ბრძანება N 9407
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 9407
01.05.2023
შპს „-----------“ (ს/ნ ---------)
(მის.: ---------------)
2023 წლის 17 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 აპრილს გამართულ სხდომაზე (ოქმი №36) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ---------) №78152/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 დეკემბრის №006-571 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკურ პირებზე (------- და -------) უძრავი ქონების რეალიზაციის ოპერაციის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში. არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის/საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშების პრინციპს.
2. გადამხდელი არ ეთანხმება სალაროდან გატანილი თანხების საწარმოს დირექტორის ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვას და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ მშენებლობის პროცესში საწარმოს არ ჰქონდა ფინანსური სახსრები, შესაბამისად, დამფუძნებელი პარტნიორები თავიანთი სახსრებით ფარავდნენ საწარმოს ვალდებულებებს, ხოლო საწარმოს მიერ შემოსავლების მიღების შემდგომ განხორციელდა შემოტანილი თანხების უკან დაბრუნება. ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები: საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 ივლისის №17760 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----------“ (ს/ნ --------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 9 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 19 დეკემბრის №331856 ბრძანება და ამავე თარიღის №006-571 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 229 252 ლარი, მათ შორის გადასახადი 110 188 ლარი, ჯარიმა 55 094 ლარი და საურავი 63 970 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. შპს „-------“ (ს/ნ --------) საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მშენებლობა მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. კომპანიას შემოწმების პერიოდამდე აშენებული აქვს ერთი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, --------- ქ.#--. შესამოწმებელ პერიოდში ხორციელდება დარჩენილი გასაყიდი ფართების რეალიზაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით და ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ 2019 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში რეალიზებულია ფართი ს/კ ------------, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული ფართი დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში ჩართული არ არის. ამასთანავე, აღნიშნული ფართის რეალიზაცია არ ფიქსირდება არც ბუღალტრულ პროგრამაში, თუმცა კომპანიის დირექტორის წერილობითი ახსნა-განმარტებით თანხა მიღებულია მის მიერ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, აღნიშნული ოპერაცია დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, ხოლო მიღებული თანხა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შემოწმების შედეგად, გადამხდელს დამატებით დაერიცხა გადასახადები (საშემოსავლო და დღგ) და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2019 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში რეალიზებულია ფართი ს/კ -----------, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული ფართის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვაში სრულად არ არის ჩართული. კერძოდ, ფიზიკური პირის მიერ საბანკო გადარიცხვით საწარმოს ანგარიშზე ჩარიცხულია თანხა 68 872 ლარის ოდენობით, ხოლო ბუღალტრულ პროგრამაში ფიქსირდება, რომ აღნიშნული თანხის ნაწილი დაბრუნებულია ქეშად და მხოლოდ 20 000 ლარი წარმოადგენს რეალიზებული თანხის მოცულობას. ზემოხსენებული ფიზიკური პირის განმარტებით, მის მიერ კომპანიიდან უკან თანხის დაბრუნებას ადგილი არ ქონია და აღნიშნული თანხა სრულად წარმოადგენს სარეალიზაციო ფართის ღირებულებას. საგადასახადო შემოწმებით სხვაობის თანხა მიჩნეულ იქნა კომპანიის დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ედა 154-ე მუხლების შესაბამისად დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აღნიშნული სხვაობის თანხა ასევე დაექვემდებარა დღგ-თ დაბეგვრას. შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციის შედეგად კომპანიას დამატებით დაერიცხა გადასახადები (საშემოსავლო და დღგ) და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. 2019 წლის საანგარიშო პერიოდში შპს „--------“ სალაროდან კომპანიის დირექტორის მიერ გატანილია თანხები. საგადასახადო შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით: შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში, კერძოდ, 2019 წლის 1 იანვრის მონაცემებით საწარმოს უფიქსირდება დავალიანება დირექტორის მიმართ (ბუღალტრული ანგარიში 3160/01), რომელიც შეადგენს 147 029 ლარს, რომელიც შემდგომ მცირდება სალაროდან გატანილი თანხით და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს აღნიშნულ ანგარიშზე დირექტორის დავალიანება შეადგენს 885 ლარს. გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა საწყისი ნაშთის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა კომპანიის მიერ დამადასტურებელი ინფორმაციის წარმოდგენა ვერ განხორციელდა. საგადასახადო შემოწმებით დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული დავალიანების