ბრძანება N 11414
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11414
25 მაისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2026 წლის 16 მარტის და 6 აპრილის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 2 აპრილის და 7 მაისის სხდომებზე (ოქმები №29; №37) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2026 წლის 16 მარტის №101323/1/2026 და 6 აპრილის №101635/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 9 დეკემბრის №031-11 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ საწარმოს მიერ ნამდვილად არ მომხდარა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად გაანგარიშებული დღგ-ის სრულყოფილად შესაბამის დეკლარაციებში ასახვა, თუმცა განსხვავებულია აუდიტის დეპარტამენტის ციფრებისგან. შესაბამისად, გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილი საქონლის, რომლის სასაქონლო ზედნადებებში მითითებული ტრანსპორტირების დასრულების ადგილი არ შეესაბამება პროექტების ფარგლებში სამშენებლო მომსახურების გაწევის ადგილს, რეალიზებულად განხილვას.
3. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად, ასევე კრედიტორული დავალიანების ნაშთის გაცემულ სესხად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტი ელექტრონული ტენდერების ნაწილში მთლიანად დაეყრდნო ტენდერების ელექტრონულ საიტზე არსებულ ინფორმაციას (არ მომხდარა შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა შემსყიდველი საწარმოებიდან), რამაც გამოიწვია მიღებული თანხების ანალიზის დროს უზუსტობა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას/კორექტირებას.
გასაჩივრების ვადასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოწმების პროცესში აუდიტის დეპარტამენტის მხირდან ვერ განხორციელდა კომუნიკაცია, ვინაიდან უფლებამოსილი პირი იმყოფებოდა უცხოეთში 2022 წლის 5 თებერვლიდან 2026 წლის 23 იანვრამდე პერიოდში, შესაბამისად, ვერ განხორციელდა სადავო აქტების შესაბამის ვადებში ჩაბარება და საჯარო შეტყობინების გზით გასაჯაროვდა 2023 წლის 5 მარტს. აქვე აღნიშნავს, რომ საჯარო შეტყობინების გაცნობა განხორციელდა მას შემდეგ, რაც შპს „---ს“ დირექტორი 2026 წლის 12 თებერვალს დაბარებულ იქნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ----ის სამმართველოს გამომძიებლის მიერ. აღნიშნულ თარიღშივე მოხდა დარიცხვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცნობა/ჩაბარება. აღნიშნული გარემოებების საფუძველზე, გადამხდელი ითხოვს წარმოდგენილი საჩივრები წარმოებაში მიღებას. ამასთან, საჩივრებზე დანართად წარმოადგენს საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაციას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანის მიმართ შედგენილი 2022 წლის 5 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული 2022 წლის 9 დეკემბრის №31096 ბრძანება და ამავე თარიღის №031-11 საგადასახადო მოთხოვნა შპს „---ს“ (ს/ნ ---) წერილობითი ფორმით ორჯერ (2022 წლის 23 დეკემბერს და 2023 წლის 12 იანვარს) გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით, იურიდიულ მისამართზე - ---, თუმცა ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 2023 წლის 6 მარტს განხორციელდა აღნიშნული ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 2023 წლის 26 მარტს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.
ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მართალია პირს სადავო აქტი წერილობითი ფორმით 2- ჯერ გაეგზავნა და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა, თუმცა საქმეზე არსებული მასალიდან არ დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დოკუმენტების საჯაროდ გავრცელებამდე მათი ჩაბარების უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებული ყველა საშუალებები სრულყოფილად გამოიყენა, რაც სადავო დოკუმენტების საჯაროდ გავრცელების წინაპირობა და საფუძველი გახდებოდა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჩაბარებია კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 თებერვლის №3356 ბრძანება და მისთვის ცნობილი არ იყო საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობის შესახებ. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ---ის რეგიონალური სამმართველოს 2026 წლის 22 აპრილის N7069/15-04-08 წერილის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 5 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული 2022 წლის 9 დეკემბრის №31096 ბრძანება და ამავე თარიღის №031-11 საგადასახადო მოთხოვნა ჩაბარდა პირადად 2026 წლის 12 თებერვალს, ხოლო ავტორიზებული გვერდის მეშვეობით გაეცნო 2026 წლის 19 თებერვალს და საჩივრები შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იქნა 2026 წლის 16 მარტს და 6 აპრილს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის გასაჩივრების ვადა გაშვებულად არ უნდა ჩაითვალოს, ხოლო საჩივრები დაშვებულ იქნეს განსახილველად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 თებერვლის №3356 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე საანარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 5 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 9 დეკემბრის №31096 ბრძანება და ამავე თარიღის №031-11 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 436 189 ლარი, მათ შორის, გადასახადი 250 347 ლარი, ჯარიმა 134 879 ლარი, საურავი 50 963 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დამატებით გადასახადების დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
1. შპს „---“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2012 წლის 24 მაისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2012 წლის 25 მაისს. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლოსარემონტო სამუშაოების განხორციელება, ძირითადად ტენდერების ფარგლებში. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების დანიშვნის ბრძანება არ ჩაბარდა. შემოწმების მიერ საწარმოს უფლებამოსილ წარმომადგენელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, შესაბამისად, შემოწმება სრულად დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული პორტალის მონაცემებს. აღნიშნულის თანახმად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი, ხშირ შემთხვევაში, არ ახორციელებდა მიღებული ავანსის დაბეგვრას დამატებული ღირებულების გადასახადით. დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციები წარდგენილია ფაქტობრივად შესრულებული (მიღება-ჩაბარებების თანახმად) სამუშაოების შესაბამისად.
