გადაწყვეტილება №87822/1/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№87822/1/2024
30 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----ის“ 20.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №87822/1/2024).
დავის საგანი:
1. დავების განხილვის საბჭოს 1.12.2023 წლის №20576/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები;
2. დარიცხული თანხების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 14 თებერვლის №081-17 საგადასახადო მოთხოვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №081-276
საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 396 740 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 206 234
დღგ - 103 797
საშემოსავლო გადასახადი - 102 437
ჯარიმა - 120 615
საურავი - 69 891
სადავო საკითხები:
1. დავების განხილვის საბჭოს 1.12.2023 წლის №20576/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ივლისის №18050 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 29 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
- კომპანიის მიერ, საკუთრებაში არსებულ 1 800 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, საკუთარი სახსრებით, აშენებულია მრავალბინიანი, 17 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი (საცხოვრებელი ბინა 285, ავტოფარეხი 27, კომერციული ფართი 4). დღეის მდგომარეობით აღნიშნულ კორპუსში სარეალიზაციოდ დარჩენილია 19 ბინა და 24 ავტოფარეხი. კომერციული ფართები კი იჯარით არის გაცემული. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ რეალიზებულია მშენებარე ბინები ფიზიკურ პირებზე და გაფორმებულია უძრავი ნივთის ნასყიდობის/წინარე ხელშეკრულებები. ნასყიდობის ხელშეკრულებით რეალიზებული ბინები საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მყიდველების სახელზე ხელშეკრულების გაფორმების თარიღით. ანაზღაურება განხორციელებულია სრულად უნაღდო ანგარიშსწორებით. ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ფასების მიხედვით ბინის 1 კვადრატული მეტრის გაცხადებული ფასი მინიმალური ოდენობით ფიქსირდება 262 დოლარი და მაქსიმალური - 550 დოლარი. შემოწმების პროცესში დღგ-ის გაანგარიშება განხორციელდა 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი და მე-8 ნაწილების და 2021 წლიდან მოქმედი 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბაზების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ კომპანიის მიერ დეკლარირებული მონაცემებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 4 260 113 ლარს. შემოწმებით, შესწავლილი საქმის მასალების მიხედვით, დადგენილი დასაბეგრი ოპერაციების ჯამური ოდენობა კი 4 836 761 ლარია. სხვაობა დეკლარირებულ და ფაქტობრივ მონაცემებს შორის - 576 648 ლარი დაექვემდებარა დღგ-ით დამატებით დაბეგვრას, რამაც გამოიწვია გადასახადის დარიცხვა და შესაბამისი ჯარიმის დაკისრება.
- კომპანიის დაფინანსების წყარო მთელი საქმიანობის განმავლობაში იყო დამფუძნებლის შენატანები. გადასახადის გადამხდელს საბანკო სესხით არ უსარგებლია. შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში კაპიტალის შენატანის ნაშთი ანგარიშზე 5150 ფიქსირდება - 967 795 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებელმა ჯამურად კომპანიაში შეიტანა (----- ბანკის ამონაწერი) 1460 ანგარიშზე - 55 000 ლარი. კაპიტალის შემცირება ბუღალტრული გატარებით არის 114 000 ლარი. შესაბამისად, 853 395 ლარი რჩება კომპანიის ვალდებულებად დამფუძნებლის წინაშე. დამფუძნებლის მიერ პერიოდულად ----- ბანკის ლარისა და დოლარის ანგარიშებიდან მიღებულია თანხები სულ 1 318 146 ლარი. შემოწმების მიერ განხორციელებული ანალიზის მიხედვით, დამფუძნებლის მიერ მიღებული თანხებით განულდა კომპანიის ვალდებულება დამფუძნებლის წინაშე, როგორც კაპიტალშენატანი (ანგარიში 5150) და სხვაობა თანხობრივად 409 751 ლარი (853395+55000-1318146), საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, 2022 წლის აპრილის თვეში განხილულ იქნა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე განაცემად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №32324 ბრძანება და 22 დეკემბრის №081-276 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 364 472 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 14 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 24 ივლისის №17861 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 15.08.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 1.12.2023 წლის №20576/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები; - დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დავების განხილვის საბჭოს 1.12.2023 წლის №20576/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2024 წლის დასკვნა, 14.02.2024 წლის №3136 ბრძანება და №081-17 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
დავების განხილვის საბჭოს 1.12.2023 წლის გადაწყვეტილებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს საქმის მასალები და სათანადო საფუძვლების არსებობისას, მოახდინოს დარიცხული თანხების შემცირება. აუდიტის დეპარტამენტმა არ შეასრულა მითითებული დავალება და მომჩივნის მონაწილეობის გარეშე გამოსცა 30.01.2024 წლის დასკვნა. დასახელებული დოკუმენტების საფუძველზე, არ მოხდა დარიცხული თანხების შემცირება, რომლის საფუძვლადაც დასახელებულია არგუმენტირებული მტკიცებულების წარუდგენლობა.
