საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/8045-20

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.06.2023
№ დოკუმენტი 3/8045-20
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე N 3/8045-20

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

24 იანვარი, 2017 წელი

თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი - ეთერ ხუციშვილი

 

მოსარჩელე – ------

წარმომადგენელი - ------

 

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენლები - ------

 

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი - ------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 17 ივნისის N169694 სამართალდარღვევის ოქმი 22,053.7 ლარის ჯარიმის დაკისრების ნაწილში;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 28 ივლისის N21426 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 29 ოქტომბრის N10992/2/2020 გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 10 ივნისის N18587 ბრძანება თანხის დარიცხვის თაობაზე;

 

1.5. ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 11 ივნისის N001-196 საგადასახადო მოთხოვნა;

 

1.6. ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 6 აგვისტოს N25889 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;

 

1.7. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 15 ოქტომბრის N14221/2/2021 გადაწყვეტილება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი დაეთანხმა წარმოდგენილ შესაგებელს და მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი დაეთანხმა წარმოდგენილ შესაგებელს და მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 9 მარტის N6790 ბრძანებით დადგინდა, რომ ჩატარებულიყო ი.მ.------,.-ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.

 

2020 წლის 9 მარტს შედგენილი ხელწერილით ი.მ.------.-მა დაადასტურა რომ მისი საქმიანობის სფეროა შერეული სასაქონლო ვაჭრობა მაღაზიაში, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები განთავსებულია ქ. თბილისი, ---- ქ. N--ში. აღნიშნულის გარდა ი.მ. ------ -ს სხვა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობეიქტი არ გააჩნია. ასევე წარდგენილ იქნა ინვენტარიზაციის კომისია, ----.-ის შემადგენლობით. მანვე ასევე ხელწერილით დაადასტურა, რომ მიღებული ფასეულობა ბუღალტრული ნაშთის წარდგენამდე შემოსავლის და გასავლის ყველა დოკუმენტი ჩაბარებული იქნება ბუღალტერიაში, ყველა მიღებული ფასეულობა აღებული იქნება შემოსავალში, ხოლო გაცემული ჩამოწერილი იქნება გასავალში. ი.მ. ------.-მა ასევე ხელწერილთ დაადასტურა, რომ მის მიერ ობიექტში მდებარე ქ. თბილისი, ---- ქ. N--ში, 2020 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდში სმფ-ების ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა, შესაბამისად, სმფ- ების ზედმეტობა ან დანაკლისი არ გამოვლენილა. ასევე ხელწერილით დადასტურებულია, რომ აღწერის დასრულებამდე ობიექტი დაილუქებოდა შემოსავლების სამსახურის ლუქით.

 

2020 წლის 9 მარტს მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლისა და ------.-ის მონაწილეობით შედგა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ ოქმი. ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დაფიქსირდა 173367,9314 ლარის ღირებულების შეძენა/მიღება (პირვანდელი ღირებულებით).

 

2020 წლის 9 მარტს მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლისა და ------ -ის მონაწილეობით შედგა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ ოქმი.

 

2020 წლის 9 მარტს შედგა ი.მ.------,-ის ობიექტის, მდებარე, ქ. თბილისში, ცოტნე დადიანის N--ში, დალუქვის ოქმი.

 

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შედეგების შესახებ შედგენილი ოქმის თანახმად, ი.მ. ----- ის ობიექტში ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი 220537.88 ლარის საბაზრო ღირებულებით.

 

2020 წლის 10 მარტს შედგა ი.მ.----- -ის ობიექტის, მდებარე, ქ. თბილისში, ----- N--ში, ლუქის ახსნის ოქმი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 9 მარტის N6790 ბრძანება (ტ. 1, ს.ფ. 165);

- ხელწერილები (ტ. 1, ს.ფ. 168-172);

- სასაქონლო-ფასეულობების ნაშთის შესახებ ოქმი (ტ. 1, ს.ფ. 173-174);

- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღწერის ცხრილი (ტ. 1, ს.ფ. 175-229);

-დალუქვის ოქმი (ტ. 1, ს.ფ. 232);

· სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შედეგები (ტ. 1, ს.ფ. 230);

- ლუქის ახსნი ოქმი (ტ. 1, ს.ფ. 231);

 

3.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის სამსახურის მიერ 2020 წლის 17 ივნისს შედგა N169694 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. ოქმის თანახმად, ი.მ ----ის ობიექტში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა _ სმფ-ების დანაკლისი 220,537 ლარი, რაც სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ითვალისწინებს ჯარიმას - 22,053.7 ლარის ოდენობით.

