ბრძანება N 20219
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20219
15 სექტემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ ---------------)
(ფაქტ. მის.: ------------------------;
იურ. მის.:--------------------------)
2025 წლის 31 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №72) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ ---------------) 2025 წლის 31 ივლისის №97269/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 ივლისის №--- „საგადასახადო მოთხოვნასთან“ და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2025 წლის 4 ივლისის №--- შეტყობინებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დებიტორული დავალიანების თანხის მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ მის ეკონომიკური საქმიანობის სახეს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო და სანტექნიკური მასალებით. დამატებითი საქმიანობის სახეებია სამშენებლო-სამონტაჟო და მინის სამუშაოები. ეკონომიკური საქმიანობის პროცესში საქონლის მიწოდება შემდგომი გადახდის პირობით წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მეტად ხელშემწყობ გარემოებას გაყიდვების სტიმულირებისათვის. მყიდველებთან ხორციელდება ზეპირსიტყვიერი გარიგება გადახდის პირობების შესახებ. განმარტავს, რომ შესაძლო რისკების არცოდნის გამო ვერ მოხერხდა აღნიშნული პროცესის სწორი ანალიზი, რომ აღნიშნული საკითხი შესაძლოა ჩათვლილიყო სამართალდარღვევად. აცხადებს, რომ დებიტორული დავალიანების ამოღება წარმოადგენდა გადამხდელის ინტერესს, რადგან აღნიშნული მიწოდება დაბეგრილია საოპერაციო პერიოდის შესაბამისად და გადახდილია გადასახადები. გარდა საბიუჯეტო გადასახადისა, მიწოდების პროცესში გაწეულია ხარჯი (საწვავი, მანქანის იჯარა და ა.შ.), რაც ფაქტიურად ზარალს წარმოადგენს საწარმოსთვის, რადგან სარგებლის მიღება აღნიშნული ოპერაციიდან არ განხორციელდა. აცხადებს, რომ დებიტორული დავალიანების ფაქტიურად ამოღება არ განხორციელებულა.
2. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე, შეცდომაზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 მაისის №10520 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „-------“-ის (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 ივლისის №15018 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №007-143 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 70 565 ლარი, მათ შორის, გადასახადი 45 700 ლარი, ჯარიმა 22 850 ლარი და საურავი 2 015 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო და დამხმარე მასალებით საბითუმო ვაჭრობა. საქონლის ძირითადი ნაწილის შეძენა ხდება ადგილობრივ ბაზარზე, მცირე რაოდენობის საქონელი შეძენილია იმპორტის გზით. საქონლის რეალიზაცია ხორციელდება საბითუმოდ, სრულად დოკუმენტურად. გადამხდელი საბუღალტრო აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა „ბალანსში“. წარმოდგენილი პროგრამით და ახსნა-განმარტებით კომპანიას 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით უფიქსირდება დებიტორული დავალიანების ნაშთი 316 734 ლარის ოდენობით. შემოწმებით, დებიტორული დავალიანების შესწავლის მიზნით გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა შედარების აქტები, რომლის წარმოდგენაც მისი მხრიდან შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა. ამასთან, მესამე პირებისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შპს „----“-თან არსებული დავალიანების შესახებ და წარმოდგენილი ინფორმაციით და ჩატარებული ანალიზით დადგინდა, რომ საბუღალტრო პროგრამაში არსებული დებიტორული დავალიანების ნაშთი არ არის რეალური. ამასთან, გადამხდელის მიერ დაფიქსირებული მოთხოვნის თანხა 316 734 ლარი მოიცავს, ისეთ დებიტორულ მოთხოვნას, რომელთა ინდეტიფიცირება ვერ ხერხდება (163 977 ლარის ოდენობით). შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, არარეალური დებიტორული დავალიანების თანხა ჩაითვალა მიღებულად და დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „-------“-ის (ს/ნ ---------------) 2025 წლის 4 ივლისის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - გადასახადის სახით 0 ლარი, ჯარიმა - 0 ლარი, საურავი - 0 ლარი, არაღიარებული საგადასახადო დავალიანება - 70 586,17 ლარი, ზედმეტობა - 4 234,91ლარი.
საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, შპს „-------“-ის (ს/ნ ---------------) მთელ ქონებაზე 2025 წლის 4 ივლისის №----- შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ №---- შეტყობინება, გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე 2025 წლის 5 ივლისს, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო იმავე დღეს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს 2025 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით უფიქსირდება დებიტორული დავალიანების ნაშთი 316 734 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი შედარების აქტები. ამასთან, გადამხდელის მიერ ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებული მოთხოვნის თანხა 316 734 ლარი მოიცავს, ისეთ დებიტორულ მოთხოვნას 163 977 ლარის ოდენობით, რომელთა ინდეტიფიცირება ვერ ხერხდება. ასევე, შემოწმების პროცესში საგადასახადო შემოწმების მიერ განხორციელდა მესამე პირებისგან ინფორმაციის გამოთხოვა შპს „----“-თან არსებული დავალიანების შესახებ. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დებიტორების გარკვეული ნაწილის მხრიდან დავლიანების არსებობის ფაქტი არ დადასტურდა.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, დაუდასტურებელი დებიტორული დავალიანების თანხის მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 2025 წლის 4 ივლისის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2025 წლის 4 ივლისის №---- შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“-ის (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დებიტორული დავალიანების თანხის მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №10520 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №15018 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №007-143 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 70 565 ლარი, მათ შორის, გადასახადი 45 700 ლარი, ჯარიმა 22 850 ლარი და საურავი 2 015 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დგინდება რომ შემოწმებით დებიტორული დავალიანების შესწავლის მიზნით გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა შედარების აქტები, რომლის წარმოდგენაც მისი მხრიდან შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა. ამასთან, მესამე პირებისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მომჩივანთან არსებული დავალიანების შესახებ და წარმოდგენილი ინფორმაციით და ჩატარებული ანალიზით დადგინდა, რომ საბუღალტრო პროგრამაში არსებული დებიტორული დავალიანების ნაშთი არ არის რეალური. ამასთან, გადამხდელის მიერ დაფიქსირებული მოთხოვნის თანხა 316 734 ლარი მოიცავს, ისეთ დებიტორულ მოთხოვნას, რომელთა ინდეტიფიცირება ვერ ხერხდება (163 977 ლარის ოდენობით). შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, არარეალური დებიტორული დავალიანების თანხა ჩაითვალა მიღებულად და დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ამასთან,შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით მომჩივანს 2025 წლის 4 ივლისის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება .საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე მომჩივანის მთელ ქონებაზე 2025 წლის 4 ივლისის შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება, გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე 2025 წლის 5 ივლისს, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო იმავე დღეს.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ამასთან,გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2025 წლის 4 ივლისის შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
ხოლო,საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 ,,ა“.2„ა“ და „ბ“); 239(1.2); 269(7);