სადავო საკითხი შეეხება დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის დამატებით დარიცხვას და ჯარიმისა და სანქციის დაკისრებას. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება, რომ ბინების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი სრულად არ არის შეტანილი დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 4 260 113 ლარს, ხოლო შემოწმების აქტით განსაზღვრულია 4 836 761 ლარი ანუ 576 648 ლარით მეტი. შესამოწმებელი პერიოდი მოიცავდა 2019 წლიდან 2022 წლამდე პერიოდს, ხოლო მშენებარე ბინების რეალიზაციით თანხები მიღებულია 2015 წლიდან. 2015-2016 წლებში ავანსი დღგ-ით არ იბეგრებოდა. შემოწმების ჯგუფს უფლება არ ჰქონდა 3 წელზე უკანა (ხანდაზმული) პერიოდი შეემოწმებინა და 2019 წელს გასცდენოდა. შედეგად ამისა, არ არის გამიჯნული მიღებული თანხები პერიოდების მიხედვით და ამის გამო საჯარო რეესტრში წარდგენილ ხელშეკრულებებში მოცემული თანხები ერთიანად მოქცეული იქნა დასაბეგრ ბაზაში, რამაც არასწორი შედეგი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ისიც, რომ საწარმოს არ აქვს მიწოდებული ბინები, ვინაიდან იგი არის „მშენებარე“ სახით და მიღებული თანხები დაბეგრილია როგორც ავანსის სახით მიღებული 2017 წლიდან. ამდენად, ადგილი არ აქვს საქონლის მიწოდებას ანუ ბინების მშენებლობა არ დასრულებულა, ხოლო მყიდველები თანხას იხდიან განვადებით, რაც დაბეგრილია დღგ-ით. შემოწმების აქტით კი, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მთლიანი თანხები ჩაითვალა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, რაც არ იბეგრებოდა. ამდენად, მოხდა საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი და მე-8 ნაწილების და 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის არასწორი განმარტება და გამოყენებული არ არის მე-4 მუხლი. საშემოსავლო გადასახადის ნაწილში კომპანიის დამფუძნებელზე გაცემული თანხები განხილულ იქნა როგორც საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე განაცემად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. სინამდვილეში, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დასაბეგრ ბაზად აღებულია 3 წლის უკანდელ (ხანდაზმულ) პერიოდში გატანილი თანხები პლასტიკური ბარათიდან, სადაც დანიშნულებები/მიზნობრიობა არ იყო მითითებული, მაგრამ ექცეოდა ხანდაზმულ პერიოდში. სხვა დანარჩენი ნაწილი გაცემულია დამფუძნებელზე, როგორც მის მიერ დამატებითი შენატანის დაბრუნება, რაც არ უნდა ჩაითვალოს როგორც განაცემი. კომპანია უნდა გათავისუფლდეს ჯარიმა/საურავისგან. დავის განმხილველმა ორგანომ უნდა ისარგებლოს საგადასახადო კოდექსით მისთვის მინიჭებული დისკრეციით და საწარმო უნდა გაათავისუფლოს საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმა/საურავის თანხებისგან შემდეგი გარემოებების გამო: - საწარმო წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს და ის შესამოწმებელ პერიოდში კეთილსინდისიერად ასრულებდა მისთვის საგადასახადო კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას და სახელმწიფო ბიუჯეტში სრულად და დროულად იხდიდა გადასახადებს; - საწარმოს მიერ შესაძლო დარღვევები ბუღალტრულ აღრიცხვაში ჩადენილია არა განზრახ, არამედ არ ცოდნით.