ასევე, გადასახადის გადამხდელს დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებში არ აქვს ასახული ტენდერის ფარგლებში გაწეული ის მომსახურებები, რომლებზეც არ არის გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
შემოწმების პროცესში, დასაბეგრი ბრუნვების გაანგარიშების დროს, ასევე გათვალისწინებულ იქნა დამკვეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში მითითებული წინასწარ გადახდილი ავანსის თანხის განაშთვის წესი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება სხვადასხვა სამშენებლო მასალის შეძენა სასაქონლო ზედნადებებისა და ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მეშვეობით. შემოწმების პროცესში, გაანალიზებულ იქნა სასაქონლო ზედნადებებში (ტრანსპორტირებით) მითითებული ტრანსპორტირების დასრულების ადგილი. შედეგად, პირს უფიქსირდება საქონლის მიტანა ისეთ ადგილას, სადაც არსებული პროექტების ფარგლებში სამშენებლო მომსახურებებს არ ახორციელებს.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს იჯარით აღებული/საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ უფიქსირდება, რომლის თანახამადაც შესაძლებელი იქნებოდა განსაზღვრულიყო ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული საქონელი ჩაითვალა შესაბამის პერიოდებში რეალიზებულად და შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 161-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, პირს დაერიცხა დღგ, ასევე ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. შემოწმების მიერ საწარმოს უფლებამოსილ წარმომადგენელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმება სრულად დაეყრდნო ხელთარსებულ ინფორმაციას, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული პორტალის მონაცემებსა და დებიტორ-კრედიტორებისაგან მოწოდებულ ინფორმაციას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი. შედეგად, შემოწმების მიერ განსაზღვრულმა ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 960 529 ლარი, ხოლო მომწოდებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, კრედიტორული დავალიანების ნაშთმა - 608 327 ლარი.
შესაბამისად, 352 202 ლარი დაკვალიფიცირდა დირექტორზე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ხელფასის სახით განაცემად, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ხოლო, 608 327 ლარი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ სესხად და პირს დაერიცხა მოგების გადასახადი, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმადაც, საწარმოს მიერ ნამდვილად არ მომხდარა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად გაანგარიშებული დღგ-ის სრულყოფილად შესაბამის დეკლარაციებში ასახვა, თუმცა განსხვავებულია აუდიტის დეპარტამენტის ციფრებისგან. კერძოდ: 2019- 2021 წლებში სულ დასაბეგრი ბრუნვა (მათ შორის, ავანსები) შეადგენდა 1 329 513 ლარს, ხოლო დეკლარირებული ბრუნვა (მათ შორის, ავანსები) შეადგენს 1 060 020 ლარის. სხვაობა დასადეკლარირებელ და დადეკლარირებულ ბრუნვებს შორის შეადგენს 269 493 ლარს, ხოლო დღგ-ის თანხა - 48 509 ლარს, რომელიც განსხვავდება შემოწმების აქტში ასახული დღგ-ის (50 344 ლარი) თანხისგან. შესაბამისად, გადამხდელი ითხოვს სხვაობის თანხით (1 835 ლარი) დარიცხული თანხების შემცირებას.
ასევე, შეძენილი საქონლის რეალიზებულად განხილვასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომლითაც არ ეთანხმება შეძენილი საქონლის რეალიზებულად განხილვას და აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს არ შეუსწავლია შიდა გადაზიდვის სტატუსის მქონე ზედნადებები, ძირითად ნაწილში სასაქონლო ზედნადებების (შესყიდვის) დასრულების ადგილიდან გამოწერილია შიდა გადაზიდვის ზედნადებები კონკრეტული ობიექტების მისამართებზე (ასახულია შესაბამის ფორმა 2-ებში).
