ბრძანება N 10005
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 10005
05.05.2023
შპს „-----------------”-ის (ს/ნ -------------)
(მის.: -----------------------------------------)
2022 წლის 21 და 24 ნოემბრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 მარტის და 26 აპრილის სხდომებზე (ოქმი №21 და ოქმი №44) განიხილა შპს „-----------------”-ის (ს/ნ -------------) №21190/21 და N213450/21 (№198588) საჩივრები, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 1 ნოემბრის №27537 ბრძანებას, ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 10 ნოემბრის №024- 2022-220089 ბრძანებას საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ და 2022 წლის 11 ნოემბრის №024-1515 ბრძანებას ქონებაზე ყადაღის შესახებ.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:
გადამხდელი განმარტავს, რომ მასსა და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებული იყო საგადასახადო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც შპს „-----------------”-ის (ს/ნ -------------) აღიარებული ვალი შეადგენდა 71 760 ლარს. აღნიშნული თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო შეთნხმებაში გათვალისწინებული გრაფიკით (4 ნაწილად - 360 დღეში). გადამხდელმა აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის პირველი ორი ნაწილი გადაიხადა გრაფიკის მიხედვით დადგენილ ვადებში. მატერიალური მდგომარეობის გაურესების გამო, მესამე ნაწილის გადახდა ერთიანად შეუძლებელი გახდა, რის გამოც გაუქმდა გაფორმებული საგადასახადო შეთნხმება.
საგადასახადო შეთანხმების გაუქმების შესახებ ბრძანების გადამხდელისათვის ჩაბარებამდე (რომელიც გაიგზავნა კომპანიის ფაქტობრივ მისამართზე და მხარეს ჯერ არ ჰქონდა ჩაბარებული), კომპანიის მიმართ განხორციელდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. გადამხდელი აღნიშნავს, რომ ვინაიდან კომპანიის დირექტორი არ იყო გაცნობილი ბრძანებას, ასევე არ იცოდა რა ოდენობის დავალიანება ერიცხებოდა, არ უნდა მომხდარიყო მსგავსი რეაგირება სგადასახადო ორგანოსგან. ამასთან, მხარე ბრძანების გაცნობის შემდეგ თავად იღებს გადაწყვეტილებას, ეთანხმება თუ ასაჩივრებს ამ ბრძანებას. ვინაიდან არ იყო გასული გასაჩივრების ვადები, არ უნდა მომხდარიყო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართალებრივი აქტების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შპს „-----------------”-თან (ს/ნ -------------) საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 14 დეკემბრის №2215 განკარგულების საფუძველზე, შპს „-----------------”-ის (ს/ნ -------------) და შემოსავლების სამსახურს შორის 2022 წლის 28 იანვარს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმების აქტი №ა33-21, 2021 წლის 27 ივლისის მდგომარეობით არსებულ საგადასახადო დავალიანებაზე (165 196.15 ლარი), შემდეგი პირობებით:
,,3.1. გადასახდელი საგადასახადო დავალიანების ოდენობა განისაზღვროს 71 760 ლარით;
3.2. 3.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდის ვადა - საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებიდან 360 კალენდარული დღე, შემდეგი გრაფიკის შესაბამისად:
ა) 17 940 ლარი - საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში; ბ) 17 940 ლარი - საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებიდან 180 კალენდარულ დღეში; გ) 17 940 ლარი - საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებიდან 270 კალენდარულ დღეში; დ) 17 940 ლარი - საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებიდან 360 კალენდარულ დღეში.
3.3. საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ გადასახადის გადამხდელს 2021 წლის 27 ივლისის მდგომარეობით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო დავალიანების თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, განესაზღვროს 71 760 ლარით”.
მოცემულ შემთხვევაში, შპს „-----------------”-ს (ს/ნ -------------) საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებიდან ბიუჯეტში გადახდილი აქვს შეთანხმებით გათვალისწინებული პირველი ორი გადახდა (35 920 ლარი), ხოლო მესამე გადახდა არ გადაუხდია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულ იქნა 2022 წლის 1 ნოემბრის №27537 ბრძანება საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებული ჯარიმის დარიცხვისა და 2022 წლის 28 იანვრის №ა33-21 საგადასახადო შეთანხმების აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე ჯარიმა განისაზღვრა 1794 ლარით.
