ბრძანება N 1535
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 1535
31 იანვარი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------;
იურ. მის.: ----------)
2024 წლის 12 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №5) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №86723/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 დეკემბრის №081-309 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ყალბი ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის საფუძველზე შემოწმებით დარიცხულ თანხებს. აცხადებს, რომ მხარეებს შორის არსებობს გაფორმებული ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ოქტომბრის №26409 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება გამოწერილი ანგარიშფაქტურის ეა---------- დეკლარაციაში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 6 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 11 დეკემბრის №31053 ბრძანება და 12 დეკემბრის №081-309 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 518 ლარი, მათ შორის, გადასახადი შეუმცირდა 1 518 ლარით, ხოლო ჯარიმა დაერიცხა 3 036 ლარი, საურავი 0 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:
კომპანია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 10 დეკემბერს. შემოწმების შედეგად, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება, რომ გადამხდელის მიერ 2020 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი და მყიდველისადმი წარდგენილია ეა---------- ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა, რომლის მიხედვითაც განხორციელებულმა დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 8 436 ლარი. საგამოძიებო სამსახურის წარმოდგენილი მასალების შესწავლისას ირკვევა, რომ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურა არის ყალბი. ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე, 160-ე და 161-ე მუხლების გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდებში გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურით განსაზღვრული დეკლარირებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა დაექვემდებარა შემცირებას, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, პირი დაჯარიმდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200%-ის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამოწეროს და მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ან გაწეული/გასაწევი მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადამხდელის მიერ 2020 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი და მყიდველისადმი წარდგენილია ეა---------- ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის მიხედვითაც განხორციელებულმა დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 8 436 ლარი. საგამოძიებო სამსახურის წარმოდგენილი მასალების შესწავლისას ირკვევა, რომ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის ყალბი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესაბამისი პერიოდის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირება და უსაქონლო ოპერაციის/ფიქტიური გარიგების მიხედვით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძვლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ყალბი ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის საფუძველზე შემოწმებით დარიცხულ თანხებს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის მიერ 2020 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი და მყიდველისადმი წარდგენილია ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის მიხედვითაც განხორციელებულმა დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 8 436 ლარი. საგამოძიებო სამსახურის წარმოდგენილი მასალების შესწავლისას ირკვევა, რომ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის ყალბი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესაბამისი პერიოდის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირება და უსაქონლო ოპერაციის/ფიქტიური გარიგების მიხედვით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძვლები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 282(3).
(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“); 275(1,2).