ბრძანება N 23021
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 23021
23/08/2018
ი/მ ----------------------
(მის: -------------------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით
საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 15 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №71) განიხილა ი/მ ----- ის 2018 წლის 03 აგვისტოს საჩივარი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 11 ივლისის NCB902315 და NCB902353 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების და მათ საფუძველზე დაკისრებული ფულადი ჯარიმების თაობაზე.
სადავო ოქმებით გადამხდელს სსკ-ის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების შესაბამისად დაეკისრა საჯარიმო სანქცია ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სმფ-ების აღურიცხველობის და დანაკლისის გამო.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 18 აპრილის №8947 ბრძანების თანახმად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების მთავარი ოფიცრების მიერ ჩატარდა ი/მ ----- ს სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
ი/მ ----- ს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სურსათისა და შერეული საქონლის საცალო რეალიზაცია. ინვენტარიზაციის დაწყებამდე ი/მ ----- ს ჩაბარდა ბრძანება ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელის მიერ შექმნილი იქნა საინვენტარიზაციო კომისია, რომლის მიერ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სმფ-ების სააღრიცხვო (ბუღალტრული) ნაშთი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 30-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოყენებული იქნა უფლებამოსილება და მის მიერ შევსებული იქნა დანართი №19 (მისი დანართის გარეშე) საგადასახადო ორგანოში აღნიშნული გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემების საფუძველზე.
ი/მ ----- ს ჩამოერთვა ხელწერილი, რომ ყველა ბუღალტრული საბუთი დამუშავებულია, მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღებულია შემოსავალში, ხოლო რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოწერილია, ასევე, ჩამოერთვა ხელწერილი, რომ მას არ ჩაუტარებია სმფ-ების ინვენტარიზაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისად არ აქვს ინფორმაცია ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ, რომელსაც ასახავდა საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიაწვდიდა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე. გადასახადის გადამხდელ ჩამოერთვა განმარტებითი ბარათი, რომ საინვენტარიზაციო კომისიამ ფასეულობები აღწერა სწორად, კომისიასთან პრეტენზია არ გააჩნია და აღწერილ ფასეულობებს ღებულობს თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ შესანახად.
საინვენტარიზაციო კომისიამ მოახდინა სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთების აღწერა. ჩატარებული აღწერის მონაცემები კომისიის მიერ შეტანილ იქნა სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების აღწერის შესახებ ოქმში (დანართი N16). ი/მ ----- ს ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე ინვენტარიზაციის დაწყების მდგომარეობით აღმოჩნდა სულ 36605,07 ლარის ღირებულების სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები საბაზრო ფასებით.
საინვენტარიზაციო კომისიის წევრების მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სააღრიცხვო (საბუღალტრო) დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი (დანართი N19 მისი დანართების გარეშე), შესაბამისად სმფ-ების ფაქტიურმა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 0 ლარი.
საინვენტარიზაციო კომისიის წევრების მიერ შევსებულ იქნა დანართი N19–ის (პროექტის) I, II ცხრილები გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო ორგანოში არსებული და დამატებით მოძიებული მონაცემების მიხედვით. კერძოდ, გამოყენებულ იქნა შემდეგი მონაცემები და დაშვებები:
- საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 2018 წლის 01 იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (18 აპრილი , 2018 წ,);
- საანგარიშო პერიოდის სმფ–ების საწყისი ნაშთი – 56859 ლარი – გადამხდელის 2017წ საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით;
- საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ელ/ზედნადებებით მიღებული სმფ–ს პირვანდელი ღირებულება – 50636,51 ლარი, ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით. კერძოდ, აღებულ იქნა აღნიშნულ პერიოდში გადამხდელის მიერ მიღებული ელ/ზედნადებების თანხების ჯამი;
- 2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით რეალიზებული სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების ანგარიშის საფუძვლად აღებულ იქნა დღგ-ს დეკლარაციები (შესაბამისი თვეების მონაცემებით), ხოლო 2018 წლის 01 აპრილიდან 2018 წლის 18 აპრილის ჩათვლით - საკონტროლო სალარო აპარატის მონაცემები. სულ - 43087,46 ლარი.
