გადაწყვეტილება №19040/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.04.2023
№ დოკუმენტი 19040/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19040/2/2023

27.04.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ---ის 7.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19040/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 ივლისის №023-18 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 თებერვლის №2840 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 307 280 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 173 940

დღგ - 151 448

მიწა - არასასოფლო - 368

მიწის გადასახადი (სასოფლო) - 18

საშემოსავლო გადასახადი - 21 017

ქონების გადასახადი -1 088

ჯარიმა - 94 415

საურავი - 38 925

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 იანვრის №736 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა: გადასახადის გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები. შესაბამისად, შეუძლებელია დადგინდეს დაბეგვრის ობიექტი.

მეწარმის მიერ დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები. კერძოდ, სწორად და დროულად არ არის აღრიცხული შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, არ არის აღრიცხული ყველა ოპერაცია, რის გამოც შეუძლებელია კონტროლის განხორციელება მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალურ მეხსიერებაში და საბანკო ანგარიშიდან ამონაწერში არსებულ მონაცემებსა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახულ დასაბეგრ შემოსავალს შორის გამოვლინდა სხვაობები. კერძოდ, ჯამურად საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი შემცირებულია 371 519 ლარით, ხოლო დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემცირებულია 233 808 ლარით.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მეწარმის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ: შეძენილი საქონელი და ინვენტარიზაციით დადგენილი სასაქონლო ნაშთი დაჯგუფდა მსგავსი მახასიათებლების მიხედვით; ჯგუფზე დადგინდა ინვენტარიზაციის მომენტში არსებული ფასნამატი; დადგენილი ფასნამატების საფუძველზე განისაზღვრა საგადასახადო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის საკომპენსაციო თანხები, რომელიც გადანაწილდა შესაბამის თვეებზე საერთო ბრუნვის თანხაში შესაბამისი თვის ბრუნვის ხვედრითი წილის პროპორციულად. საგადახადო კოდექსის 90-ე, 160-ე და 161-ე მუხლების (2021 წლიდან 159-ე, 160-ე, 162-ე, 163-ე, 164-ე მუხლების) საფუძველზე, დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დასაბეგრ შემოსავალსა და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის სხვაობა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით და დღგ-ით დაბეგვრას.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 ივლისის №19353 ბრძანება და 21 ივლისის №023-18 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 307 280 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 19 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 16 თებერვლის №2840 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 73-ე, 61-ე, მე-100, 102- ე, 90-ე, 161-ე, 171-ე, 157-ე, 159-ე, 168-ე, 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები. შესაბამისად, შეუძლებელია დადგინდეს დაბეგვრის ობიექტი. ასევე, მეწარმის მიერ დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები. კერძოდ, სწორად და დროულად არ არის აღრიცხული შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, არ არის აღრიცხული ყველა ოპერაცია, რის გამოც შეუძლებელია კონტროლის განხორციელება მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალურ მეხსიერებაში და საბანკო ანგარიშიდან ამონაწერში არსებულ მონაცემებსა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახულ დასაბეგრ შემოსავალს შორის გამოვლინდა სხვაობები. კერძოდ, ჯამურად საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი შემცირებულია 371 519 ლარით, ხოლო დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემცირებულია 233 808 ლარით. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის მიმართ გამოწერილია 9 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ შესყიდული საქონლის ღირებულება შეადგენს 1 361 817 ლარს, საკონტროლო-სალარო აპარატის მიხედვით შემოსავალი შეადგენს 903 600 ლარს, ხოლო საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით შემოსავალი შეადგენს 560 486 ლარს. ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2021 წლის 9 აგვისტოს №25914 ბრძანების საფუძველზე, მეწარმესთან ჩატარდა სმფ-ების სრული ინვენტარიზაცია.

