ბრძანება N 25870

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.10.2023
№ დოკუმენტი 25870
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25870

19 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

სს „-------“ (ს/ნ -----)

(მის.: ---------)

2023 წლის 22 იანვრის და 3 მაისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №101) განიხილა სს „------ს“ (ს/ნ -----) 2023 წლის 22 იანვრის №78303/1/2023 და 3 მაისის №80709/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №081-316 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება „სს -----ს“ კაპიტალში შეტანილი აქტივების და შემდგომში ამ კომპანიის წილის გასხვისების ოპერაციის შედეგად გამოვლენილი სხვაობის მოგების განაწილებად განხილვას. განმარტავს, რომ შემოწმებას არ ჰქონდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი. საგადასახადო შეოწმების აქტში არ არის მითთებული რატომ ჩაითვალა ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებულ ოპერაციად, არ არის ჩანაწერი ან რაიმე მინიშნება იმაზე თუ, როგორ და რა გავლენა მოახდინა მხარეთა ურთიერთობამ გარიგების შედეგებზე. ამასთან, აღნიშნავს, რომ არასწორადაა დადგენილი წილის გასხვისების საბაზრო ღირებულება. მიუთითებს, რომ მცდარია წილის გასხვისების საბაზრო ღირებულებად 4 451 800 აშშ დოლარის მიჩნევა. აღნიშნულ თანხად აუდიტორის მიერ შეფასებულია 54 უძრავი ქონება დღგ-ს ჩათვლით 2019 წლის მდგომარეობით, ხოლო წილის ობლიგაციებში გაცვლა განხორციელდა 2020 წლის აპრილში, როდესაც იყო პანდემია (კოვიდ 19), აღნიშნულ პერიოდში ტურიზმი მთლიანად შეწყდა, რამაც უძრავი ქონების ბაზარზე სერიოზულად იმოქმედა, შესაბამისად, შემმოწმებელს უნდა განესაზღვრა უძრავი ქონების ფასი 2020 წლის მდგომარეობით.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის საკუთრებაში არსებული 4 აპარტამენტის დირექტორის მიერ გამოყენების/სარგებლობის იჯარად განხილვას და აღნიშნულის შედეგად განსაზღვრულ ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 მარტის №7960 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სს „------ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 23 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 26 დეკემბრის №32946 ბრძანება და ამავე თარიღის №081-316 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 975 893 ლარი, მათ შორის, გადასახადი 509 675 ლარი, ჯარიმა 241 331 ლარი, საურავი 224 887 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. 2017 წლის 11 სექტემბერს სს „------ს“ (გამყიდველი), სს „------ს“ (მყიდველი) და სს „------ს“ (ბენეფიციარი) შორის დაიდო შეთანხმება, კერძოდ: 2016 წლის 6 იანვარს მყიდველსა და გამყიდველს შორის გაფორმებული უძრავი ქონების (2 491მ2 , 54 ბინა) ნასყიდობის ხელშეკრულება გაუქმდა. ასევე უძრავი ქონების ღირებულება 3 801 761,80 აშშ დოლარი, რომელიც მყიდველს ჰქონდა გადახდილი გამყიდველისთვის უნდა დაებრუნებინა მყიდველს, მაგრამ შეთანხმების მიხედვით მყიდველმა ნასყიდობის ფასის მიღების უფლება დაუთმო ბენეფიციარს სს „------ს“ (ორგანიზაციის 100%-იანი მფლობელი არის სს „-------“). 2018 წლის 13 თებერვლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით სს „------მა“ მიიღო აპარტამენტები სს „------გან“, რის საფუძველზეც დავალიანება ბენეფიციარის მიმართ ჩაითვალა გადახდილად. 2019 წლის 20 დეკემბერს სს „-----მა“ დააფუძნა კომპანია სს „------“, ხოლო ძირითად საქმიანობად განისაზღვრა ბინების ყიდვა-გაყიდვა. 2019 წლის 27 დეკემბერს მოხდა აღნიშნული უძრავი ქონების (54 ბინის) შეფასება, რომლის ღირებულებამ დღგ-ის გარეშე შეადგინა 3 772 780 აშშ დოლარი (10 825 614 ლარი), ხოლო დღგ-ის ჩათვლით 4 451 800 აშშ დოლარი (12 773 994 ლარი).