- საშუალო შეწონილი ფასნამატი 12,6% მიღებული იქნა 01.05.2018 წლის საკონტროლო შეყიდვის № 10408 ბრძანების თანახმად განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის ოქმის № 520311 შედეგად შესყიდული სმფ-ების პირვანდელი და საბაზრო ღირებულებების თანაფარდობით.
ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (2018 წლის 18 აპრილი) სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით (დანართი N19–ის I ცხრილის მე–2 სვეტის ბოლო სტრიქონი) შეადგინა: 69014,04 ლარი.
საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებულ იქნა დანართი N22–ის (პროექტის) I ცხრილი დანართი N16-ის N N21-ის საფუძველზე, აგრეთვე პირველადი საგადასახადო დოკუმენტების რეკვიზიტების გადამოწმების შედეგად გამოვლინდა აღურიცხავი სასაქონლო- მატერიალური ფასეულობები, რომლის ჯამურმა საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 36605,07 ლარი.
აგრეთვე საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებულ იქნა დანართი N22–ის (პროექტის) II ცხრილი – დანართი N19–ის I ცხრილის და დანართი N21–ის მონაცემების საფუძველზე. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 6904,04 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (დღგ–ს ჩათვლით და 12,6% საშუალო შეწონილი ფასნამატის გათვალისწინებით) – 91697,58 ლარი.
ი/მ ----- ს 2018 წლის 18 მაისს ჩაბარდა შეტყობინება ინვენტარიზაციის ზემოთ აღწერილი შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილების (დანართი N22– ის ცხრილის) პროექტით. გადამხდელი არ დაეთანხმა პროექტს და 2018 წლის 25 მაისს წარმოადგინა საწინააღმდეგო წერილობითი პოზიცია და განაცხადა, რომ ინვენტარიზაციის შედეგებიდან გამომდინარე, გარკვეული სახის საქონელი ჩაითვალა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველად, მაგრამ მათგან გარკვეულ ნაწილზე გააჩნია შეძენის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და მოითხოვა აღნიშნულის გათვალისწინება და ოქმის პროექტით დასარიცხი თანხების კორექტირება. ამასთან, ნაწილი იმ საქონლისა, რომელიც ჩაითვალა აღურიცხველად, ასახული იყო სააღრიცხვო (ბუღალტრულ) ნაშთში და ამ მხრივ ჩაითვალა დანაკლისადაც, აქედან გამომდინარე, მოითხოვა რომ აღურიცხველის ნაწილში საკითხის შესწავლის შედეგიდან გამომდინარე მოხდეს დანაკლისის ნაწილის კორექტირებაც.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭომ 2018 წლის 30 მაისს განიხილა გადასახადის გადამხდელის პოზიცია, რომელიც #76 სხდომის ოქმის თანახმად სარეზოლუციო საკითხების ნაწილში დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ დაევალა გადასახადის გადამხდელს - 10 სამუშაო დღის ვადაში წარმოედგინა ინვენტარიზაციის განმახორციელებელი ოფიცრებისთვის განსახილველი საკითხის შესაბამის ნაწილში აღნიშნული მის მიერ წარმოდგენილი პოზიციის და არგუმენტაციების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო ინვენტარიზაციის განმახორციელებელ ოფიცრებს დაევალა საკითხის დამატებით შესწავლა გადასახადის გადამხდელის/წარმომადგენლის უშუალო მონაწილეობით და მათი შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში ოქმის პროექტით დასარიცხი თანხების კორექტირების (შემცირების) განხორციელება.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს სხდომის ოქმის გადაწყვეტილების თანახმად გადასახადის გადამხდელის მიერ 10 სამუშაო დღის ვადაში დამატებით წარმოდგენილი იქნა დოკუმენტები. მათი შესწავლა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის უშუალო მონაწილეობით, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინების შედეგად შეიცვალა (შემცირდა) ოქმის პროექტით დასარიცხი თანხები, ასევე შეიცვალა საშუალო შეწონილი ფასნამატი, ნაცვლად 12,6%-სა დადგინდა 16,23%, რის შედეგადაც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თანხობრივმა ნაშთმა თვითღირებულებით შეადგინა 70415,08 ლარი, ხოლო ფაქტიურმა ნაშთმა - 10402,31 (დანართი N21-ის შესაბამისად) ლარი თვითღირებულებით. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული და ფაქტობრივი მონაცემების შედარების შედეგად გამოვლინდა სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ფასებით 82287,11 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად ითვალისწინებს ჯარიმას – 8228,71 ლარის ოდენობით. ასევე გამოვლინდა აღურიცხველი სმფ-ები საბაზრო ფასებით 21737,36 ლარის ოდენობით, რაზედაც არ იქნა წარმოდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, რაც სსკ-ს 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ითვალისწინებს ჯარიმას 10868,68 ლარის ოდენობით. აღნიშნულ საგადასახადო სამართალდარღვევებზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის NCB902353, NCB902315 ოქმები, რომლებიც გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 2018 წლის 11 ივლისს.
