გადაწყვეტილება №10905/2/2020

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.09.2020
№ დოკუმენტი 10905/2/2020
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№10905/2/2020

25.09.2020

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს -------- (ს/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 25.09.2020 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს ----- ს 11.08.2020 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №10905/2/2020).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები:

- თანამშრომლებსა და სხვა პირებზე გაწეული სასტუმროს მომსახურების უსასყიდლო მომსახურებად განხილვა და საბაზრო ფასის განსაზღვრის პრინციპი;

- თანამშრომლებზე უსასყიდლოდ მიწოდებული კვების და სხვა ხარჯების, ასევე 50%-იანი ფასდაკლებით მიწოდებული საკვები პროდუქტის სარგებლად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1.აუდიტის დეპარტამენტის 25.02.2020 წლის №005-23 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2.შემოსავლების სამსახურის 27.07.2020 წლის №21222 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 742 067 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 215 559 ლარი

მოგების გადასახადი - 5 289 ლარი საშემოსავლო გადასახადი - 296 245 ლარი უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ - 218 ლარი ბუნებ. რესურ. სარგ. მოსაკრებელი - 420 ლარი ქონების გადასახადი - 47 517 ლარი

ჯარიმა - 170 798 ლარი

საურავი - 6 021 ლარი

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სს ----- ს 1.01.2014 წლიდან 12.06.2017 წლამდე საანგარიშო პერიოდის საგადასახადო შემოწმება, რაზეც 2017 წლის 4 დეკემბერს შედგა შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან მიმართებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

- გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში უსასყიდლო სასტუმრო მომსახურებას უწევს თანამშრომლებს და სხვა პირებს. სასტუმროს ნომრების მნიშვნელოვან ნაწილს აღრიცხავს, როგორც მწყობრიდან გამოსულს, მათ შორის დროის დიდი მონაკვეთის განმავლობაში.

გადამხდელს აღნიშნული მომსახურება საბაზრო ფასით არ აქვს ერთობლივ შემოსავალში ასახული, არ აქვს ჩართული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში და თანამშრომლების შემთხვევაში არ განიხილავს ხელფასად. გარკვეულ საანგარიშო პერიოდებში სასტუმროში მცხოვრებ თანამშრომლებზე უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებას განიხილავს და ბეგრავს თვიურად 300 ლარს.

შემოწმებით ერთობლივი შემოსავალი დაექვემდებარა გაზრდას. ნომრების უსასყიდლოდ გადაცემა საცხოვრებლად თანამშრომლებისთვის და სხვა პირისთვის დაექვემდებარა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში ასახვას საბაზრო ფასით, რამაც გამოიწვია დამატებით თანხების დარიცხვა დღგ- ში.

უსასყიდლო მომსახურების გაწევა თანამშრომლებისთვის ასევე ჩაითვალა სარგებლად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.

- გადასახადის გადამხდელს, შიდა საოპერაციო პროგრამით, აღრიცხული აქვს თანამშრომლებზე უსასყიდლოდ გაწეული კვების და სხვა ხარჯები, რომელსაც 2015 წლის შემდგომ (თანამშრომლებისათვის მიწოდებულ საქონელს/მომსახურებას) აღარ ბეგრავს დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით.

თანამშრომლებზე მიწოდებული საქონელი/მომსახურება შემოწმებით დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

ამასთან, უსასყიდლო მომსახურების გაწევა თანამშრომლებისთვის ჩაითვალა სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, რამაც გამოიწვია დამატებით თანხების დარიცხვა საშემოსავლო გადასახადში.

- გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციით დადგინდა, რომ დაქირავებული პირები სარგებლობენ 50%-იანი ფასდაკლებით სასტუმროში არსებულ დაწესებულებებში საკვები პროდუქტების შეძენის დროს. აღნიშნული ფასდაკლება გადამხდელს განხილული არ აქვს როგორც დაქირავებულის სარგებელი.

დაქირავებული თანამშრომლებისათვის მომსახურების გაწევა შემოწმებისას საგადასახადო ორგანომ განიხილა საბაზრო ფასით მიწოდებად და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

თანამშრომლებზე მიწოდებული საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასსა და ფასდაკლებულ ღირებულებას შორის სხვაობა ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2017 წლის №32951 ბრძანება და №005-290 საგადასახადო მოთხოვნა, გადამხდელს დაერიცხა სულ 910 600.5 ლარი (გადასახადი 589 284 ლარი, ჯარიმა 319 982 ლარი, საურავი 1 334.5 ლარი) და გადასახადი, რომლის გადახდის ვადა საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის მომენტისათვის არ დამდგარა 47 517 ლარი (ქონების გადასახადი).

