ბრძანება N 22652

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.09.2023
№ დოკუმენტი 22652
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22652

15 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ "------")

(მის.: "------")

2023 წლის 16 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ "------") №82336/1/2023 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ 2023 წლის 31 მარტის №6683 ბრძანების, 2023 წლის 19 ივნისის საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ №815428 ოქმისა და 2023 წლის 19 ივნისის №CB1480945 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის და 30 აგვისტოს სხდომებზე (ოქმები №79 და №89).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ორივე ოქმში საფუძვლად მითითებულია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №6683 ბრძანება, რომელიც საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებს ოქმების შედგენისას არ ჰქონდათ, გადამხდელისთვის არ წარმოუდგენიათ და დღემდე მათთვის უცნობია მისი რეალური შინაარსი.

საგადასახადო ორგანოს მიერ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია თითქოსდა მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის და სანქციის სახით შეფარდებულია გაფრთხილება.

გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ 2023 წლის 31 მარტის №6683 ბრძანების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ სამართალდარღვევის ოქმების გაცნობისას. აცხადებს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ დარღვეულია მიმდინარე კონტროლის პროცედურის ჩატარების კერძოდ, კი საკონტროლო შესყიდვის პროცედურა. დამტკიცებული ინსტრუქციის თანახმად, აუცილებელია არსებობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი კონტროლის განხორციელების თაობაზე, ხოლო საგადასახადო ორგანოს ოფიცრებს ის არ წარუდგენიათ. მათ გადამხდელს წარმოუდგინეს მხოლოდ ზოგადი 2023 წლის 31 მარტის №6682 ბრძანება. აღნიშნული ბრძანება კი გამოცემულია სხვა კონტროლის ღინისძიებისათვის, კერძოდ, დათვალიერების ჩატარების შესახებ, ხოლო უდავოა ის ფაქტი, რომ დათვალიერების შესახებ ბრძანების საფუძველზე, საკონტროლო შესყიდვა დაუშვებელია.

მომჩივანს წარმოდგენილ საჩივარში ასევე მითითებული აქვს ვრცელი არგუმენტები, თუ რატომ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა არამართლზომიერად და აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

როგორც სადავო ოქმის შინაარსიდან ირკვევა, შპს „--------“-ის (ს/ნ "------") ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე("------" ) საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №6683 ბრძანების საფუძველზე 2023 წლის 19 ივნისს განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, რა დროსაც 24 ლარის ღირებულების პროდუქციაზე (1 მეტრი ღრუბელი) ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მონაცემები არ აღრიცხულა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით და არ იქნა ამობეჭდილი საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი. აღნიშნულიდან გამომდინარე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1480945 და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად შეეფარდა გაფრთხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

2023 წლის 31 მარტის №6683 საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 258-ე მუხლზე, რომლის თანახმად:

1. საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის მიზანია გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის მიწოდებით ან/და მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლების რეალური მოცულობის დადგენა ან/და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენა.

2. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა ან/და დაადგინოს საქონლის/მომსახურების ფასი საკონტროლო შესყიდვის შეთავაზებით ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის მიზნით გადასახადის გადამხდელს შესაძენად შესთავაზოს საქონელი/მომსახურება.

3. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი საკონტროლო შესყიდვის ან/და საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების პროცედურის განხორციელებისას შესაძლებელია გამოვიდეს, როგორც ფსევდომომხმარებელი. საგადასახადო ორგანოს უფროსი უფლებამოსილია ამ მიზნით მიმდინარე კონტროლის განმახორციელებელ პირზე გასცეს ფსევდოდოკუმენტები.

4. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის ან/და საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების პროცედურის განხორციელებისას მოსამართლის ბრძანების გარეშე გამოიყენოს პროცედურის დაფიქსირების ტექნიკური საშუალებები.

5. თუ საკონტროლო შესყიდვით შესყიდული საქონელი არ ტოვებს სავაჭრო ობიექტის ტერიტორიას და მისი სახე და შეფუთვა არ დაზიანებულა, მაშინ საკონტროლო შესყიდვის ოქმის საფუძველზე ოპერაცია ექვემდებარება გაუქმებას (შესყიდული საქონელი უბრუნდება გამყიდველს, ხოლო გადახდილი ფული – მყიდველს).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირებს უფლება აქვთ, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განახორციელონ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №6683 საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ ბრძანების პირველი პუნქტის შინაარსიდან ირკვევა, რომ აღნიშნული ბრძანება მოიცავდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურას. კერძოდ, „საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის (საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის, მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების, საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევა და სხვა) ფაქტის გამოვლენის მიზნით, განხორციელდეს საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა ან/და დადგინდეს საქონლის/მომსახურების სარეალიზაციო ფასი საკონტროლო შესყიდვის შეთავაზებით თბილისის ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეულების ფარგლებში.“

 

2023 წლის 19 ივნისის №815428 საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების მე-12 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილმა პირმა საკონტროლო შესყიდვის განხორციელებისთანავე გადასახადის გადამხდელს უნდა წარუდგინოს თავისი პირადობის დამადასტურებელი (სამსახურებრივი) მოწმობა, საგადასახადო ორგანოს უფლებმოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ.

ამავე ბრძანების მე-13 მუხლის თანახმად:

1. საკონტროლო შესყიდვის შედეგების მიხედვით საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს ამ წესის დანართი №2-ით გათვალისწინებულ „საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ” ოქმს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ განახორციელა საკონტროლო შესყიდვა.