 

2020 წლის 17 ივნისს შედგა სასაქონლო-ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის სამსახურის 2020 წლის 17 ივნისს შედგა N169694 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ტ. 1, ს.ფ. 34);

-სასაქონლო-ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების ოქმები (ტ. 1, ს.ფ. 35);

 

3.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 28 ივლისის N21426 ბრძანებით ი.მ.------.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბრძანების თანახმად, საჩივარს არ ერთოდა ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც გავლენას მოახდენდა (შეამცირებდა) ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე გავრცელებული ფასნამატის ოდენობაზე. შესაბამისად, ძალაში დარჩა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის სამსახურის 2020 წლის 17 ივნისს შედგენილი N169694 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 28 ივლისის N21426 ბრძანება (ტ. 1, ს.ფ. 25- 27);

 

3.4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 29 ოქტომბრის N10992/2/2020 გადაწყვეტილებით ი.მ. -----.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების თანახმად, საჩივრის ავტორის განმარტება ფასნამატის შედეგების 42%-ის განსაზღვრის თაობაზე, დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული. საბჭომ განმარტა, რომ ინვენტარიზაციისას გავრცელებული ფასნამატი შეადგენდა 21,4%-ს და აღნიშნული გაანგარიშებული იყო გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ამასთან, საჩივრის ავტორს არ წარუდგენია მტკიცებულებები, რაც შეიძლება გამხდარიყო გავრცელებული ფასნამატის და შესაბამისად, შეფარდებული სანქციის კორექტირების საფუძველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის 2020 წლის 29 ოქტომბრის N10992/2/2020 გადაწყვეტილება (ტ. 1, ს.ფ. 22-24);

 

3.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2021 წლის 31 მაისის შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი (სააღრიცხვო N1646) ი.მ. -----.-ის მიმართ. შესამოწმებლად განისაზღვრა 01.06.2020 - 30.06.2020 წლამდე პერიოდი. შემოწმების თემად განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 9 მარტის N6790 ბრძანებით განხორციელებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის დადგენა.

 

1. საგადასახადო შემოწმების აქტით N1 საკითხად განიხილულ იქნა გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების საკითხი. შემმოწმებლის მიერ დადგინდა, რომ გადამხდელს 2020 წლის 9 მარტის N6790 ბრძანების თანახმად, ჩაუტარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შემოწმების შედეგად გამოვლინდა სმფ-ების დანაკლისი საბაზრო ფასით 220,537 ლარი და შეეფარდა ჯარიმა სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, გამოვლენილი დანაკლისის 10%-ის ოდენობით 22,053,7 ლარი 2020 წლის 17 ივნისის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N169694-ის საფუძველზე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით ი.მ. ----- -ის 2020 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი ასახული არ აქვს.

 

გადასახადის გადამხდელს ინვენტარიზაციის ოქმი ჩაბარდა ელექტრონულად 2020 წლის 17 ივნისს სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელს ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. შემოწმებით, ერთობლივ შემოსავალში ასახვას ექვემდებარება 186,896 ლარი (220,537.18). ასევე შემოწმებით კორექტირებას დაექვემდებარა დეკლარირებული 2020 წლის საბოლოო ნაშთი. გადამხდელს დაერიცხა წლიური საშემოსავლო გადასახადის ძირითადი თანხა 9,693 ლარი და დაჯარიმდა სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

 

2. შემმოწმებლის მიერ მე-2 საკითხად განხილულ იქნა 2020 წლის ივნისის თვეში დღგ- ით დაბეგვრის საკითხი. შემოწმებით დადგინდა, რომ ი.მ ------ის 2020 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში დღგ-ის დეკლარაციაში ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი ასახული არ აქვს. გადასახადის გადამხდელს ინვენტარიზაციის ოქმი ელექტრონულად ჩაბარდა 2020 წლის 17 ივნისს.