წარმოშობა განპირობებულია დირექტორის მიერ საწარმოს კრედიტორებისათვის გადახდილი თანხებით, ამასთანავე, აღნიშნულ კრედიტორების მიერ გაწეულ მომსახურებაზე და შესრულებულ სამუშაოებზე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით დოკუმენტი არ არსებობს ან/და არსებული დოკუმენტში დაფიქსირებული თანხა არ შეესაბამება დირექტორის მიერ გადახდილ თანხებს. გარდა აღნიშნულისა, მოცემული პირებისთვის დირექტორის მიერ გადახდილი თანხა აღემატება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში არსებულ დირექტორის მიმართ დავალიანების თანხის მოცულობას. შედეგად, ვერ დგინდება საწარმოში აღნიშნული თანხის შეტანის და გამოყენების ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების მიერ განსაზღვრულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში საწარმოს სალაროში არსებული თანხის მოცულობა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, აღნიშნული თანხა ჩაითვალა დირექტორის ხელფასად. შესაბამისად, დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლი მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს ფიზიკურ პირებზე რეალიზებული აქვს ორი ფართი, თუმცა რეალიზაციის თანხები საწარმოს მიერ სრულად არ არის დაბეგრილი, ასევე, ერთი-ერთი უძრავი ქონების რეალიზაციის შესაბამისი თანხა არ ფიქსირდება გადამხდელის ბუღალტრულ პროგრამაში, ხოლო მეორე ფართის რეალიზაციის თანხის ნაწილის დაბრუნება ბუღალტრული პროგრამით ფიქსირდება ქეშად.
ამასთან, კომპანიის დირექტორის წერილობითი ახსნა-განმარტების თანახმად, ერთერთი ფართის რეალიზაციის თანხა მიღებულია მის მიერ. ამასთან, გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლზე, რომლის თანახმად:
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.
2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, 2019 წლის საანგარიშო პერიოდში ფიქსირდება საწარმოს დირექტორის მიერ სალაროდან თანხების გატანა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერ განმარტებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში საწარმოს დავალიანება უფიქსირდება დირექტორის მიმართ. ასევე, საგადასახადო შემოწმებით დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული დავალიანების წარმოშობა განპირობებულია დირექტორის მიერ საწარმოს კრედიტორებისათვის გადახდილი თანხებით, თუმცა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მითითებული კრედიტორების მიერ გაწეულ მომსახურებაზე და შესრულებულ სამუშაოებზე დოკუმენტი არ არსებობს ან/და არსებულ დოკუმენტში დაფიქსირებული თანხა არ შეესაბამება დირექტორის მიერ გადახდილ თანხებს. გარდა აღნიშნულისა, მოცემული პირებისთვის დირექტორის მიერ გადახდილი თანხა აღემატება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში არსებულ დირექტორის მიმართ დავალიანების თანხის მოცულობას. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმებით საწარმოდან დირექტორის მიმართ არსებული ვალდებულების დაფარვის საფუძვლით გატანილი თანხების, ასევე დირექტორის მიერ მიღებული იმ თანხების, რომელთა გამოყენება კრედიტორთა დავალიანების დაფარვისთვის არ დადასტურდა, საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა კანონშესაბამისია. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი ღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონების რეალიზაციის ოპერაციის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში.
2. გადამხდელი არ ეთანხმება სალაროდან გატანილი თანხების საწარმოს დირექტორის ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვას და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. 2019 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში რეალიზებულია ფართი, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული ფართი დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში ჩართული არ არის. აღნიშნული ოპერაცია დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, ხოლო მიღებული თანხა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შემოწმების შედეგად, გადამხდელს დამატებით დაერიცხა გადასახადები (საშემოსავლო და დღგ) და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ამასთანავე, აღნიშნულ პერიოდში რელიზებულია მეორე ფართი, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული ფართის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვაში სრულად არ არის ჩართული. საგადასახადო შემოწმებით სხვაობის თანხა მიჩნეულ იქნა კომპანიის დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და შესაბამისად დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აღნიშნული სხვაობის თანხა ასევე დაექვემდებარა დღგ-თ დაბეგვრას. შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციის შედეგად კომპანიას დამატებით დაერიცხა გადასახადები (საშემოსავლო და დღგ) და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. 2019 წლის საანგარიშო პერიოდში საწარმოს სალაროდან კომპანიის დირექტორის მიერ გატანილია თანხები. საგადასახადო შემოწმების მიერ განსაზღვრულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში საწარმოს სალაროში არსებული თანხის მოცულობა და აღნიშნული თანხა ჩაითვალა დირექტორის ხელფასად. შესაბამისად, დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 491, 61(3), 136(3), 73, 101(1), 154(1)"ა".
2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 161(1), 171(1).