გადამხდელმა საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 11.07.2018 წლის №17812 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მაგრამ სადავო საკითხების ნაწილში საჩივარი არ დააკმაყოფილა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ თანამშრომლებსა და სხვა პირებზე გაწეული სასტუმრო მომსახურების უსასყიდლო მომსახურებად განხილვა და საბაზრო ფასის განსაზღვრის პრინციპები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე აღნიშნა, რომ თანამშრომლებზე უსასყიდლოდ მიწოდებული კვების და სხვა ხარჯების სარგებლად განხილვა და აღნიშნულის გათვალისწინებით განხორციელებული დარიცხვის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

შემოსავლების სამსახურის 11.07.2018 წლის N 17812 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 20.09.2019 წლის (№6394/2/2018) გადაწყვეტილებით, მიიჩნია, რომ დამატებით შესწავლას მოითხოვს საბაზრო ფასის გამოყენების საკითხი და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა საჩივარი და 25.10.2019 წლის №37113 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაავალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20.09.2019 წლის გადაწყვეტილების შესაბამისად, საბაზრო ფასის გამოყენებისა და თანამშრომლებზე უსასყიდლოდ მიწოდებული კვების და სხვა ხარჯების, ასევე 50%-იანი ფასდაკლებით მიწოდებული საკვები პროდუქტის სარგებლად განხილვის საკითხების შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 25.10.2019 წლის №37113 ბრძანების აღსრულების საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები სადავო საკითხების ნაწილში არ დაექვემდებარა კორექტირებას, გამოიცა 25.02.2020 წლის №005-23 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა სულ 742 066.6 ლარით.

გადასახადის გადამხდელმა კვლავ საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს და გაასაჩივრა კორექტირებული საგადასახად მოთხოვნა, რომელმაც 27.07.2020 წლის №21222 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 14 თებერვალს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირებას არ დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები.

დასკვნის მიხედვით დადგენილია, რომ საკითხის ხელახალი შესწავლით არ გამოვლინდა დამატებითი გარემოებები, რაც გავლენას იქონიებდა 2017 წლის 4 დეკემბრის აქტში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აუდიტორის შეფასებით ნაწილზე, ასევე თანხობრივ გადაანგარიშებაზე. შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლით არ გამოვლინდა სათანადო საფუძველი დარიცხული თანხების შესამცირებლად.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი სადავო საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს:

- სასტუმრო კომპლექსი ტერიტორიულად მდებარეობს ----- ში. სასტუმრო კომპლექსის წარმატებულად ფუნქციონირების მიზნით, კომპანიის მიერ შემოყვანილ იქნა სასტუმროების საერთაშორისო ქსელი „-----“ და ამ ბრენდის სახელით/ქვეშ ხორციელდებოდა სასტუმროს ოპერირება. საერთაშორისო ბრენდით სარგებლობის ფარგლებში, კომპანიას ვალდებულება ჰქონდა სასტუმროს ოპერირებისას გამოეყენებინა „-----“-ის მიერ დადგენილი სტანდარტები და ამ სტანდარტების გამოყენებით მოეხდინა კლიენტებისათვის შესაბამისი ხარისხის სერვისის მიწოდება. აღნიშნული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების მოტივით იყო განპირობებული კომპანიის მიერ, გარდა ადგილობრივებისა, უცხოელი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (ძირითადად დიდ ქალაქებში) მცხოვრები ფიზიკური პირების დაქირავება, რომლებსაც ჰქონდათ აღნიშნულ ქსელში ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და შესაბამისი კვალიფიკაცია.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ---- მი წარმოადგენს ტურისტულ ზონას და აღნიშნულის გათვალისწინებით, რიგ შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია თანამშრომელთა დიდი რაოდენობის მიერ საცხოვრებელი ფართების გრძელვადიანი პერიოდით ქირით აღება, ხოლო ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში, აღნიშნული დაკავშირებულია თანამშრომელთა მიერ არაგონივრული ხარჯების გაწევასთან. მეორე მხრივ, კომპანიის საქმიანობის, კერძოდ სასტუმროს მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია მომსახურე პერსონალი მუდმივად იყოს სასტუმროს ტერიტორიაზე, ვინაიდან სასტუმრო მომსახურებას თავის კლიენტებს უწევს 24 საათიან რეჟიმში და დაქირავებულის მიერ სასტუმროსგან მოშორებით საცხოვრებელი ფართის დაქირავების შემთხვევაში, საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით გადაადგილება დროის არაეფექტურ და არაგონივრულ ხარჯვასთან იქნებოდა დაკავშირებული.

საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში კომპანიის მიერ თანამშრომლების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა საერთოდ არ უნდა იქნეს განხილული როგორც სამეურნეო ოპერაცია (მომსახურების მიწოდება), ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს დაქირავებულების სამუშაო პირობებით უზრუნველყოფის შემადგენელ ნაწილს და განპირობებულია დამქირავებლის საქმიანობის სპეციფიკის და სასტუმროს ადგილმდებარეობიდან გამომდინარე.

ამასთან აღსანიშნავია, რომ შემოწმებისას საგადასახადო ორგანოს მიერ სასტუმროს მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრა დღეში 250 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე დაყრდნობით გამოანგარიშდა დასაბეგრი ბაზა და შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადის, მოგების გადასახადის და დღგ-ის ნაწილში.

გასათვალისწინებელია, რომ 250 ლარი წარმოადგენდა სასტუმროს მიერ კლიენტებისთვის მისაწოდებელი მომსახურების სტანდარტულ ღირებულებას. აღნიშნული თანხის გადახდის შემთხვევაში, გარდა ნომერში განთავსებისა, სასტუმრო თავის მომხმარებლებს სთავაზობს ნომერში განთავსებასთან დაკავშირებულ ისეთ სერვისებს, როგორიცაა ოთახის ყოველდღიური დასუფთავება, თეთრეულის გამოცვლა, ჰიგიენის საშუალებებით უზრუნველყოფა, 24 საათიანი სერვისი, სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურით სარგებლობა, როგორიცაა სპა ცენტრი, სამკურნალო ცენტრი, რესტორანი, კაფე-ბარი, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ჩოგბურთის, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნები და სხვა. აღსანიშნავია, რომ სასტუმროში განთავსების ღირებულების არსებითი ნაწილი ფორმირდება სწორედ დამატებითი სერვისების და სასტუმროში ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურის შემადგენელი ელემენტების საფუძველზე.

იმის გათვალისწინებით, რომ დაქირავებული პირები სამუშაო დღის განმავლობაში ასრულებდნენ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, ბუნებრივია ისინი ვერ სარგებლობდნენ აღნიშნული სერვისებით. ამასთან, ბიზნესის თვალსაზრისით, ასევე მომხმარებელთა სერვისის სფეროში დამკვიდრებული სტანდარტების გათვალისწინებით, გაუმართლებელი და აზრს მოკლებულია პერსონალის მიერ შრომითი ვალდებულებების შესრულების პარალელურად სასტუმროს სერვისებით სარგებლობა.

დამკვიდრებული საგადასახადო პრაქტიკაც ადასტურებს, რომ გარკვეულ გარემოებებში დაქირავებული პირების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არ შეიძლება ჩაითვალოს მათთვის საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად. დავების განხილვის საბჭოს მიერ №5758 საჩივართან დაკავშირებით 2013 წლის 21 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ტურისტულ ზონაში სასტუმროს მიერ დაქირავებული პირების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა არ ითვლება მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად და ამ პირების სარგებლად, ვინაიდან, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში არ ხდება საქონლის/მომსახურების მიწოდება. დავების განხილვის საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო იმის გათვალისწინებით, რომ სასტუმრო მდებარეობდა ტურისტულ ზონაში (გუდაური) და ამ ტერიტორიაზე ტურისტულ სეზონზე ბინის ქირაობა დაქირავებული პირების მიერ დაკავშირებული იქნებოდა გაუმართლებელ ხარჯებთან. გარდა ამისა, სასტუმროს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია მომსახურე პერსონალი იყოს სასტუმროს ტერიტორიაზე, ვინაიდან სასტუმრო მომსახურებას თავის კლიენტებს უწევს 24 საათიან რეჟიმში.

