ ელექტრონულად მოწოდებულ ინფორმაციაში არ იყო ასახული ინფორმაცია ერთ - ერთ სატრანსპორტო საშუალებაში (შასი N -----; მიმღები ფიზიკური პირი) არსებული საქონლის შესახებ.
2025 წლის 23 მაისს გაფორმების ეკონომიკურ ზონა „-----“ გამოცხადდა მიმღები ფიზიკური პირის წარმომადგენელი, რომელმაც განახორციელა სატრანსპორტო საშუალების (შასი N -----) ზოგადი დეკლარირება (შეტყობინება (N -----) და სატრანსპორტო საშუალება გაფორმდა როგორც ცარიელი. მითითებული საბაჟო ფორმალობების დასრულების შემდეგ, საბაჟო საწყობის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ სატრანსპორტო საშუალება (შასი N -----) განთავსდა მიღება - ჩაბარების ადგილას (საბაჟო საწყობის გასასვლელი), რა დროსაც მებაჟე - ოფიცრის მიერ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების შემოწმება. შედეგად გამოვლინდა, რომ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული იყო სხვადასხვა დასახელების საქონელი (მ/მ ავეჯი – 200 კგ; პირადი მოხმარების საქონელი – 20 კგ). აღნიშნულის შემდეგ, საქონელი დეტალური დათვალიერების მიზნით გადატანილ იქნა დათვალიერებისთვის განსაზღვრულ ადგილზე, სადაც საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელდა საქონლის დათვალიერება და ექსპერტიზა.
მითითებული საქონლის მიმღები ფიზიკური პირის სახელზე 2025 წლის 23 მაისს დაიბეჭდა N -----/----- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4 და საქონელი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში.
ვინაიდან შპს „-----“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების („საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“, „გ“ და „ქ“ ქვეპუნქტები) განმეორებით დარღვევას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 23 მაისს შედგენილ იქნა N EL285855 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-----“ (ს/ნ -----) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176- ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ (დანართი N 5) ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიუთითებს, რომ საბაჟო საწყობში წარდგენილი, კონტეინერით გადაადგილებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს საბაჟო ორგანოსათვის შესაბამისი საბაჟო საწყობის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე ელექტრონულად მიწოდებული ინფორმაციის გამოყენებით. მე-5 პუნქტის შესაბამისად, კი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო ტრანსპორტით შემოტანილი კონტეინერით გადაადგილებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადგილზე წარდგენისას საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება საქონლის სავალდებულო დათვალიერება/ექსპერტიზა. საჭიროების შემთხვევაში, ასეთი საქონლის ექსპერტიზა შეიძლება განხორციელდეს სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერაც.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“, „გ“ და „ქ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:
ა) დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები;
გ) ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას;
ქ) უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის მე-2-ე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, – იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევას (განმეორებით), რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია..
მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე (-----) მიღებულ იქნა საზღვაო გზით შემოტანილი და სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით (ფორმა 111 – N-----/-----) გადაადგილებული N MSMU----- კონტეინერი, რომელშიც, საზღვაო მანიფესტის თანახმად, განთავსებული იყო სატრანსპორტო საშუალებები (შასი:WFO-----; WDB----- და სხვადასხვა დასახელების საქონელი. საგულისხმოა, რომ საბაჟო საწყობს წვდომა აქვს შემოსული ტვირთების თანმხლებ დოკუმენტებთან, მათ შორის, მანიფესტთან.
მომჩივნის მოთხოვნაზე სადავო აქტის ბათილად ცობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმის ბათილად ცნობას
ფაქტობრივი გარემოებები:
საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე მიღებულ იქნა საზღვაო გზით შემოტანილი და სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით გადაადგილებული კონტეინერი, რომელშიც, საზღვაო მანიფესტის თანახმად, განთავსებული იყო სატრანსპორტო საშუალებები და სხვადასხვა დასახელების საქონელი. საბაჟო საწყობის მიერ ელექტრონულად მოწოდებულ ინფორმაციაში არ იყო ასახული ინფორმაცია ერთ - ერთ სატრანსპორტო საშუალებაში არსებული საქონლის შესახებ. მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176- ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება:
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 176(2);