გადაწყვეტილება №24515/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 24515/2/2024
25 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: -------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------24.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24515/2/2024).
დავის საგანი:
გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურის 17.12.2024 წლის №26508 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
საურავი - 172 228.44 ლარი (25.11.2024 წლის მდგომარეობით).
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მომჩივანს 25.11.2024 წლის მდგომარეობით ერიცხება ზედმეტად გადახდილი 1.21 ლარი და დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული, სულ 445 072.66 ლარი (გადასახადი 163 043, ჯარიმა 81 061, საურავი 200 968.66). არაღიარებულ დავალიანებად ირიცხება აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტით დარიცხული თანხები სულ 353 811.01 ლარი, მათ შორის: გადასახადი 163 043, ჯარიმა 81 061, საურავი 109 707.01 ლარი (16.08.2019 წლის №001-305 საგადასახადო მოთხოვნა, 18.08.2021 წლის №001-326 და 7.04.2022 წლის №001-47 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნები).
ნაერთი ინფორმაციის მიხედვით, 25.11.2024 წლის მდგომარეობით, მომჩივანს ერიცხება დავალიანება სულ 445 071.45 ლარი (გადასახადი 191 782.01, ჯარიმა 81 061, საურავი 172 228.44). შემოწმების აქტით დარიცხულ გადასახადსა და ნაერთ ინფორმაციაში დავალიანებად აღრიცხულ გადასახადს შორის სხვაობა გამოწვეულია იმით, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გადახდილი/შემცირებული თანხებით დაფარულია საურავები, რის ხარჯზეც გაზრდილია გადასახადის ოდენობა. ნაერთი ინფორმაციის მიხედვით, საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განხორციელებული დარიცხვის შემდეგ, 16.08.2019 - 25.11.2024 წწ პერიოდში, დაფარული საურავი შეადგენს 28 858.73 ლარს, ხოლო შედარების აქტის მიხედვით, 16.08.2019-25.11.2024 წლის პერიოდში, დაფარული საურავი შეადგენს 118.52 ლარს, რისი გათვალისწინებით, 25.11.2024 წლის მდგომარეობით, გადასახადში ნაერთი ინფორმაციით დავალიანება შეადგენს 191 782.01 ლარს, რაზეც მიმდინარეობს საურავის დარიცხვა.
მომჩივანმა, პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავის თაობაზე, საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 17.12.2024 წლის №26508 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 53-ე მუხლის პირველ, მეორე ნაწილებზე და ამავე მუხლის მე3 ნაწილზე, 253-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის №13446 ბრძანების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ, მე-2 ნაწილებზე და ამავე მუხლის 21 ნაწილზე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე საურავის დარიცხვის შეზღუდვა რეგულირდება „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით. კერძოდ, აღნიშნული ბრძანების მე-16 მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტების მიხედვით, განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე აღრიცხული ჩანაწერების მიხედვით, ნაშთის გამოყვანა და საურავის დარიცხვა/შეჩერება ავტომატიზირებულია და ხორციელდება პროგრამულად. 2019 წლიდან, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, პირადი აღრიცხვის ბარათზე საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან და იგივე მეთოდია გამოყენებული აუდიტის შემოწმების შედეგებიდან საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას საურავის გამოთვლასთან მიმართებაში. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის მიზნებისათვის სამწლიანი პერიოდის დავალიანების გამოთვლა დამოკიდებულია პირადი აღრიცხვის ბარათზე, დარიცხვის/შემცირების ოპერაციის ჩანაწერის სავადო თარიღზე და არა გატარების თარიღზე. ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გადახდილი თანხით იფარება თავდაპირველად წარმოქმნილი დავალიანება და არა მიმდინარე ვალდებულება. საურავის შეჩერება კი ხდება ნარჩენ ხანდაზმულ დავალიანებაზე.
