გადაწყვეტილება №18316/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18316/2/2022
10.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ -------------- (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, მ. ბარათაშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, დ. გაბლიშვილის, შ. გვენეტაძის, შ. კომლაძის, დ. ლაშხიას, გ. მაისურაძის, დ. მოლოდინის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 10.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ -------------- (ს/ნ ---------------) 28.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18316/2/2022).
დავის საგანი:
საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ 10.09.2022 წლის №049-2022-188634 ბრძანება;
2. შემოსავლების სამსახურის 7.11.2022 წლის №27995 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით მომჩივანს 2022 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - გადასახადი - 13 898.36 ლარი, საურავი - 1 677.36 ლარი, არაღიარებული საგადასახადო დავალიანება - 133 718.89 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 10 სექტემბრის №049-2022-188634 ბრძანება საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ. აღნიშნული საინკასო დავალების საფუძველზე თანხის ჩამოწერა არ განხორციელებულა.
ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 10 სექტემბრის №049-2022-188634 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.11.2022 წლის №27995 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე8 მუხლის მე-5 ნაწილზე, 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 243-ე მუხლის პირველ ნაწილზე და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანს გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 2022 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მიიჩნევს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ 2022 წლის 10 სექტემბრის №049-2022-188634 ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით, მას არ უღიარებია აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2022 წლის №037-4 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 10.08.2022 წელს გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში, რომელიც განხილვის პროცესშია, რაზედაც მტკიცებულების სახით წარმოადგინა საჩივრის ასლი (დანართი №1). საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ითხოვს, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 10.09.2022 წლის №049-2022-188634 ბრძანების ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარადგინოს საინკასო დავალება.
საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში
მომჩივანი აცხადებს, მას არ უღიარებია აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2022 წლის №037-4 საგადასახადო მოთხოვნა, ვინაიდან მოთხოვნა 10.08.2022 წელს გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომელიც განხილვის პროცესშია.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მოპასუხემ აღნიშნა, რომ სადავო საინკასო დავალებას კავშირი არ აქვს 5.07.2022 წლის №037-4 საგადასახადო მოთხოვნასთან, გასაჩივრებული აქტი წარდგენილია 2021 წელს დღგ-ის დადეკლარირებით გამოწვეული აღიარებულ საგადასახადო დავალიანების გამო.
ამგვარად, ვინაიდან, მომჩივანს 10.09.2022 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა და ამჟამადაც ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემული აქტი მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.