გადამხდელის მოთხოვნა:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ დანაკლისის გაანგარიშებისას შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა ის სმფ-ები რომლებიც მის მიერ გამოყენებულ იქნა პირადი მოხმარებისთვის. ამდენად, გადამხდელი ითხოვს აღნიშნული სმფ-ები შემმოწმებლის მიერ არ იქნეს მიჩნეული დანაკლისად.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები.
სსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ:
გ) გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო- სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
სსკ-ის 269-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად „საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.“
სსკ-ის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით „გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა – იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 %-ის ოდენობით.“
სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად „გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.“
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის თანახმად „დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.“
მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 25-ე მუხლის (სმფ- ების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) პირველი ნაწილის თანახმად „სმფ-ების ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის დღისთვის დამთავრებული უნდა იყოს ფასეულობათა შემოსავალ გასავლის ყველა დოკუმენტის დამუშავება, ნაწარმოები უნდა იყოს შესაბამისი ჩანაწერები ანალიზური აღრიცხვის ბარათებში (წიგნებში) და გამოყვანილი იყოს ნაშთი. აღნიშნული ბრძანების 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საინვენტარიზაციო კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია სმფ-ების დასახელების, რაოდენობის, ამ ფასეულობათა მიღების თარიღის, სასაქონლო ზედნადებების ელექტრონული რეესტრის (ასეთის ვალდებულების არსებობის შემთხვევაში) ან/და საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურის ან სხვა დოკუმენტაციის თარიღისა და ნომრების, თვითღირებულების და სხვა მონაცემების ჩვენებით. საინვენტარიზაციო კომისია, საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელთან ერთად ადგენს ამ ფასეულობების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემებს.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, დავების განხილვის საბჭოზე წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით საბჭომ მიიჩნია, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხული ჯარიმა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, შესაბამისად არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ----- ს საჩივარი სადავო საკითხთნ დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადამხდელის სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. გადამხდელს ჩაბარდა შეტყობინება ინვენტარიზაციის შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტით. გადამხდელი არ დაეთანხმა პროექტს და წარადგინა წერილობითი პოზიცია, რომელიც დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ დაევალა მის მიერ წარმოდგენილი პოზიციის და არგუმენტაციების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა, ხოლო ინვენტარიზაციის განმახორციელებელ ოფიცრებს დაევალა საკითხის დამატებით შესწავლა
გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი იქნა დოკუმენტები. შედეგად შეიცვალა (შემცირდა) ოქმის პროექტით დასარიცხი თანხები, ასევე შეიცვალა საშუალო შეწონილი ფასნამატი, სმფ-ების ბუღალტრული და ფაქტობრივი მონაცემების შედარების შედეგად გამოვლინდა დანაკლისი 82287,11 ლარის ოდენობით, ასევე გამოვლინდა აღურიცხველი სმფ-ები 8228,71 ლარის ოდენობით, აღნიშნულ სამართალდარღვევებზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დარიცხული ჯარიმა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, შესაბამისად არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(11); 286(4); 286(9)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 25-ე მუხლი