ბრძანება N 312

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.01.2024
№ დოკუმენტი 312
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 312

15 იანვარი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 20 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 იანვრის სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 20 დეკემბრის №86158/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 ნოემბრის №006-595 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატის (19,63%) გავრცელებას მთელ საანგარიშო პერიოდზე. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ უნდა გათვალისწინებულიყო სასაქონლო ზედნადებებით განსაზღვრული ფასნამატი. ამასთან, აღნიშნავს, რომ წინა პერიოდის ნავაჭრის ფასნამატი არ აღემატება 16%-ს. ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 სექტემბრის №22713 და 24 ნოემბრის №28958 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 13 იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 3 ოქტომბრამდე პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 28 ნოემბრის №29486 ბრძანება და 29 ნოემბრის №006-595 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 27 109 ლარი, მათ შორის, გადასახადი 17 542 ლარი, ჯარიმა 8 640 ლარი, საურავი 927 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

საწარმოს საქმიანობის სახეა მატრასების და ლეიბების ადგილობრივი შეძენა და რეალიზაცია, ----------, სავაჭრო ცენტრ „----------“ ტერიტორიაზე. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას შეძენილი აქვს 387 818 ლარის საქონელი, ხოლო დეკლარირებული შემოსავალი შეადგენს 273 696 ლარს. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 3 ოქტომბრის N24300 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის მასალები (ფაქტობრივი ნაშთი და საბაზრო ფასები) გადაიგზავნა აუდიტის დეპარტამენტში. აღნიშნული მასალების მიხედვით, სმფ-ის ფაქტობრივმა ნაშთმა შეადგინა 80 602 ლარი (დღგ-ის გარეშე). შემოწმებით დადგენილი სმფ-ის ნაშთი ემთხვევა ინვენტარიზაციით დადგენილს, შესაბამისად, სმფ-ის დანაკლისი/ზედმეტობა არ გამოვლენილა. შემოწმების მიერ გამოყვანილ იქნა ინვენტარიზაციის ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 19.63%. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულია ზარალი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, ინვენტარიზაციის ფასნამატი გავრცელდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე (რაც თავის მხრივ განსხვავდებოდა დეკლარირებული რპთ-სგან). დამატებით მიღებული შემოსავალი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა დღგ-ით. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 3 ოქტომბრის N24300 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად სმფ-ის ფაქტობრივმა ნაშთმა შეადგინა 80 602 ლარი (დღგ-ის გარეშე), რომელიც ემთხვევა შემოწმებით დადგენილ სმფ-ის ნაშთს, შესაბამისად, სმფ-ის დანაკლისი/ზედმეტობა არ გამოვლენილა. შემოწმების მიერ განისაზღვრა ინვენტარიზაციის ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 19.63%. ვინაიდან კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, ინვენტარიზაციის ფასნამატი გავრცელდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ პროდუქციის თვითღირებულებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თითღირებულებაზე ინვენტარიზაციის ფასნამატის მომიჯნავე (2022-2023) წლებზე გავრცელება. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატის (19,63%) გავრცელებას მთელ საანგარიშო პერიოდზე. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ უნდა გათვალისწინებულიყო სასაქონლო ზედნადებებით განსაზღვრული ფასნამატი. ამასთან, აღნიშნავს, რომ წინა პერიოდის ნავაჭრის ფასნამატი არ აღემატება 16%-ს. ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 3 ოქტომბრის N24300 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად სმფ-ის ფაქტობრივმა ნაშთმა შეადგინა 80 602 ლარი (დღგ-ის გარეშე), რომელიც ემთხვევა შემოწმებით დადგენილ სმფ-ის ნაშთს, შესაბამისად, სმფ-ის დანაკლისი/ზედმეტობა არ გამოვლენილა. შემოწმების მიერ განისაზღვრა ინვენტარიზაციის ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 19.63%. ვინაიდან კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, ინვენტარიზაციის ფასნამატი გავრცელდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ პროდუქციის თვითღირებულებაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თითღირებულებაზე ინვენტარიზაციის ფასნამატის მომიჯნავე (2022-2023) წლებზე გავრცელება. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 159; 275.