ბრძანება N 6305

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.03.2024
№ დოკუმენტი 6305
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6305

22 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ---ის (პ/ნ ---)

(ფაქტ. მის. ---) 2024 წლის 12 თებერვლის

საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 7 მარტის სხდომაზე (ოქმი №25) განიხილა ფ/პ ---ის (პ/ნ ---) 2024 წლის 12 თებერვლის №87643/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №006-725 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მოთხოვნით დარიცხულ ქონების გადასახადს შემდეგი გარემოებების გამო:

 გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოწმებამ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით იხელმძღვანელა იდენტური უძრავი ქონების ხელშეკრულებებით, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების ღირებულების დასადგენად ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსებული მსგავსი ტიპის სატრანსპორტო საშუალებებზე მითითებული ფასების მიხედვით. მიუთითებს, რომ აღნიშნული მიდგომა არის არარელევანტური, რადგან შემოწმების მომენტისთვის ზემოაღნიშნული ქონებების საბაზრო ღირებულება განსხვავებულია რეალური ღირებულებისაგან.

 აცხადებს, რომ ქონების შეფასებისას საგადასახადო შემოწმებამ მხედველობაში მიიღო შემოწმების პროცესში მისი მეუღლის სახელზე რიცხული უძრავი ქონება. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 თებერვლის განჩინებით მოხდა ---ისა და მისი მეუღლის ---ს განქორწინება. მიუთითებს, რომ ნახსენები გადაწყვეტილებით ქონების ნახევარი მიკუთვნებული აქვს ფ/პ ---ს და 2021 წლის 24 თებერვლიდან დასაბეგრი ქონების ნახევარი არ უნდა გამოყენებულიყო დაბეგვრის მიზნებისთვის.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი ითხოვს უძრავი ქონების შეფასების შესახებ ექსპერტიზის დასკვნისა და ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2021 წლის 24 თებერვლის განჩინების წარმოსადგენად ვადის მიცემას. აცხადებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი გახდება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის პირველი აგვისტოს №18871 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020, 2021 და 2022 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 15 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 27 დეკემბრის №33265 ბრძანება და ამავე თარიღის №006-725 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 221 707 ლარი, მათ შორის, გადასახადი 114 816 ლარი, ჯარიმა 57 408 ლარი, საურავი 49 483 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:

საგადასახადო შემოწმების მიერ გაანალიზებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული ფ/პ ---ს (ს/ნ ---) და მისი მეუღლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ასევე, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა მათ საკუთრებაში რეგისტრირებული მოძრავი ქონება, სატრანსპორტო საშუალებები (სეს ესნ 8703). აღნიშნულის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს და მის მეუღლეს შესამოწმებელ პერიოდში ----------, ----------, ---------- და ---------- გააჩნიათ უძრავი ქონება, ასევე, სატრანსპორტო საშუალება (მსუბუქი ავტომანქანა).

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ ფ/პ---ისა და მისი მეუღლის ყოველწლიური შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში აჭარბებს 100 000 ლარიან ზღვარს. ასევე, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, რომლის თანახმადაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციები, რომლებშიც მონაცემები არასრულყოფილადაა შეტანილი. იმის გათვალისწინებით, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელისა და მის მეუღლეს საკუთრებაში გააჩნიათ რამდენიმე ათეული უძრავი ქონება (საცხოვრებელი სახლები). ფ/პ ---ს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისა და ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის საბაზრო ღირებულებების დადგენის მიზნით, შემოწმების მიერ გაანალიზებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში მათზე რეგისტრირებული ნასყიდობების ხელშეკრულებები, ასევე მათ მომიჯნავე ტერიტორიაზე იდენტური მახასიათებლების მქონე უძრავ ქონებებზე შესამოწმებელ პერიოდში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული ნასყიდობის ხელშეკრულებები. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს გააჩნია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებები, რომლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნითაც შემოწმებამ იხელმძღვანელა ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ელექტრონულ პლატფორმებზე რეგისტრირებული იდენტური მახასიათებლის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გაცხადებული ფასების მიხედვით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციით დაბეგრილი ქონების ღირებულება არსებითადაა შემცირებული მის რეალურ საბაზრო ღირებულებასთან შედარებით. შემოწმების მიერ გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის/მისი მეუღლის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რაზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 205-ე მუხლების საფუძველზე ფიზიკურ პირს დაერიცხა ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „გ.ა“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. ამავე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს და მისი მეუღლეს შესამოწმებელ პერიოდში საკუთრებაში უფიქსირდება ----------, ---------- ---------- და ---------- უძრავი ქონებები. ასევე, მათ საკუთრებაში ფიქსირდება სატრანსპორტო საშუალებები (მსუბუქი ავტომანქანა).

