გადაწყვეტილება №19673/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.06.2023
№ დოკუმენტი 19673/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19673/2/2023

8.06.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 11.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19673/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №007-362 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9772 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 146 067 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 90 662

დღგ - 90 600

საშემოსავლო გადასახადი - 62

ჯარიმა - 45 303

საურავი - 10 102

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობის სახეს წარმოადგენს სხვადასხვა სამეურნეო საქონლით (სამშენებლოსარემონტო მასალები) ვაჭრობა. აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

მომჩივანი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესყიდვას ახორციელებს ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე. გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები აქვს პროგრამა ორისში, თუმცა მასში ასახული მონაცემებით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. კერძოდ, არ ხდება კონტროლი ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. სასაქონლომატერიალური ფასეულობების მოძრაობის ნაწილში, საცალო რეალიზაციების შემთხვევაში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა ხორციელდება საანგარიშო პერიოდის ბოლოს და ვერ ხდება ჩამოწერილი და საცალოდ რეალიზებული პროდუქციის იდენტიფიცირება და დაკავშირება. გადამხდელს უფიქსირდება როგორც დოკუმენტური, ასევე საცალო რეალიზაცია. დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან ბრუნვაში შეადგენს 33%-ს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 21.06.2022 წლის №15683 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ განხორციელდა გადამხდელის კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მხოლოდ ფაქტიური ნაშთის აღწერა.

საგადასახდო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის, 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, 2019- 2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე შემოწმება დაეყრდნო მეწარმის მიერ წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში დაფიქსირებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყის და საბოლოო ნაშთებს, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს აღებულ იქნა მეწარმესთან ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულმა ფასნამატმა შეადგინა 25%, რაც შესაბამისობაშია დოკუმენტურ ფასნამატთან, ხოლო ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა 23.55%-იანი ფასნამატი.

ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე განისაზღვრა მეწარმის დასაბეგრი შემოსავლები, კერძოდ 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდზე არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლები თანხვედრაშია მომჩივნის მიერ დეკლარირებულ მონაცემებთან, ხოლო 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე გადასახადის გადამხდელი მიერ დაფიქსირებული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება არ ედრება შემოწმებით დადგენილ მონაცემებს, რამაც გამოიწვია მეწარმის დასაბეგრი შემოსავლების გაზრდა აღნიშნულ პერიოდზე. შედეგად, გამოვლენილი სხვაობებით გაიზარდა 2022 წლის საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. პირს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

ამასთან, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2021 წლის ერთობლივ შემოსავალში დაფიქსირებული თანხა არ ედრება იმავე პერიოდის დღგ-ის დეკლარირებულ ბრუნვას. საგადასახადო კოდექსის მე-100 და 102-ე მუხლების გათვალისწინებით, გაიზარდა მეწარმის 2021 წლის ერთობლივი შემოსავალი. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №007-362 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9772 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ბუღალტრული პროგრამით და ინფორმაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, არ ხდება კონტროლი ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის ნაწილში, ამასთან, საცალო რეალიზაციების შემთხვევაში სმფ-ების ჩამოწერა ხორციელდება საანგარიშო პერიოდის ბოლოს და ვერ ხდება ჩამოწერილი და საცალოდ რეალიზებული პროდუქციის იდენტიფიცირება და დაკავშირება. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 21 ივნისის №15683 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის საფუძველზეც განხორციელდა გადამხდელის კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მხოლოდ ფაქტიური ნაშთის აღწერა. 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე შემოწმება დაეყრდნო მეწარმის მიერ წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში დაფიქსირებულ სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყის და საბოლოო ნაშთებს, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს აღებულ იქნა მეწარმესთან ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სმფ-ების ნაშთი. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულმა ფასნამატმა შეადგინა 25%, რაც შესაბამისობაშია დოკუმენტურ ფასნამატთან, ხოლო ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა 23.55%-იანი ფასნამატი. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და აღნიშნულის მიხედვით გაანგარიშებული შემოსავალები არ ედრება შემოწმების მიერ დადგენილ მონაცემებს, კერძოდ 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე შემოწმების მიერ გაიზარდა რპთ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ რპთ-ს და შემოწმების მიერ დადგენილ რპთ-ს შორის სხვაობაზე გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269- ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

