ბრძანება N 26122
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26122
24 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------- - ის “ (ს/ნ "------" )
(მის.:"------" )
2023 წლის 19 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №108) განიხილა შპს „------ - ის “ (ს/ნ "------" ) 2023 წლის 19 სექტემბრის №83682/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 აგვისტოს №002-197 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ დღგ-ისგან გათავისუფლებული და დასაბეგრი საქონლის რეალიზაციის გამიჯვნის შედეგად განსაზღვრულ დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობას და აცხადებს, რომ კომპანიის მიერ გაანგარიშებული მონაცემები განსხვავდება შემოწმებით დადგენილი საბოლოო თანხობრივი შედეგისგან, რის გამოც, ითხოვს სადავო საკითხის დამატებით შესწავლას გადამხდელის მონაწილეობით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 აპრილის №7141 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----- - ის “ (ს/ნ "------" ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 17 აგვისტოს №20415 ბრძანება და ამავე თარიღის №002-197 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 302 137 ლარი, მათ შორის, გადასახადი 149 359 ლარი, ჯარიმა 88 074 ლარი, საურავი 64 704 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებს როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული საქონლის რეალიზაციას. ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტებით აქვს შეძენილი ნიგოზი, ლობიო, ნუში, თხილი და ა.შ. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს გამოწერილი აქვს სასაქონლო ზედნადებები, რომელთა დაბეგვრის გრაფაში მითითებული აქვს „ნულოვანი“, შესაბამისად დღგ-ით არ ბეგრავს იმ საქონელს, რომელიც შეძენილი აქვს იურიდიული პირებისაგან და აგრეთვე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემოწმებით განხორციელდა დღგ-ისგან გათავისუფლებული და დასაბეგრი საქონლის რეალიზაციების გამიჯვნა. შესაბამისად, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვები. საწარმოს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია: საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 190 00 და 0407 00 300 00 კოდებში მითითებული საქონლისა (კვერცხისა) და 020711 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაციებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, ხოლო 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებს როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული საქონლის რეალიზაციას. გამოწერილი აქვს სასაქონლო ზედნადებები, რომელთა დაბეგვრის გრაფაში მითითებული აქვს „ნულოვანი“, შესაბამისად დღგ-ით არ ბეგრავს იმ საქონელს, რომელიც შეძენილი აქვს იურიდიული პირებისაგან და აგრეთვე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. შემოწმებით განხორციელდა დღგ-ისგან გათავისუფლებული და დასაბეგრი საქონლის რეალიზაციების გამიჯვნა და აღნიშნულის შესაბამისად დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვები.
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ის ოდენობას და ითხოვს შემმოწმებელთან ერთად გაანგარიშებების გავლას.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ გაანგარიშების ცხრილები შემოწმების მიმდინარეობის პროცესში გაგზავნილ იქნა გადასახადის გადამხდელისათვის, რომელიც დაეთანხმა დარიცხვას და შემოწმებისთვის არავითარი არგუმენტები არ წარმოუდგენია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის მხრიდან არც საგადასახადო დავის ეტაპზე არ იქნა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----- - ის “ (ს/ნ "-------" ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ დღგ-ისგან გათავისუფლებული და დასაბეგრი საქონლის რეალიზაციის გამიჯვნის შედეგად განსაზღვრულ დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობას.
ითხოვს სადავო საკითხის დამატებით შესწავლას გადამხდელის მონაწილეობით.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებს როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული საქონლის რეალიზაციას.გადასახადის გადამხდელს გამოწერილი აქვს სასაქონლო ზედნადებები, რომელთა დაბეგვრის გრაფაში მითითებული აქვს „ნულოვანი“, შესაბამისად დღგ-ით არ ბეგრავს იმ საქონელს, რომელიც შეძენილი აქვს იურიდიული პირებისაგან და აგრეთვე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა.
შემოწმებით განხორციელდა დღგ-ისგან გათავისუფლებული და დასაბეგრი საქონლის რეალიზაციების გამიჯვნა. შესაბამისად, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვები. საწარმოს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
159,163,164,168(4),172(4),275.