გადაწყვეტილება №25078/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25078/2/2025
23 მაისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------16.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25078/2/2025).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფასნამატის ოდენობა;
3. შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული სატრანსპორტო საშუალებების საბაზრო ფასი;
4. შპს „-------“ მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიღებული ჩათვლის გაუქმება;
5. ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის №005-191 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4789 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 413 455,94 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 190 763
დღგ - 776 685
საშემოსავლო გადასახადი - 414 078
ჯარიმა - 593 821
საურავი - 628 871,94
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო და საბითუმო ვაჭრობა ნავთობპროდუქტებით (ბენზინი, დიზელი და მაზუთი).
აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2024 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის 8.04.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის №005-191 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4789 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საბუღალტრო პროგრამის მეშვეობით. ვაჭრობა ხორციელდებოდა სხვადასხვა მისამართებზე მდებარე იჯარით აღებულ ავტო-გასამართ სადგურებზე. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და რეალიზებული საქონლის მოძრაობის ანალიზი, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ კომპანიას უფიქსირდება 2 310 214 ლიტრი დიზელის რეალიზაცია, რომელზეც არ არსებობდა შესაბამისი შეძენის დოკუმენტი.
შესამოწმებელ პერიოდში, საწვავის ფაქტობრივად დარიცხული ნაშთების, გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, მათ შორის, ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საწვავის არადოკუმენტური რეალიზაციების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა დაბეგრილი საქონლის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლები. მომჩივანს განისაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლითაც არ ეთანხმება აღნიშნულ ნაწილში პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას, ასევე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, 2 310 214 ლიტრი დიზელის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი დათვლილია აღნიშნულ ოპერაციაზე გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული ღირებულებით და ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდი არ გამოყენებულა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, კომპანიას სრულად აქვს დაბეგრილი როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით მიღებული შემოსავლები. 2 310 214 ლიტრი დიზელის რეალიზაციასთან მიმართებით, გადამხდელი აცხადებს, რომ აღნიშნული საწვავი გამოწერილია ტალონის სანაცვლოდ (სატალონო კოდით) და არ აღნიშნავს საწვავის მიწოდების ფაქტს. მომჩივანი აცხადებს, რომ სატალონო კოდით გამოწერილ დოკუმენტებზე შემოწმების მიერ არასწორად მოხდა დღგ-ის დარიცხვა, ამასთან მიმღები მხარის მიერ დღგ-ის ჩათვლის შემთხვევაზე მიმართული აქვს საგამოძიებო სამსახურისათვის.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი (მ.შ. შესაბამისი ორგანოების ჩართულობით) და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ საზოგადოება არ აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას, თუმცა არ არის აღნიშნული, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული საწვავის მიღების და რეალიზაციის აღრიცხვის ჟურნალების (ელექტრონული) ამონარიდი ექსელის ფორმატით. რასაც უნდა დაყრდნობოდა შემოწმება და არ გამოეყენებინა არაპირდაპირი მეთოდი, რამაც გამოიწვია ბიუჯეტის სასარგებლოდ არასწორად გამოანგარიშებული თანხების დარიცხვა რომელშიც მარტო საურავი 62 8871,94 ლარია. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა შეძენილი და რეალიზებული საქონლის მოძრაობის ანალიზი, რომლის შედეგადაც დადგინდა რომ, დიზელის საწვავი 2 310 214 ლიტრი რეალიზებულია, რომელზედაც არ არსებობს შესაბამისის შეძენის ელექტრონული საგადასახადო დოკუმენტი.
საზოგადოებას სრულად აქვს დაბეგრილი მიღებული შემოსავალი, როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. აღნიშნული საწვავი გამოწერილია ტალონის სანაცვლოდ და არ აღნიშნავს საწვავის მიწოდების ფაქტს. საწვავის მიწოდებისას გამოიწერება საბითუმო მიწოდების კოდით და საცალო რეალიზაციის კოდით დოკუმენტი რომელიც საჭიროებს მყიდველის მხრიდან მიღებაზე თანხმობის დასტურს და ამის შემდგომ ხდება ტრანსპორტირების დაწყების გააქტიურება. შემოწმების შედეგად გამოვლენილი დოკუმენტების საფუძველზე საზოგადოებას შემოსავალი არ მიუღია.
