გადაწყვეტილება №19494/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19494/2/2023
2.06.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 24.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19494/2/2023).
დავის საგანი:
შეძენილი წილისთვის გადახდილი თანხების დივიდენდად კვალიფიკაცია.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2022 წლის №021-150 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7046 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 145 840,94 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 70 867
მოგების გადასახადი - 55 221
საშემოსავლო გადასახადი - 15 646
ჯარიმა - 35 434
საურავი - 39 539,94
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის მიერ შპს ,,---”-ის წილის შეძენით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების დეკლარირების სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 21.05.2019 წელს. კომპანიის ერთპიროვნული დამფუძნებელია და 100%-ანი წილის მფლობელია ---. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, 22.08.2019 წელს, წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით, შპს „---მ“ ---გან შეიძინა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 21%-იანი წილი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, შპს "---" (ს/ნ ---) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 27.05.2014 წელს. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საკუთარი ან იჯარით აღებული არასაცხოვრებელი შენობების გაქირავება და მართვა. 22.08.2019 წლამდე საწარმოს 21%-იანი წილის მფლობელია ფ/პ ---.
22.08.2019 წელს წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით, შპს „---ს“ მიერ შეძენილი შპს „---“-ის 21%-იანი წილის ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარით. ხელშეკრულების მიხედვით, წილის მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ფასი გადაიხადოს არაუგვიანეს 31.12.2021 წლისა. აღსანიშნავია, რომ შპს „---“ შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს შპს „---“-დან მიღებული დივიდენდები. შპს „---“-ს დამფუძნებელ იურიდიულ პირზე შპს „---ზე“ დივიდენდის გაცემასთან დაკავშირებით გადასახადი არ დაუკავებია.
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით (ბრუნვითი უწყისი, სალაროს მოძრაობის ბარათი), შპს „---ს“ შეძენილი 21%-იანი წილის ღირებულება 297 275 ლარის ოდენობით დაფარული აქვს სრულად 2019 წელს. კერძოდ, აღნიშნული ვალდებულების დაფარვა მოხდა, როგორც სააქციო საზოგადოება თიბისი ბანკიდან და შპს „---“-დან აღებული სესხებით, ასევე, შპს „---“-დან მიღებული დივიდენდით. ამასთან აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ შპს „---ს“ ზემოაღნიშნული სასესხო ვალდებულებების დაფარვას ძირითადად ახორციელებს შპს „---“-დან (ს/ნ ---) მიღებული დივიდენდებით.
ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად იკვეთება, რომ ---სა და შპს „---ს“ შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას არ მოჰყოლია ---ის მიერ შპს „---"-ის წილის 21%-ზე საკუთრების უფლების გასხვისება. კერძოდ, შესაბამისი აქტივის ბენეფიციარ მესაკუთრედ ისევ --- რჩება, რამდენადაც იგი ფაქტობრივად აკონტროლებს შპს „---ს“, წარმოადგენს მისი წილის 100%-ის მესაკუთრეს.
საბოლოოდ განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში ---ის მიერ შპს „---"-ის 21%- იანი წილის შპს „---ის“ მიყიდვით არ განხორციელებულა ფაქტობრივი მესაკუთრის ცვლილება, ვინაიდან ოპერაციის განხორციელების შედეგად შპს „---"-ის 21%-იანი წილის არაპირდაპირ მესაკუთრედ კვლავ რჩება აღნიშნული პირი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენადაც განსახილველი ოპერაციის ფარგლებში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება არ გამოხატავს იმ ნებას, რომელიც უშუალოდ მიმართული იქნებოდა არჩეული ოპერაციის ფორმის შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომისკენ, კერძოდ, წილის ნასყიდობის შედეგად შესაბამისი აქტივის გასხვისებისკენ, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, ---სა და შპს „---ს“ შორის გაფორმებული შპს „---"-ის წილის 21%-ის ნასყიდობის ხელშეკრულება არ იქნება მიღებული მხედველობაში, რამდენადაც ამ სამეურნეო ოპერაციას არ გააჩნია რეალური ეკონომიკური გავლენა. კერძოდ, აღნიშნული ოპერაციის ერთადერთ რეალურ შედეგს წარმოადგენს შპს „---"-ის მიერ განაწილებული მოგების გადასახადებისაგან გათავისუფლება.
ამრიგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, შპს „---ს“ მიერ ---თვის შპს „---"-ის წილის 21%-ის ნასყიდობის საფასურის გადახდა, განხილული იქნა დივიდენდის გადახდად და შესაბამისად, მოგების განაწილებად. აქედან გამომდინარე, მოცემული თანხის გადახდამ საწარმოსთვის წარმოშვა საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტით დადგენილ მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი და ასევე, ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, გადახდილი დივიდენდის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ვალდებულება. შედეგად, საწარმოს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2022 წლის №021-150 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7046 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 73- ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე, 130-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შპს ---მ 23.08.2019 წელს იყიდა შპს ----ის (ს.ნ. ---) 21% წილი ---საგან (პ.ნ. ---), რომელიც ასევე არის შპს ---ს 100% წილის მფლობელი. ამ ფაქტობრივ გარემოებაზე აუდიტორების მიერ გაკეთებულია შემდეგი შეფასება: გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება არ იქნა მხედველობაში მიღებული, რამდენადაც ამ ოპერაციას არ გააჩნია რეალური ეკონომიკური გავლენა. კერძოდ ამ ოპერაციის ერთადერთ რეალურ შედეგს წარმოადგენს შპს ----ის მიერ განაწილებული მოგების გადასახადებისაგან გათავისუფლება. ამრიგად, შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 79- მუხლის მე-9 ნაწილის, „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს ---ს მიერ ---სათვის წილის ნასყიდობის საფასურის გადახდა გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, განხილული იქნა დივიდენდის გადახდად და შესაბამისად მოგების განაწილებად და დაბეგრეს მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით.
ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლად სავარაუდოდ გამოყენებულია შემოსავლების სამსახურის 28.07.2022 წლის №20231 ბრძანებით დამტკიცებული „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ მეთოდური მითითება, რაც სრულიად უსაფუძვლოა, რადგან: სადავო წილის გასხვისების ოპერაცია განხორციელდა 2019 წლის აგვისტოში, აღნიშნული მეთოდური მითითება კი დამტკიცებული იქნა 2022 წლის ივლისში. საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა. ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილით საგადასახადო კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კოდექსის და მათ შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან. შესაბამისად, ოპერაციის განხორციელებიდან 3 წლის შემდგომ მიღებული მეთოდური მითითების გამოყენება ამ ოპერაციის შესაფასებლად, თუნდაც მხოლოდ ამ მიზეზით არის უსამართლო, სხვა მხრივაც რომ გამართული და სათანადოდ დასაბუთებულიც იყოს (რასაც ასევე კატეგორიულად არ ეთანხმება მომჩივანი). მითუმეტეს იმ პირობებში, რომ მსგავსი შინაარსის ოპერაციებისათვის ასეთი კვალიფიკაციის მინიჭების პრაქტიკა შემოსავლების სამსახურს არ ქონია, არც მეთოდური მითითების დამტკიცებამდე და არც მას შემდგომ, ამ სადავო აქტის შედგენამდე. შემოწმების მიერ ფიზიკური პირის მიერ წილის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე გასხვისება მიჩნეული იქნა საეჭვო ოპერაციად და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ („საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა“) და „ბ“ („საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს“) ქვეპუნქტების გამოყენებით შეეცვალა კვალიფიკაცია. კერძოდ, შემოწმების აქტით აუდიტორის შეფასებისა და სამართლებრივი საფუძვლების ნაწილში მოყვანილია შემდეგი დასაბუთება:
„გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, ---სა და შპს ---ს შორის გაფორმებული შპს ----ის წილის 21%-ის ნასყიდობის ხელშეკრულება არ იქნება მიღებული მხედველობაში, რამდენადაც ამ სამეურნეო ოპერაციას არ გააჩნია რეალური ეკონომიკური გავლენა“ (ანუ გამოყენებულია საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). ამის შემდგომ, იქვე მოყვანილია შემდეგი დასაბუთება: „ამრიგად, შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს ---ს მიერ ---სთვის შპს ----ის წილის 21%-ის ნასყიდობის საფასურის გადახდა გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის განხილული იქნა დივიდენდის გადახდად და შესაბამისად, მოგების განაწილებად“. ანუ, ჯერ ამბობენ, რომ ეს ოპერაცია და ხელშეკრულება საერთოდ არ იქნა მხედველობაში მიღებული და იქვე სრულიად საწინააღმდეგო არგუმენტით, ხელშეკრულება და მის საფუძველზე განხორციელებული ოპერაცია მიღებულია მხედველობაში ოღონდ შეცვლილი კვალიფიკაციით. საინტერესოა, კოდექსის ამ ნორმით ამ ოპერაციის ფორმა რა ნაწილში და რის საფუძველზე არ შეესაბამება მის შინაარსს? ერთადერთ არგუმენტად მოყვანილია ის გარემოება, რომ --- ისევ რჩება შესაბამისი აქტივის ბენეფიციარ მესაკუთრედ. შემოწმების აქტის ამ ლოგიკით სრულიად ირღვევა სამეწარმეო კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სამეწარმეო სუბიექტის ფორმის არსი და მიზანი. ფიზიკური პირი --- 2016 წლიდან ფლობდა შპს ----ის წილს, რომლის გასხვისება გადაწყვიტა 2019 წელს და ამ წილის მფლობელი გახდა შპს --- (რომელიც არის ფუნქციონირებადი საწარმო), საქართველოს კანონმდებლობის ყველა მოთხოვნათა დაცვით. ფორმაც და შინაარსიც ცხადი და შესაბამისია ერთმანეთთან. შემოსავლების სამსახურის 28.07.2022 წლის №20231 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების №1 მაგალითში განხილული შემთხვევის ხისტ და დაუსაბუთებელ გამოყენებასთან უნდა გვქონდეს საქმე, რომლის საფუძველზეც შემმოწმებელთა აზრით, აღნიშნული სამეურნეო ოპერაციის რეალურ მიზანს (შინაარსს) შესაძლოა წარმოადგენდეს ფიზიკურ პირზე დივიდენდის დაუბეგრავად გაცემა. წილის გამსხვისებელი პირის რეალური მიზეზი მართლაც რომ ეს ყოფილიყო (თუმცა ნამდვილად არაა ეგრე, რადგან წილის გასხვისებას მიზნად ქონდა სხვა რეალური ბიზნეს ინტერესები), ფიზიკური პირის მიერ ხდება საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათით სარგებლობა და ამ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გამოყენება სრულიად არასამართლიანია და ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს. შემმოწმებელთა მიერ ამ აქტში გამოყენებული ლოგიკით, საგადასახადო კოდექსით დადგენილი ნებისმიერ შეღავათით სარგებლობა საეჭვო ოპერაციად უნდა ჩაითვალოს და შეეცვალოს კვალიფიკაცია ისე, რომ ვერ მოხდეს მისით სარგებლობა. საინტერესოა, წილის გასხვისება რომ 2 წლიანი ვადის გასვლამდე მომხდარიყო და გამსხვისებელს დაებეგრა რეალიზაციით მიღებული თანხა, მაშინ რა კვალიფიკაცია მიენიჭებოდა ამ ოპერაციას? მაინც დაკვალიფიცირდებოდა დივიდენდად და კიდე დაიბეგრებოდა ერთხელ უკვე დაბეგრილი თანხა? და თუ ამ შემთხვევაში არ შეეცვლებოდა კვალიფიკაცია, ე.ი. ერთიდაიგივე ოპერაცია სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად დაკვალიფიცირდებოდა? ანუ, შემოწმების მიზანია, რომ გადამხდელმა საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათის გამოყენება ვერ შეძლოს? საინტერესოა, რომელი საწარმოს მიერ განაწილებულ რომელ თანხას ბეგრავს შემოწმება? როგორც შემოწმების აქტიდან ჩანს, დასაბეგრ ბაზად აღებულია წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი თანხა ნასყიდობის ხელშეკრულების დადების პერიოდში და ჩაითვალა, რომ მყიდველი საწარმოს მიერ მოხდა ნასყიდობის თანხის განაწილება მოგების სახით, რაც კიდევ ერთი დიდი აბსურდია, რადგან შემოწმების აქტით (მეთოდური მითითებითაც) ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლის მთავარი მოტივი არის ის, რომ შესაძლოა ფიზიკური პირის მიერ ხდება შპს ----დან კუთვნილი დივიდენდის დაუბეგრავად გატანა. აქტშიც მითითებულია, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე წილის ნასყიდობის