აღწერილ იქნა 955 დასახელების საქონელი, რომლის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 108 841 ლარის ოდენობით. ინვენტარიზაციის მომენტში საგადასახადო დოკუმენტებში აღრიცხული საქონლის მიხედვით საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 25.4%. ასევე, ინვენტარიზაციის შედეგად გადამხდელს გამოუვლინდა 19 654 ლარის საბაზრო ღირებულების აღურიცხავი საქონელი. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესში არ იქნა წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების მიერ გავრცელებული ფასნამატი - 25.9% მომჩივნის საქმიანობის რეალური სურათისგან ძალიან განსხვავებულია. აღნიშნული საკითხი დასმული ჰქონდა შემოსავლების სამსახურში, რაზეც მიიღო უარი, სადაც შინაარსობრივად განმარტებულია, რომ არგუმენტები დაუსაბუთებელია იქიდან გამომდინარე, რომ საჩივარს თან არ ჰქონდა დართული არგუმენტები. მომჩივანი ელოდა დავის პროცესში ჩართვას, სადაც შესაბამისი არგუმენტების წარდგენის საშუალება მიეცემოდა. აღნიშნულ დავაზე არ მიეცა ჩართვის საშუალება, ფიზიკურად გადამხდელის მონაწილეობის გარეშე განიხილა შემოსავლების სამსახურმა სადაო საკითხი და არ მოუსმენია მხარის არგუმენტები.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტიდან გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია, სადაც ითხოვდა: 1) შემოწმების გაანგარიშების ცხრილებს, საიდანაც აქტით დარიცხული თანხების გაშიფვრა იქნება შესაძლებელი; 2) ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, სადაც გაირკვევა თუ რა პრინციპით გაიანგარიშა ფასნამატი შემმოწმებელმა; 3) 25.9% ფასნამატის იდენტიფიცირებისას დეტალურად თუ რამდენმა ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა ფასნამატში, სადაც იდენტიფიცირებული იქნება თითოეული ჯგუფის ფასნამატი და ამავე ჯგუფის ბრუნვა დასაბეგრ შემოსავალში. ზემოთაღნიშნულ გამოთხოვილ ინფორმაციაზე ჯერჯერობით პასუხი არ მიუღია აუდიტის დეპარტამენტიდან. აღნიშნულ წერილს თან ურთავს საჩივარს დანართის სახით. ასევე, შესაბამისი ინფორმაცია მოითხოვა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტიდან, რაზეც ჯერჯერობით პასუხი არ მიუღია. აღნიშნულ წერილს თან ურთავს საჩივარს დანართის სახით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნისთვის გაურკვეველია შემმოწმებელმა როგორ გამოიყვანა 25.9 %-იანი ფასნამატი. ასევე, აუდიტორს მეწარმის დოკუმენტური ფასნამატი უგულებელყოფილი აქვს და შესწავლილი რომ ჰქონდეს ვერანაირად ვერ მიიღებდა ზემოთხსენებულ 25.9%-ს, ვინაიდან სრულ შესამოწმებელ პერიოდზე საქონლის შეძენა/რეალიზაციაში 20%-მდე უჭირავს სიგარეტის მოცულობას, რაზეც ფასნამატი 7- 9% -ია, ანალოგიურად ნავთობპროდუქტების შეძენა/რეალიზაციას, რომლის მოცულობაც შეძენა/რეალიზაციაში 50%-მდეა და ფასნამატი 10-13%- მდე არის, დანარჩენი კი საყოფაცხოვრებო ნივთებს და სურსათს, სადაც ფასნამატი 15-18%-მდე მერყეობს. აღნიშნულის დასტურად წარმოადგენს შესაბამისი დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებას დანართის სახით.

დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით, მომჩივანი ითხოვს მიეცეს საშუალება აუდიტორებთან ერთად გაიარონ საკითხები. მომჩივნის მიერ გამოთქმული პოზიციის გათვალისწინებით, კორექტირებას უნდა დაექვემდებაროს საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დამატებით დარიცხული გადასახადები.

მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას და პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირებას შემცირების გზით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახდო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონით დადგენილი წესით და მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალურ მეხსიერებაში და საბანკო ანგარიშიდან ამონაწერში არსებულ მონაცემებსა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახულ დასაბეგრ შემოსავალს შორის გამოვლინდა სხვაობები. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში მომჩივნის მიმართ შედგენილია 9 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ შესყიდული საქონლის ღირებულება შეადგენს 1 361 817 ლარს, საკონტროლო-სალარო აპარატის მიხედვით შემოსავალი შეადგენს 903 600 ლარს, ხოლო საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით შემოსავალი შეადგენს 560 486 ლარს. ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2021 წლის 9 აგვისტოს №25914 ბრძანების საფუძველზე, მეწარმესთან ჩატარდა სმფ-ების სრული ინვენტარიზაცია. აღწერილ იქნა 955 დასახელების საქონელი, რომლის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 108 841 ლარით. ინვენტარიზაციის მომენტში საგადასახადო დოკუმენტებში აღრიცხული საქონლის მიხედვით საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 25.4%.