საზოგადოებას ფაქტიურად არ ქონდა შეძენილი შესაბამისი რაოდენობის დიზელი, რასაც შემოწმება ადასტურებს შემოწმების აქტში: "არ არსებობს შესაბამისის შეძენის ელექტრონული საგადასახადო დოკუმენტი". სატალონო კოდით გამოწერილ დოკუმენტებზე არასწორად დაერიცხა დღგ 697 403 ლარის ოდენობით და დეკლარაციაში თანხის შემცირებისთვის ჯარიმა. რაც შეეხება სატალონო კოდით გამოწერილ დოკუმენტებს, მიმღების მხრივ შესაძლო დღგ-ის ჩათვლის შემთხვევას, მომჩივანმა მიმართა ფინანსურ პოლიციას დანაშაულის გამოვლენის მიზნით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის იმერეთისა და -------- სამმართველოში (გამომძიებელი ----------, საქმის ნომერი --------) მიმდინარეობს გამოძიება სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რომელმაც უნდა დაადგინოს ვისი ბრალეული მოქმედებით მოხდა საჩივარში მითითებული რეალურად არარსებული დიზელის საწვავის სატალონო კოდით ფაქტურების გამოწერა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4789 ბრძანებით, საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი (მ.შ. შესაბამისი ორგანოების ჩართულობით) და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4789 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2. საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფასნამატის ოდენობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანია 2021 წლის იანვრის, მაისის, სექტემბრის და 2022 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდებში, საცალო (არადოკუმენტური) რეალიზაციის ნაწილში აფიქსირებდა მინუსიან ფასნამატს, მაშინ როდესაც ამავე პერიოდებში საშუალო დოკუმენტურმა ფასნამატმა შეადგინა 4.16%. ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დოკუმენტური ფასნამატის შესაბამისად დაკორექტირდა საქონლის სარეალიზაციო ფასები, რის შედეგადაც გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, და განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ, უარყოფითი ფასნამატით რეალიზებულ საქონელზე კომპანიის ამავე პერიოდის საშუალო დოკუმენტური 4.16%-იანი ფასნამატის გავრცელება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისი ისეთი მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საცალო რეალიზაციის ფასს არეგულირებს ადგილობრივი ბაზარი, როდესაც საწვავის ფასი ეცემა შესაბამისად ზოგ შემთხვევაში ხდება საწვავის თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით რეალიზაცია, საგადასახადო კოდექსი არ ავალდებულებს გადასახადის გადამხდელს ასეთი შემთხვევების დროს გამოიყენოს თვითღირებულებაზე მეტი ფასი (თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით რეალიზაცია გამოიყენება საწვავით მოვაჭრე კომპანიებისთვის). შემოწმებამ თანხის დარიცხვისას გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანია 2021 წლის იანვრის, მაისის, სექტემბრის და 2022 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდებში, საცალო (არადოკუმენტური) რეალიზაციის ნაწილში აფიქსირებდა მინუსიან ფასნამატს, მაშინ როდესაც ამავე პერიოდებში საშუალო დოკუმენტურმა ფასნამატმა შეადგინა 4.16%. ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დოკუმენტური ფასნამატის შესაბამისად დაკორექტირდა საქონლის სარეალიზაციო ფასი.
მომჩივნის განმარტებით, რიგ შემთხვევაში საბაზრო კონკურენტული ფასიდან გამომდინარე, საწვავი გაყიდულია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, შესაბამისად, დაუშვებლად მიაჩნია სხვა ფასნამატის გავრცელება. ამასთან, აღნიშნავს, რომ სრულყოფილად აწარმოებდა ბუღალტერიას.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, დოკუმენტური ფასნამატი მერყეობდა 1%-დან 8%-მდე, ხოლო არადოკუმენტური -1%-დან -33%-მდე, შესაბამისად, თუ ადგილი ექნებოდა საწვავის ფასის შემცირებას, ბაზარს მასზე გავლენა ექნებოდა როგორც დოკუმენტურ, ისე არადოკუმენტურ რეალიზაციებზე. აქედან გამომდინარე, დოკუმენტური ფასნამატის შესაბამისად დაკორექტირდა საქონლის სარეალიზაციო ფასები, რის შედეგადაც გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, უარყოფითი ფასნამატით რეალიზებულ საქონელზე კომპანიის ამავე პერიოდის საშუალო დოკუმენტური 4.16%-იანი ფასნამატის გავრცელება საბჭოს მართლზომიერად მიაჩნია. შესაბამისად, არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4789 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული სატრანსპორტო საშუალებების საბაზრო ფასი
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა 3 სხვადასხვა დასახელების ავტოსატრანსპორტო საშუალების და მისაბმელი ტექნიკის (------) რეალიზაცია 2022 წლის იანვრისა და თებერვლის საანგარიშო პერიოდებში, თუმცა არ არსებობს შესაბამისი რეალიზაციის დოკუმენტები.
