ბრძანება N4793

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.03.2023
№ დოკუმენტი 4793
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N4793

14.03.2023

შპს “----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------;

იურ. მის. ----------)

2023 წლის 14 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 მარტის სხდომაზე (ოქმი №22) განიხილა შპს “----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 14 იანვრის საჩივარი №78047/1/2023, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №049-8 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილი საქონლის/მომსახურების (სარეკლამო მომსახურების, მატრასის და ტელეფონების) არაეკონომიკურ ხარჯად განხილვის საფუძველზე მოგების გადასახადის დარიცხვას. მიუთითებს, რომ ქონება გამოყენებულია ეკონომიკურ საქმიანობაში და იხდის ქონების გადასახადს, ხოლო სარეკლამო მომსახურება მიზნად ისახავს მომხმარებლების მოზიდვას და შეძენილია ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში.

2. გადამხდელი არ ეთანხმება 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის დარიცხვას და მიუთითებს, რომ აღნიშნული წიაღისეული მოპოვებული ჰქონდათ 2019 წლამდე საკუთრებაში არსებული ლიცენზიებიდან და გააჩნდა ნაშთის სახით, ხოლო აღნიშნულ მოპოვებაზე მოსაკრებელი გადახდილია 2019 წლამდე. გადამხდელი ასევე მიუთითებს 2021 წლის საანგარიშო პერიოდში განსაზღვრულ მოსაკრებელზე დარიცხულ ჯარიმასთან დაკავშირებით შემოწმების აქტში არსებულ ტექნიკურ უზუსტობაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივლისის №17871 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს “----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 8 ოქტომბრის №34839 ბრძანებით მოცული საკითხებისა. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 დეკემბრის №33690 ბრძანება და ამავე თარიღის №049-8 საგადასახადო მოთხოვნა,რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 16 791 ლარი, მათ შორის, გადასახადი 8 479 ლარი, ჯარიმა 6 047 ლარი და საურავი 2 265 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით: 1. შესამოწმებელ პერიოდში, გადამხდელის მიერ გაწეულია ისეთი ხარჯი, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ეკონომიკურ საქმიანობასთან (სასტუმროს, სარესტორნე მომსახურება, ღვინოები). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის საფუძველზე, შემოწმების მიერ აღნიშნული ხარჯი დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ბეტონის/ბეტონის არხების/ჭის თავსახურების წარმოება/რეალიზაცია. გადამხდელი საქმიანობის ფარგლებში მოიპოვებს ქვიშა-ხრეშს ლიცენზიის №----------- (66 225 მ 3 ქვისა-ხრეშის მოპოვება) საფუძველზე ------------- მიმდებარე ტერიტორიაზე. საწარმოს მიერ შემოწმებისათვის მოწოდებულ იქნა ბეტონის კლასის B25 M330 M327 და ბეტონის სანიაღვრე არხის კალკულაცია. შემოწმების მიერ მოხდა რეალიზებული საქონლის წარმოება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს მოპოვებული აქვს დეკლარირებულზე მეტი რაოდენობის ქვიშა/ხრეში. ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პირს დაერიცხა მოსაკრებელი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ გაწეულია ისეთი ხარჯი, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ეკონომიკურ საქმიანობასთან, მათ შორის, სარეკლამო მომსახურების ხარჯი, რასთან დაკავშირებითაც შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტი/ხელშეკრულება, რაც დაადასტურებდა საწარმოს საქმიანობისთვის რეკლამის მიკუთვნებას. საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში ასევე შეძენილია 6 მობილური ტელეფონი, ჯამში 17 005 ლარის ღირებულების, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა 3 მობილური ტელეფონი, რომელიც შეძენილი იყო საწარმოს დირექტორებისთვის და დამფუძნებლისთვის, ხოლო დარჩენილი 3 ტელეფონი განხილულ იქნა ხარჯად, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან არ არის დაკავშირებული. ხოლო, მატრასის შეძენასთან მიმართებით, გადამხდელმა შემოწმებას განუმარტა, რომ საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე სჭირდებოდა დასვენების მიზნით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული საქონლის/მომსახურების შესაძენად გაწეული ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და აღნიშნული საფუძვლით მოგების გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, რომლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია პირი, რომლის საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას. ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა).

ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება არა უგვიანეს საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა შემდეგი ბუნებრივი რესურსებისა: სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა მინერალური წყლებისა, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებისა და ნახშირორჟანგისა) შემთხვევაში − 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მინერალური წყლებისა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლების შემთხვევაში − არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ნახშირორჟანგის (გაზი CO2 ) შემთხვევაში − ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 106-ე მუხლის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გაანგარიშებას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს №VI-12 დანართის ფორმით. ხოლო, ამავე ინსტრუქციის 107-ე მუხლით განსაზღვრულია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების შევსების წესი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელი საქმიანობის ფარგლებში მოიპოვებს ქვიშა-ხრეშს. საწარმოს მიერ შემოწმებისათვის წარდგენილ იქნა ბეტონის კლასის B25 M330 M327 და ბეტონის სანიაღვრე არხის კალკულაცია. შემოწმების მიერ მოხდა რეალიზებული საქონლის წარმოება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს მოპოვებული აქვს დეკლარირებულზე მეტი რაოდენობის ქვიშა/ხრეში. ამასთან, საწარმოში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ოქმის მიხედვით, საწარმოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა (საწყისი ნაშთი) არ უფიქსირდება. შედეგად, შემოწმების მიერ განხორციელდა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის განსაზღვრა. ამასთან, გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ ტექნიკურ უზუსტობასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ არასწორად იყო დეკლარირებული ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი, შესაბამისად, რიგ საანგარიშო პერიოდებში განხორციელდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული მოსაკრებლის შემცირება, რიგ საანგარიშო პერიოდებში - მოსაკრებლის დარიცხვა და შესაბამისი ჯარიმის ოდენობის გავრცელება. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს “----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილი საქონლის/მომსახურების (სარეკლამო მომსახურების, მატრასის და ტელეფონების) არაეკონომიკურ ხარჯად განხილვის საფუძველზე მოგების გადასახადის დარიცხვას.

2.გადამხდელი არ ეთანხმება 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში, გადამხდელის მიერ გაწეულია ისეთი ხარჯი, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ეკონომიკურ საქმიანობასთან (სასტუმროს, სარესტორნე მომსახურება, ღვინოები) აღნიშნული ხარჯი დაიბეგრა მოგების გადასახადით.გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ბეტონის/ბეტონის არხების/ჭის თავსახურების წარმოება/რეალიზაცია.გადამხდელი საქმიანობის ფარგლებში მოიპოვებს ქვიშა-ხრეშს.შემოწმების მიერ მოხდა რეალიზებული საქონლის წარმოება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს მოპოვებული აქვს დეკლარირებულზე მეტი რაოდენობის ქვიშა/ხრეში.

პირს დაერიცხა მოსაკრებელი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9ბ);97(1ბ);982(1ბ)