 

სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, აღნიშნული სმფ-ების დანაკლისი საბაზრო ფასით დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას 2020 წლის ივნისის თვეში 186,896 ლარის ოდენობით. გადამხდელს დაეკისრა დღგ-ის ძირითადი თანხა 33,641 ლარი და დაჯარიმდა სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტი (სააღრიცხვო N1646) (ტ. 2, ს.ფ. 41-53);

 

3.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 10 ივნისის N18587 ბრძანებით ი.მ. ----.-ის ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 65,001 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 43,334 ლარი, ჯარიმა 21,667 ლარი.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 11 ივნისის N001-196 საგადასახადო მოთხოვნით -----.-ის დაერიცხა სულ 73,371.07 ლარი. აქედან დღგ 33,641 ლარი, საშემოსავლო გადასახადი 12,116.26 ლარი, ჯარიმა 21,667 ლარი, საურავი 5,946.82 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 10 ივნისის N18587 ბრძანება (ტ. 2, ს.ფ. 39);

-სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 11 ივნისის N001-196 საგადასახადო მოთხოვნა (ტ. 2, ს.ფ. 38);

 

3.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 6 აგვისტოს N25889 ბრძანებით ი.მ.------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 6 აგვისტოს N25889 ბრძანება (ტ. 2, ს.ფ. 30-33);

 

3.8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 15 ოქტომბრის No14221/2/2021 გადაწყვეტილებით ი.მ. ----.-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დავების განხილვის საბჭომ ნაწილობრივ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშების სისწორის ნაწილში. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის მონაწილეობით შეესწავლა საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშების საკითხი და გადამხდელის სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განეხორციელებია დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 15 ოქტომბრის N14221/2/2021 გადაწყვეტილება (ტ. 2, ს.ფ. 20-24);

 

3.9. სსიპ – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 21 იანვარს შედგა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე დასკვნა (რეგ. N32/1). შემმოწმებლის მიერ გადამხდელის საჩივრის გათვალისწინებით საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დაკორექტირდა სმფ-ების ინვენტარიზაციაში დაფიქსირებული ფასნამატის შესაბამისად, შედეგად კორექტირებას დაექვემდებარა წლიური საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 3,104 ლარის ოდენობით, სსკ-ის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმის ნაწილში 1,552 ლარის ოდენობით.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 3 თებერვლის N2415 ბრძანებით ი.მ. -----ის ბიუჯეტში გადასახდელად დარიცხული თანხები შემცირდა სულ 4,656 ლარით, მათ შორის ძირითადი გადასახადი 3,104 ლარი, ჯარიმა 1,552 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე დასკვნა (რეგ. N32/1) (ტ. 3, ს.ფ. 35-39);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 3 თებერვლის N2415 ბრძანება (ტ. 3, ს.ფ. 45-46);

 

3.10. 2018 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის თანახმად, ი.მ. ---.-ის საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაფიქსირებული აქვს 126,954.12 ლარის ოდენობით. მითითებულია წლიური საშემოსავლო გადასახადის ოდენობა.

 

2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის თანახმად, ი.მ.----.-ის საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაფიქსირებული აქვს 171,756.89 ლარის ოდენობით. მითითებულია წლიური საშემოსავლო გადასახადის ოდენობა.

 

ი.მ. ----.-ის 2019-2020 წლების თვეების (2019 წ. იანვრიდან 2020 წლის მარტის ჩათვლით) მიხედვით წარდგენილი აქვს დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციები.

 

ი.მ. ----.-ის კუთვნილ ვებგვერდზე ასახულია 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის მარტის ჩათვლით მიღებული/დაბრუნებული ზედნადებები.