აღნიშნული კომპანიის კაპიტალი 2020 წლის 6 იანვრის აქციონერთა კრების გადაწყვეტილებით განისაზღვრა 11 063 710 ლარით, რომელშიც 8 750 000 ლარის ღირებულებით შედიოდა სს „-----ს“ მიერ სს „-----ს“ კაპიტალში შეტანილი 54 ბინა. 2020 წლის 13 აპრილს სს „------ს“ 100% აქციების მფლობელმა კომპანია სს „------მა“ კომპანია სს „-----ს“ გადასცა 21 910 864,51 ლირის ღირებულებით კომპანია სს „------“, ------ საინვესტიციო ბანკის ობლიგაციების სანაცვლოდ. სს „------“ აცხადებს, რომ სს „------ს“ არის ზემოთ ხსენებული დათმობილი და საკუთრებაში გადაცემული კომპანიის წილის კანონიერი და უდავო მესაკუთრე. 2020 წლის 20 მაისს დასრულდა რეორგანიზაციის პროცესი, რომლის შედეგად სს „------“ და სს „-----“ შეერწყა ერთმანეთს და მათ საკუთრებაში არსებული აპარტამენტები 2021 წლის 14 ივლისს მართვა-იჯარის უფლებით გადაეცა თავდაპირველ მფლობელ სს „------ს“. აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებით ირკვევა, რომ სს „------ს“ კაპიტალში შეტანილი აქტივების და შემდგომში ამ კომპანიის წილის გასხვისების რეალური საბაზრო ღირებულება განსხვავდება გასხვისების სანაცვლოდ მიღებული ობლიგაციების ნომინალური ღირებულებისგან, კერძოდ 4 451 800 აშშ დოლარის ღირებულების აქტივი გასხვისდა 3 234 043 აშშ დოლარად. აღნიშნული სხვაობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. სს „------მა“ 2019 წლის 25 ოქტომბერს შეიძინა ოთხი აპარტამენტი სს „-------გან“, რომლის ღირებულება შეადგენდა 349 562,50 აშშ დოლარს. ამ ოპერაციის საფუძველზე სს „------ს“ სს „-------ს“ მიმართ წარმოეშვა დავალიანება. აღნიშნული დავალიანების გადახდა განხორციელდა ეტაპობრივად საბანკო გადარიცხვის გზით. ამ პერიოდის მანძილზე აღნიშნული ბინებიდან არ ფიქსირდება შემოსავალი. გადამხდელის განმარტებით ბინებით სარგებლობს კომპანიის დირექტორი. შედეგად, გაიზარდა ბინების გაქირავებით მიღებული შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე იჯარიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მეოთხე ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შეფასდა სს „-----ს“ კაპიტალში შეტანილი აქტივები რომლის ღირებულება დღგ-ის ჩათვლით 2019 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენდა 4 451 800 აშშ დოლარს, ხოლო კომპანიის წილის გასხვისების სანაცვლოდ მიღებული ობლიგაციების ნომინალური ღირებულება შეადგენდა 3 234 043 აშშ დოლარს. შედეგად, კაპიტალში შეტანილი აქტივების და შემდგომში ამ კომპანიის წილის გასხვისების რეალური საბაზრო ღირებულება განსხვავდებოდა გასხვისების სანაცვლოდ მიღებული ობლიგაციების ნომინალური ღირებულებისგან. აღნიშნული სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით.

გადამხდელის არგუმენტთან საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტითა და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით დგინდება, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არ არის გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან სს „------ს“ კაპიტალში შეტანილი აქტივების და შემდგომში ამ კომპანიის წილის გასხვისების რეალური საბაზრო ღირებულება განსხვავდებოდა გასხვისების სანაცვლოდ მიღებული ობლიგაციების ნომინალური ღირებულებისგან, აღნიშნული სხვაობის მოგების გადასახდით დაბეგვრა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანხამად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, მომსახურების გაწევად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.

ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, სააქციო საზოგადოებამ 2019 წლის 25 ოქტომბერს შეიძინა ოთხი აპარტამენტი სს „-----გან“, რის შედეგადაც სააქციო საზოგადოებას სს „------ს“ მიმართ წარმოეშვა დავალიანება. აღნიშნული დავალიანების გადახდა განხორციელდა ეტაპობრივად საბანკო გადარიცხვის გზით. ამ პერიოდის მანძილზე აღნიშნული ბინებიდან არ ფიქსირდება შემოსავალი და გადამხდელის განმარტებით ბინებით სარგებლობს კომპანიის დირექტორი. შედეგად, შემოწმებით გაიზარდა ბინების გაქირავებით მიღებული შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე იჯარიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. სს „------“ (ს/ნ -----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სს-ის კაპიტალში შეტანილი აქტივების და შემდგომში ამ კომპანიის წილის გასხვისების ოპერაციის შედეგად გამოვლენილი სხვაობის მოგების განაწილებად განხილვას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის საკუთრებაში არსებული 4 აპარტამენტის დირექტორის მიერ გამოყენების/სარგებლობის იჯარად განხილვას და აღნიშნულის შედეგად განსაზღვრულ ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. 2019 წლის 20 დეკემბერს მომჩივანმა დააფუძნა კომპანია, ხოლო ძირითად საქმიანობად განისაზღვრა ბინების ყიდვა-გაყიდვა. შემოწმებით ირკვევა, რომ აღნიშნული კომპანიის კაპიტალში შეტანილი აქტივების და შემდგომში ამ კომპანიის წილის გასხვისების რეალური საბაზრო ღირებულება განსხვავდება გასხვისების სანაცვლოდ მიღებული ობლიგაციების ნომინალური ღირებულებისგან, კერძოდ 4 451 800 აშშ დოლარის ღირებულების აქტივი გასხვისდა 3 234 043 აშშ დოლარად. აღნიშნული სხვაობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

2. მომჩივანმა 2019 წლის 25 ოქტომბერს შეიძინა ოთხი აპარტამენტი, რომლის ღირებულება შეადგენდა 349 562,50 აშშ დოლარს. ამ ოპერაციის საფუძველზე მომჩივანს გამყიდველის მიმართ წარმოეშვა დავალიანება. აღნიშნული დავალიანების გადახდა განხორციელდა ეტაპობრივად საბანკო გადარიცხვის გზით. ამ პერიოდის მანძილზე აღნიშნული ბინებიდან არ ფიქსირდება შემოსავალი. გადამხდელის განმარტებით ბინებით სარგებლობს კომპანიის დირექტორი. შედეგად, გაიზარდა ბინების გაქირავებით მიღებული შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე იჯარიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(9"ბ"), 97(1"ა"), 981(4"ა.ა"), 19(1), 43(4), 158(1), 159(1"ა""ბ"), 1601(1)(2"ა"), 163(1)(2), 101(1), 154(1"ა")(2"ა")(3"ა").

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1"ა").