შედეგად, გადამხდელი ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების (5 625 ლარი) სრულად შემცირებას. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად, ასევე კრედიტორული დავალიანების ნაშთის გაცემულ სესხად განხილვას და აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტი ელექტრონული ტენდერების ნაწილში მთლიანად დაეყრდნო ტენდერების ელექტრონულ საიტზე არსებულ ინფორმაციას (არ მომხდარა შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა შემსყიდველი საწარმოებიდან), რამაც გამოიწვია მიღებული თანხების ანალიზის დროს უზუსტობა. შესაბამის თანხებზე შემსყიდველ საწარმოებთან მიმდინარეობდა სასამართლო დავები (დანართის სახით წარმოდგენილია შესაბამისი გადაწყვეტილებები).
ასევე, აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონდა ინფორმაცია იმ მომწოდებელზე გადახდილი თანხის შესახებ, რომელთანაც შესყიდვა განხორციელებული იყო 2019 წლამდე. საწარმოს ხელთ არსებული ინფორმაციის შეჯამებით 2019-2021 წლებში შპს „---ს“ სულ მიღებული აქვს 1 352 925 ლარი (მ.შ ბიუჯეტიდან დაბრუნებული), ხოლო მომწოდებლებზე (ბიუჯეტში გადარიცხული თანხების ჩათვლით) გადახდილი აქვს 1 153 743 ლარი. შესაბამისად, სხვაობა შეადგენს 199 182 ლარს, ნაცვლად აქტში ნახსენები 960 529 ლარისა. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ საჩივარზე დამატებით წარმოადგენს გადახდის ქვითრებს, რომელიც ადასტურებს კომპანიის მხრიდან მომწოდებლებისთვის თანხების გადახდას და რომელიც შემოწმების პროცესში აუდიტორს არ გააჩნდა. ამასთან, გადამხდელმა საქმის ზეპირ განხილვაზე აღნიშნა, რომ საწარმოს გააჩნია დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები, რაც დაკავშირებულია მის მიერ ტენდერის ფარგლებში შესრულებულ სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებთან და ითხოვს აღნიშნული ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივრებზე თანდართული), ასევე, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის გათვალისწინების მიზნით იმსჯელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის გათვალისწინების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იმსჯელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2. გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილი საქონლის, რომლის სასაქონლო ზედნადებებში მითითებული ტრანსპორტირების დასრულების ადგილი არ შეესაბამება პროექტების ფარგლებში სამშენებლო მომსახურების გაწევის ადგილს, რეალიზებულად განხილვას.
3. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ საწარმოს უფლებამოსილ წარმომადგენელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, შესაბამისად, შემოწმება სრულად დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული პორტალის მონაცემებს. გადასახადის გადამხდელს დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებში არ აქვს ასახული ტენდერის ფარგლებში გაწეული ის მომსახურებები, რომლებზეც არ არის გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
შემოწმების პროცესში, დასაბეგრი ბრუნვების გაანგარიშების დროს, ასევე გათვალისწინებულ იქნა დამკვეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში მითითებული წინასწარ გადახდილი ავანსის თანხის განაშთვის წესი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება სხვადასხვა სამშენებლო მასალის შეძენა სასაქონლო ზედნადებებისა და ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მეშვეობით. შემოწმების პროცესში, გაანალიზებულ იქნა სასაქონლო ზედნადებებში (ტრანსპორტირებით) მითითებული ტრანსპორტირების დასრულების ადგილი. შედეგად, პირს უფიქსირდება საქონლის მიტანა ისეთ ადგილას, სადაც არსებული პროექტების ფარგლებში სამშენებლო მომსახურებებს არ ახორციელებს.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს იჯარით აღებული/საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ უფიქსირდება, რომლის თანახამადაც შესაძლებელი იქნებოდა განსაზღვრულიყო ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აღნიშნული საქონელი ჩაითვალა შესაბამის პერიოდებში რეალიზებულად და პირს დაერიცხა დღგ, ასევე ჯარიმა.
შემოწმების მიერ განსაზღვრულმა ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 960 529 ლარი, ხოლო მომწოდებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, კრედიტორული დავალიანების ნაშთმა - 608 327 ლარი. შესაბამისად, 352 202 ლარი დაკვალიფიცირდა დირექტორზე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ხელფასის სახით განაცემად, დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ხოლო, 608 327 ლარი, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ სესხად და პირს დაერიცხა მოგების გადასახადი, ასევე ჯარიმა.
გადაწყვეტილება
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივრებზე თანდართული), ასევე, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის გათვალისწინების მიზნით იმსჯელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5,9); 159 (1); 163 (1,2); 164 (1); 982; 72 (1); 105 (1,2);
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160 (ა); 161 (1,ა).