 

2020 წლის 5 მარტს ი.მ.----.-ის შპს „-----“ მიღებული აქვს 57,84 ლარის ღირებულების პროდუქტი (სხვადასხვა დასახელების პური).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია (ტ. 1, ს.ფ. 66-68);

-2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია (ტ. 1, ს.ფ. 69-71);

-აქვს დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციები (ტ. 1, ს.ფ. 72-101);

- ვებგვერდის ამონაწერი (ტ. 1, ს.ფ. 64);

- სასაქონლო ზედნადები Nელ ---- (ტ. 1, ს.ფ. 56);

 

3.11. 2017 წლის 27 იანვარს ი.მ. ---.-ის მიმართ შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სერია NCB714451. ოქმის თანახმად, სალარო საკონტროლო აპარატის გამოყენების წესის დარღვევის გამო ----ის დაეკისრა ჯარიმა სსკ-ის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

 

2017 წლის 24 მარტს ი.მ. -----.-ის მიმართ შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სერია NCB736352. ოქმის თანახმად, სალარო საკონტროლო აპარატის გამოყენების წესის დარღვევის გამო ი.მ.----.-ის დაეკისრა ჯარიმა სსკ-ის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

 

2018 წლის 30 ივლისს ი.მ. ----.-ის მიმართ შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სერია NCB908188. ოქმის თანახმად, სალარო საკონტროლო აპარატის გამოყენების წესის დარღვევის გამო ი.მ.----.-ის დაეკისრა ჯარიმა სსკ-ის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

 

2019 წლის 18 იანვარს ი.მ. ----.-ის მიმართ შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სერია CB948238. ოქმის თანახმად, სალარო საკონტროლო აპარატის გამოყენების წესის დარღვევის გამო ი.მ. -----.-ის დაეკისრა ჯარიმა სსკ-ის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სერია NCB714451 (ტ. 3, ს.ფ. 16);

- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სერია CB736352 (ტ. 3, ს.ფ. 15)

- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სერია CB908188 (ტ. 3, ს.ფ. 14);

- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სერია NCB948238 (ტ. 3, ს.ფ. 13);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები არიან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად დასაწყობება ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირების/ნიშანდების შემთხვევაში დანაკლისად არ ჩაითვლება ამ საქონლის წარმოების პროცესში მწარმოებლის მიერ გამოვლენილი დანაკარგი.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით – საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

 

ამავე კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:

ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით;

გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;

დ) საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები);

ე) გადასახადების შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ:

ა) შეამოწმონ გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტები, საბუღალტრო წიგნი, ანგარიში, ხარჯთაღრიცხვა, ფინანსური სახსრები, ფასიანი ქაღალდები და სხვა ფასეულობანი, გაანგარიშებები, დეკლარაციები, გადასახადების გაანგარიშებისა და გადახდის სხვა დოკუმენტები;

ბ) გადასახადის გადამხდელისაგან ან/და მისი წარმომადგენლისაგან მიიღონ გადასახადების გამოანგარიშებასა და გადახდასთან დაკავშირებული დოკუმენტები, აგრეთვე წერილობითი და სიტყვიერი განმარტებები საგადასახადო შემოწმების დროს წამოჭრილ საკითხებზე;

გ) გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები;

ე) დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

ამავე კოდექსის 51-ე მუხლი ითვალისწინებს საგადასახადო ორგანოების ვალდებულებას, კერძოდ მისი პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით,ა) დაიცვან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, იმოქმედონ ამ კოდექსისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების მოთხოვნათა შესაბამისად და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საგადასახადო პოლიტიკის განხორციელებაში;

ბ) დაიცვან გადასახადის გადამხდელთა უფლებები და სახელმწიფოს ინტერესები;

გ) გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 9 მარტის N6790 ბრძანებით დადგინდა, რომ ჩატარებულიყო ი.მ. ------.-ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.

