გადაწყვეტილება №20287/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 04.12.2023
№ დოკუმენტი 20287/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20287/2/2023

04 დეკემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.10.2023 და 26.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 17.07.2023, 16.10.2023 და 25.10.2023 წელს რეგისტრირებულ (დაზუსტებულ) საჩივრებზე (რეგისტრაციის №20287/2/2023, 21065/2/2023, 21150/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად განკარგვადი თანხის გაანგარიშება დღგ-ის დეკლარაციით დეკლარირებულ ფასნამატზე დაყრდნობით;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 20.04.2023 წლის №024-20 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14703 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 455 429 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 290 328

მოგების გადასახადი - 22 620

საშემოსავლო გადასახადი - 267 708

ჯარიმა - 145 164

საურავი - 19 937

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა უმეტესად ლოგინის თეთრეულის, პლედის, ბალიშის და საბნის, ასევე წვრილი ტექნიკის შეძენა, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე იმპორტის გზით არარეზიდენტი მომწოდებლისგან და შემდგომ რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 9.07.2020 წლიდან 1.11.2022 წლამდე პერიოდის, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 1.12.2022 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 28.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 20.04.2023 წლის №8615 ბრძანება და ამავე თარიღის №024-20 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 22.05.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14703 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად განკარგვადი თანხის გაანგარიშება დღგ-ის დეკლარაციით დეკლარირებულ ფასნამატზე დაყრდნობით ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს არ უფიქსირდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ფაქტი, ასევე ბოლო ეკონომიკური აქტივობა ფიქსირდება 2022 წლის ოქტომბრის თვეში. სასაქონლო ზედნადებებით ტრანსპორტირების დასრულების ადგილად უმეტესად მითითებულია ---ს ტერიტორია, ხოლო დეკლარირებული ფასნამატი განისაზღვრა 77%-ით.

1.12.2022 წელს განხორციელდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი, რაც აისახა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმში. აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2022 წლის №21-14/109678 შეტყობინებით, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს ეთხოვა ინფორმაციის წარდგენა, რაც არ იქნა შესრულებული. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის დარღვევისათვის, ამავე კოდექსის 279-ე მუხლის საფუძველზე 13.02.2023 წლის №188098 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს განესაზღვრა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

ვინაიდან, გადასახადის გადამხდელმა არ წარადგინა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანი/აუცილებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების საფუძველზე, გაანგარიშდა/გაანალიზდა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების“ დანართი №8-ის და დანართი №9-ის მიხედვით, შემოწმებით გაანგარიშებული განკარგვადი თანხის ნაწილი ჩაითვალა პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად (1 070 833 ლარი), ხოლო კრედიტორული დავალიანების ნაწილი (128 185 ლარი) უპროცენტო სესხად. საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე, 982 და 101-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 77%-ს. 1.12.2022 წელს განხორციელდა გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი, რაზედაც შევსებულია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი. შემოწმების მიერ გაანგარიშდა/გაანალიზდა პირის ფულადი სახსრების მოძრაობა, რის საფუძველზეც პირის განკარგვადი თანხების ნაწილი ჩაითვალა პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, კერძოდ, დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ვერ გაიზიარებს გადამხდელის პოზიციას ვინაიდან, აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2022 წლის №21-14/109678 საგადასახადო შეტყობინების საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელს ეთხოვა ინფორმაციის წარდგენა, თუმცა ინფორმაცია არ იქნა წარდგენილი. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის დარღვევისათვის, ამავე კოდექსის 279-ე მუხლის საფუძველზე 13.02.2023 წელს შედგა №188098 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და განესაზღვრა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

ვინაიდან, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანი/აუცილებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შემოწმების მიერ პირის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირება არ განხორციელდა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი შემოწმების შედეგებს არ ეთანხმება, მიაჩნია, რომ არასწორად იქნა დადგენილი კომპანიის დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმებამ იხელმძღვანელა კომპანიის მიერ დღგ-ში დეკლარირებული ფასნამატით, რაც რეალურ ოდენობას ბევრად აღემატება. იმ მიზნით რომ კომპანიის ბიუჯეტის წინაშე სწორად ჰქონოდა ანგარიშგება დღგ-ში მოხდა მაღალი ფასნამატის დაფიქსირება, ხოლო შემდგომ პერიოდში უნდა მომხდარიყო ზუსტი ციფრის გამოყვანა და შემდგომ კორექტირებული დეკლარაციის წარდგენა. ვინაიდან დაიწყო საგადასახადო შემოწმება კორექტირებული დეკლარაციის წარდგენა ვერ მოხერხდა. 2022 წლის სექტემბრის თვის დეკლარაციაში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 1 320 983 ლარის ოდენობით, რომელიც არ შეესაბამება რეალობას.

აღნიშნული განპირობებული იყო იმ გარემოებით რომ კომპანიის ბუღალტერმა ვერ დათვალა ზუსტი ფასნამატი და მოახდინა მაღალი მარჟით ბრუნვის დეკლარირება, რომლის კორექტირებასაც შემდგომ აპირებს, რათა თავიდან აეცილებინა საგადასახადო შემოწმებით გამოწვეული პასუხისმგებლობები.

