ბრძანება N 11372

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 03.06.2025
№ დოკუმენტი 11372
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11372

03 ივნისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------ის“ (ს/ნ -----------------)

(მის.: -----------------------------------)

2025 წლის 5 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 22 მაისის სხდომაზე (ოქმი №42) განიხილა შპს „---------ის“ (ს/ნ -----------------) 2025 წლის 5 მაისის №------/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 აპრილის №006-76 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება იჯარით აღებული ფართის მოწყობაზე გაწეული ხარჯების საშემოსავლო გადასახადითა და დღგ-ით დაბეგვრას. განმარტავს, რომ შემოწმებას არ უნდა დაებეგრა კომპანიის მიერ რემონტსა და ძირითად საშუალებებზე გაწეული ხარჯები. ამასთან, აცხადებს, რომ ვინაიდან, ზემოაღნიშნული ფართი არ არის კომპანიის თანამშრომლის საკუთრებაში, შემოწმებას ფართის რემონტზე გაწეული ხარჯები უნდა დაებეგრა მოგების გადასახადით. ასევე, მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ სასაქონლო ზედნადებების სრულ ღირებულებაში არ არის გათვალისწინებული უკან დაბრუნების სასაქონლო ზედნადებები 3 808 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.

2. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ მისი მიზანი არ ყოფილა გადასახადებისგან თავის არიდება და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 თებერვლის №1716 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------ის“ (ს/ნ -----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 31 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 7 აპრილის №6656 ბრძანება და 8 აპრილის №006-76 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 101 327 ლარი, მათ შორის, გადასახადი 53 820 ლარი, ჯარიმა 23 994 ლარი, საურავი 23 513 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა ტიპის კომპიუტერული ტექნიკის იმპორტი საქართველოში და მათი რეალიზაცია მხოლოდ შპს „-----ზე“. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ კომპანიას მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები სხვადასხვა დანიშნულებით, ძირითადად, პირადი საყოფაცხოვრებო ნივთები, სხვადასხვა ტიპის სარემონტო საშუალებები, ავეჯი, ტექნიკა და სხვა. თუმცა, შემოწმების მიერ ვერ მოხდა კონკრეტული ოპერაციების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირება და ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარმოდგენა. სასაქონლო ზედნადებები, ჯამში 133 606 ლარის ოდენობით, გამოწერილია სხვადასხვა მისამართებზე, რომლებიც წარმოადგენს ურთიერთდამოკიდებული პირების საცხოვრებელ ბინებს. შესაბამისად, შემოწმების შედეგად რეალიზებულად განხილული საქონლის ღირებულების თანხები ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს ზემოაღნიშნულ ოპერაციებზე მიღებული აქვს დღგ-ის ნაწილში ჩათვლები. შემოწმების მიერ მოცემული ოპერაცია განიხილულ იქნა, როგორც უსასყიდლო მიწოდება და დაიბეგრა დღგ-ით მხოლოდ ის ოპერაციები, რომლებზეც მიღებულია ჩათვლები. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება:

ა) ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით;

გ) ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

ამავე კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები ნათესავები არიან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი. ამასთანავე, საქონლის გადაცემა/გამოყენება ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის სახით, არ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის შესყიდვის ფასი ამ ან ანალოგიურ საქონელზე, ან თუ ასეთი არ არსებობს − მისი წარმოების ფასი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში დგინდება საქონლის გამოყენების, გასხვისების, დასაკუთრების (მფლობელობაში დარჩენის) ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ კომპანიას მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები სხვადასხვა დანიშნულებით, ძირითადად, პირადი საყოფაცხოვრებო ნივთები, სხვადასხვა ტიპის სარემონტო საშუალებები, ავეჯი, ტექნიკა და სხვა. თუმცა, შემოწმების მიერ ვერ მოხდა კონკრეტული ოპერაციების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირება და გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარმოდგენა. სასაქონლო ზედნადებები, ჯამში 133 606 ლარის ოდენობით, გამოწერილია სხვადასხვა მისამართებზე, რომლებიც წარმოადგენს ურთიერთდამოკიდებული პირების საცხოვრებელ ბინებს. შესაბამისად, შემოწმების შედეგად რეალიზებულად განხილული საქონლის ღირებულების თანხები ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად. ამასთან, გადასახადის გადამხდელს ზემოაღნიშნულ ოპერაციებზე მიღებული აქვს დღგ-ის ნაწილში ჩათვლები, შესაბამისად, მოცემული ოპერაცია განხილულ იქნა, როგორც უსასყიდლო მიწოდება და დაიბეგრა დღგ-ით მხოლოდ ის ოპერაციები, რომლებზეც მიღებულია დღგ-ის ჩათვლები.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ გადამხდელსა და შემოწმებას შორის არსებობდა თანხმობა ხარჯების გარკვეული ნაწილის დაბეგვრაზე, ვინაიდან, აღნიშნული მოიცავდა საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ინვენტარზე გაწეულ ხარჯებს, თუმცა, შემოწმებამ დაბეგრა კომპანიის მიერ რემონტისა და ძირითად საშუალებებზე გაწეული ხარჯებიც, რომელიც შეადგენს 84 000 ლარს. ამასთან, მიუთითებს, რომ სასაქონლო ზედნადებებში სხვადასხვა მისამართების მითითება გამოწვეულია იმით, რომ ფართი მდებარეობს ------ა და -----ის ქუჩებს შორის. ასევე, რადგან ზემოაღნიშნული ფართი არ არის კომპანიის თანამშრომლის საკუთრებაში, მიაჩნია, რომ შემოწმებას აღნიშნული ფართის რემონტზე გაწეული ხარჯები უნდა დაებეგრა მოგების გადასახადით.

რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის არგუმენტს, შემოწმების მიერ უკან დაბრუნების სასაქონლო ზედნადებების გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პერიოდში მოხდა ტექნიკური ხარვეზი და დაიბეგრა უკან დაბრუნებული ორი სასაქონლო ზედნადები ჯამში 3 808 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული ხარვეზი იწვევს დარიცხული გადასახადის არასწორად გაზრდას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს პირველი სადავო საკითხი, კერძოდ, იმ სასაქონლო ზედნადებების ფარგლებში გაწეული ხარჯი, რომლის დასრულების ადგილად მითითებულია იჯარით აღებული ფართის მისამართი, განიხილოს ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეულ ხარჯად, ხოლო სხვა სასაქონლო ზედნადებების შემთხვევაში გაწეული ხარჯი დაკვალიფიცირდეს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად და დაიბეგროს მოგების გადასახადით. ასევე, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გაითვალისწინოს უკან დაბრუნების სასაქონლო ზედნადებები და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---------ის“ (ს/ნ -----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იმ სასაქონლო ზედნადებების ფარგლებში გაწეული ხარჯი, რომლის დასრულების ადგილად მითითებულია იჯარით აღებული ფართის მისამართი, განიხილოს ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეულ ხარჯად, ხოლო სხვა სასაქონლო ზედნადებების შემთხვევაში გაწეული ხარჯი დაკვალიფიცირდეს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად და დაიბეგროს მოგების გადასახადით. ასევე, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გაითვალისწინოს უკან დაბრუნების სასაქონლო ზედნადებები და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება იჯარით აღებული ფართის მოწყობაზე გაწეული ხარჯების საშემოსავლო გადასახადითა და დღგ-ით დაბეგვრას.ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას და და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №1716 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №6656 ბრძანება და №006-76 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 101 327 ლარი, მათ შორის, გადასახადი 53 820 ლარი, ჯარიმა 23 994 ლარი, საურავი 23 513 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა,რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად კომპანიას მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები სხვადასხვა დანიშნულებით, ძირითადად, პირადი საყოფაცხოვრებო ნივთები, სხვადასხვა ტიპის სარემონტო საშუალებები, ავეჯი, ტექნიკა და სხვა. თუმცა, შემოწმების მიერ ვერ მოხდა კონკრეტული ოპერაციების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირება და ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარმოდგენა. სასაქონლო ზედნადებები, ჯამში 133 606 ლარის ოდენობით, გამოწერილია სხვადასხვა მისამართებზე, რომლებიც წარმოადგენს ურთიერთდამოკიდებული პირების საცხოვრებელ ბინებს. შესაბამისად, შემოწმების შედეგად რეალიზებულად განხილული საქონლის ღირებულების თანხები ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს ზემოაღნიშნულ ოპერაციებზე მიღებული აქვს დღგ-ის ნაწილში ჩათვლები. შემოწმების მიერ მოცემული ოპერაცია განიხილულ იქნა, როგორც უსასყიდლო მიწოდება და დაიბეგრა დღგ-ით მხოლოდ ის ოპერაციები, რომლებზეც მიღებულია ჩათვლები. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს პირველი სადავო საკითხი, კერძოდ, იმ სასაქონლო ზედნადებების ფარგლებში გაწეული ხარჯი, რომლის დასრულების ადგილად მითითებულია იჯარით აღებული ფართის მისამართი, განიხილოს ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეულ ხარჯად, ხოლო სხვა სასაქონლო ზედნადებების შემთხვევაში გაწეული ხარჯი დაკვალიფიცირდეს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად და დაიბეგროს მოგების გადასახადით. ასევე, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გაითვალისწინოს უკან დაბრუნების სასაქონლო ზედნადებები და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ხოლო,საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 19(1.2 „თ“ ); 73(9 „ბ“); 982(1 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“; 160(3 „ა“); 163(1); 164(1.2 „ა“); 269(1.7);