 

2020 წლის 9 მარტს შედგენილი ხელწერილით ი.მ. -----.-მა დაადასტურა რომ მისი საქმიანობის სფეროა შერეული სასაქონლო ვაჭრობა მაღაზიაში, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები განთავსებულია ქ. თბილისი, ----- ქ. N--ში. აღნიშნულის გარდა ი.მ. ----.-ის სხვა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი არ გააჩნია. ასევე წარდგენილ იქნა ინვენტარიზაციის კომისია, ი.მ. -----.-ის შემადგენლობით. მანვე ასევე ხელწერილით დაადასტურა, რომ მიღებული ფასეულობა ბუღალტრული ნაშთის წარდგენამდე შემოსავლის და გასავლის ყველა დოკუმენტი ჩაბარებული იქნება ბუღალტერიაში, ყველა მიღებული ფასეულობა აღებული იქნება შემოსავალში, ხოლო გაცემული ჩამოწერილი იქნება გასავალში. ი.მ. ----.-მა ასევე ხელწერილით დაადასტურა, რომ მის მიერ ობიექტში, მდებარე ქ. თბილისში, ----- N--ში, 2020 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდში სმფ-ების ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა, შესაბამისად, სმფ- ების ზედმეტობა ან დანაკლისი არ გამოვლენილა. ასევე ხელწერილით დადასტურებულია, რომ აღწერის დასრულებამდე ობიექტი დაილუქებოდა შემოსავლების სამსახურის ლუქით.

 

2020 წლის 9 მარტს მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლისა ი.მ. ----.-ის მონაწილეობით შედგა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ ოქმი. ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დაფიქსირდა 173367,9314 ლარის ღირებულების შეძენა/მიღება (პირვანდელი ღირებულებით).

 

2020 წლის 9 მარტს მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლისა და ----.-ის მონაწილეობით შედგა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ ოქმი.

 

2020 წლის 9 მარტს შედგა ი.მ. ---.-ის ობიექტის, მდებარე, ქ. თბილისში, ----- N--ში, დალუქვის ოქმი.

 

2020 წლის 10 მარტს შედგა ი.მ. ----.-ის ობიექტის, მდებარე, ქ. თბილისში, ----- N--ში, ლუქის ახსნის ოქმი.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის სამსახურის მიერ 2020 წლის 17 ივნისს შედგა. N169694 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. ოქმის თანახმად, ი.მ ---.-ის ობიექტში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სმფ-ების დანაკლისი 220,537 ლარი, რაც სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ითვალისწინებს ჯარიმას - 22,053.7 ლარის ოდენობით. 2020 წლის 17 ივნისს შედგა სასაქონლო-ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება. მოსარჩელე სადავოდ ხდის ფასნამატის ოდენობას, კერძოდ მიაჩნია, რომ ფასნამატი შემმოწმებლის მიერ უნდა გადაანგარიშებულიყო პროდუქციის ჯგუფების მიხედვით. ამასთან, შემმოწმებელს მხედველობაში უნდა მიეღო ისეთი პროდუქციის ფასნამატიც, რომლის რეალიზებასაც ი.მ. ----. აღნიშნულ ობიექტში ახდენს, მაგ.: პური, რომლის რეალიზების თაობაზე ინფორმაციის მოძიება შესაძლებელი იყო მეწარმის ვებგვერდზე ატვირთული მიღებული ზედნადებების მიხედვით.

 

6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით განიხილონ გადასახადის გადამხდელის წერილები, საჩივრები და შეკითხვები, საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ მიაწოდონ მას ინფორმაცია მოქმედი გადასახადების, მათი გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში.

 

ამავე კოდექსის 297-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავის განმხილველი ორგანოები).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. ამ თავით საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება დადგენილი წესით. მითითებული მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულია, რომ პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

 