2. „საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ” ოქმის შენიშვნაში დამატებით აღინიშნება საკონტროლო შესყიდვისას გამოვლენილი ფაქტები და გარემოებები, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს საქმესთან დაკავშირებით, ასევე ოქმზე თანდართული მტკიცებულებების ჩამონათვალი (საგადასახადო დოკუმენტები, საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი, ქვითარი, ანგარიში, სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ნივთის განვადებით შეძენის ხელშეკრულება, შესყიდული საქონელი, მოწვეული სპეციალისტის დასკვნა, საკონტროლო შესყიდვის პროცედურის დაფიქსირების ტექნიკური საშუალებებით მოპოვებული ინფორმაცია (ასეთის არსებობისას) და სხვ.).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების მე-14 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად:

1. თუ საკონტროლო შესყიდვით შესყიდული საქონელი არ ტოვებს სავაჭრო ობიექტის ტერიტორიას და მისი სახე და შეფუთვა არ დაზიანებულა, მაშინ საკონტროლო შესყიდვის ოქმის საფუძველზე ოპერაცია ექვემდებარება გაუქმებას (შესყიდული საქონელი უბრუნდება გამყიდველს, ხოლო გადახდილი ფული – მყიდველს).

2. ოპერაციის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ოპერაციის განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის (საქონლის მყიდველის) მიერ და ფორმდება საკონტროლო შესყიდვის ოქმის საფუძველზე, ამავე ოქმის შესაბამის გრაფებში სათანადო ჩანაწერების დაფიქსირებით. აღნიშნული ოქმი გადასახადის გადამხდელისთვის წარმოადგენს ოპერაციის გაუქმების საფუძველს.

3. ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში გაუქმებულ ოპერაციაზე გადახდილი ფულის დაბრუნება ხორციელდება ოპერაციის განხორციელების ადგილზევე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის, რომელმაც განახორციელა საქონლის საკონტროლო შესყიდვა.

2023 წლის 19 ივნისის №CB1480945 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შესაბამისი მონაცემები აღირიცხება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების მე-20 მუხლის მე2 და მე-4 პუნქტების თანახმად, პირი ვალდებულია მომხმარებლის მიერ მისთვის მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ღირებულების ანაზღაურებისას, შესაბამისი მონაცემების აღსარიცხავად გამოიყენოს საკონტროლო-სალარო აპარატი; საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა გულისხმობს იმ შემთხვევას, როდესაც პირს გააჩნია საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი, რომელიც შეტანილია რეესტრში, საკონტროლოსალარო აპარატზე ჩართულია ფისკალური მეხსიერება, მაგრამ მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას არ ხდება ვაჭრობის/მომსახურების ყველა ოპერაციაზე საკონტოლო-სალარო აპარატის გამოყენება, რაც, თავის მხრივ, მოიცავს იმ მომენტს, რომ მომხმარებლისგან ყოველ ფულის მიღებაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანონმდებლობის შესაბამისად ასეთი ოპერაცია ან პირი თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან) საკონტროლოსალარო აპარატში ამობეჭდილი უნდა იყოს ჩეკი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 273-ე ან 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი ან მე-11 ნაწილით ან 2885 ან 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ამ კოდექსის 281-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ პირმა ამავე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები ჩაიდინა ერთსა და იმავე დღეს, ტერიტორიულად განცალკევებულ ობიექტებზე.

 

სადავო ადმინისტრაციულ აქტებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად დგინდება, რომ 2023 წლის 31 მარტის საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ ბრძანება №6683-ის საფუძველზე მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი პირები იმყოფებოდნენ შპს „--------“-ის (ს/ნ "------") კუთვნილ ობიექტში ("------") საკონტროლო შესყიდვისას შეძენილი იქნა „პარალონის ღრუბელი“ 1X2 (სისქე 4 სმ) ღირებულებით 24 ლარი. საკონტროლო შესყიდვა და ნაღდი ფულით ანგარიშსწორება განხორციელდა შპს „------“-ის კუთვნილ ობიექტში მყოფ გამყიდველ "------"-თან . შესყიდვისას მან წარუდგინა შესყიდული საქონელი, უთხრა საქონლის ღირებულება, საქონლის სპეციფიკაცია და მახასიათებლები. მას შემდეგ რაც მოხდა ნაღდი ფულით ანგარიშსწორება მან დაავალა სხვა თანამშრომელს, რომ მოემზადებინათ ტრანსპორტირებისთვის. გამომდინარე აქედან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ "------" მიჩნეული იქნა შპს „-------“-ის თანამშრომლად. ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას "------"-მ არ გამოიყენა საკონტროლო-სალარო აპარატი. ამის შემდეგ მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი პირებმა განუმარტეს, რომ იყვნენ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლები და გააცნეს საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ ბრძანება №6683, რომლის თანახმადაც მათი უფლებამოსილება ვრცელდება ქ. თბილისის ტერიტორიულ ფარგლებში არსებულ ობიექტებში. მათ განუმარტეს, რომ აღნიშნული შესყიდვა წარმოადგენდა მიმდინარე კონტროლის პროცედურას და მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა წარმოადგენდა საგადასახადო სამართალდარღვევას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება №6683 ბრძანებისა და №815428 ოქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში. ხოლო აღნიშნული ბრძანება №CB1480945 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, რა დროსაც 24 ლარის ღირებულების პროდუქციაზე ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მონაცემები არ აღრიცხულა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით და არ იქნა ამობეჭდილი საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი.მომჩივანს სანქციის ნაცვლად შეეფარდა გაფრთხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

270(7),281,286