გადაწყვეტილება №25574/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25574/2/2025
04 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 4.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25574/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 30.01.2025 წლის №927 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2025 წლის №001-142 საგადასახო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.07.2025 წლის №17091 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 231 775,9 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 698 060
დღგ - 264 529
საშემოსავლო გადასახადი - 433 531
ჯარიმა - 349 030
საურავი - 184 685,9
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა ფეხსაცმლით ვაჭრობა. აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 2.05.2022 წლიდან 1.06.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ადგილობრივი შეძენები არ უფიქსირდება, შესყიდვების 100% შედგება იმპორტირებული საქონლისგან. აღრიცხვა წარმოებს ბუღალტრული პროგრამის საშუალებით. გადასახადის გადამხდელს აქვს მხოლოდ ერთი საკონტროლო-სალარო აპარატი, დარეგისტრირებული -------, -------. აღნიშნულ მისამართზე მომჩივანი ვერ მოიძებნა.
გადასახადის გადამხდელი აფიქსირებს, რომ საქმიანობის სფეროა საბითუმო ვაჭრობა ფეხსაცმლით, მაგრამ დოკუმენტური რეალიზაცია ფაქტობრივად არ აქვს (მხოლოდ 1%). შემოსავალი სრულად შედგებოდა რეალიზაციისას ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული თანხებისგან. დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შესამოწმებელ პერიოდში უდოკუმენტოდ რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი. შედეგად მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების პროცესში განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, რა დროსაც გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლები, რასაც შეუპირისპირდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, გაცემული ხელფასები და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები. ასევე, გათვალისწინებულ იქნა ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებული სალაროს ნაშთი. გამოვლენილი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემული ხელფასად (სარგებლად) და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2024 წლის №001-220 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.01.2025 წლის №927 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება აღნიშნული მეთოდის გამოყენების მართლზომიერება, ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების საბითუმო აუდირებული ფასნამატის შესახებ აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 30.01.2025 წლის №927 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 13.02.2025 წლის №24683/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 30.01.2025 წლის №927 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახდო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 7.07.2025 წლის №001-142 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.07.2025 წლის №17091 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნაზე და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და ბუღალტრულ პროგრამაში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რეალობას, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა პირის საგადასახადო ვალდებულებები. ხოლო, ვინაიდან დადასტურდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერება, აუდიტის დეპარტამენტს ფასნამატის განსაზღვრისას უნდა ეხელმძღვანელა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების საბითუმო აუდირებული ფასნამატის შესახებ აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის ბრძანება. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების საბითუმო აუდირებული ფასნამატის შესახებ აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, და მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ვერ დაადასტურა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული კანონის მიხედვით კომპანიას ბუღალტრული აღრიცხვა ანგარიშგება ნაწარმოები აქვს საბუღალტრო პროგრამა „ორისში“, რომელიც შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან და ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვით მთლიანად და სრულად შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა (აღნიშნული ფაქტი, რომ ბუღალტრული აღრიცხვა სწორედ აქვს კომპანიას თვით საგადასახადო ორგანომ დააფიქსირა როგორც შემოწმების აქტში ასევე დასკვნაში), ასევე მთელ შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს დარღვეული კანონმდებლობა და არ არის დაჯარიმებული საგადასახადო სამართალდარღვევაზე, საგადასახადო ორგანოს არ განუხორციელებია არც ერთი საკონტროლო პროცედურა, კომპანია ფუნქციონირებდა მთელი 2 წლის განმავლობაში, ახორციელებდა საქონლის იმპორტს და ახდენდა მის რეალიზაციას, თან კომპანიის მიერ საქონლის იმპორტი ხორციელდებოდა ნაწილ-ნაწილ, საბაჟოზე ხდებოდა დროებით შენახვა და რისი ფინანსური შესაძლებლობაც იყო იმ რაოდენობის საქონლის განბაჟება და მისი საქართველოში რეალიზაცია, მთელი ამ პერიოდის მანძილზე საგადასახადო ორგანო არცერთხელ არ დაინტერესებულა კომპანიის საქმიანობით და არ ჩაუტარებია საგადასახადო კოდექსის XXXVII თავით დადგენილი მიმდინარე კონტროლის პროცედურები, რომელიც განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსის 257-ე, 257-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე და 261-ე მუხლებით, ასე, რომ აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონდა საფუძველი გადასახადების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების.
ასევე, შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული „პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითება გამოცემულია საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო აუდიტის დეპარტამენტმა მისცა ისეთი ინტერპრეტაცია, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლთან, თუნდაც აუდიტის ასეთი შეფასება „თუ ამავე სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული დაბეგვრის ობიექტთან დაკავშირებული სამეურნეო ოპერაცია არ შეესაბამება რეალობას ან/და არალოგიკურია, შეიცავს არსებით ტექნიკურ უზუსტობებს ან/და შინაარსობრივ შეცდომებს, ჩაითვლება, რომ აღნიშნულ ნაწილში ვერ დგინდება დაბეგვრის ობიექტი“. აუდიტი არ აფიქსირებს, რომელი ოპერაცია არის არალოგიკური ან რა ტექნიკურ უზუსტობას შეიცავს კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვა, ასევე საქონლის საბითუმო რეალიზაცია შეფასებულია, ისე, რომ საბითუმო რეალიზაცია არ დასტურდება, რით არ დასტურდება საბითუმო რეალიზაცია არც ამის შესახებ არ არის დასაბუთება.
