ბრძანება N 10491
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 10491
10.05.2023
შპს „-------------“ (ს/ნ ------------)
(მის.:----------------------)
2022 წლის 2, 13, და 21 დეკემბრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 აპრილის სხდომაზე (ოქმი №42) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ-----------) 2022 წლის 2 დეკემბრის №76991/1/2022, 13 დეკემბრის №226475/21 და 21 დეკემბრის №77429/1/2022 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 3 ნოემბრის №094-96 საგადასახადო მოთხოვნასთან და ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 4 ნოემბრის №094-3948 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2022 წლის იანვარში საწარმოს მიერ თავის დამფუძნებელზე გაცემული ფულადი სახსრების 1 536 642 ლარის სესხად განხილვის შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ აღნიშნული ოპერაციის შინაარსი გადამხდელის მიერვე დადასტურებულია ახსნა-განმარტებით. თუმცა, შემოწმებამ არ გაითვალისწინა გადამხდელის მიწოდებული ინფორმაცია სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის შესახებ, რომელიც 2022 წლის იანვარში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით შეადგენდა 18%-ს, ნაცვლად ამისა, სესხის წლიურ განაკვეთად გამოყენებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი 20%. აღნიშნავს, რომ ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთი ეხება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის სესხის გაცემას. ხოლო დამფუძნებელი, რომელზეც გაიცა სესხი, არ წარმოადგენდა დასაქმებულ პირს. აქედან გამომდინარე, შემოწმებას უკიდურეს შემთხვევაში უნდა ეხელმძღვანელა საბაზრო საპროცენტო განაკვეთით. ამასთან, ვინაიდან საქმე ეხება კერძო პირებს შორის დადებულ გარიგებას, საპროცენტო განაკვეთის დადგენა დამოკიდებულია მხარეთა შეხედულებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნილია დარიცხული თანხების გადაანგარიშება.
2. გადამხდელი ასევე უთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე. აღნიშნავს, რომ აუდიტის დეტაპრტამენტმა სრულყოფილად არ შეაფასა იყო თუ არა სანქცია/საურავისგან გათავისუფლების ობიექტური გარემოებები სახეზე. ამასთან, დეკლარაციის წარმოდგენისას ქვეყანაში იყო კორონავირუსი, რის გამოც თანამშრომელთა მობილიზება სამუშაო ადგილას ან სხვა ტიპის დავალებების შესრულება დაკავშირებული იყო გარკვეულ წინაღობებთან, ცხადია, ამ ფონზე გადაწყვეტილების მიღება ან/და ინფორმაციის გადაცემა ვერ იყო სრულყოფილი ფორმის, ამიტომ, ვერ მოხდა სათანადო წესით გარკვეული ინფორმაციის ზუსტად და დეტალურად ასახვა შესაბამის დეკლარაციებში. აქედან გამომდინარე, გადამხდელს მიაჩნია, რომ გაანგარიშებისას არასწორად მოხდა თანხის განსაზღვრა და თვლის, რომ არსებობს სადავო აქტების გაუქმების სამართლებრივი წინაპირობები.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 4 ნოემბრის №094-3948 შეტყობინებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 ივლისის №18293 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------------“ (ს/ნ -------------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 26 ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 3 ნოემბრის №27742 ბრძანება და ამავე თარიღის №094-96 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 474 119 ლარი, მათ შორის, გადასახადი 290 771 ლარი, ჯარიმა 149 815 ლარი, საურავი 33 533 ლარი.
ზემოაღნიშნული დავალიანების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 4 ნოემბრის №094-3948 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დამფუძნებლები იყვნენ ------------ (პ/ნ -----------) - 52% წილით, --------------
(პ/ნ-----------) - 24% წილით და ----------- (პ/ნ -----------) - 24% წილით. 2022 წლის 25 იანვარს წილის ნასყიდობის თაობაზე ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა შპს „------------“ საკუთრებაში არსებული ----------- 24%-იანი წილის და ------------- 24% წილის გადაცემა -------------. ხელშეკრულებით ნასყიდობის საგნის სრული ღირებულება შეადგენს 2 400 000 ლარს. ---------- და ------------ წილის სანაცვლოდ 2022 წლის 25 იანვარს სს ----------ბანკიდან შპს „----------“ კუთვნილი ანგარიშიდან ჩაერიცხათ თითოეულს 1 000 000 ლარი, ხოლო წილის დარჩენილი ღირებულება 400 000 ლარი უნდა ჩაერიცხოთ 16 თვის ვადაში. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული, გადახდილი წილის თანხა შპს „-----------“ (ს/ნ ------------) მიერ მიღებულია სესხის სახით 2021 წლის 30 დეკემბერს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების (№------------) საფუძველზე,650 000 დოლარის ოდენობით სს ---------- ბანკიდან. 