ამავე კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 28 ივლისის N21426 ბრძანებით ი.მ. -----.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბრძანების თანახმად, საჩივარს არ ერთოდა ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც გავლენას მოახდენდა (შეამცირებდა) ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე გავრცელებული ფასნამატის ოდენობაზე. შესაბამისად, ძალაში დარჩა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის სამსახურის 2020 წლის 17 ივნისს შედგენილი N169694 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 29 ოქტომბრის N10992/2/2020 გადაწყვეტილებით ი.მ. ----.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების თანახმად, საჩივრის ავტორის განმარტება ფასნამატის შედეგების 42%-ის განსაზღვრის თაობაზე, დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული. საბჭომ განმარტა, რომ ინვენტარიზაციისას გავრცელებული ფასნამატი შეადგენდა 21,4%-ს და აღნიშნული გაანგარიშებული იყო გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ამასთან, საჩივრის ავტორს არ წარუდგენია მტკიცებულებები, რაც შეიძლება გამხდარიყო გავრცელებული ფასნამატის და შესაბამისად, შეფარდებული სანქციის კორექტირების საფუძველი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ შემმოწმებლების მიერ ფასნამატი - 21,4% დადგენილია ი.მ. ----ის ობიექტში ინვენტარიზაციისას აღმოჩენილი საქონლის ჯგუფებზე დადგენილი ფასნამატის საშუალო მაჩვენებლის გათვალისწინებით. მხარეების განმარტებით გამოყენებული ფასნამატი აღებულია პროდუქციის ჯგუფების მიხედვით დადგენილი 9%-42%-იდან საშუალო მაჩვენებლით. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის ვებგვერდზე ასახული ზედნადებების მიხედვით შეუძლებელია ფასნამატის დადგენა, რადგან თავად მოსარჩელე მხარე მხოლოდ მიუთითებდა აღნიშნულ დოკუმენტების გამოყენებით ფასნამატის დადგენის შესაძლებლობაზე, თუმცა მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულებები იმ გარემოებების დასადასტურებლად, ხდებოდა თუ არა გადამხდელის მიერ მიღებულ/გამოწერილ ზედნადებებში საქონლის სახეობების იდენტიფიცირება და შესაბამისად მათი ერთმანეთთან დაკავშირება. ასევე მოსარჩელე მხარეს გარდა განმარტებისა, არ წარმოუდგენია რაიმე დასაბუთებული პოზიცია იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ფასნამატის გამოთვლისათვის პურის შეძენის ზედნადებების გათვალისწინება, რამდენად მისცემდა შემმოწმებელს შესაძლებლობას დაედგინა კონკრეტულ ობიექტში პურპროდუქტზე გამოყენებული ფასნამატი. აღსანიშნავია, რომ ინვენტარიზაციისას ი.მ. ---.-ის სავაჭრო ობიექტში პური არ აღმოჩნდა. ასევე გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს დოკუმენტურად მიღებული და გაყიდული პროდუქციის შესახებ აღრიცხვას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე ვერ უთითებს თუ რა გარემოებაზე დაყრდნობით შეძლებდა შემმოწმებელი პურპროდუქტებზე გადასახადის გადამხდელის მიერ გამოყენებული ფასნამატის დადგენას.

 

6.4 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი. ამავე კოდექსის 263-ე მუხლის თანახმად:

1. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.

2. კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა.

3. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება პირის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო ორგანოში არსებული პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე გადასახდის გადამხდელისაგან მიღებული ახსნა-განმარტებისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე.

3. თუ კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი შეცდომები იწვევს გადასახადის თანხის ცვლილებას, კამერალური საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო შემოწმების აქტს.

 

ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან; ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

 

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2021 წლის 31 მაისის შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი (სააღრიცხვო N1646) ი.მ. ---- -ის მიმართ. შესამოწმებლად განისაზღვრა 01.06.2020 - 30.06.2020 წლამდე პერიოდი. შემოწმების თემად განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 9 მარტის N6790 ბრძანებით განხორციელებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის დადგენა.

 

1. საგადასახადო შემოწმების აქტით N1 საკითხად განხილულ იქნა გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების საკითხი. შემმოწმებლის მიერ დადგინდა, რომ გადამხდელს 2020 წლის 9 მარტის N6790 ბრძანების თანახმად, ჩაუტარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შემოწმების შედეგად გამოვლინდა სმფ-ების დანაკლისი საბაზრო ფასით 220,537 ლარი და შეეფარდა ჯარიმა სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, გამოვლენილი დანაკლისის 10%-ის ოდენობით - 22,053,7 ლარი 2020 წლის 17 ივნისის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N169694-ის საფუძველზე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით ი.მ. ----.-ს 2020 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი ასახული არ აქვს.

