გადაწყვეტილება №24240/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24240/2/2024
20 იანვარი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,20.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------" -ის 1.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24240/2/2024).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით;
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაანგარიშება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის №044-18 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.10.2024 წლის №22224 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 708 823 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 987 082
დღგ - 330 884
საშემოსავლო გადასახადი - 656 198
ჯარიმა - 491 233
საურავი - 230 508
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა ქალის, მამაკაცის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის, ელექტრო ტექნიკის, ჭურჭლის, ტექსტილისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების რეალიზაცია სავაჭრო ცენტრ ლილო-მოლის ტერიტორიაზე.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 21.10.2020 წლიდან 1.10.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა 18.12.2023 წლის №31758 ბრძანება და №044-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 16.02.2024 წლის №3323 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, დამატებით შეესწავლა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსავლის მიხედვით ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულებების სისწორე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 16.02.2024 წლის №3323 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 12.07.2024 წლის №22659/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 16.02.2024 წლის №3323 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 15.10.2024 წლის №22224 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული ზემოთ მითითებული დავის საგნების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 15.10.2024 წლის №22224 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელი საქონლის შეძენას ახორციელებს როგორც იმპორტის გზით (ჩინეთიდან და ირანიდან), ასევე ადგილობრივად (სასაქონლო ზედნადებებით). რეალიზაცია სრულად ხორციელდება ადგილობრივ ბაზარზე. გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილია მხოლოდ საბანკო ამონაწერები და ახსნა-განმარტება საქონლის ნაშთის შესახებ.
შემოწმების პროცესში, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით გამოვლინდა, რომ საქონლის შეძენისა და რეალიზაციის დოკუმენტებით ძირითად შემთხვევაში ვერ ხერხდება საქონლის მოძრაობისა და ფასნამატის განსაზღვრა. გადასახადის გადამხდელის-განმარტებით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ნულის ტოლია (როგორც საწყისი, ისე საბოლოო).
იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია იყო არასრულყოფილი, რის გამოც, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და ყველა კატეგორიის საქონელზე დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გამოყენებულ იქნა იგივე ტერიტორიაზე სხვა მსგავსი საქონლის აუდირებული ფასნამატები საქონლის კატეგორიების მიხედვით (მამაკაცის ტანსაცმელი, ქალის ტანსაცმელი, ბავშვის ტანსაცმელი, ჩანთები, ასევე, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაკონკრეტების გარეშე, ჭურჭელი, ელექტრო ტექნიკა, ტექსტილი და სხვ.). ამასთან, ვინაიდან, საწარმო დაფუძნებულია შესამოწმებელ პერიოდში, სმფ-ების საწყისი ნაშთი განისაზღვრა ნულოვანი მაჩვენებლით, ხოლო პერიოდის ბოლოსათვის გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების შესაბამისად, სმფ-ების ნაშთი დაფიქსირდა ნულოვანი მაჩვენებლით.
შემოწმების პროცესში განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (2 480 729 ლარი), რომელზეც გავრცელდა მსგავსი საქონლის აუდირებული ფასნამატი და გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემს. კერძოდ, დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 1 828 981 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგენილმა ბრუნვამ შეადგინა 3 679 150 ლარი.
არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ერთობლივი შემოსავალი პერიოდების მიხედვით გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად და გადამხდელს დაერიცხა დღგ. ასევე, გაზრდილი შემოსავალი დაკვალიფიცირდა საწარმოში ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსავლად, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდის შესაბამის თვეებში დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 145-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2024 წლის 26 სექტემბერს 14:20 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა გადასახადის გადამხდელის შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო საქონლის შეძენისა და რეალიზაციის დოკუმენტებით ძირითად შემთხვევაში ვერ ხერხდება საქონლის მოძრაობის განსაზღვრა, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო შემოწმებით ასევე დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი საქონლის შეძენას ახორციელებს, როგორც იმპორტის გზით (ჩინეთიდან და ირანიდან), ასევე ადგილობრივად (სასაქონლო ზედნადებებით). რეალიზაცია სრულად ხორციელდება ადგილობრივ ბაზარზე. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია იყო არასრულყოფილი და ამასთან, შეუძლებელი იყო არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის დადგენა და ყველა კატეგორიის საქონელზე დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა იგივე ტერიტორიაზე სხვა მსგავსი საქონლის აუდირებული ფასნამატები საქონლის კატეგორიების მიხედვით (მამაკაცის ტანსაცმელი, ქალის ტანსაცმელი, ბავშვის ტანსაცმელი, ჩანთები, ასევე, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაკონკრეტების გარეშე, ჭურჭელი, ელექტრო ტექნიკა, ტექსტილი და სხვ.). ამასთან, ვინაიდან, საწარმო დაფუძნებულია შესამოწმებელ პერიოდში, სმფ-ების საწყისი ნაშთი განისაზღვრა ნულოვანი მაჩვენებლებით, ხოლო პერიოდის ბოლოსათვის გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების შესაბამისად, სმფ-ების ნაშთი დაფიქსირდა 0 ლარი. შემოწმების მიერ განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (2 480 729 ლარი), რომელზეც გავრცელდა მსგავსი საქონლის აუდირებული ფასნამატი და გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი. შემოსავლების სამსახურმა განმარტავს, რომ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე ფასნამატის გავრცელება და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე დადგენილი დასაბეგრი შემოსავლის შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად გადანაწილება მართლზომიერია.
ამასთან, გადამხდელის არგუმენტთან, კერძოდ, შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას საწარმოს მიერ ხელფასად გაცემული და დაბეგრილი თანხების გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2024 წლის 16 თებერვლის №3323 ბრძანებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეესწავლა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსავლის მიხედვით ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულებების სისწორე, რის საფუძველზეც შემოწმების მიერ განხორციელდა გადამხდელის დეკლარირებული ხელფასების გათვალისწინება და გამოიცა 2024 წლის 21 მაისის №024-28 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნა.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსავლის მიხედვით ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულებების სისწორე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებელი აფიქსირებს, რომ მის მიერ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება შეადგენს 2480729 ლარს რომელიც როგორც მას უწერია გამოიყენა მსგავსი აუდიტორული ფასნამატი და ეს საქონელი გაყიდვის დროს უნდა გაყიდულიყო 3679150 ლარად, ანუ ფასნამატი გამოდის 48,31 % დაახლოებით (განმარტება: 3679150/2480729=1,4809227). აქ გამოყენებული ფასნამატი ძალიან საეჭვოა რამოდენიმე აშკარა გარემოების გამო, დოკუმენტალურად დადასტურებული გარემოების გამო:
1. საქონლის რეალიზაცია ხორციელდებოდა ბითუმად და გამორიცხულია საბითუმო ფასნამატი შეადგენდეს 48,31 %-ს.
2. რეალიზებული და დეკლარირებული დღგ-ის დეკლარაციებით რაც თავად შემმოწმებელს აქვს აღნიშნული აქტში 1828981 ლარიდან ამას პლიუს დღგ-ს თანხა ანუ შეადგენს 2158197,58 ლარს დღგ-ს ჩათვლით (განმარტება: 1828981*1,18=2158197,58) საიდანაც დღგ-ს ჩათვლით რეალიზებული საქონელი რომელზე შედგენილია სასაქონლო ზედნადები და სადაც დაფიქსირებულია გასაყიდი ფასები თუ რა ფასებში ხდებოდა საქონლის რეალიზაცია და თავისუფლად შეიძლება საბითუმო ფასნამატის გამოყვანა ჯამში შეადგენს 1207065,14 ლარს, ანუ დოკუმენტურად დადასტურებულად შიძლება ზუსტი ფასნამატის გამოყვანა.
