ბრძანება N 8710

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 05.05.2025
№ დოკუმენტი 8710
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8710

05 მაისი 2025

ბრძანება

ფ/პ "--------" (პ/ნ "--------")

(მის.:"--------")

2024 წლის 18 და 24 ივნისის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის პირველ მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №33) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 16 აპრილის №23672/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ფ/პ "--------"-ის (პ/ნ "--------") 2024 წლის 18 და 24 ივნისის №90242/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მარტის №011-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ უძრავი ქონების შეფასების ანგარიშის წინა აუდიტორულ დასკვნაში ეწერა, რომ ქალაქი "--------", "--------", №80, 450 კვ.მ არასასოფლოსამეურნეო მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენს 674 100 ლარს და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა №1-ის ღირებულება შეადგენს (საკადასტრო კოდი "--------") – 3 220 311 ლარს. ახალ, 2024 წლის 17 ივნისის №286 უძრავი ქონების შეფასების ანგარიშის აუდიტორულ დასკვნაში მითითებულია, რომ ქალაქი "--------","--------" №80, 450 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენს 674 100 ლარს და მასზე განთავსებული №1 (მშენებარე) საერთო ფართი 670.2 კვ.მ., მათ შორის საცხოვრებელი ფართი - 255.9 კვ.მ., საზაფხულო ფართი - 217.5 კვ.მ., სასაწყობე ფართი - 24.7 კვ.მ., დამხმარე ფართი - 172.1 კვ.მ. ღირებულება შეადგენს (საკადასტრო კოდი "--------") – 2 026 685 ლარს, ანუ სხვაობა შეადგენს 1 193 626 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს ქონების გადასახადის თავიდან დაანგარიშებას. ასევე, ითხოვს ჯარიმა საურავის შემცირებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 თებერვლის №2803 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ "--------"-ის (პ/ნ "--------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021, 2022 და 2023 წლების ფიზიკური პირის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 19 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 21 მარტს გამოსცა №6202 ბრძანება და ამავე თარიღის №011-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 71 888 ლარი, მათ შორის, გადასახადი 45 057 ლარი, ჯარიმა 22 529 ლარი და საურავი 4 302 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 8 ივლისის №16216 ბრძანებით საჩივრები ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მარტის №011-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2025 წლის 16 აპრილის №23672/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 ივლისის №16216 ბრძანება და საჩივრები, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 16 აპრილის №23672/2/2024 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი:

„მომჩივანი აღნიშნავს, რომ აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების შემდეგ ქონების შეფასებასთან შედგენილ და მიღებულ დასკვნასთან დაკავშირებით გამოიკვეთა ახალი ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, სამშენებლო ნებართვის საფუძველზე, მართალია მშენებლობის ნებართვა 450 კვ.მ არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზეა გაცემულია 670,2 კვ.მ ფართზე და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოშიც მშენებარედ რეგისტრირებულია იგივე 670,2 კვ.მ ფართი, მაგრამ რეალურად მთლიანად აშენებული და ასევე მთლიანად გაქირავებული ფართის რეალური ოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე არაა მიღებული ექსპლოატაციაში რეალურად აზომვითი ნახაზის მიხედვით არის არა 670,1 კვ.მ ფართობის, არამედ 510 კვ.მ ფართის. შესაბამისად, ქონების შეფასების დასკვნა გაკეთებულია და ქონების გადასახადი დარიცხულია შეფასებულ 670,2 კვ.მ ფართის საბაზრო ღირებულებიდან, ხოლო ქონების შეფასება უნდა განხორციელებულიყო არა 670,2 კვ.მ ფართზე, არამედ 510 კვ.მ ფართზე, შესაბამისად, ქონების გადასახადის დარიცხვა უნდა მომხდარიყო ფაქტიურად აშენებული და გაქირავებული 510 კვადრატული მეტრი ფართის საბაზრო ღირებულებიდან.

