ბრძანება N 1102-2
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 1102
29/01/2021
შპს -----
(მის.: ქ. ------- )
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 09 სექტემბერს და 21 დეკემბერს გამართულ სხდომებზე (ოქმი №65, №100) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 29 იანვრის №18658/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 31 დეკემბრის №002-548 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
არ ეთანხმება სესხზე დარიცხული პროცენტის/სარგებლის თანხით ერთობლივი შემოსავლის გაზრდას და წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ კომპანია ზედმეტად გაცემულ დივიდენდს მის დაბრუნებამდე განიხილავდა უპროცენტო სესხად, შესაბამისად, კომპანია წინა წლის ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული წლიური საშუალო საპროცენტო განაკვეთით აღიარებდა ერთობლივ შემოსავლებში. აღნიშნულ ნაწილში, კომპანია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მსგავსად შემმოწმებლისა ხელმძღვანელობდა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №0102 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად. ამდენად, გადამხდელისთვის უცნობია თუ რა გახდა 2015-2016 წლებში ამ ნაწილში განსხვავების მიზეზი (შემმოწმებლის მიერ არ არის წარდგენილი გაანგარიშებები და გადამხდელისთვის უცნობია განსხვავების წარმოქმნის მიზეზი). კომპანია საგადასახადო კანონმდებლობისა და დამკვიდრებული პრაქტიკის სრული დაცვით ახორციელებდა სესხის პროცენტის ასახვას ერთობლივ შემოსავალში. შესაბამისად, ამ ნაწილში დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები უნდა დაექვემდებაროს გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 13 აპრილის №8603 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2014 წლის 22 დეკემბრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე, 2019 წლის 30 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2019 წლის 31 დეკემბრის №47618 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №002-548 საგადასახადო მოთხოვნა. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 2 137 533 ლარით, მათ შორის: გადასახადი 1 304 163 ლარი, ჯარიმა 275 253 ლარი, საურავი 558 117 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის მიხედვით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში (2015-2016 წლებში) კომპანიას რეგულარულად უფიქსირდება შუალედური დივიდენდის განაწილება (დამფუძნებელია შპს ----- ს ასეთი ფორმით გაცემული დივიდნდი ყოველთვის აღემატება საანგარიშო წლის ბოლოს ფაქტობრივად მიღებულ ფინანსურ მოგებას. გამოვლენილი სხვაობა (განაწილებულ შუალედურ მოგებას - ფაქტობრივად მიღებული ფინანსური მოგება) დამფუძნებლისგან კომპანიას უბრუნდება შემდეგი საანგარიშო პერიოდის (წლის) განმავლობაში. 2015-2016 წლების საანგარიშო პერიოდებზე წარმოდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაციის ანალიზის შედეგად კომპანიის ერთობლივ შემოსავალში ასახულია ზემოაღნიშნული სხვაობის უპროცენტო სესხად განხილვის შედეგად გამოანგარიშებული სარგებელი. კერძოდ, 2015 წელს 354 467 ლარი, 2016 წელს 1 062 895 ლარი. საგადასახადო შემოწმებით, გაანგარიშების შედეგად უპროცენტო სესხად განხილვის შემთხვევაში გამოანგარიშებული პროცენტი შეადგენს 2015 წელს 449 676 ლარს, 2016 წელს 1 313 950 ლარს. შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №0102 სიტუაციური სახელმძღვანელოსა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 და 102-ე მუხლების შესაბამისად გაიზარდა დასაბეგრი მოგების ოდენობა.გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა.
ამავე კოდექსის მე-8 მუხლის 43-ე ნაწილის თანახმად, წმინდა მოგება არის მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ხოლო, ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას რეგულარულად უფიქსირდება შუალედური დივიდენდის განაწილება (დამფუძნებელია შპს ----- ). ასეთი ფორმით გაცემული დივიდენდი ყოველთვის აღემატება საანგარიშო წლის ბოლოს ფაქტობრივად მიღებულ ფინანსურ მოგებას. გამოვლენილი სხვაობა დამფუძნებლისგან კომპანიას უბრუნდება შემდეგი საანგარიშო პერიოდის (წლის) განმავლობაში. საგადასახადო შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №0102 სიტუაციური სახელმძღვანელოსა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 და 102-ე მუხლების გათვალისწინებით უპროცენტო სესხად განხილვის შემთხვევაში გამოანგარიშებულმა პროცენტის თანხამ შეადგინა 2015 წელს - 449 676 ლარი, 2016 წელს - 1 313 950 ლარი. შესაბამისად, შემოწმებით, კომპანიის მიერ ზედმეტად გაცემული თანხა გაცემის თარიღიდან განხილულია უპროცენტოდ გაცემულ სესხად და გავრცელებულია ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდზე (თვეზე) გამოქვეყნებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთი.
ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.