გადაწყვეტილება №23745/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23745/2/2024
10 ოქტომბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ს 19.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23745/2/2024).
დავის საგანი:
1. საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 14.06.2024 წლის №001-107 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.07.2024 წლის №17732 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 95 347,87 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 61 444
ჯარიმა - 30 722
საურავი - 3 181,87
პროცედურული გარემოებები:
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 აპრილის №8231 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა, საწარმოს 1.01.2021 წლიდან 31.03.2024 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 7.06.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.06.2024 წლის №13948 ბრძანება და 14.06.2024 წლის №001-107 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.07.2024 წლის №17732 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებდა ბუღალტრულ პროგრამა ორისში. შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 7 570 064 ლარი, დეკლარირებულმა ხელფასმა - 448 863 ლარი, გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე დაბეგვრას დაქვემდებარებულმა განაცემებმა - 211 624 ლარი, ხოლო დივიდენდმა - 210 526 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, პირის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ანგარიშების ამონაწერების დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ საქვეანგარიშოდ დირექტორზე გაცემული თანხების ნაშთი იზრდებოდა 2023 წლის ოქტომბრიდან და 2024 წლის თებერვლის ბოლოსთვის შეადგენდა 248 992 ლარს. სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №9-ის შესაბამისად. შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვის (2024 წლის თებერვალი) საკასო შემოსავლის და საკასო ხარჯის ჯამმა (დღგ-ის ჩათვლით) შეადგინა 32 125 ლარი. სხვაობა საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ნაშთსა და საკასო შემოსავლის და ხარჯის ჯამის 10%-ს შორის აიგროსა და დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია, მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საქონლის შეძენას ახორციელებს --------- და ანგარიშსწორება ხორციელდება, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე საბანკო გადარიცხვის გზით. საქვეანგარიშოდ თანხა, რომელიც ასახულია ბუღალტერიაში რეალურად წარმოადგენს მომწოდებელ კომპანიაზე გადახდილ ავანსის თანხას. (წარმოადგინა, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, ასევე ბუღალტრული პროგრამა „---------“- დან ამოღებული პდფ და ექსელის ფაილები, კომპანია “---------”-ის და ანგარიშვალდებული პირის (დირექტორი) ბარათები). ასევე, წარმოადგინა, მათსა და მომწოდებელს შორის შედგენილი ურთიერთშედარების აქტი, რის საფუძველზეც დგინდება გადახდილი ავანსის რეალობა. საწარმოს გაცემული აქვს, როგორც ხელფასები, ასევე სხვადასხვა განაცემები (რომლებიც იბეგრება საშემოსავლო გადასახადით). ასევე, კომპანიას გაცემული აქვს დივიდენდები ჯამში 871 013 ლარის, რაც გამომდინარე იქიდან, რომ შემოსავალი მიღებული აქვთ ტენდერების გზით, (მისაღები მოგება და სახელფასო ხარჯი 8- 10%-ს მთლიან შემოსავალში), სავსებით რეალურია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საქვეანგარიშოდ დირექტორზე გაცემული თანხების ნაშთი იზრდებოდა 2023 წლის ოქტომბრიდან და 2024 წლის თებერვლის ბოლოსთვის შეადგენდა 248 992 ლარს. სალაროში არსებულ ნაღდის ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №9-ის შესაბამისად. სხვაობა საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ნაშთსა და საკასო შემოსავლის და ხარჯის ჯამის 10%-ს შორის დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივანი განმარტავს, რომ საქვეანგარიშოდ თანხა, რომელიც ასახულია ბუღალტერიაში რეალურად წარმოადგენს მომწოდებელ კომპანიაზე გადახდილ ავანსის თანხას. (წარმოადგინა, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, ასევე ბუღალტრული პროგრამა „--------“-იდან ამოღებული პდფ და ექსელის ფაილები, კომპანია “----------”-ის და ანგარიშვალდებული პირის (დირექტორის ბარათები). ასევე, წარმოადგინა, მათსა და მომწოდებელს შორის შედგენილი ურთიერთშედარების აქტი, რის საფუძველზეც დგინდება გადახდილი ავანსის რეალობა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე ზეპირი მოსმენისას განაცხადა, რომ წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა არ შეცვალა შემოწმების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, მომჩივანი აღიარებდა აღნიშნულ შემოწმებას და ითხოვდა, რომ დირექტორზე გაცემულ ხელფასად არ განეხილათ, ვინაიდან საწარმოს დირექტორს წარმოეშვებოდა ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტის 14.06.2024 წლის №001-107 საგადასახადო მოთხოვნით, გარდა საშემოსავლო გადასახადისა დამატებით დაეკისრა - 33 903,87 ლარი, მათ შორის ჯარიმა - 30 722 ლარი და საურავი - 3 181,87 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ, მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხების შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, პირის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ანგარიშების ამონაწერების დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ საქვეანგარიშოდ დირექტორზე გაცემული თანხების ნაშთი იზრდებოდა 2023 წლის ოქტომბრიდან და 2024 წლის თებერვლის ბოლოსთვის შეადგენდა 248 992 ლარს. სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №9-ის შესაბამისად. შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვის (2024 წლის თებერვალი) საკასო შემოსავლის და საკასო ხარჯის ჯამმა (დღგ-ის ჩათვლით) შეადგინა 32 125 ლარი. სხვაობა საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ნაშთსა და საკასო შემოსავლის და ხარჯის ჯამის 10%-ს შორის აიგროსა და დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
გადაწყვეტილება
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);275(2);270(1);272(1);