გადაწყვეტილება №19976/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.07.2023
№ დოკუმენტი 19976/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19976/2/2023

20 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 15.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19976/2/2023).

 

დავის საგანი:

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.04.2023 წლის №CB1456403 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.04.2023 წლის №CB1456405 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

3. შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11812 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 84 820,13 ლარი.

მათ შორის:

ჯარიმა - 81 619.84 (საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწ.);

ჯარიმა - 3 200.29 (საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწ.).

 

ფაქტების აღწერა

28.02.2023 წლის №3749 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. მომჩივნის კუთვნილ ობიექტში ინვენტარიზაციის დაწყების მდგომარეობით სულ აღმოჩნდა 44 312.21 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები საბაზრო ფასებით. საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა 2020 წლის დეკემბრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე პერიოდი. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა 562 936 ლარი. ფასნამატის განსაზღვრისას ინვენტარიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მიერ გამოყენებული იქნა საშუალო შეწონილი ფასნამატი (თვითღირებულებები აღებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დანართი 19-ის დანართის მიხედვით და საბაზრო ფასები აღებულ იქნა დანართი 16-ის მიხედვით), რომელმაც შეადგინა 14.8%. ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (2023 წლის 28 თებერვალი) სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 634 282.06 ლარი.

პირველადი საგადასახადო დოკუმენტების რეკვიზიტების გადამოწმების შედეგად გამოვლინდა 6 400,58 ლარის ღირებულების აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 602 493,87 ლარი. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 816 198.45 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიმართ 6.04.2023 წელს შედგა №CB1456403 და №CB1456405 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები.

აღნიშნული ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსხურში, რომლის 30.05.2023 წლის №11812 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-8 მუხლის მე-11 და 22-ე ნაწილებით, 72-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით და მიუთითებს, რომ საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენდა (შეამცირებდა) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებს და განმარტავს, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ერთეულის საბაზრო ფასი დადგენილია არასწორად (გაზრდილი ოდენობით). შესაბამისად, ფასნამატის პროცენტი არარეალურია, რამაც გამოიწვია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის ოდენობის შემცირება, 6.04.2023 წლის მდგომარეობით საბუღალტრო ნაშთის გაზრდა (საქონლის პირვანდელი ღირებულებით) და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის თანხის ოდენობის ზრდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი თვლის, რომ არასწორად არის დადგენილი, როგორც ცალკეული თვეების მიხედვით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის თანხა (პირვანდელი ღირებულებით), ასევე საბოლოო ნაშთი, ინვენტარიზაციის დასრულების დროისათვის. სანქციის სახით დასარიცხი თანხის ოდენობა მიაჩნია არასწორად.

საჩივარს თან ურთავს საანგარიშო პერიოდებზე სათანადო მტკიცებულებებს ფასნამატის გაანგარიშებას სადაც დოკუმენტური ფასნამატი 7% მდე მერყეობს, რაც წარმოდგენილია სრული რეალიზაციიდან დოკუმენტური ფასნამატით , რომელიც სრული რეალიზაციის 30% ზე მეტია და შესაბამისი დანაკლისის ოდენობის თაობაზე, რაც ცხადყოფს ინვენტარიზაციის გაანგარიშებული ფასნამატის ოდენობის რეალურად არსებულთან შეუსაბამობას. მისთვის გაურკვეველია როგორ მოხდა აღურიცხავი საქონელის დათვლა, ვინაიდან პროდუქციის ყველა შეძენა აქვს დოკუმენტურად დადასტურებული. ამბობს, რომ წარმოადგენს შეძენის დოკუმენტებს დაზუსტებულ საჩივართან ერთად.

ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ვქეპუნქტით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საგადასახადოკოდექსის მე-8 მუხლის მე-11 და 22-ე ნაწილების მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ხოლო, სააღრიცხვო დოკუმენტაცია – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით. ხოლო, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საგადასახაო მონიტორინგის დეპარტამენტის 16.06.2023 წელს წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ საინვენტარიზაციო კომისიამ მოახდინა სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთების აღწერა. ინვენტარიზაციის დაწყების მდგომარეობით აღმოჩნდა სულ 44 312.21 ლარის ღირებულების სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები საბაზრო ფასებით.

საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი რეგისტრაციის დღიდან, 2020 წლის დეკემბრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ელ ზედნადებებით მიღებული სმფ–ის პირვანდელი ღირებულებაა 562 936,00 ლარი ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით. კერძოდ, აღებულ იქნა აღნიშნულ პერიოდში გადამხდელის მიერ მიღებული ელ ზედნადებების თანხების ჯამი. 2020 წლის დეკემბერიდან 2022 წლის თებერვლამდე რეალიზებული სმფ– ების საბაზრო ღირებულებად აღებულ იქნა მცირე ბიზნესის ყოველთვიური დეკლარაციების მონაცემები. ხოლო 2022 წლის მარტიდან 2023 წლის 28 თებერვლამდე რეალიზებული სმფ–ების საბაზრო ღირებულებად აღებულ იქნა დღგ-ს ყოველთვიური დეკლარაციების მონაცემები.

ფასნამატის განსაზღვრისას გამოყენებული იქნა საშუალო შეწონილი ფასნამატი (თვითღირებულებები აღებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დანართი 19-ის დანართის მიხედვით და საბაზრო ფასები აღებულ იქნა დანართი 16-ის მიხედვით), 14,8%. ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა სულ 634 282,06 ლარი. გამოვლინდა 6 400,58 ლარის ღირებულების აღურიცხავი სასაქონლო– მატერიალური ფასეულობები. სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 602 493,87 ლარი.

საბოლოოდ, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი 816 198,45 ლარის ოდენობით საბაზრო ფასებით, აღნიშნული დაექვემდებარა სანქცირებას საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად საბაზრო ღირებულების 10% ოდენობით 81 619,84 ლარით, რაზეც შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1456403. ასევე ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 6 400,58 ლარის აღურიცხავი სასაქონლომატერიალური ფასეულობები, აღნიშნული დაექვემდებარა სანქცირებას სსკ-ის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად 3 200,29 ლარით, რაზეც შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1456405. რიგ შემთხვევაში სასაქონლო ზედნადებებში მითითებული სმფ-ების რაოდენობა არასაკმარისი იყო ფაქტიურად აღწერილი სმფ-ების რაოდენობასთან შედარებით ან/და სასაქონლო ზედნადებებში ვერ მოხერხდა სმფ-ების იდენტიფიცირება.

მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმებისგან გათავისუფლებას.

საბჭო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა/არცოდნა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა/არცოდნა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოხსენებული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანთან სმფ-ის ინვენტარიზაცია განხორციელდა საგადასახადო კოდექსით გათვალიწინებულ პროცედურათა დაცვით. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს მართლზომიერად დაეკისრა სანქციები. ამასთან, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების და მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებს და ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმებისგან გათავისუფლებას..

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, მომჩივნის კუთვნილ ობიექტში. ფასნამატის განსაზღვრისას ინვენტარიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მიერ გამოყენებული იქნა საშუალო შეწონილი ფასნამატი (თვითღირებულებები და საბაზრო ფასები აღებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დანართების მიხედვით), რომელმაც შეადგინა 14.8%.

პირველადი საგადასახადო დოკუმენტების რეკვიზიტების გადამოწმების შედეგად გამოვლინდა აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, გამოვლენდა სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი. გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგა №CB1456403 და №CB1456405 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები.

აღნიშნული ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსხურში. 30.05.2023 წლის №11812 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანთან სმფ-ის ინვენტარიზაცია განხორციელდა საგადასახადო კოდექსით გათვალიწინებულ პროცედურათა დაცვით. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს მართლზომიერად დაეკისრა სანქციები. ამასთან, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების და მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 286(4,9)