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დადგინდა, რომ ფ/პ ---სა და მისი მეუღლის ყოველწლიური შემოსავლები შესამოწმებელ პერიოდში აჭარბებს 100 000 ლარს, რაზეც გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილია ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციები, რომლებშიც მონაცემები არასრულყოფილადაა შეტანილი. შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ნასყიდობების ხელშეკრულებების, ასევე მათ მომიჯნავე ტერიტორიაზე იდენტური მახასიათებლების მქონე უძრავ ქონებებზე შესამოწმებელ პერიოდში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული ნასყიდობის ხელშეკრულებების მონაცემების საფუძველზე, ხოლო მსუბუქ ავტომობილებზე ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ელექტრონულ პლატფორმებზე რეგისტრირებული იდენტური მახასიათებლის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გაცხადებული ფასების მიხედვით. შედეგად, დადგინდა, რომ ქონების გადასახადის დეკლარაციით დაბეგრილი ქონების ღირებულება არსებითადაა შემცირებული მის რეალურ საბაზრო ღირებულებასთან შედარებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ განისაზღვრა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რომლის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები.

გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან, 2021 წლის 24 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე მეუღლესთან განქორწინების შედეგად მიკუთვნებული ქონების გადასახადით დაბეგვრასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ ფ/პ ---ის საგადასახადო ვალდებულებები 2020 და 2021 წლებში განისაზღვრა გადასახადის გადამხდელისა და მისი მეუღლე ფ/პ --- საკუთრებაში არსებული სრული ქონებების საფუძველზე. ამასთან, 2022 წლის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით შემოწმებამ იხელმძღვანელა გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული სრული ქონებების საფუძველზე, ხოლო აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ფ/პ ---ს ქონებები საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ განქორწინებამდე საანგარიშო პერიოდით (2 თვე).

აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზია საფუძველს მოკლებულია, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად. აგრეთვე, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დარიცხულ ქონების გადასახადს.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმებამ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით იხელმძღვანელა იდენტური უძრავი ქონების ხელშეკრულებებით, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების ღირებულების დასადგენად ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსებული მსგავსი ტიპის სატრანსპორტო საშუალებებზე მითითებული ფასების მიხედვით. მიუთითებს, რომ აღნიშნული მიდგომა არის არარელევანტური, რადგან შემოწმების მომენტისთვის ზემოაღნიშნული ქონებების საბაზრო ღირებულება განსხვავებულია რეალური ღირებულებისაგან. აცხადებს, რომ ქონების ღირებულების შესაფასებლად დანიშნულია ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდება თითოეული ქონების ღირებულება შემოწმების პერიოდისთვის. დროის სიმცირის გამო შეუძლებელი იყო ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა საჩივართან ერთად. მიუთითებს, რომ ექსპერტიზის დასკვნების წარმოდგენას შეძლებს უახლოეს მომავალში და ითხოვს მათ წარმოსადგენად ვადას.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის თაობაზე. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ ---ს (პ/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის თაობაზე;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მოთხოვნით დარიცხულ ქონების გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 15 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 27 დეკემბრის №33265 ბრძანება და ამავე თარიღის №006-725 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 221 707 ლარი, მათ შორის, გადასახადი 114 816 ლარი, ჯარიმა 57 408 ლარი, საურავი 49 483 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201; 202; 205 (12).