 

გადასახადის გადამხდელს ინვენტარიზაციის ოქმი ჩაბარდა ელექტრონულად 2020 წლის 17 ივნისს. სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელს ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. შემოწმებით, ერთობლივ შემოსავალში ასახვას ექვემდებარება 186,896 ლარი (220,537.18). ასევე შემოწმებით კორექტირებას დაექვემდებარა დეკლარირებული 2020 წლის საბოლოო ნაშთი. გადამხდელს დაერიცხა წლიური საშემოსავლო გადასახადის ძირითადი თანხა 9,693 ლარი და დაჯარიმდა სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

 

2. შემმოწმებლის მიერ მე-2 საკითხად განხილულ იქნა 2020 წლის ივნისის თვეში დღგ- ით დაბეგვრის საკითხი. შემოწმებით დადგინდა, რომ ი.მ. ---.-ს 2020 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში დღგ-ის დეკლარაციაში ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი ასახული არ აქვს. გადასახადის გადამხდელს ინვენტარიზაციის ოქმი ელექტრონულად ჩაბარდა 2020 წლის 17 ივნისს.

 

სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, აღნიშნული სმფ-ების დანაკლისი საბაზრო ფასით დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას 2020 წლის ივნისის თვეში 186,896 ლარის ოდენობით. გადამხდელს დაეკისრა დღგ-ის ძირითადი თანხა 33,641 ლარი და დაჯარიმდა სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 10 ივნისის N18587 ბრძანებით ი.მ. ---.-ს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 65,001 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 43,334 ლარი, ჯარიმა 21,667 ლარი.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 11 ივნისის N001-196 საგადასახადო მოთხოვნით ი.მ.----ს დაერიცხა სულ 73,371.07 ლარი. აქედან დღგ 33,641 ლარი, საშემოსავლო გადასახადი 12,116.26 ლარი, ჯარიმა 21,667 ლარი, საურავი 5,946.82 ლარი.

 

6.5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. ამავე კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გაუქმებული ნაწილის პროპორციულად უქმდება ამავე ორგანოს მიერ გამოცემული ის აქტები, რომლებიც საფუძვლად დაედო გამოცემულ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 6 აგვისტოს N25889 ბრძანებით ი.მ. ---.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 15 ოქტომბრის N14221/2/2021 გადაწყვეტილებით ი.მ. ----.-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დავების განხილვის საბჭომ ნაწილობრივ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშების სისწორის ნაწილში. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშების საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 21 იანვარს შედგა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე დასკვნა (რეგ. N32/1). შემმოწმებლის მიერ გადამხდელის საჩივრის გათვალისწინებით საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დაკორექტირდა სმფ-ების ინვენტარიზაციაში დაფიქსირებული ფასნამატის შესაბამისად, შედეგად კორექტირებას დაექვემდებარა წლიური საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 3,104 ლარის ოდენობით, სსკ-ის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმის ნაწილში 1,552 ლარის ოდენობით.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 3 თებერვლის N2415 ბრძანებით ი.მ. ---.-ს ბიუჯეტში გადასახდელად დარიცხული თანხები შემცირდა სულ 4,656 ლარით, მათ შორის ძირითადი გადასახადი 3,104 ლარი, ჯარიმა 1,552 ლარი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ი.მ. ----.-ის კუთვნილ სავაჭრო ობიექტში აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად მიჩნევის სისწორის დადგენის მიზნით ჩატარებული შემოწმების აქტით ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლეულ იქნა სათანადოდ. რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადის არასწორ დაანგარიშებას, აღნიშნული პრეტენზია მოსარჩელეს წარდგენილი ჰქონდა ადმინისტრაციული საჩივრით ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, რაც გაზიარებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 15 ოქტომბრის N14221/2/2021 გადაწყვეტილებით. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები ასახულია სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 21 იანვარს შედგენილი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე დასკვნაში (რეგ. N32/1) და გადასახადის გადამხდელისათვის დარიცხული გადასახდელები შემცირებულია. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში სადავო აქტებით გამოყენებული დარიცხვა პროპორციულად გაუქმებულია.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმ გარემოებასთან მიმართებით, რომ შემმოწმებელს მხედველობაში უნდა მიეღო ის ფაქტი, რომ სამართალდარღვევის ოქმი სასამართლოში გასაჩივრებული იყო და შესაბამისად, მისი კანონიერ ძალაში შესვლამდე არ გააჩნდა შემოწმების ჩატარების უფლებამოსილება. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის ოქმი, როგორც საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შესაძლებელია გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. ამასთან, ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2021 წლის 31 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტის თემა შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 9 მარტის N6790 ბრძანებით განხორციელებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის დადგენა იყო. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შეეძლო არსებობის შემთხვევაში წარედგინა ისეთი დოკუმენტები, რომლებიც სამართალდარღვევის ოქმით გამოვლენილი დანაკლისის მაჩვენებლის შეცვლის შესაძლებლობას შექმნიდა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი დოკუმენტაცია ან მტკიცებულებები მოსარჩელე მხარეს არც სასამართლოში დავის განხილვისას წარმოუდგენია. ინვენტარიზაციისას გამოვლენილი დანაკლისის დადგენის ფაქტობრივი სისწორე მხარეს სადავო არ გაუხდია, მოსარჩელე მხარე მხოლოდ დავობს დანაკლისის დათვლისათვის გამოყენებული ფასნამატის მაჩვენებელზე.