საგადასახადო დავის პერიოდში საურავის დარიცხვაზე, მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, აღნიშნავს, რომ გასაჩივრება არ აჩერებს საურავის დარიცხვას და გასაჩივრებულ დავალიანებას ერიცხება საურავი. დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები/სანქციები, რომელიც არ არის აღიარებული, აღირიცხება გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე. საურავის დარიცხვა ხორციელდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითადი და დროებითი აღრიცხვის ბარათებზე არსებული საგადასახადო ვალდებულებების მიხედვით ცალ-ცალკე. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე აღრიცხვის შედეგებზე გავლენას ვერ ახდენს დროებით ბარათზე ასახული არაღიარებული საგადასახადო ვალდებულებები მათ აღიარებამდე. ხოლო, დამატებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების შემთხვევაში, პროგრამულად გადაანგარიშდება დარიცხული საურავი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, რომ „ნაერთი ინფორმაცია“ ინფორმაციული ხასიათისაა და აჩვენებს ჯამურ (აღიარებული და არაღიარებული ვალდებულების ნაერთი) საგადასახადო ვალდებულებას დროებით ბარათზე არსებული დამატებით დარიცხული თანხების აღიარების შემთხვევაში კონკრეტული თარიღის მიხედვით. გადასახადის გადამხდელის აღიარებული ვალდებულებები ზუსტად განსაზღვრული იქნება მხოლოდ დამატებით დარიცხული თანხების აღიარებისა და ძირითად ბარათზე გადატანის შემდეგ.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავი მართლზომიერია და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ერიცხება არაღიარებული დავალიანება (აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს დავა), რომელიც წარმოეშვა აუდიტორული შემოწმების შედეგად 2016 წელს და მაშინ, წარმოშობის მომენტში, ძირითადი თანხა იყო 163 043 ლარი, ამის შემდეგ, კომპანია ყველა ახლად წარმოშობილ დარიცხვას იხდის პატიოსნად, მაგრამ მიუხედავად ამისა, დავალიანება მაინც სისწრაფით იზრდება, თანაც იზრდება როგორც ძირითადი თანხა, ისე საურავი, რაც მისი აზრით არაკანონიერია. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის მიხედვით „საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან“. მათ შემთხვევაში, გასულია 8 წელიწადი, მაგრამ საურავი დღემდე ერიცხება. აღნიშნულ საკითხზე შემოსავლების სამსახურიდან მიიღეს პასუხი, რომ თურმე კოდექსის ეს მუხლი იმიტომ ვერ მუშაობს, რომ მას ხელს უშლის შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანება „პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“.
მიაჩნია, რომ კანონის მუხლი მეტია ვიდრე წესი და როცა კანონი ძალაში შედის მასთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ყველა არსებული წესი, რათა კანონმა იკანონოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის მის მიღებას აზრი არ აქვს. კანონი ვერ იქნება აღქმებზე დაფუძნებული, პროგრამა ასე ხედავს და ასე აღიქვამს გაუგებარია. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის მაგალითისთვის გამოდგება მათი შემთხვევა, კერძოდ, კომპანიას აუდიტორული შემოწმების შედეგად ძირითად ნაწილში 2016 წელს წარმოეშვა 163 043 ლარის დავალიანება, ახლა ამ პროგრამით, რატომღაც ეს თანხა გაიზარდა და გახდა
191 782.01 ლარი (პასუხი პროგრამა ასე აკეთებს). სამი წლის შემდეგ საურავი 109 707.01 ლარი იყო, ახლაც მიდის საურავის დარიცხვა, მეცხრე წელია, ჯამი 447 000 ლარს აჭარბებს, ნაცვლად იმისა, რომ იყოს სულ 353 811.01 ლარი (გადასახადი, ჯარიმა და საურავი).
ითხოვს, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ 2016 წელს მიღებულ №13446 ბრძანებაში ცვლილებების შეტანას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის აღსრულების საშუალება. ბიზნესს მიეცეს საშუალება წარმართოს დავები მშვიდად, რაც მათი კანონიერი უფლებაა. გაიმიჯნოს მიმდინარე და აქტით დარიცხული სადაო თანხები გადასახადების გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე, რათა კომპიუტერმა პროგრამულად ერთმანეთში არ აურიოს, რეალურად შეწყდეს 3 წლის შემდეგ საურავის დარიცხვის გაგრძელება და ძირითად ნაწილში დარიცხული თანხაც არ იყოს მცდარი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების შესრულებად ითვლება გადასახადის თანხის დადგენილ ვადაში გადახდა.
საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება დაიფარება შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) გადასახადის თანხა;
ბ) ჯარიმა;
გ) საურავი.
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გადახდილი თანხის ბარათზე არსებულ აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებებზე განაწილება მოხდება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი თანმიმდევრობით – გადასახადის თანხა, ჯარიმა და საურავი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ძირითადი გადასახადების მიხედვით აღიარებული დავალიანების არსებობის შემთხვევაში, რომელთა წარმოშობა მოხდა ერთ კალენდარულ დღეს, გადახდილი თანხის მიკუთვნება უნდა მოხდეს იმ გადასახადის სახეზე, რომლის დარიცხვაც დროში უფრო ადრე მოხდა.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან. ამავე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების მე-16 მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტების მიხედვით:
15. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.
16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული საურავის დარიცხვის შეზღუდვა განხორციელდეს პროგრამულად, რისთვისაც:
ა) 2019 წლის 1 იანვრიდან ყოველდღიურად განისაზღვრება ბოლო 3 წელში სავადო თარიღით დარიცხული ის თანხები, რომლებიც განიხილება დავალიანების შემადგენელ ნაწილად და მხოლოდ აღნიშნულ თანხებზე გაგრძელდება საურავის დარიცხვა. ამასთან, ბოლო 3 წელში დავალიანების შემცირების ოპერაციების თანხები, ჯერ ამცირებს იმავე სავადოში იმავე გადასახადში დარიცხულ თანხებს, ხოლო შემდეგ, ისევე როგორც ამავე პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი თანხები, მონაწილეობს ძველი პერიოდის დავალიანების დაფარვაში;
ბ) 2016 წლის 1 იანვრამდე სავადო თარიღით დარიცხულ დავალიანებაზე საურავის დარიცხვა შეწყდება 2019 წლის 1 იანვარს (მათ შორის, ძირითად ბარათზე შემდგომ პერიოდში ასახული თანხებით წარმოშობილ დავალიანებაზე).
საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სადავო საგადასახადო დავალიანების გადახდის ვალდებულება შეჩერებულად ითვლება საგადასახადო დავის დაწყების დღიდან მის დასრულებამდე;
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ ერიცხება არაღიარებული დავალიანება (აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს დავა), რომელიც წარმოეშვა აუდიტორული შემოწმების შედეგად 2016 წელს და მაშინ, წარმოშობის მომენტში, ძირითადი თანხა იყო 163 043 ლარი, ამის შემდეგ, კომპანია ყველა ახლად წარმოშობილ დარიცხვას იხდის პატიოსნად, მაგრამ მიუხედავად ამისა, დავალიანება იზრდება, თანაც როგორც ძირითადი თანხა, ისე საურავი. მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილზე და ითხოვს მისი აღსრულების უზრუნველყოფას შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წელს მიღებულ №13446 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის გზით, გაიმიჯნოს მიმდინარე და აქტით დარიცხული სადაო თანხები გადასახადების გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე, შეწყდეს 3 წლის შემდეგ საურავის დარიცხვა და ძირითად ნაწილში დარიცხული თანხაც არ იყოს მცდარი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის განმარტებას მომჩივნის მიერ სადავოდ წარმოდგენილ საკითხებზე, კერძოდ:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე აღრიცხული ჩანაწერების მიხედვით ნაშთის გამოყვანა და საურავის დარიცხვა/შეჩერება ავტომატიზირებულია და ხორციელდება პროგრამულად. 2019 წლიდან, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის მოთხოვნიდან მომდინარე, პირადი აღრიცხვის ბარათზე საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან და იგივე მეთოდია გამოყენებული აუდიტის შემოწმების შედეგებიდან
საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას საურავის გამოთვლასთან მიმართებაში. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის მიზნებისათვის სამწლიანი პერიოდის დავალიანების გამოთვლა დამოკიდებულია პირადი აღრიცხვის ბარათზე, დარიცხვის/შემცირების ოპერაციის ჩანაწერის სავადო თარიღზე და არა გატარების თარიღზე. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გადახდილი თანხით იფარება თავდაპირველად წარმოქმნილი დავალიანება და არა მიმდინარე ვალდებულება. საურავის შეჩერება კი ხდება ნარჩენ ხანდაზმულ დავალიანებაზე;
გასაჩივრება არ აჩერებს საურავის დარიცხვას და გასაჩივრებულ დავალიანებას ერიცხება საურავი. დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები/სანქციები, რომელიც არ არის აღიარებული, აღირიცხება გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე. საურავის დარიცხვა ხორციელდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითადი და დროებითი აღრიცხვის ბარათებზე არსებული საგადასახადო ვალდებულებების მიხედვით ცალ-ცალკე. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე აღრიცხვის შედეგებზე გავლენას ვერ ახდენს დროებით ბარათზე ასახული არაღიარებული საგადასახადო ვალდებულებები მათ აღიარებამდე. ხოლო დამატებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების შემთხვევაში, პროგრამულად გადაანგარიშდება დარიცხული საურავი;
„ნაერთი ინფორმაცია“ ინფორმაციული ხასიათისაა და აჩვენებს ჯამურ (აღიარებული და არაღიარებული ვალდებულების ნაერთი) საგადასახადო ვალდებულებას დროებით ბარათზე არსებული დამატებით დარიცხული თანხების აღიარების შემთხვევაში კონკრეტული თარიღის მიხედვით. გადასახადის გადამხდელის აღიარებული ვალდებულებები ზუსტად განსაზღვრული იქნება მხოლოდ დამატებით დარიცხული თანხების აღიარებისა და ძირითად ბარათზე გადატანის შემდეგ.
ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავი მართებულია, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერი, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან, საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგები გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებულია, მიმდინარეობს დავა სასამართლოში და განმარტავს, რომ დავის დასრულების და მიღებული გადაწყვეტილების შედეგებიდან გამომდინარე, მომსახურების დეპარტამენტის მიერ, საკითხის შესწავლის საფუძველზე, შესაძლებელი გახდება, როგორც გადასახადის თანხის ისე, საურავის ნაწილში საბოლოო ოდენობის დადგენა.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავი.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მომჩივანს 25.11.2024 წლის მდგომარეობით ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა და დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული. შემოწმების აქტით დარიცხულ გადასახადსა და ნაერთ ინფორმაციაში დავალიანებად აღრიცხულ გადასახადს შორის სხვაობა გამოწვეულია იმით, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გადახდილი/შემცირებული თანხებით დაფარულია საურავები, რის ხარჯზეც გაზრდილია გადასახადის ოდენობა.
მომჩივანმა, პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავის თაობაზე, საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 17.12.2024 წლის №26508 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავი მართებულია, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერი, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 53(2);253(1);272;254(2);299(11);