შემოწმების შედეგად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა თითოეული ტექნიკის საბაზრო ფასი და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები ჩაითვალა საბაზრო ფასით რეალიზებულად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 157-ე მუხლზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებზე, ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, აღნიშნული ქონება შეძენილი იყო დოკუმენტურად შპს „-------“ და შეძენის დროს გადახდილი ღირებულება წარმოადგენდა საბაზრო ფასს. აცხადებს, რომ სატრანსპორტო საშუალებები შემდგომში გაყიდულია ფიზიკურ პირებზე და ამიტომ არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა აღნიშნული რეალიზაცია გათვალისწინებულია შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სატრანსპორტო საშუალებების საბაზრო ფასის დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მყიდველებთან გაფორმებული და სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულებები სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციასთან/ღირებულებებთან დაკავშირებით. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
ავტოსატრანსპორტო საშუალებები საზოგადოებას შეძენილი აქვს დოკუმენტურად შპს "-------" - სგან (ს/ნ --------), აღნიშნულ საშუალებებზე არ იყო საჭირო საბაზრო ფასის დადგენა, შეძენის დროს გადახდილი ღირებულება წარმოადგენს საბაზრო ფასს, აღნიშნული საშუალებები მიყიდულია ფიზიკურ პირებზე და შესაბამისად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არაა გამოწერილი, რადგან მყიდველი არ არის დღგ-ის გადამხდელი.
დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და მისაბმელი ტექნიკის რეალიზაცია. გამომდინარე იქიდან, რომ ფიზიკურ პირებზე მოხდა რეალიზაცია რაიმე სახის დოკუმენტი არ შედგენილა, სალარო აპარატის ჩეკი ამოირტყა აპარატში და გადაეცა მყიდველს. მიწოდება განხორციელდა თვითღირებულებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით ამ კარის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
რ) საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის:
რ.ა) საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში.
შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიამ შესამოწმებელ პერიოდში მოახდინა სხვადასხვა დასახელების ავტოსატრანსპორტო საშუალების და მისაბმელი ტექნიკის (------) რეალიზაცია, რაზეც არ არსებობს შესაბამისი რეალიზაციის დოკუმენტები. შემოწმების შედეგად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა თითოეული ტექნიკის საბაზრო ფასი და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები ჩაითვალა საბაზრო ფასით რეალიზებულად.
საბჭოს სხდომაზე მომჩივანმა განმარტა, რომ აღნიშნული ქონება შეძენილი იყო დოკუმენტურად შპს „-------“ და შეძენის დროს გადახდილი ღირებულება წარმოადგენდა საბაზრო ფასს. აცხადებს, რომ სატრანსპორტო საშუალებები შემდგომში გაყიდულია ფიზიკურ პირებზე და ამიტომ არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა, აღნიშნული რეალიზაცია გათვალისწინებულია შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში.
შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4789 ბრძანებით საჩივარი ამ ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მყიდველებთან გაფორმებული და სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულებები სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციასთან/ღირებულებებთან დაკავშირებით;
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4789 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
4. შპს „--------“ მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიღებული ჩათვლის გაუქმება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიას 2024 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში მიღებული ჰქონდა საგადასახადო ანგარიშფაქტურა (-------), რომლის მიხედვითაც შპს „--------“ შეძენილი ჰქონდა 14 510 ლიტრი ბენზინი 342 436 ლარად. აღნიშნული ოპერაციის შედეგად დღგ-ის ჩასათვლელმა თანხამ შეადგინა 52 236 ლარი, რომელიც მიბმული და ჩათვლილი იყო შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში. აღნიშნულ ოპერაციის მიხედვით 1 ლიტრი საწვავის ფასი გამოვიდა 23.6 ლარი, მაშინ როდესაც წინა დღის შეძენის მიხედვით ფასი შეადგენდა 2.36 ლარს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სიტყვიერი ახსნა-განმარტების მიხედვით, აღნიშნული წარმოადგენდა ტექნიკურ შეცდომას (ფასის გაათმაგებას). ამდენად, შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 175-ე, 176-ე და 179-ე მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა აღნიშნული ოპერაციის შედეგად ზედმეტად ჩათვლილი 47 012 ლარის დღგ. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შპს "-------"-სგან შეძენილ საწვავზე დოკუმენტი შეცდომით გამოიწერა. შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა აღნიშნული ჩათვლა მოთხოვნილია შესაბამისი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე. ის თანხა რაც მოთხოვნილია ჩასათვლელად გადახდილია ბიუჯეტში მომწოდებლის მიერ, აღნიშნული თანხით ბიუჯეტს ზარალი არ მიუღია. კორექტირება დარიცხული თანხით არასწორია. მომწოდებელს უნდა მიეცეს რეკომენდაცია დოკუმენტის გაუქმების და სანაცვლოს გამოწერის. აღნიშნული დღგ გადახდილია ზედმეტად მომწოდებლის მიერ და სანაცვლო დოკუმენტის შესაბამისად უნდა შეამციროს ზედმეტად დარიცხული დღგ. საჩივარი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, აღინიშნა რომ ხანდაზმულობის გამო კანონიერი გზით ვერ გამოსწორდებოდა მომხდარი და ამის გამო აქტში მოცემული არასწორი ქმედება ძალაში დარჩა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საბჭოს სხდომაზე მომჩივანმა განმარტა, რომ დღგ-ის ჩათვლა მოხდა სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე და მეორე მხარის მიერ დღგ გადახდილია ბიუჯეტში. დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, ვინაიდან ქართული შრიფტის შემთხვევაში პროგრამა მძიმეს ვერ აღიქვამს და მის ნაცვლად ნოლებს წერს. შესაბამისად, მოხდა დიდი ოდენობის დღგ-ის ჩათვლა. ოპერაციის განხორციელების დროს ვერც მომწოდებელმა და ვერც მომჩივანმა ვერ შეამჩნია. თუმცა, აღნიშნული ოპერაცია ხანდაზმულია და უხეშად მისი გაუქმება არ შეიძლება. გასწორების შემთხვევაში მომწოდებელს უნდა მიეცეს რეკომენდაცია ჩასწორებული ფასით ახალი დოკუმენტის გამოწეროს და შეიმციროს ზედმეტად გადახდილი დღგ.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 1 ლიტრი საწვავის ფასი 2,36 ლარის ნაცვლად მითითებულია 23,6 ლარი. ამასთან, შეუძლებელია იმის დადგენა შპს -------- გადახდილი აქვს თუ არა აღნიშნული დღგ-ის თანხა.
საბჭო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 4.04.2024 წლის №7553 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან 8.04.2024 წელს ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგადაც საწარმოს სალაროში ნაღდი ფული არ აღმოჩნდა. საწარმოში შემოსული და გასული ფულადი საშუალებების ანალიზის, კერძოდ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების, საკონტროლო სალარო აპარატების მონაცემებისა და მესამე მხარისგან გამოთხოვილი ინფორმაციების, ასევე გაწეული დოკუმენტური ხარჯების, გადახდილი ხელფასებისა და ბიუჯეტში გადახდილი თანხების, შედეგად საწარმოს დაუდგინდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც არ ფიქსირდებოდა საწარმოში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. გარდა ზემოაღნიშნულისა, საწარმოს საქონლის (დიზელის) ნაწილში არ უფიქსირდებოდა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები სრულად (2 310 214 ლიტრ საწვავზე), აღნიშნულთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტმა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა ხარჯის ოდენობა, რომელიც საჭირო იქნებოდა აღნიშნული საწვავის შესაძენად. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის დასრულების ბოლო საანგარიშო პერიოდში ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-9 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 101-ე და 154-ე მუხლებზე, 105-ე და 72-ე მუხლებსა და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ, დამატებით მიღებული ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია, მაგრამ შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს, რომ პირველი და მე-3 სადავო საკითხების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, შესაძლოა სახეზე იყოს შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირება) საფუძველი. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ზემოაღნიშნული სადავო საკითხების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების დასაწყისისთვის საზოგადოებას შეწყვეტილი ქონდა ეკონომიკური საქმიანობა. ოქმში რომელიც წარედგინა შემოწმებას სალაროში დაფიქსირებული იყო 0 ლარი. შემოწმებამ 2 310 214 ლიტრის რეალიზაციით და შესაძლო შეძენით გამოიყვანა სალაროს ნაშთი, რასაც დაემატა ზემოთ ჩამოთვლილი მოსაზრებებით გამოყვანილი თანხები. ამ ნაწილში საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თუმცა ამ ნაწილით დარიცხული თანხა მთლიანად გასაუქმებელია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4789 ბრძანებით საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4789 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფასნამატის ოდენობა;
3. შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული სატრანსპორტო საშუალებების საბაზრო ფასი;
4. შპს-ს მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიღებული ჩათვლის გაუქმება;
5. ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საბუღალტრო პროგრამის მეშვეობით. ვაჭრობა ხორციელდებოდა სხვადასხვა მისამართებზე მდებარე იჯარით აღებულ ავტო-გასამართ სადგურებზე. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და რეალიზებული საქონლის მოძრაობის ანალიზი, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ კომპანიას უფიქსირდება 2 310 214 ლიტრი დიზელის რეალიზაცია, რომელზეც არ არსებობდა შესაბამისი შეძენის დოკუმენტი.
შესამოწმებელ პერიოდში, საწვავის ფაქტობრივად დარიცხული ნაშთების, გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, მათ შორის, ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საწვავის არადოკუმენტური რეალიზაციების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა დაბეგრილი საქონლის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლები. მომჩივანს განისაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(5);275;176;175;154(1);105(2);