2019 წელს შპს „-----------“ (ს/ნ ----------) მიერ მოხდა შპს „----------------“ საკუთრებაში არსებული აქტივების საბაზრო ღირებულების დადგენა, შეფასების ანგარიშის №---------მიხედვით საწარმოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საბაზრო ღირებულება 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 2 285 000 ლარს, ხოლო მოძრავი ქონების (სატრანსპორტო საშუალებები, საოფისე ინვენტარი და სხვა დანადგარ-მოწყობილობების) შეადგენს 265 950 ლარს. ჯამში აქტივების ღირებულება შეადგენს 2 550 950 ლარს. საწარმოს 2022 წლის 25 იანვრის მდგომარეობით უფიქსირდებოდა 1 007 855 ლარის ოდენობის გაუნაწილებელი მოგება, საიდანაც 2022 წლის 31 იანვარს 100%-იანი წილის მფლობელი ------------მიერ გატანილ იქნა დივიდენდი 520 000 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, საწარმოს ანგარიშიდან დამფუძნებელი ფიზიკური პირის მიერ შეძენილი წილის სანაცვლოდ გადახდილი 2 000 000 ლარიდან 487 745 ლარი (გაუნაწილებელ მოგებასა და გატანილ დივიდენდს შორის სხვაობა) №22708 მეთოდური მითითებისა და გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტების საფუძველზე დაკვალიფიცირდა დივიდენდად, რომელიც გაცემულია 2008 - 2016 წლებში მიღებული და დღემდე გაუცემელი მოგებიდან, ხოლო დარჩენილი თანხის ნაწილი 1 536 642 (2 000 000 - 463 358) ლარი დაკვალიფიცირდა დამფუძნებელზე გაცემულ პროცენტიან სესხად ასევე გადამხდელის წარმოდგენილი ახსნა-განმარტების საფუძველზე. შესაბამისად, 487 745 ლარი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130- ე მუხლის საფუძველზე, ხოლო 1 536 642 ლარი დაბეგრილ იქნა მოგების გადასახადით ამავე კოდექსის 982 -ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელი ეთანხმება თანხების დამფუძნებელზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციას თუმცა პრეტენზიას აცხადებს აღნიშნულ სესხზე გაანგარიშებულ პროცენტთან მიმართებით. შემოწმების აქტით დგინდება, რომ საწარმოს ანგარიშიდან გადახდილი 2 000 000 ლარიდან 487 745 ლარი (გაუნაწილებელ მოგებასა და გატანილ დივიდენდს შორის სხვაობა) გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტების საფუძველზე დაკვალიფიცირდა დივიდენდად, ხოლო დარჩენილი თანხის ნაწილი 1 536 642 (2 000 000 - 463 358) ლარი დაკვალიფიცირდა დამფუძნებელზე გაცემულ პროცენტიან სესხად ასევე გადამხდელის წარმოდგენილი ახსნა-განმარტების საფუძველზე. შესაბამისად, 487 745 ლარი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, ხოლო 1 536 642 ლარი დაბეგრილ იქნა მოგების გადასახადით. გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გაცემულ სესხად გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებული თანხები განხილულია 2022 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში, კერძოდ, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სესხად დაკვალიფიცირებული თანხა გადახდის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადით არ დაბეგრილა. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის იმგვარი არგუმენტაცია წარმოდგენილი, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პირს ამ კარით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად.
დაუძლეველ ძალად ითვლება ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ კოდექსით დადგენილ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა არ არის დამოკიდებული პირის ნებაზე, მათ შორის:
ა) სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა); ბ)საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო/საომარი მდგომარეობის გამოცხადება, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოს სხვა გადაწყვეტილება;
გ) მასობრივი არეულობა, გაფიცვა.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ პირს არ დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად. განსახილველ შემთხვევაში კი საჩივარში მითითებული არგუმენტები ვერ ჩაითვლება გარემოებად, რომელიც შეუძლებელს გახდიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა არ იყო დამოკიდებული პირის ნებაზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების საფუძველი. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 4 ნოემბრის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება (დამატებით დარიცხული თანხები რომლების არ არის აღიარებული), შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 4 ნოემბრის №094-3948 შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------------“ (ს/ნ-----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2022 წლის იანვარში საწარმოს მიერ თავის დამფუძნებელზე გაცემული ფულადი სახსრების სესხად განხილვის შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2.გადამხდელი ასევე უთითებს რომ აუდიტის დეტაპრტამენტმა სრულყოფილად არ შეაფასა იყო თუ არა სანქცია/საურავისგან გათავისუფლების ობიექტური გარემოებები სახეზე.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს ანგარიშიდან დამფუძნებელი ფიზიკური პირის მიერ შეძენილი წილის სანაცვლოდ გადახდილი (გაუნაწილებელ მოგებასა და გატანილ დივიდენდს შორის სხვაობა) №22708 მეთოდური მითითებისა და გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტების საფუძველზე დაკვალიფიცირდა დივიდენდად, რომელიც გაცემულია 2008 - 2016 წლებში მიღებული და დღემდე გაუცემელი მოგებიდან, ხოლო დარჩენილი თანხის ნაწილი დაკვალიფიცირდა დამფუძნებელზე გაცემულ პროცენტიან სესხად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9);97(1ბ); 982(3ზ);269(1,5);270(1);272(1);275;238;239