როგორც საგადასახადო შემოწმების აქტით დგინდება შემმოწმებლის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასა და მის წინაპირობებს კი განსაზღვრავს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი. აღნიშნული მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, პირველ რიგში, გაუგებარია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები, რადგან საგადასახადო შემოწმების აქტში შემმოწმებელი თავადვე მიუთითებს, რომ 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდებში, ასევე 2022 წლის საანგარიშო პერიოდში მეწარმის მიერ დეკლარირებული ფასნამატი თანხვედრაშია დოკუმენტურ და ინვენტარიზაციით დადგენილ ფასნამატთან. მიაჩნია, რომ შემოწმების აქტი მოკლებულია დასაბუთებას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესაძლებლობასა და მართლზომიერებაზე.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 24.01.2017 წლის №ბს-566-561(2კ16) და 16.12.2020 წლის №ბს-421(2კ-20) გადაწყვეტილებებზე და აღნიშნავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებებით განმარტებულია საგადასახადო ორგანოთა მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების წინაპირობები. კერძოდ, გადაწყვეტილებაში მითითებულია რომ საგადასახადო ორგანოს უფლება, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, არ გულისხმობს საგადასახადო ორგანოსთვის თვითნებური შეფასებების უფლებამოსილების მინიჭებას. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს გონივრული და შესაბამისად დასაბუთებული ფაქტობრივის გარემოებების და მტკიცებულებების საფუძველზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით საგადასახადო ორგანოს უფლება ეძლევა მხოლოდ ამ მუხლით და საგადასახდო კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში გადამხდელს გადასახადი დაარიცხოს მის ხელთ არსებული მასალების/სანდო ინფორმაციის დამუშავების მეშვეობით. ეს მასალები ან ინფორმაცია შეიძლება არსებობდეს თვით გადამხდელთან, მაგრამ არასრული სახით, ან საგადასახადო ორგანოში და ეხებოდეს მსგავსი საქმიანობით დაკავებულ სხვა პირს. ამ მასალების გამოყენებისას საგადასახადო ორგანომ, შესაბამისი კორექტივები უნდა შეიტანოს გადამხდელთან დაკავშირებული ფაქტებისა და გარემოებების შესაბამისად. მიზანი კი ის არის, რომ სამართლიანად, გონივრული განსჯის საფუძველზე უნდა დადგინდეს საგადასახდო ვალდებულებები. იმ პირობებში კი, როდესაც საგადასახადო ორგანო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ერთადერთ საფუძველად უთითებს მხოლოდ საწარმოს მიერ ბუღალტრული აღრიცხვის პირობების დარღვევას, ამასთან, არ დგინდება რაში გამოიხატა კონკრეტულად ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა, მითითებული არ ქმნის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივ საფუძველს.

მომჩივანი ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, და აცხადებს, რომ საგადასახადო ორგანო ვალდებულია მითითებული მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოიკვლიოს გარემოებები და მხოლოდ ამ გარემოებათა კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის შესახებ.

საგადასახადო შემოწმების აქტში შემმოწმებელი თავადვე მიუთითებს, რომ 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდებში, ასევე 2022 წლის საანგარიშო პერიოდში მეწარმის მიერ დეკლარირებული ფასნამატი თანხვედრაშია დოკუმენტურ და ინვენტარიზაციით დადგენილ ფასნამატთან, ხოლო საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. მომჩივანი მიიჩნევს, რომ შემოწმების აქტი მოკლებულია დასაბუთებას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესაძლებლობასა და მართლზომიერებაზე. ამასთან ერთად, მიუთითებს, რომ მის მიერ გაანალიზებული იქნა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი მონაცემები, რომლებიც შეიცავს მთელ რიგ უზუსტობებს, როგორც საბაზრო ფასის განსაზღვრის, ასევე თვითღირებულების კომპონენტებში და ითხოვს აღნიშნული მონაცემების სისწორის შემოწმებას, მისი უშალო მონაწილეობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მომჩივანი კატეგორიულად არ ეთანხმება მეწარმის მიმართ არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.

მომჩივანი ასევე ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე და ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ იმსჯელოს მეწარმის მიმართ საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციებისგან გათავისუფლების თაობაზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ბუღალტრული პროგრამით და ინფორმაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, არ ხდება კონტროლი ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის ნაწილში, ამასთან, საცალო რეალიზაციების შემთხვევაში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა ხორციელდება საანგარიშო პერიოდის ბოლოს და ვერ ხდება ჩამოწერილი და საცალოდ რეალიზებული პროდუქციის იდენტიფიცირება და დაკავშირება.

მომჩივანი მიიჩნევს, რომ შემოწმების აქტი მოკლებულია დასაბუთებას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესაძლებლობასა და მართლზომიერებაზე. ამასთან ერთად, მომჩივანი მიუთითებს, რომ მის მიერ გაანალიზებული იქნა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი მონაცემები, რომლებიც შეიცავს მთელ რიგ უზუსტობებს, როგორც საბაზრო ფასის განსაზღვრის, ასევე თვითღირებულების კომპონენტებში და ითხოვს აღნიშნული მონაცემების სისწორის შემოწმებას, მისი უშალო მონაწილეობით.

საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ სადავო საკითხთან დაკავშირებით არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები. ამასთანავე, საჩივრის ზეპირი განხილვის თაობაზე ეცნობა მომჩივნის წარმომადგენელს (დაკავშირება მოხდა საჩივარში მითითებულ ტელეფონის ნომერზე), თუმცა მომჩივანმა საჩივრის განხილვაში მონაწილეობა არ მიიღო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მომჩივანი მიუთითებს, რომ მეწარმე წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს და ითხოვს საბჭომ იმსჯელოს სანქციებისგან გათავისუფლების თაობაზე საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად, საბოლოო გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №007-362 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9772 ბრძანება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ბუღალტრული პროგრამით და ინფორმაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, არ ხდება კონტროლი ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის ნაწილში, ამასთან, საცალო რეალიზაციების შემთხვევაში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა ხორციელდება საანგარიშო პერიოდის ბოლოს და ვერ ხდება ჩამოწერილი და საცალოდ რეალიზებული პროდუქციის იდენტიფიცირება და დაკავშირება. მომჩივანი მიიჩნევს, რომ შემოწმების აქტი მოკლებულია დასაბუთებას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესაძლებლობასა და მართლზომიერებაზე. ამასთან ერთად, მომჩივანი მიუთითებს, რომ მის მიერ გაანალიზებული იქნა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი მონაცემები, რომლებიც შეიცავს მთელ რიგ უზუსტობებს, როგორც საბაზრო ფასის განსაზღვრის, ასევე თვითღირებულების კომპონენტებში და ითხოვს აღნიშნული მონაცემების სისწორის შემოწმებას, მისი უშალო მონაწილეობით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აღნიშნულ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 80(1); 102(1„ა“); 159; 163(1,2); 164(1); 168(1); 272; 275.