მოცემულ შემთხვევაში სწორედ მსგავს გარემოებასთან გვაქვს საქმე და ამიტომ მიგვაჩნია, რომ კომპანიის მიერ დაქირავებულების სასტუმროში არსებული საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა არ წარმოადგენს 102-ე მუხლის მე-2 და 161-ე მუხლის პირველი ნაწილებით, ასევე101-ე მუხლით გათვალისწინებულ მოგების გადასახადით, საშემოსავლო გადასახადით და დღგ-ით დაბეგვრის ობიექტს.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, თუ საბჭო მიჩნევს, რომ კომპანიის მიერ დაქირავებულების საცხოვრებლით უზრუნველყოფა განიხილება მათთვის მომსახურების მიწოდებად და დასაბეგრ ოპერაციად, მისი დაბეგვრა როგორც საშემოსავლო, ასევე მოგების გადასახადის და დღგ-ის მიზნებისათვის უნდა განხორციელებულიყო საბაზრო ფასით. შემოწმებისას საგადასახადო ორგანოს მიერ უგულებელყოფილი იქნა აღნიშნული პრინციპი და მის მიერ გამოყენებული ფასი არ ყოფილა საბაზრო.

კერძოდ, საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება იდენტურ ან მსგავს საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგებების საფუძველზე, ხოლო ამავე მუხლის მე-11 და მე-12 ნაწილების შესაბამისად, იდენტურად ან მსგავსად შესაძლებელია მივიჩნიოთ საქონელი/მომსახურება, რომელებსაც აქვთ ერთნაირი მახასიათებლები, ან შედგებიან მსგავსი კომპონენტებისაგან, რაც მათ საშუალებას აძლევს, განახორციელონ ერთი და იგივე ფუნქციები და იყვნენ კომერციულად ურთიერთშემცვლელი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ თანამშრომლების საცხოვრებლით უზრუნველყოფა და კლიენტებისათვის მიწოდებული სასტუმრო მომსახურება ვერ იქნება განხილული როგორც იდენტური ან მსგავსი მომსახურებები.

შესაბამისად, კომპანიის მიერ თანამშრომლების საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფაქტის უსასყიდლო მომსახურებად კვალიფიკაციის შემთხვევაშიც კი, საგადასახადო ორგანოს მიერ არასწორადაა შეფასებული გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი და არ იქნა მხედველობაში მიღებული საბაზრო ფასის განსაზღვრისათვის ზემოთ მოყვანილი სამართლებრივი ნორმებით დადგენილი მოთხოვნები.

კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უნდა გამოეყენებინა ბაზარზე არსებული იდენტური/მსგავსი საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი. მიგვაჩნია, რომ თანამშრომელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საბაზრო ფასის განსაზღვრისას საგადასახდო ორგანოს უნდა გამოეყენებინა ქ. ----- ში არსებული საცხოვრებელი ბინების გრძელვადიანი პერიოდით დაქირავების საბაზრო ფასები.

დაქირავებული პირების საცხოვრებლით უზრუნველყოფისას ამ მომსახურების საბაზრო ფასად - კლიენტებისთვის გაწეული სასტუმრო მომსახურების ღირებულების განხილვა ლოგიკას მოკლებულია იმის გამო, რომ ძირითად შემთხვევებში დაქირავებული პირების შრომითი ანაზღაურება ბევრად ნაკლებია შესაბამისი თვის მიხედვით საგადასახადო ორგანოს მიერ ამ პირების სარგებლად აღიარებულ თანხაზე (250 ლარი დღეში), ანალიზისათვის შევადაროთ 2015 და 2016 წლებში ისეთი თანამშრომლების შრომითი ანაზღაურება და ცხოვრების ხარჯი, რომელთაც თვის ჭრილში ყველაზე მეტი დღეები აქვთ ნაცხოვრები სასტუმროში. მაგალითისათვის, 2015 წელს ერთ-ერთი თანამშრომლის (რომელსაც თვეების მიხედვით აქვს სრული თვე ნაცხოვრები სასტუმროში) შრომითი ანაზღაურება (დარიცხული) იყო 4375 ლარი, მეორე თანამშრომლის საშუალოდ 6960 ლარი. სასტუმროში ნაცხოვრები დღეების რაოდენობის გათვალისწინებით ამ პირების მიერ მიღებული სარგებელი შეადგენს საშუალოდ თვეში 7500 ლარს (ნაცხოვრები დღეების რაოდენობა გამრავლებულია 250 ლარზე).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ საგადასახადო ორგანოს გაანგარიშებით დაქირავებული პირების მიერ მიღებული სარგებლის ოდენობა აღემატება მათი შრომითი ანაზღაურების მოცულობას. ამიტომ ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია უსასყიდლო მიწოდების საბაზრო ფასის და თანამშრომელთა სარგებლის გაანგარიშების მიზნით სასტუმროს ნომრების საფასურის გამოყენება.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, დამატებით შესწავლას მოითხოვდა საბაზრო ფასის გამოყენების საკითხი. გადაანგარიშების დასკვნაში აღნიშნულია, რომ არ გამოვლენილა დამატებითი გარემოებები, რის გამოც არ შეიცვალა აუდიტის შეფასება მოცემულ საკითხში. აუდიტის დეპარტამენტს საკითხის და არსებული ფაქტობრივი გარემოებების თავიდან შესწავლა არ განუხორციელებია. კომპანიის მიერ თანამშრომლების კვებით