ვინაიდან შპს „-----------------”-სა (ს/ნ -------------) და შემოსავლების სამსახურს შორის დადებული შეთანხმება გაუქმდა, შპს „-----------------”-ის (ს/ნ -------------) მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოცემული იქნა 2022 წლის 10 ნოემბრის №024-2022-220089 ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ (აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენდა ჯამში 145259.94 ლარს).
ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შპს „-----------------”-ის (ს/ნ -------------) მიმართ გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2022 წლის 11 ნოემბრის №024-1515 ბრძანება (აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენდა ჯამში 145277.87 ლარს).
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 26 აპრილის მდგომარეობით შპს „-----------------”-ს (ს/ნ -------------) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 35852.23, ჯარიმა 65153 ლარი, საურავი 47648.37 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 1 ნოემბრის №27537 ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რომელიც განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულოს ამ შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმება გაუქმებულად ითვლება და გადასახადის გადამხდელს დაეკისრება ჯარიმა გადაუხდელი თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 10 ნოემბრის №024-2022-220089 ბრძანებასა და ქონებაზე ყადაღის შესახებ 2022 წლის 11 ნოემბრის №024-1515 ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:
ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;
ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა:
გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;
დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.
ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. მე-6 ნაწილის შესაბამისად კი საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.
გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ N27537 ბრძანების გასაჩივრების ვადის გასვლამდე არ უნდა გავრცელებულიყო საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვისწინებული ჯარიმა წარმოადგენს კანონისმიერ პირგასამტეხლოს, რომლის მიზანს წარმოადგენს საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიმართ, საგადასახადო ორგანოს შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფა. პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია საგადასახადო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევასთან. შესაბამისად, პირგასამტეხლოზე მოთხოვნის უფლება წარმოიშობა მთავარი ვალდებულების დარღვევის ფაქტთან ერთად და დამოკიდებულია მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ შედეგებზე. ამდენად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, კანონმდებლის მიერ დადგენილი პირგასამტეხლო ექვემდებარება გასაჩივრებას საგადასახადო შეთანხმების გაუქმების შესახებ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტთან ერთად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, როგორც საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ზემოთ აღნიშნული მეთოდური მითითების მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმება გაუქმებულად ითვლება, შესაბამისად, პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე საგადასახადო დავალიანება/დავალიანების ნაწილის ან/და მოსაკრებლის თანხა ექვემდებარება აღდგენას სრული ოდენობით, რომლის გადმოტანა განხორციელდება დროებითი აღრიცხვის ბარათიდან უკუოპერაციებით შესაბამისი გადასახადის/მოსაკრებლის ან/და სანქციის სახეებისა და სავადოების მიხედვით. ხოლო, „დ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე უკუოპერაციით ნულდება შესაბამისი სავადო თარიღის მიხდვით ჯარიმებში ასახული თანხები. ამასთან, გადასახადის გადამხდელს ჯარიმებში დაეკისრება ჯარიმა გადაუხდელი თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, არსებული სამართლებრივი მდგომარეობით საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში დაკისრებული ჯარიმა გადაუხდელი თანხის 10 პროცენტის ოდენობით, აისახება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე;
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----------------”-ის (ს/ნ -------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 1 ნოემბრის №27537 ბრძანებას, ვალის მართვის დეპარტამენტის №024- 2022-220089 ბრძანებას საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ და №024-1515 ბრძანებას ქონებაზე ყადაღის შესახებ.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულ იქნა 2022 წლის 1 ნოემბრის №27537 ბრძანება საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებული ჯარიმის დარიცხვისა და 2022 წლის 28 იანვრის №ა33-21 საგადასახადო შეთანხმების აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.აღნიშნულ ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მეორე ნაწილზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულოს ამ შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში.
ხოლო,ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმება გაუქმებულად ითვლება და გადასახადის გადამხდელს დაეკისრება ჯარიმა გადაუხდელი თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
ვინაიდან მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის დადებული შეთანხმება გაუქმდა, გადამხდელის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოცემული იქნა 2022 წლის 10 ნოემბრის №024-2022-220089 ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ.
ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მომჩივანის მიმართ გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2022 წლის 11 ნოემბრის №024-1515 ბრძანება .
ამასთან, №024-2022-220089 ბრძანებასა და №024-1515 ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე,გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:238(1.2.6); 241; 243(1); 292(2); 293(2,3,6); 299(4); 302(6);