 

6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მიუთითებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, კერძოდ მოსარჩელემ მიუთითა 14.11.2019 წ. Nბს-716 და 01.02.22 წ. Nბს-269 განჩინებებში ასახულ მსჯელობაზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებულ განჩინებებში ასახული მსჯელობის სადავო საკითხთან მიმართებით გაზიარება შეუძლებელია, ვინაიდან სადავო შემთხვევაში სახეზეა განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები. სადავო შემთხვევაში ი.მ. ----.-ის კუთვნილი ობიექტი შერეული საქონლის სავაჭრო ობიექტია. ხსენებულ ობიექტში ინვენტარიზაციისას აღმოჩენილი საქონელი დაჯგუფებულ იქნა ფასნამატის განსაზღვრის მიზნებისათვის და შერჩეული ფასნამატი მიღებულია საშუალო მაჩვენებლის სახით. ამასთან, მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს იმ გარემოებას, რომ ინვენტარიზაციის დროს სმფ-ის დაყოფა სახეობების მიხედვით, დამოკიდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე, მთავარი მიზანია ფასნამატი იყოს რეალობასთან მიახლოებული და სამართლიანი. მოცემულ შემთხვევაში, შეუძლებელია გაზიარებულ იქნეს მოსარჩელე მხარის განმარტება ფასნამატის დათვლის არამართებულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოსარჩელე მხარეს თავად არ წარმოუდგენია ინვენტარიზაციით აღმოჩენილი პროდუქციის გათვალისწინებით, ფასნამატის სხვაგვარად დათვლისათვის აუცილებელი მტკიცებულებები.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილებების გამოცემისას არ დარღვეულა ადმინისტრაციული წარმოების რაიმე წესი, რის გამოც მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მიეთითებინა რაიმე ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის თაობაზე, რომელიც სადავო გადაწყვეტილებების კანონშეუსაბამობას ან მათი გამოცემის რაიმე წესის დარღვევას დაადასტურებდა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია სადავო საკითხების სწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად, მათი გამოცემისას არ დარღვეულია მათი მომზადებისა და გამოცემის რაიმე წესი. შესაბამისად, არ არსებობს ი.მ.----ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა უნდა დარჩეს უცვლელად. მოსარჩელეს 2020 წლის 12 დეკემბრის საგადახდო დავალების მიხედვით თავდაპირველ სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 661,61 ლარის ოდენობით. მეორე სარჩელზე მოსარჩელეს 2021 წლის 27 ნოემბერს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 1,206.90 ლარი. სასარჩელო მოთხოვნებზე უარის თქმის პირობებში, მოსარჩელის მიერ სარჩელებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი.მ. ----.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი 64) მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქალაქ თბილისში, გრიგოლ რობაქიძის გამზ. No7ა).

 

მოსამართლე

ნინო ბუაჩიძე