შემოსავლების სამსახურის 30.07.2025 წლის №17091 ბრძანებაში ყურადღება გამახვილებულია საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის არასწორ წარმოებაზე. საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვა სრულად შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან, ხოლო არგუმენტი, რომ ფასნამატის განსაზღვრა საწარმოს დოკუმენტური რეალიზაციით არაარსებითია და არ ითვალისწინებენ, ხოლო შემოსავლების სამსახურს, აუდიტის დეპარტამენტს არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება არ აქვთ გაზარდონ ბუღალტრულ აღრიცხვაში არსებული ფასნამატი, ასე, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება არის უსაფუძვლო, რის გამოც უნდა გაუქმდეს არაპირდაპირი მეთოდით დამატებით დარიცხული გადასახადები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შემოსავლების სამსახურის 30.01.2025 წლის №927 ბრძანებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება აღნიშნული მეთოდის გამოყენების მართლზომიერება, ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების საბითუმო აუდირებული ფასნამატის შესახებ აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შედგა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ შესწავლილ იქნა საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, „ცალკეულ შემთხვევაში პირის საგადასახდო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად განსაზღვრულია დაბეგვრის ობიექტის დაუდგენლობა, რომელიც მათ შორის, გულისხმობს, რომ მიუხედავად იმისა, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეიძლება დადგინდეს სამეურნეო ოპერაციის დაწყებას, მიმდინარეობას და დასრულებას (შედეგს) შორის კავშირი, თუ ამავე სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული დაბეგვრის ობიექტთან დაკავშირებული სამეურნეო ოპერაცია არ შეესაბამება რეალობას ან/და არალოგიკურია, შეიცავს არსებით ტექნიკურ უზუსტობებს ან/და შინაარსობრივ შეცდომებს, ჩაითვლება, რომ აღნიშნულ ნაწილში ვერ დგინდება დაბეგვრის ობიექტი. აღნიშნულიდან გამოდინარე გადასახადის გადამხდელის მიერ ნაწარმოებ ბუღალტრულ პროგრამაში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და არალოგიკურია ასევე იდენტიფიცირებული ფასნამატის განსაზღვრა ვერ ხდება და ის არალოგიკურად აცდენილია, შესამოწმებელ პერიოდში ბაზარზე არსებულ ფასნამატთან, ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაცია არაარსებითია სრულ ბრუნვაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს აქვს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საწარმოს დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან რეალიზაციაში 1%-ზე ნაკლებია. გამოწერილია ერთეული სასაქონლო ზედნადებები და რეალიზებულია დაახლოებით 37 ათასი ლარის საქონელი, ხოლო საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკები ამობეჭდილია დაახლოებით 3 მლნ ლარზე, ჩეკები ამობეჭდილია დიდი თანხების მიღებაზე, მაგალითად შეიძლება ყოფილიყო დაახლოებით 10 ათას ლარიანი ჩეკები. საწარმო ახდენს საქონელის საბითუმოდ რეალიზაციას, თუმცა არ ხდება სასაქონლო ზედნადებების გამოწერა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, კომპანიის რეალზიაციის უდიდესი ნაწილი რეალიზებული საქონელის ფასის და საკონტროლო-სალარო აპარატით მიღებული თანხების გათვალისწინებით, წარმოადგენს საქონელის საბითუმო რეალიზაციას. ხოლო, აღნიშნულ პირობებში მიღებულ შემოსავლებსა და რეალიზებულ საქონელს შორის კავშირი დოკუმენტურად იდენტიფიცირებული არ არის, მათ შორის გამოწერილი არ არის სასაქონლო ზედნადებები.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ არ ხდება შემოსავლების დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე აღრიცხვა, რაც არ იძლევა შემოსავლების საბუღალტრო პროგრამაში სწორად და დროულად აღრიცხვის შემოწმების საშუალებას, შედეგად სააღრიცხვო პროგრამით და არსებული დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შემოსავლების სამსახურმა 30.07.2025 წლის №17091 ბრძანებით მიიჩნია, რომ მისი 30.01.2025 წლის №927 ბრძანება სრულყოფილად არ არის აღსრულებული და ამ მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების საბითუმო აუდირებული ფასნამატის შესახებ აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას დადასტურებულია საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის საფუძველის არსებობა და აღნიშნულ ნაწილში აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის დასკვნით საკითხი შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 30.01.2025 წლის №927 ბრძანების შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 30.07.2025 წლის №17091 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 30.01.2025 წლის №927 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ადგილობრივი შეძენები არ უფიქსირდება, შესყიდვების 100% შედგება იმპორტირებული საქონლისგან. საქმიანობის სფეროა საბითუმო ვაჭრობა ფეხსაცმლით, მაგრამ დოკუმენტური რეალიზაცია ფაქტობრივად არ აქვს. შემოსავალი სრულად შედგებოდა რეალიზაციისას ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული თანხებისგან. დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შესამოწმებელ პერიოდში უდოკუმენტოდ რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი. შედეგად მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმების პროცესში განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, რა დროსაც გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლები, რასაც შეუპირისპირდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, გაცემული ხელფასები და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები. ასევე, გათვალისწინებულ იქნა ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებული სალაროს ნაშთი. გამოვლენილი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემული ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 105;