უზრუნველყოფა, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფისანალოგიურად, საერთოდ არ უნდა იქნეს განხილული როგორც სამეურნეო ოპერაცია (მომსახურების მიწოდება), ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს დაქირავებულების სამუშაო პირობებით უზრუნველყოფის შემადგენელ ნაწილს და განპირობებულია დამქირავებლის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით.

სასტუმროს ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, კუთვნილი 1 საათიანი შესვენების პერიოდში ფაქტობრივად შეუძლებელია და დროითი რესურსის არაეფექტურ ხარჯვასთანაა დაკავშირებული დაქირავებულების მიერ დამოუკიდებლად კვება, რაც საბოლოოდ გავლენას მოახდენდა დასვენების პერიოდის ეფექტურად გამოყენებაზე და შესაბამისად აისახებოდა დაქირავებულების შრომის ნაყოფიერებაზე. კომპანიის გადაწყვეტილება თანამშრომლების კვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, მიმართულია სწორედ თანამშრომლების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდაზე, რაც საბოლოო ჯამში გავლენას ახდენს კომპანიის ბიზნესსაქმიანობაზე.

ამასთან, შემოწმების აქტით და შემმოწმებლისგან მიღებული გაანგარიშების ცხრილებით გაურკვეველია რა ფასი აქვს გამოყენებული საგადასახადო ორგანოს, თვითღირებულება თუ საბაზრო ფასი და თუ გამოყენებულია საბაზრო ფასი, არ ჩანს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის რომელი ნაწილის მიხედვით მოხდა მისი დადგება.

გასათვალისწინებელია, რომ თანამშრომლებისთვის სასტუმროში ცალკეა გამოყოფილი სასადილო ოთახი და საკვები პროდუქტების მიწოდება არ ხდება სასტუმროს მომხმარებლებისათვის განკუთვნილ რესტორანში. კომპანიის მიერ თანამშრომლების კვებით უზრუნველყოფის მიმართულება არ წარმოადგენს სასტუმროს შემოსავლის გენერირების წყაროს და განპირობებულია სამუშაო ძალის ეფექტურად გამოყენების აუცილებლობიდან გამომდინარე. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ თანამშრომლების მიერ საკვების შერჩევა არ ხდება მენიუს მიხედვით და მომსახურება არ მოიცავს რესტორნისთვის დამახასიათებელ ისეთ სერვისებს, როგორიცაა ტიპიური მიმტანის მომსახურება, გასართობი და შოუ პროგრამები და სხვა.

შესაბამისად, დაუშვებელია თანამშრომლებზე კვების მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს მიერ სასტუმროს რესტორნის ფასების/ფასნამატის გამოყენება, ვინაიდან თანამშრომლები არ სარგებლობენ სასტუმროს რესტორნის მომსახურებით და ფაქტები ადასტურებენ, რომ თანამშრომლებისათვის განკუთვნილი სასადილო მოკრძალებულია, მენიუც მინიმალისტურია და რადიკალურად განსხვავდება სასტუმროს რესტორნის მენიუსგან.მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს სასტუმროს თანამშრომლების სარგებლის გაანგარიშება უნდა მოეხდინა საკვები პროდუქტების თვითღირებულებით და არ უნდა გამოყენებულიყო სასტუმროს რესტორნის ფასები. შესაბამისად, თუ საგადასახადო ორგანოს მიერ თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფა დაექვემდებარა დაბეგვრას რესტორნის ფასების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები ექვემდებარება გადაანგარიშებას. რაც შეეხება თანამშრომლების მიერ 50 %-იანი ფასდაკლებით სარგებლობასთან დაკავშირებით დარიცხულ თანხებს, დარიცხვა განხორციელდა პროდუქტის სარეალიზაციო ფასის გათვალისწინებით, თუმცა უცნობია რა პრინციპის გამოყენებით მოხდა საგადასახადო ორგანოს მიერ დარიცხული თანხების დათვლა. კერძოდ, უცნობია როგორ მოხდა თანამშრომლებზე ფასდაკლებით რეალიზებული პროდუქციის იდენტიფიცირება და ამ პროდუქტის შესაბამისი ერთეულის თანამშრომლისთვის მიწოდების ფასის შედარება ამავე ერთეულის სარეალიზაციო ფასთან იმავე საანგარიშო პერიოდში. შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას წარმოადგინოს შესაბამისი არგუმენტაცია.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს თანამშრომლებზე უსასყიდლოდ მიწოდებული კვების და სხვა ხარჯების, ასევე 50%-იანი ფასდაკლებით მიწოდებული საკვები პროდუქტების სარგებლად განხილვის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). ამ ნაწილშიც აუდიტის დეპარტამენტს არ განუხორციელებია საკითხის თავიდან შესწავლა იმ მოტივით, რომ დამატებითი გარემოებები არ გამოვლენილა.

ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს ჰქონდა საკმარისი საფუძვლები თანხების შესამცირებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის დასკვნას და ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭოას მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 მაწილების თანახმად,2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არ არსებობის შემთხვევაში - მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

ამავე მუხლის მე-12 და მე-13 ნაწილების შესაბამისად, იდენტური საქონელი არის სხვადასხვა საქონელი, რომლებსაც აქვთ ერთნაირი მახასიათებლები, კერძოდ, ფიზიკური მახასიათებლები, ხარისხი, რეპუტაცია ბაზარზე, წარმოშობის ქვეყანა ან/და მწარმოებელი. ხოლო, მსგავსი საქონელი არის სხვადასხვა საქონელი, რომლებიც არ არიან იდენტური, მაგრამ აქვთ მსგავსი მახასიათებლები და შედგებიან მსგავსი კომპონენტებისაგან, რაც მათ საშუალებას აძლევს, განახორციელონ ერთი და იგივე ფუნქციები და იყვნენ კომერციულად ურთიერთშემცვლელი.

საბჭო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მსჯელობას, თანამშრომელთა სასტუმროში განთავსებისას საბაზრო ფასთან დაკავშირებით, რომ შემოწმებისას გამოყენებული იქნა ამავე სასტუმროს მინიმალური ფასი, რა ფასადაც იჯავშნებოდა ნომრები შედარებით დიდი პერიოდით (ფასდაკლებით).

ვინაიდან დამატებითი სერვისებით თანამშრომელთა სარგებლობის საკითხი შემოწმების და გადამხდელის ხელთ არსებული მტკიცებულებებით არც დასტურდება და არც გამოირიცხება.

ამდენად, მომჩივნის თანამშრომლებზე გაწეული სასტუმრო მომსახურების ნაწილში, საბჭოს არამართებულად მიაჩნია დაქირავებული პირების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მომსახურების საბაზრო ფასად დამქირავებლის სასტუმროში კლიენტებისთვის დაწესებული სასტუმრო მომსახურების ღირებულების გამოყენება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული განთავსების მომსახურების განმახორციელებელი პირების მიერ გამოყენებული შესაბამისი მომსახურების ფასების დადგენა და საშუალო ფასის გამოყენებით ამ ნაწილში გადამხდელზე დარიცხული თანხების კორექტირება.

ამასთან, მომჩივნის თანამშრომლებზე გაწეული კვების მომსახურების ნაწილში, საბჭოს მართებულად მიაჩნია აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაბეგვრა მოხდა თვითღირებულებიდან (ვინაიდან თანამშრომლებისათვის შედგენილია განსხვავებული მენიუ) და არა სარეალიზაციო ფასიდან. მოპასუხის განმარტებით, ამ ნაწილში არ მომხდარა არანაირი ფასნამატის გავრცელება ან თვითღირებულების გაზრდა დამატებითი სერვისებით ან ხარჯებით და აღებულია პროდუქციის შეძენის ფასები.

რაც შეეხება პერსონალისთვის 50%-იან ფასდაკლებას ადგილზე შეძენილ კვების პროდუქტებზე, მოპასუხის განმარტებით, თანხების გაანგარიშება მოხდა გადამხდელის მიერ მოწოდებული სააღრიცხვო მონაცემების ანალიზის შესაბამისად, სადაც მითითებული იყო თანამშრომლის მიერ 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობის ფაქტი და იძლეოდა მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისათვის შესაძლებლობას. ამდენად, აღნიშნული ინფორმაცია მიღებულია თვით მომჩივნიდან და მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 27.07.2020 წლის №21222 ბრძანება;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ თანამშრომლებზე გაწეული სასტუმრო მომსახურების ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.