აღნიშნული ფაქტობრივი და ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო, მან საჯარო რეესტრში წარადგინა აზომვითი ნახაზი ფაქტიური ფართის და ასევე დააზუსტა აუდიტის შეფასება ამ ფართთან დაკავშირებით, სადაც კონკრეტული ფართის ღირებულება გათვლილია ფაქტიური 510 კვ.მ ფართიდან. ახალი გარემოებიდან გამომდინარე აუდიტმაც დააკორექტირა და მიიღეს დაკორექტირებული დასკვნა. ქალაქი "--------","--------", №80, 450 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენს 674 100 ლარს და მასზე განთავსებული №1 (მშენებარე) საერთო ფართი 670.2 კვ.მ., მათ შორის საცხოვრებელი ფართი - 255.9 კვ.მ., საზაფხულო ფართი - 217.5 კვ.მ., სასაწყობე ფართი - 24.7 კვ.მ., დამხმარე ფართი - 172.1 კვ.მ. ღირებულება შეადგენს (საკადასტრო კოდი "--------") – 2 026 685 ლარს, ანუ სხვაობა შეადგენს 1 193 626 ლარს. შესაბამისად, 2022 წლის ქონების გადასახადი უნდა შემცირდეს 2 387 ლარით, ხოლო 2023 წლის ქონების გადასახადი - 9 549 ლარით.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გათვალისწინებულ იქნას ახალი გარემოებები და მოხდეს 2022-2023 წლის ქონების გადასახადის გადათვლა.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

მომჩივანმა 2025 წლის 4 აპრილს, საბჭოს სხდომაზე, საკითხის ზეპირ განხილვისას წარმოადგინა 2025 წლის 1 აპრილს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერი, სადაც მითითებულია დაზუსტებული ფართობი. მიწის საკადასტრო კოდია №"--------" 450 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების ჩამონათვალში საერთო ფართი ნაცვლად 670,2 კვ.მ მითითებულია 485,5 კვ.მ. მომჩივნის განმარტებით აღნიშნული წარმოადგენს ახალ გარემოებას, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში სადავო საკითხზე მიღებული იქნება განსხვავებული გადაწყვეტილება.

მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტი უნდა ჩაითვალოს ახლად აღმოჩენილ (გამოვლენილ) გარემოებად და დაევალოს შემოსავლების სამსახურს საჩივრის ხელახლა განხილვა.“

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 თებერვლის №2803 ბრძანების გათვალისწინებით ჩატარდა ფ/პ "--------"-ის (პ/ნ "--------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021, 2022 და 2023 წლების ფიზიკური პირის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის განსაზღვრის მიზნით. ფ/პ "--------"-ს (პ/ნ "--------") შესამოწმებელ პერიოდში საკუთრებაში უფიქსირდება უძრავ-მოძრავი დასაბეგრი ქონება. საგადასახადო შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ ფ/პ "--------"-ის (პ/ნ "--------") 2021 წლის შემოსავალმა გადააჭარბა 40 000 ლარს, ხოლო 2022 წლის შემოსავალმა 100 000 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე პირს დაუდგინდა 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით გადასახადის გადამხდელს 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებში საკუთრებაში აქვს ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტები. საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შესაბამისობაში იყო დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების გათვალისწინებთ, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა გადასახადის გადამხდელი საკუთრებაში არსებული დასაბეგრი ქონების ღირებულება, რომლის გათვალისწინებით პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ ქონებაზე ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გაანგარიშება ხორციელდება საგადასახადო პერიოდის განმავლობაში ამ ქონების მის საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-16 ნაწილის თანახმად, ოჯახი არის პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამ კოდექსის მიზნებისათვის თავად გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან.

ამავე კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ - მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

ამავე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერზე, რომელშიც მითითებულია დაზუსტებული ფართობი. კერძოდ, №"--------"საკადასტრო კოდით განსაზღვრულ 450 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების ჩამონათვალში საერთო ფართი ნაცვლად 670,2 კვადრატული მეტრისა მითითებულია 485,5 კვადრატული მეტრი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

რაც შეეხება შემოწმებით განსაზღვრულ სანქციებს, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივანი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მარტის №011-12 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. ფ/პ "--------"-ის (პ/ნ "--------") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. ფ/პ "--------" (პ/ნ "--------"), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მარტის №011-12 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანის ითხოვს ქონების გადასახადის თავიდან დაანგარიშებას და ჯარიმა საურავის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021, 2022 და 2023 წლების ფიზიკური პირის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის განსაზღვრის მიზნით.გადამხდელის 2021 წლის შემოსავალმა გადააჭარბა 40 000 ლარს, ხოლო 2022 წლის შემოსავალმა 100 000 ლარს. პირს დაუდგინდა 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.საგადასახადო შემოწმების შედეგად გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შესაბამისობაში იყო დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასთან. შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა გადამხდელის საკუთრებაში არსებული დასაბეგრი ქონების ღირებულება, რომლის გათვალისწინებით პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

ასევე,შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივანი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მარტის №011-12 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

201,202,275.