გადაწყვეტილება №24021/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24021/2/2024
31 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,29.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“ 30.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24021/2/2024).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის მართლზომიერება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2024 წლის № 007-201 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.09.2024 წლის №20123 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 961 810,83 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 490 672
დღგ - 257 724
საშემოსავლო გადასახადი - 232 948
ჯარიმა - 341 454
საურავი - 129 684,83
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა ადგილობრივი და იმპორტირებული (ჩინეთიდან და თურქეთიდან) ტანსაცმლით, სარემონტო-სამშენებლო მასალებით, რკინა-კავეულით, ავტომობილის ნაწილებით და სხვა სამეურნეო საქონლით ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 25.08.2021 წელს, ამავე თარიღიდან რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 აგვისტოს №20143 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2022 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდების სრული, გეგმიური, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 27 ივნისს შედგა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 ივლისის №17079 ბრძანება და №007-201 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.09.2024 წლის №20123 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 2021 წელს - 8 %, 2022 წელს - 15% და 2023 წელს 50%, შემოწმების სრულყოფილად ჩატარების მიზნით გამოთხოვილ იქნა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, გაირკვა, რომ პირი არ სარგებლობდა საბუღალტრო პროგრამით. შესაბამისად, აღრიცხვა-ანგარიშგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია (მ.შ. სმფ-ის, დებიტორების, კრედიტორების, ფულისა და სხვა ნაშთები) შემმოწმებლებს მიეწოდათ ჯამური მონაცემებით ყოველი წლის ჭრილში არასრულყოფილად, ექსელის ცხრილში გაკეთებული აღრიცხვით.
მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა ასახული განხორციელებული ოპერაციები: კერძოდ, ვერ მოხერხდა რეალიზებული პროდუქციის იდენტიფიცირება მის თვითღირებულებასთან, ვერ მოხერხდა რეალიზებული საქონლის რაოდენობრივი ანალიზი. შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
მომჩივნის საქმიანობის განხორციელების ადგილზე 2023 წლის 19 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სმფ-ის ინვენტარიზაცია. დადგინდა, რომ 2024 წლის 5 თებერვლის მდგომარეობით გადასახადის გადამხდელს ნაშთად ერიცხება 907 426 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლომატერიალური ფასეულობები.
აღნიშნულის გათვალისწინებით გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სულ დეკლარირებული ჰქონდა 776 778 ლარის დღგ-ის ბრუნვა, საიდანაც 547 794 ლარის რეალიზაცია განხორციელებული ჰქონდა დოკუმენტურად.
დამუშავდა შეძენის (იმპორტის) დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შესაბამისი სასაქონლო ინვოისებით და რეალიზაციაზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები. დადგინდა, რომ საქონლის შეძენისა და რეალიზაციის სასაქონლო ოპერაციებზე შედგენილ დოკუმენტაციაში არ იყო მითითებული საქონლის მაიდენტიფიცირებელი არანაირი ინფორმაცია. აღნიშნულ პირველად საგადასახადო დოკუმენტებში მითითებული იყო მხოლოდ ცალკეული სასაქონლო კატეგორიები (მაგ: ელ. სახრახნისი, კუთხსახეხი, ლაზერი) და არ იყო მითითებული შეძენილი/რეალიზებული პროდუქციის მახასიათებლები. ამასთან, საქონლის შეძენის/რეალიზაციის ღირებულებების საფასო დიაპაზონი ვერ იძლეოდა სრული იდენტიფიცირების საშუალებას.
საქონელი დაჯგუფდა 22 კატეგორიად და შესაბამის კატეგორიაზე განისაზღვრა დოკუმენტური ფასნამატი, საშუალო შეწონილმა დოკუმენტურმა ფასნამატმა შეადგინა 59%, რის მიხედვითაც გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნულის შესაბამისად გაანგარიშებულ ბრუნვასა და დეკლარირებულ ბრუნვას შორის სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ 257 724 ლარი.
სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია/დოკუმენტაცია შემმოწმებლებს წარედგინათ ექსელის ფაილში შეყვანილი მონაცემებით, საიდანაც 1.07.2023 წლის მდგომარეობით სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 30 683.58 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშდა ნაღდი ფულის ნაშთი (დღგ-ის ნაწილის გათვალისწინებით) და ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 232 948 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დასაბეგრი ობიექტის დადგენა. აღრიცხვა-ანგარიშგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია (მ.შ. სმფის, დებიტორების, კრედიტორების, ფულისა და სხვა ნაშთები) მოწოდებულია ჯამური მონაცემებით ყოველი წლის ჭრილში არასრულყოფილად, ექსელის ცხრილში გაკეთებული აღრიცხვით. პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ, არასრულად არის აღრიცხული განხორციელებული ოპერაციები: კერძოდ, ვერ ხდება რეალიზებული პროდუქციის იდენტიფიცირება მის თვითღირებულებასთან, ვერ ხდება რეალიზებული საქონლის რაოდენობრივი ანალიზი. შემმოწმებელთა მიერ შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, საქონელი დაჯგუფდა 22 კატეგორიად და შესაბამის კატეგორიაზე განისაზღვრა დოკუმენტური ფასნამატი, საშუალო შეწონილმა დოკუმენტურმა ფასნამატმა შეადგინა 59%, რის მიხედვითაც გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნულის შესაბამისად გაანგარიშებულ ბრუნვასა და დეკლარირებულ ბრუნვას შორის სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი. ასევე, გადამხდელის მიერ სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია/დოკუმენტაცია მიწოდებულია ექსელის ფაილში შეყვანილი მონაცემებით, საიდანაც 1.07.2023 წლის მდგომარეობით სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი განსაზღვრულია 30 683.58 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში არაპირდაპირად გაანგარიშდა ნაღდი ფულის ნაშთი და ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემმოწმებელთათვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შესაძლებელი იყო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტში აღნიშნული საბაზრო ღირებულება ზუსტი ვერ იქნება, რადგან შემოწმება განხორციელდა შერჩევით და 59% ფასნამატის გავრცელება ყველა კატეგორიის საქონელზე ვერ იქნება ობიექტური გადაწყვეტილება, რაც იწვევს გაუგებრობას და უსამართლობის განცდას. რაც შეეხება ნაღდი ფულის მოძრაობას ბუღალტრული აღრიცხვით 1/07/2023 წლის მდგომარეობით სალაროს ნაშთია 30 683.58 ლარი საქონლის უმეტესი რაოდენობა იყიდება საბითუმო ვაჭრობით და ფასნამატი ასეთ შემთხვევაში არის მინიმალური, საშუალოდ დაახლოებით 30%, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში კონკურენტული პირობების შენარჩუნების მიზნით თვითღირებულებითაც მომხდარა რიგი პროდუქციის რეალიზება.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა
მომჩივანს საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა. ასევე დადგენილ ვადაში გადასახადის გადაუხდელობის გამო დაერიცხა საურავი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილზე 270-ე, 272 და 275-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
იმის გამო რომ ბუღალტრულ აღრიცხვიანობას ახორციელებდნენ არაჯეროვნად, გამოვლინდა შეცდომები, რაც გამოწვეული იყო არცოდნით და აღნიშნულის გათვალისწინებით მომჩივანი ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. ამ ოდენობის სანქციების გადახდა გამოიწვევს საზოგადოების საქმიანობის შეჩერებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს, რომ 2024 წლის 27 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტით მოცული იყო საანგარიშო პერიოდი 2022 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე, ამასთან ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში გამოყენებულ იქნა მომჩივნის მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 5 თებერვლის №1961 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურის მონაცემები, რომლის თანახმადაც პროცედურის ჩატარების ვადა განისაზღვრა 2024 წლის 5 თებერვლიდან 2024 წლის 5 აპრილის ჩათვლით.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 სექტემბრის №20123 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი მიიჩნევს,რომ შემოწმების აქტში აღნიშნული საბაზრო ღირებულება ზუსტი ვერ იქნება, რადგან შემოწმება განხორციელდა შერჩევით და 59% ფასნამატის გავრცელება ყველა კატეგორიის საქონელზე ვერ იქნება ობიექტური გადაწყვეტილება, რაც იწვევს გაუგებრობას და უსამართლობის განცდას.
2.მომჩივანი ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
1.სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია/დოკუმენტაცია შემმოწმებლებს წარედგინათ ექსელის ფაილში შეყვანილი მონაცემებით, საიდანაც 1.07.2023 წლის მდგომარეობით სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 30 683.58 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშდა ნაღდი ფულის ნაშთი და ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
2.მომჩივანს საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა. ასევე,დადგენილ ვადაში გადასახადის გადაუხდელობის გამო დაერიცხა საურავი.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
302(6).