ამდენად მიაჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი თანხის განსაზღვრისთვის აუდიტის დეპარტამენტმა უნდა იხელმძღვანელოს მიწოდებული საქონლის დოკუმენტური ღირებულებიდან და შემდგომ მოხდეს (საჭიროების შემთხვევაში) ფულის მოძრაობის ანალიზის გაკეთება.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის გააჩნია დებიტორული დავალიანებები. სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული პროდუქციის ნაწილიდან თანხა დღეის მდგომარეობით არ მიუღია რაზედაც წარმოადგენს შესაბამის შედარების აქტებს შემსყიდველი ორგანიზაციებიდან. აღნიშნული თანხა დღეის მდგომარეობით შეადგენს დაახლოებით 500 000 ლარს (დაზუსტებულ საჩივარში მიუთითებს (411 528 ლარს), რომლითაც (მას შემდეგ, რაც დაკორექტირდება დასაბეგრი ბრუნვა) უნდა შემცირდეს საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხების ოდენობა. დანართის სახით წარმოადგენს შემსყიდველ ორგანიზაციებთან გაფორმებულ და სანოტარო წესით დამოწმებულ შედარების აქტებს რომლითაც დგინდება ის ფაქტი, რომ კომპანიას არ მიუღია საქონლის მიწოდების საკომპენსაციო თანხა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნული თანხა საშემოსავლო გადასახადით იქნა დაბეგრილი.

გარდა ზემოხსენებული შედარების აქტებისა ერთ-ერთ კომპანიასთან (შპს „---“) ვერ მოხერხდა შედარების აქტის გაფორმება ვინაიდან დირექტორი იმყოფებოდა რაიონში. ითხოვს მიეცეს უფლება დამატებით მოახდინოს აუდიტის დეპარტამენტში აღნიშნული მტკიცებულების წარდგენა, რომელიც უახლოეს დღეებში დამოწმდება სანოტარო წესით. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ კომპანია შიდა ტრანსპორტირებისას ქირაობდა გადამზიდავ კომპანიას, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა საქონლის გადატანა. აღნიშნული კომპანიებიდან მოწოდებული ინვოისის მიხედვით განხორციელებულია სატრანსპორტო მომსახურება რაც შპს „---ს“ მიერ იქნა ანაზღაურებული, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნული ხარჯი არ იქნა გამოკლებული დასაბეგრ შემოსავალზე.

ფასნამატის საკითხთან მიმართებით შესწავლილია კომპანიის შეძენები და რეალიზაციები რომლითაც დადგინდა შემდეგი:

შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტურ რეალიზაციაზე მოდის სრული რეალიზაციის დაახლოებით 45-50% რომლითაც შესაძლებელია რეალური ფასნამატის და დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა. მოხდა შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის დაკავშირება, თვითღირებულების განსაზღვრა და დოკუმენტური ფასნამატის ოდენობის დადგენა სახეობების მიხედვით. განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის საშუალო შეწონილი ფასნამატი, ბევრად ნაკლებია დეკლარირებულ ბრუნვასთან შედარებით. როგორც აღინიშნა დღგ-ის დეკლარაციებში დაფიქსირდა რეალურთან შედარებით მაღალი ფასნამატი, რითიც დღგ-ის დასაბეგრი თანხა დარჩა უცვლელი.

ვინაიდან საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დაუშვებელია შემოწმებული პერიოდზე კორექტირებული დეკლარაციის წარდგენა, ითხოვს წარდგენილი გაანგარიშების საფუძველზე დაკორექტირდეს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა ფულის მოძრაობის ანალიზი, რომლის საფუძველსაც წარმოადგენდა დღგ-ის ბრუნვაში მაღალი მარჟის დაფიქსირება. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმებამ უნდა იხელმძღვანელოს წარდგენილი გაანგარიშების ცხრილებით (დოკუმენტური რეალიზაციიდან) და შესაბამისად განისაზღვროს დასაბეგრი ბრუნვა. ამის შემდგომ (საჭიროების შემთხვევაში) მოხდეს ფულის მოძრაობის ანალიზის გაკეთება.

შემოწმების მიერ ფულადი სახსრების გაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული ხარჯის დოკუმენტები, კერძოდ მომწოდებელ კომპანიასთან გადახდილი თანხებიდან ხარჯად ჩაითვალა ინვოისებში დაფიქსირებული თანხის 75% ხოლო დანარჩენი 25% (128 125 ლარი) ჩაითვალა როგორც კრედიტორული დავალიანება და დაიბეგრა მოგების გადასახადით (დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად).

შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა მომწოდებელ კომპანიასთან დაკავშირება შესაბამისი მტკიცებულების წარმოსადგენად. დავის პროცესში ზემოთხსენებულ არარეზიდენტ კომპანიას დაუკავშირდა და წარმოადგენს მომწოდებელ კომპანიის ცნობას, რომლის თანახმადაც შპს „---ს“ მომწოდებელი კომპანიის მიმართ შპს „----“-სთვის გადახდილი აქვს 156 218,60 აშშ დოლარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და მე-8 ნაწილის მიხედვით:

მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე;

8. თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში მიუთითებს, რომ:

- 2022 წლის სექტემბრის თვის დეკლარაციაში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 1 320 983 ლარის ოდენობით, რომელიც არ შეესაბამებოდა რეალობას. აღნიშნული განპირობებული იყო იმ გარემოებით რომ კომპანიის ბუღალტრის მიერ ვერ იქნა დათვლილი ზუსტი ფასნამატი და მოახდინა მაღალი მარჟით ბრუნვის დეკლარირება, რომლის კორექტირებასაც შემდგომ აპირებდა, რათა თავიდან აეცილებინა საგადასახადო შემოწმებით გამოწვეული პასუხისმგებლობები.

ვინაიდან დაიწყო საგადასახადო შემოწმება კორექტირებული დეკლარაციის წარდგენა ვერ მოხერხდა; - კომპანიის გააჩნია დებიტორული დავალიანებები. სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული პროდუქციის ნაწილიდან თანხა დღეის მდგომარეობით არ მიუღია, საჩივართან ერთად წარმოადგენს შემსყიდველ ორგანიზაციებთან გაფორმებულ და სანოტარო წესით დამოწმებულ შედარების აქტებს, რომლითაც დგინდება, რომ კომპანიას არ მიუღია საქონლის მიწოდების საკომპენსაციო თანხა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნული თანხა საშემოსავლო გადასახადით იქნა დაბეგრილი.

გარდა ზემოხსენებული შედარების აქტებისა ერთ-ერთ კომპანიასთან (შპს „---“) ვერ მოხერხდა შედარების აქტის გაფორმება, ვინაიდან დირექტორი იმყოფებოდა რაიონში. ითხოვს მიეცეს უფლება აუდიტის დეპარტამენტში დამატებით წარადგინოს აღნიშნული მტკიცებულება;

- კომპანია შიდა ტრანსპორტირებისას ქირაობდა გადამზიდავ კომპანიას, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა საქონლის გადატანა. აღნიშნული კომპანიებიდან მოწოდებული ინვოისის მიხედვით განხორციელებულია სატრანსპორტო მომსახურება, რაც შპს „---ის“ მიერ იქნა ანაზღაურებული, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნული ხარჯი არ იქნა გამოკლებული დასაბეგრ შემოსავალზე;

- კომპანიის მიერ განხორციელდა შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის დაკავშირება, თვითღირებულების განსაზღვრა და დოკუმენტური ფასნამატის ოდენობის დადგენა სახეობების მიხედვით.

შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტური რეალიზაცია სრული რეალიზაციის დაახლოებით 45-50%-ია, რომლითაც შესაძლებელია რეალური ფასნამატის და დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა. დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის საშუალო შეწონილი ფასნამატი, ბევრად ნაკლებია დეკლარირებულ ბრუნვასთან შედარებით;

- შემოწმების მიერ ფულადი სახსრების გაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული ხარჯის დოკუმენტები, დავის პროცესში არარეზიდენტ კომპანიას დაუკავშირდა და წარმოადგენს მომწოდებელი კომპანიის ცნობას, რომლითაც შპს „---ს“ მომწოდებელი კომპანიისთვის, შპს „---“-სთვის, გადახდილი აქვს 156 218,60 აშშ დოლარი. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საწარმოს არ უფიქსირდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ფაქტი, ასევე ბოლო ეკონომიკური აქტივობა ფიქსირდება 2022 წლის ოქტომბრის თვეში. სასაქონლო ზედნადებებით ტრანსპორტირების დასრულების ადგილად უმეტესად მითითებულია ---ს ტერიტორია, ხოლო დეკლარირებული ფასნამატი განისაზღვრა 77%- ით.

1.12.2022 წელს განხორციელდა გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი, რაზედაც შევსებულია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი. შემოწმების მიერ გაანგარიშდა/გაანალიზდა პირის ფულადი სახსრების მოძრაობა, რის საფუძველზეც პირის განკარგვადი თანხების ნაწილი ჩაითვალა პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლია არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები (მომჩივნის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია), აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14703 ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივრები, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების შედეგად მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, 145 164 ლარის ოდენობით (მათ შორის მოგების გადასახადში 11 310 ლარი, საშემოსავლო გადასახადში 133 854 ლარი), ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 20.04.2023 წლის №024-20 საგადასახადო მოთხოვნით საურავი 19 937 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დავების განხილვის საბჭოს თხოვს გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება და კომპანია გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, რადგან საწარმოს მიზანი არ ყოფილა გადასახადების დამალვა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან. საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად.

ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველი დავის საგნის ნაწილში გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14703 ბრძანება;

3. საჩივრები პირველი დავის საგნის ნაწილში ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად განკარგვადი თანხის გაანგარიშება დღგ-ის დეკლარაციით დეკლარირებულ ფასნამატზე დაყრდნობით;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგები აისახა 28.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 20.04.2023 წლის №8615 ბრძანება და ამავე თარიღის №024-20 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 22.05.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14703 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ პირველი სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლია არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები (მომჩივნის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია), აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14703 ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივრები, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

მეორე სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4, 9); 101; 154; 982; 269 (7).