3. ისიც გასარკვევია და გასათვალისწინებელია შემმოწმებელმა ანალოგიური შემთხვევის რომელი ფასნამატით იხელმძღვანელა საცალოთი თუ საბითუმოდ. უნდა შეეხოს იმ ფაქტორსაც, რომ რეალიზებული საქონელის ნაწილი შემოტანილია უცხო ქვეყნიდან და ასევე მათ შრის ადგილობრივი მომწოდებლიდან შეძენილი 875878,10 ლარის დღგ-ის ჩათვლით (განმარტება: მხოლოდ ადილობრივი მომწოდებლიდან შეძენილი საქონლის თვითღირებულება ზედნადების მიხედვით შეადგენს 875878,10 ლარს დღგ-ს ჩათვლით), წარმოუდგენელია უცხოეთიდან შემოტანილ საქონელზე და ადგილობრივი მომწოდებლის მიერ მოწოდებულზე განვახორციელოთ ერთი და იგივე ფასნამატი, მით უმეტეს მაშინ როცა საბითუმოდ ეწეოდა საქონლის რეალიზაციას. ფასანამატის ნაწილში აუცილებლად უნდა მოხდეს არგუმენტების გათვალისწინებით ცვლილება და შემდგომ გადაანგარიშება. რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის საკითხს პირველ რიგში საბითუმო რეალიზაციის დროს, როგორც ზემოთ აღნიშნა იშვიათ შემთხვევებში ყველაზე დიდი საშუალო ფასნამატი ყველგან მერყეობს 15-20 პროცენტის ფარგლებში და რიგ საწარმოებში გაცილებით ნაკლებიც არის, გამომდინარე აქედან, თუ საშუალო ფასნამატი დავუშვათ აქვს 15% გამოდის რეალიზაციის მომენტში უნდა დარჩეს ეს 15 პროცენტი რომელიც უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით. ებადება ლოგიკური შეკითხვა ფასნამატი თუ ნიშნავს მოგებულ ნამეტ თანხას გამომდინარე იქიდან, რომ საქონლის ღირებულების თანხა მისი არ არის და უნდა გადაიხადოს რატომ უნდა დაბეგროს რეალიზაციის 25 პროცენტი და რატომ უნდა ჩათვალოს მხოლოდ 75 პროცენტი გადახდილად და არა 85 პროცენტი? თუ კიდევ ეს პრაქტიკა არსებობს და ამაზე 12.11.2021 წელს გამოცემულია №35390 ბრძანება (ცალკეულ შემთხვევაში პირის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით), რომლითაც ხელმძღვანელობს შემმოწმებელი აღნიშნული მოდის შეუსაბამობასთან მის მიერ გავრცელებულ ფასნამატს გულისხმობს, ანუ ეს თავისთავად გამორიცხავს 48 პროცენტიან ფასნამატს მით უმეტეს საბითუმოს შემთხვევაში. თუ აღმოჩნდება, რომ ჭეშმარიტი ფასნამატი იყო 15-20 პროცენტი აი მაგ შემთხვევაში კიდევ შესაძლებელია და ლოგიკურია, რომ დაუშვათ ის ფაქტი რომ ყველა მომწოდებელზე იმ მომენტში თანხა არ იყო გასტუმრებული (მხოლოდ თეორიულად რა თქმა უნდა); მომწოდებლისთვის ყველა ვალდებულება გადახდილი იყო შემოწმების მომენტში. აუცილებლად მისი ჩართულობით მოითხოვს ნამდვილი ფასნამატის დადგენას და გადაანგარიშებას, ასევე უკვე დადგენილი ფასნამატით დასაბეგრი ბრუნვის აღების დროს აუცილებლად უნდა მოხდეს ბრუნვის შემცირება უკვე ზედნადებით რეალიზებული ბრუნვით და მხოლოდ დანარჩენ ბრუნვაზე მოხდეს ფასნამატის გამოყენება (მითუმეტეს როგორც ზემოთ აღნიშნა დოკუმენტალურად დადასტურებული რეალიზაცია, რაზე გამოწერილია სასაქონლო ზედნადები შეადგენს 875878,10 ლარს). ამასთან, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების დროს უნდა მოხდეს ჯერ ხელფასად დაბეგრილი თანხის გამოკლება და შემდგომ რაც დარჩება იმ მოგების დაბეგვრა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნა რომ არც ხელფასად გაცემული თანხები შემმოწმებელს არ გამოუკლია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის დროს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად: 1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ საწარმოს მიერ მიწოდებული სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გამოყენებულ იქნა იგივე ტერიტორიაზე სხვა მსგავსი საქონლის აუდირებული ფასნამატები საქონლის კატეგორიების მიხედვით, რამაც გაზარდა დღგით დასაბეგრი ბრუნვა. გამოვლენილი სხვაობით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რაზეც დაერიცხა შესაბამისი დღგ. ასევე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზრდილი შემოსავალი დაკვალიფიცირდა საწარმოში ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსავლად, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდის შესაბამის თვეებში დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც მის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, უსაფუძვლოა მომჩივნის არგუმენტი ხელფასად გაცემული თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის და განსაზღვრის შესახებ, ვინაიდან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ამავე სამსახურის 2024 წლის 16 თებერვლის №3323 ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა აღნიშნული საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდა შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაანგარიშება
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადამხდელის დეკლარირებული მონაცემების ანალიზით გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში სრულად არ აქვს ჩათვლილი საბაჟო ოპერაციებზე განსახორციელებელი დღგ-ის ჩასათვლელი თანხა, კერძოდ, 2021 წლის დეკემბრის თვეში საწარმოს არ აქვს ჩათვლილი საბაჟო დეკლარაციით (დეკლარაციის №15987) დარიცხული დღგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების საფუძველზე, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა გაიზარდა 2 130 ლარით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და აღნიშნა, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დღგ-ის ჩათვლების დროს მის მიერ გამორჩენილია საბაჟო დეკლარაციით გამოსაყენებელი დღგ-ის ჩასათვლელი თანხა 2130,36 ლარი 2021 წლის 13 დეკემბრის №ა15987 საბაჟო დეკლარაცია. აღნიშნული საკითხითაც არ არის გათვალისწინებული და შემმოწმებლის მიერ არ არის შემცირებული აღნიშნული ჩასათვლელი დღგ-ის თანხით დასარიცხი დღგ-ის თანხა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში სრულად არ ჰქონდა ჩათვლილი საბაჟო ოპერაციებზე განსახორციელებელი დღგ-ის ჩასათვლელი თანხა, კერძოდ, 2021 წლის დეკემბრის თვეში საწარმოს არ აჰქონდა ჩათვლილი საბაჟო დეკლარაციით (დეკლარაციის №------) დარიცხული დღგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების საფუძველზე, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა გაიზარდა 2 130 ლარით.
მომჩივნის არგუმენტი, რომ 2021 წლის 13 დეკემბრის №ა15987 საბაჟო დეკლარაციით დღგ-ის ჩათვლა არ არის გათვალისწინებული, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა ვინაიდან შემოწმების აქტის მიხედვით, აღნიშნული დეკლარაციაში მითითებული დღგ-ის თანხა გათვალისწინებულია დღგ-ის გაანგარიშებისას და შესაბამისად გაზრდილია დღგ-ის ჩათვლა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების განსაზღვრა (გაზრდა) განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის დაცვით და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი მიიჩნევს,რომ გამოყენებული ფასნამატი საეჭვოა.
2.გადამხდელი თვლის,რომ შემმოწმებლის მიერ არ არის შემცირებული აღნიშნული ჩასათვლელი დღგ-ის თანხით დასარიცხი დღგ-ის თანხა.
ფაქტობრივი გარემოებები
1.არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ერთობლივი შემოსავალი პერიოდების მიხედვით გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად და გადამხდელს დაერიცხა დღგ. ასევე, გაზრდილი შემოსავალი დაკვალიფიცირდა საწარმოში ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსავლად, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდის შესაბამის თვეებში დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
2.შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში სრულად არ აქვს ჩათვლილი საბაჟო ოპერაციებზე განსახორციელებელი დღგ-ის ჩასათვლელი თანხა, კერძოდ, 2021 წლის დეკემბრის თვეში საწარმოს არ აქვს ჩათვლილი საბაჟო დეკლარაციით დარიცხული დღგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების საფუძველზე, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა გაიზარდა 2 130 ლარით.
გადაწყვეტილება
1.საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების განსაზღვრა განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის დაცვით და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),101,163,164,174,175,176.