გადაწყვეტილება №18949/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18949/2/2023
17.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: : საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს საწარმო --------ის 23.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18949/2/2023).
დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.12.2022 წლის №CB1425057 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1813 ბრძანება.
დარიცხული თანხა: ჯარიმა - გაფრთხილება.
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 13.12.2022 წელს გადამოწმდა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით -------- რა დროსაც დადგინდა, რომ კომპანიის მძღოლი, ახდენდა 10 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელის (“--------“ (5 ცალი X 1.10 ლარი) „პური ბატონი“ (5 ცალი X 0.90 ლარი)), ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზეც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.12.2022 წლის NCB1425057 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილება.
დასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილება. სამართალდარღვევის ოქმი 20.12.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.02.2023 წლის №1813 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 286-ე მუხლის პირველი და მე-11 ნაწილებით, 269-ე მუხლის პირველ და მე-8 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-7 ნაწილებით, 291-ე მუხლით, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველ მე-2 და მე-3 პუნქტებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2.12.2022 წლის №CB1422723 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს ოქმისა და მის საფუძველზე დაკისრებული სანქციის (გაფრთხილების) გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის მძღოლს მანქანით გადაჰქონდა საქონელი “---------“ (5 ცალი X 1.10 ლარი), „პური ბატონი“ (5 ცალი X 0.90 ლარი), რომლის ტრანსპორტირებაც ხდებოდა სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნული საქონელი შეძენილი იყო მძღოლის მიერ, რაც დასტურდება მისივე ახსნა-განმარტებითა და თანხის გადახდის დამადასტურებელი სალარო აპარატის ქვითრით. სასაქონლო ზედნადებში №--------- დაფიქსირებული იყო 385 ცალი სხვადასხვა დასახელების პური, მათ შორის 185 ცალი "პური ბატონი", რომელიც სამართალდარღვევის ოქმშია მითითებული. ამდენად, 10 ცალი აღურიცხავი პურის (რომლის მიწოდებით საწარმო მიიღებდა 2-3 ლარამდე მოგებას) დატვირთვა, ამ რაოდენობის პურთან ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციის (გაფრთხილების) გაუქმებას, ვინაიდან ზემოთ აღნიშნული სხვაობა, 10 ცალი პური შეძენილი იყო მძღოლის, ----------- ის მიერ, რაც დასტურდება შესაბამის თანხაზე გამოწერილი სალარო აპარატის ქვითრით და მძღოლის განმარტებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი და მე-11 ნაწილებითა და 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის (გარდა განმეორებით ჩადენილი ქმედებებისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება; მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ სადავო საქონელი კომპანიაში დასაქმებული მძღოლის მიერ პირადი სარგებლობისთვის იქნა შეძენილი და ფაქტობრივი გარემოებებით სადავო არაა, რომ ზედნადებში სრულად არ იყო ასახული ტრანსპორტირებული პურის რაოდენობა, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1813 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.