ხელშეკრულება არ იქნა მიღებული მხედველობაში ამ მოტივით. შესაბამისად, კიდეც რომ ჩავთვალოთ, რომ შემოწმების მიერ ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლა განხორციელდა სწორად და კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოდის რომ მოგების განაწილება და დივიდენდის გატანა მოხდა შპს ---დან და ამავე საწარმოზე უნდა მომხდარიყო ამ ოპერაციის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრებაც. ამასთან, განაწილებულ მოგებად უნდა ჩათვლილიყო ფაქტიურად გატანილი თანხები გატანის შესაბამის პერიოდებში და არა წილის ნასყიდობის ხელშეკრულების მთლიანი თანხა ხელშეკრულების დადების მომენტში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება. საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5 პროცენტიანი განაკვეთით. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 22.08.2019 წელს წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით, შპს "---მ'' (ს/ნ ---) ფ/პ ---გან (პ/ნ ---) შეიძინა შპს "---"-ის (ს/ნ ---) 21%-იანი წილი, რომლის ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 100 000 (ასიათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარით. გადამხდელს წილის ღირებულება 297 275 ლარის ოდენობით დაფარული აქვს სრულად 2019 წელს. აღნიშნული ვალდებულების დაფარვა ნაწილობრივ მოხდა, სააქციო საზოგადოება თიბისი ბანკიდან და შპს „---“-დან აღებული სესხებით, ასევე, შპს „---“-დან მიღებული დივიდენდით. ამასთან აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ შპს "---" სხვა სასესხო ვალდებულებების დაფარვასაც ძირითადად ახორციელებს შპს "---"-დან (ს/ნ ---) მიღებული დივიდენდებით. ---სა და შპს „---ს“ შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას არ მოჰყოლია ---ის მიერ შპს „---“-ის წილის 21%-ზე საკუთრების უფლების გასხვისება. კერძოდ, შესაბამისი აქტივის ბენეფიციარ მესაკუთრედ ისევ --- რჩება, რამდენადაც იგი ფაქტობრივად აკონტროლებს შპს „---ს“, წარმოადგენს მისი წილის 100%-ის მესაკუთრეს. საბოლოოდ განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში --- ---ის მიერ შპს „----“-ის 21%-იანი წილის შპს „---თვის“ მიყიდვით არ განხორციელებულა ფაქტობრივი მესაკუთრის ცვლილება, ვინაიდან ოპერაციის განხორციელების შედეგად შპს „---“-ის 21%-იანი წილის არაპირდაპირ მესაკუთრედ კვლავ რჩება --- . ასევე აღსანიშნავია, რომ აუდიტის დეპარტამენტში 23.07.2021 წლის №24384 ბრძანებით დანიშნული კამერალური საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შპს „---“-ის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით (ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები) დგინდება, რომ 22.08.2019 წლის მდგომარეობით მისი გაუნაწილებელი მოგება (შპს „---“-ზე წილის რეალიზაციის საანგარიშო პერიოდში) შეადგენს 419 877 ლარს. საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მიერ არ წარმოდგენილა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, წილის ნასყიდობის ვალდებულების დასაფარად, გადახდილ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლა და დივიდენდად განხილვა მართლზომიერია. ამგვარად, არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7046 ბრძანების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2022 წლის №021-150 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7046 ბრძანება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2022 წლის №021-150 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7046 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, წილის ნასყიდობის ვალდებულების დასაფარად, გადახდილ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლა და დივიდენდად განხილვა მართლზომიერია. ამგვარად, არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7046 ბრძანების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
73 (4, 9, ა); 97 (1,ა); 8(12); 130 (1); 154 (1).