მომჩივნის არგუმენტაციასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს:

- შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 2 თებერვალს გამართულ სხდომაზე გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით განიხილა საჩივარი, თუმცა მეწარმემ ვერანაირი არგუმენტი ვერ წარადგინა. შესაბამისად, მომჩივანი წარმოადგენს მცდარ ინფორმაცის, როდესაც აცხადებს, რომ არ მიეცა დავაზე ჩართვის საშუალება და შემოსავლების სამსახურმა ფიზიკურად გადამხდელის მონაწილეობის გარეშე განიხილა საჩივარი (აღნიშნული დასტურდება საოქმო და ვიზიტორთა რეესტრში არსებული ჩანაწერებით);

- საგადასახადო მოთხოვნა გამოიცა 2022 წლის 21 ივლისს, თუმცა გადასახადის გადამხდელი 2023 წლის 6 მარტამდე არ დაინტერესებულა დეტალებით და მონაცემების გამოთხოვის მიზნით არ მიუმართავს აუდიტის დეპარტამენტისთვის. მომჩივნის მიერ აუდიტის დეპარტამენტში 2023 წლის 6 მარტს გაგზავნილი განცხადების საპასუხოდ მეწარმეს 2023 წლის 11 მარტს გაეგზავნა მოთხოვნილი მონაცემები, თუმცა შენიშვნები ამ დროისთვის აუდიტის დეპარტამენტში არ არის წარდგენილი;

- შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ ერთ ფიზიკურ და ორ იურიდიულ პირზე გამოწერილი არის სულ 10 ერთეული სასაქონლო ზედნადები, რომლის ჯამური თანხა შეადგენს 13 122 ლარს. აღნიშნული სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებულია მხოლოდ სამშენებლო მასალები. საგულისხმოა, რომ საჩივარზე თანდართულ ცხრილში, რომლითაც მომჩივანი ცდილობს დაადასტუროს საყოფაცხოვრებო ნივთებზე და სურსათზე არსებული დაბალი ფასნამატი, მხოლოდ ამ სასაქონლო ზედნადების მცირე ნაწილია ასახული (6 488 ლარი);

- საჩივარზე თანდართულ მეორე ცხრილში ასახულია მხოლოდ მეწარმის მიერ სასაქონლო ზედნადებებით შესყიდული საქონლის მონაცემები, რომელიც მხოლოდ გადასახადის გადამხდელის არაკეთილსინდისიერ ქმედებას ადასტურებს, რადგან ცხრილში სასაქონლო ზედნადების მონაცემები არ არის სრულად ასახული (95 312 ლარის ღირებულების საქონლის შეძენა არ არის ასახული); - შესამოწმებელ პერიოდში მთლიან შეძენაში სიგარეტს უკავია არა 20%, არამედ 6,52%; - შესამოწმებელ პერიოდში მთლიან შეძენაში ნავთობპროდუქტებს უკავია არა 50%, არამედ 26,42%;

- შესამოწმებელ პერიოდში მთლიან შეძენაში სამშენებლო მასალებს უკავია 22,63%, რომელსაც გადასახადის გადამხდელი საერთოდ არ ახსენებს;

- მეწარმისგან 2022 წლის 18 იანვარს №21-14/4104 შეტყობინებით გამოთხოვილ იქნა სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ცნობა საბანკო დაწესებულებებში გახსნილი ანგარიშების შესახებ, აღნიშნული ანგარიშებიდან ამონაწერები ბანკის მიერ დამოწმებული სახით და ამ ანგარიშებიდან ამონაწერის ელექტრონული ვერსია, ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის მონაცემთა ბაზა. შეტყობინებას და შემოწმების ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2022 წლის 18 იანვარს, თუმცა მოთხოვნილი მონაცემები არ წარადგინა. მომჩივნის მიერ განმეორებით არ შესრულდა საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვალდებულებები, რისთვისაც 2022 წლის 1 თებერვალს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №185105. 31.01.2022 წლის №21-14/8052 შეტყობინებით კვლავ იქნა გამოთხოვილი მონაცემები, რომელიც რეაგირების გარეშე იქნა დატოვებული;

- მომჩივნის მოთხოვნა არ არის მტკიცებულებებით გამყარებული და დაფუძნებულია მცდარ ინფორმაციაზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მეწარმის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახულ დასაბეგრ შემოსავალს შორის გამოვლინდა სხვაობები. კერძოდ, ჯამურად საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი შემცირებულია 371 519 ლარით, ხოლო დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემცირებულია 233 808 ლარით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304 (1გ); 136; 73; 100; 102; 2021 წლამდე მოქმედი 161; 159; 168