მომჩივანი ითხოვს:
1. ბათილად იქნეს ცნობილი მისი ძალაში შესვლის დღიდან:
1.1. აუდიტის დეპარტამენტის 14.02.2024 წლის №081-17 საგადასახადო მოთხოვნა;
1.2. აუდიტის დეპარტამენტის 14.02.2024 წლის №3136 ბრძანება;
1.3. აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2024 წლის დასკვნა;
1.4. აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;
1.5. აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №32324 ბრძანება;
1.6. აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის №081-276 საგადასახადო მოთხოვნა.
2. კომპანია გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 , 96-ე, 53-ე მუხლებზე, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 163- ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობისაა, რომ ბინების მშენებლობა არ არის დასრულებული, ბინები „მშენებარე“ სტატუსისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ არ უნდა მომხდარიყო საქონლისთვის უძრავი ქონების ნასყიდობის წესებით დაბეგვრა, არამედ უნდა მომხდარიყო დაბეგვრა ნარდობის წესების შესაბამისად.
მომჩივანი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლზე, საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლზე და აღნიშნავს, რომ გადასახადების დარიცხვა მოხდა ხანდაზმულ პერიოდზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დავების განხილვის საბჭოს 1.12.2023 წლის №20576/2/2023 გადაწყვეტილებით:
- პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2023 წლის 7 დეკემბერს. საწარმოს წარმომადგენლის მოთხოვნის შესაბამისად, ხელმეორედ გაეგზავნა მეილზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გაანგარიშების საფუძვლები ცხრილის სახით. საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, მტკიცებულებების წარდგენის ბოლო ვადა იყო 2023 წლის 22 დეკემბერი, თუმცა 22.12.2023 წელს მომჩივანმა განცხადებით მიმართა აუდიტის დეპარტამენტს, სადაც ითხოვა ვადის 10 სამუშაო დღით გახანგრძლივება. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიის მხრიდან მტკიცებულებები წარდგენილი უნდა ყოფილიყო 2024 წლის 10 იანვრისთვის. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მხრიდან საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად არ არის წარდგენილი არგუმენტირებული მტკიცებულებები (თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად), რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 30 იანვარს შედგა დასკვნა, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმების აქტი დარიცხული საგადასახადო ვალდებულება არ დაექვემდებარა კორექტირებას.
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ შეასრულა საბჭოს დავალება და მომჩივნის მონაწილეობის გარეშე გამოსცა 30.01.2024 წლის დასკვნა.
აღსანიშნავია, რომ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეესწავლა მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელმა არ წარადგინა დოკუმენტაცია.
ამასთან, მომჩივანი ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. თუმცა, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) დავების განხილვის საბჭოს 1.12.2023 წლის №20576/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საქმეში არსებული მასალების შესწავლის საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და გასაჩივრებული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დარიცხული თანხების მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №081-276 საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 14 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 24 ივლისის №17861 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
აღნიშნული აქტები 15.08.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 1.12.2023 წლის №20576/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №081-276 საგადასახადო მოთხოვნა 20.02.2024 წელს კვლავ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №081-276 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ივლისის №17861 ბრძანება 15.08.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 1.12.2023 წლის №20576/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №081-276 საგადასახადო მოთხოვნა 20.02.2024 წელს კვლავ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საბჭომ მიიჩნია, რომ სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №081-276 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში, დარჩეს განუხილველი;
2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დავების განხილვის საბჭოს 1.12.2023 წლის №20576/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები; დარიცხული თანხების მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 14 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 24 ივლისის №17861 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი. აღნიშნული აქტები 15.08.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 1.12.2023 წლის №20576/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნა 20.02.2024 წელს კვლავ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საქმეში არსებული მასალების შესწავლის საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და გასაჩივრებული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 301(„ზ“).