ბრძანება N 20364

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.09.2025
№ დოკუმენტი 20364
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20364

17 სექტემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(მის.:---) 2025 წლის 5 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №72) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ----) 2025 წლის 5 აგვისტოს №97361/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივლისის №261-13 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებას და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია რომელი რეისები რა მარშუტზე და რამდენ ლარზე იქნა გამრავლებული შემოწმების მიერ გაანგარიშების დროს. მიუთითებს, რომ წინა შემოწმების დროს იდენტურ საკითხზე შემოწმების მიერ მიწოდებულ იქნა ინფორმაცია გაანგარიშების შესახებ და უმეტეს შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნა მეწარმის ახსნა-განმარტებები და შენიშვნები. ასევე არ ეთანხმება ფულის ნაშთის გაანგარიშებას და აცხადებს, რომ არასწორად არის დათვლილი. ამასთან, გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ 2024 წლის დეკემბრის თვის დეკლარაცია დააზუსტა 2025 წლის 19 თებერვალს, 14:37 საათზე, ხოლო შემოწმება დაიწყო 2025 წლის 20 თებერვალს, ანუ დეკლარაცია დააზუსტა უფრო ადრე ვიდრე დაიწყებოდა შემოწმება. აქედან გამომდინარე, შემოწმების შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ 2024 წლის დეკემბრის თვის დეკლარაცია არ ექვემდებარებოდა დაზუსტებას არ მიაჩნია ვალიდურ არგუმენტად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 თებერვლის №3002 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი მაისიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 27 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 9 ივლისის №15554 ბრძანება და ამავე თარიღის №261-13 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 48 393 ლარი, მათ შორის, გადასახადი 29 911 ლარი, ჯარიმა 14 945 ლარი, საურავი 3 537 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

 გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საკუთარი და იჯარით აღებული ავტომობილებით ქვიშა-ხრეშის გადაზიდვა, ამასთან საწარმოს უფიქსირდება ინერტული მასალების შეძენა-რეალიზაცია. პირს 2024 წლის დეკემბრის თვეში გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურები ექსკავატორით და სატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვის მომსახურებაზე, რომელიც არ აქვს დაბეგრილი, ჯამში 38 352 ლარის ღირებულებით. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა საკუთარი ავტომობილებით გადაზიდვის მომსახურებები, სადაც გამომწერიც და მიმღებიც სხვადასხვა კომპანიებია. შემოწმებით აღნიშნულ შესრულებულ გადაზიდვებზე გამოყენებულ იქნა შპს „---ის“ მიერ იგივე მარშრუტებზე სხვა პირებთან შესრულებული გადაზიდვის ფასები, რამაც ჯამში გამოიწვია დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა 45 097 ლარით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის გათვალისწინებით. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 შემოწმების მიერ განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. დადგენილ შემოსავლებს გამოაკლდა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 18 თებერვლის №2888 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირს განესაზღვრა განკარგვადი თანხა 74 460 ლარის ოდენობით.

შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 81-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, კერძოდ, საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.

მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელს 2024 წლის დეკემბრის თვეში გამოწერილი ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ექსკავატორით და სატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვის მომსახურებაზე, რომელიც არ ჰქონდა დაბეგრილი. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა საკუთარი ავტომობილებით გადაზიდვის მომსახურებები, სადაც გამომწერიც და მიმღებიც სხვადასხვა კომპანიები იყო. შემოწმების მიერ აღნიშნულ შესრულებულ გადაზიდვებზე გამოყენებულ იქნა შპს „---ის“ მიერ იგივე მარშრუტებზე სხვა პირებთან შესრულებული გადაზიდვის ფასები, რამაც ჯამში გამოიწვია დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა.

შემოწმების მიერ განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, დადგენილ შემოსავლებს გამოაკლდა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. ასევე გათვალისწინებულ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგები, რომლის მიხედვით პირს განესაზღვრა განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ავტომობილებით გადაზიდვები შესრულებული იყო საწარმოს კუთვნილი ავტომანქანებით, სადაც სასაქონლო ზედნადების გამომწერი და მიმღები სხვადასხვა კომპანიები იყო. აღნიშნული გაანგარიშების ცხრილი გადაგზავნილ იქნა გადასახადის გადამხდელთან, რომელმაც ზემოაღნიშნული გადაზიდვების ნაწილი გაშიფრა, ხოლო დანარჩენ ნაწილზე არგუმენტი არ წარადგინა.

შესაბამისად, შემოწმების მიერ ზემოაღნიშნულ შესრულებულ გადაზიდვებზე გამოყენებულ იქნა შპს „---ის“ მიერ იგივე მარშრუტებზე სხვა პირებთან შესრულებული გადაზიდვის ფასები, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა 45 097 ლარის ოდენობით.

გადასახადის გადამხდელის საჩივარში დაფიქსირებულ არგუმენტთან, 2024 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციის გპაბ-ზე აუსახველობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 თებერვლის №3002 ბრძანება გადასახადის გადამხდელს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეგზავნა და გაეცნო 2025 წლის 19 თებერვალს, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში ცვლილების ან/და დამატების შეტანა იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც მიმდინარეობს ან უნდა ჩატარდეს საგადასახადო შემოწმება, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენა დაუშვებელია საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს/საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების/ შეტყობინების ჩაბარებიდან ან ამ გადაწყვეტილების/შეტყობინების გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ელექტრონულად განთავსებიდან ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის ამ პირისათვის ჩაბარებამდე პერიოდში. ამდენად, გადასახადის გადამხდელის პრეტენზია 2024 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციის გპაბ-ზე აუსახველობასთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებას და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია რომელი რეისები რა მარშუტზე და რამდენ ლარზე იქნა გამრავლებული შემოწმების მიერ გაანგარიშების დროს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს 2024 წლის დეკემბრის თვეში გამოწერილი ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ექსკავატორით და სატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვის მომსახურებაზე, რომელიც არ ჰქონდა დაბეგრილი. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა საკუთარი ავტომობილებით გადაზიდვის მომსახურებები, სადაც გამომწერიც და მიმღებიც სხვადასხვა კომპანიები იყო. შემოწმების მიერ აღნიშნულ შესრულებულ გადაზიდვებზე გამოყენებულ იქნა მომჩივნის მიერ იგივე მარშრუტებზე სხვა პირებთან შესრულებული გადაზიდვის ფასები, რამაც ჯამში გამოიწვია დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა.

შემოწმების მიერ განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, დადგენილ შემოსავლებს გამოაკლდა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგები, რომლის მიხედვით პირს განესაზღვრა განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4, 5, 9); 101 (1); 154 (1); 12 (1).