გადაწყვეტილება №20226/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.10.2023
№ დოკუმენტი 20226/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 20226/2/2023

02 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----------- 10.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20226/2/2023).

 

დავის საგანი:

დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.05.2023 წლის ID:----------- გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 16.06.2023 წლის №13637 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2006 წლის 16 ნოემბრიდან, ხოლო დღგის გადამხდელად 2018 წლის 23 მაისს. დღეის მდგომარეობით ეკონომიკურ საქმიანობას არ ახორციელებს და საინფორმაციო ბარათშიც მითითებულია სტატუსი „უმოქმედო“.

2023 წლის 27 აპრილს მომჩივანმა, საგადასახადო ორგანოს წარუდგინა ID:----------- განცხადება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ.

აღნიშნული განცხადების საფუძველზე გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, 2023 წლის 2 მაისს განხორციელდა კომუნიკაცია გადასახადის გადამხდელთან. მისი განმარტებით 2019 წლის ივლისის შემდგომ ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებს. ასევე, 2020 წლის 20 მაისს წარმოდგენილია ID: ---------- განცხადება საქმიანობის შეჩერების შესახებ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელს გასს-ის მიხედვით უფიქსირდება დასადასტურებელი ანგარიშ-ფაქტურები 2019 და 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე. 2019 წლის დასადასტურებელი ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის ჯამი შეადგენდა 2 217,66 ლარს, ხოლო 2022 წელს მიღებული დასადასტურებელი ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის ჯამი შეადგენდა 594,92 ლარს.

გადასახადის გადამხდელს განემარტა, რომ საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. ხოლო 2022 წელს მიღებული ფაქტურების დღგ-ის თანხა არ უკავშირდება მის ეკონომიკურ საქმიანობას.

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მხრიდან მიღებული ინფორმაციით და ანალიზის შედეგად არ გამოიკვეთა გადასახადის გადამხდელისთვის კვალიფიციური სტატუსის მინიჭების საჭიროება, რომლითაც დადასტურდებოდა დღგ-ის ოპერაციების ამსახველი დოკუმენტების გამოწერა/დადასტურება.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალიწინებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.05.2023 წლის ID:----------გადაწყვეტილებით მომჩივანს უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.

მომჩივანმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.06.2023 წლის №13637 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 16.02.2022 წლის №3751 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის პირველი მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე და მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარი (2023 წლის 8 მაისის ID:---------- გადაწყვეტილება) შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2020 წლის თებერვალში რეალიზაციის მიზნით მამამისისგან ჩუქების ხელშეკრულებით გადაეცა 54.9 კვ.მ. ავტოფარეხი. ავტოფარეხი და საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა ოჯახის საკუთრებას. შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო ოჯახმა გადაწყვიტა თბილისში ქონების გაყიდვა. ვინაიდან მამამისი, ------------- უმეტესად იმყოფებოდა საზღვარგარეთ, თვითონ ვერ განახორციელებდა რეალიზაციის პროცედურებს ამდენად, 2021 წლის ივლისში იურიდიულად ავტოფარეხი გაყიდა ------------. უძრავი ქონების, მათ შორის ავტოფარეხების, ან სხვა ქონების რეალიზაცია არასდროს წარმოადგენდა ------------- სამეწარმეო საქმიანობას. მან მხოლოდ ერთხელ მოახდინა ოჯახის საკუთრების რეალიზების პროცედურა და ისიც მხოლოდ იურიდიულ/ტექნიკურ ნაწილში წარმოადგენდა გამყიდველ-მხარეს. მას ამ დროს ფაქტობრივად შეჩერებული ჰქონდა სხვა ეკონომიკური საქმიანობაც და ყოველგვარ ლოგიკას იყო მოკლებული მის ეკონომიკურ საქმიანობად ავტოფარეხის რეალიზაციის განხილვა.

საგადასახადო შემოწმების შედეგად იგი განხილულ იქნა დღგ-ის გადამხდელად და 2022 წლის 28 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 13870 ლარი, მათ შორის: გადასახადი 8237 ლარი, ჯარიმა 4118.5 ლარი. შემდგომში, შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროში გასაჩივრების შედეგად, ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭომ გააუქმა დარიცხული ჯარიმა 4118.5 ლარი. მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2023 წლის 27 აპრილს განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა კვალიფიციური დღგ-ის სტატუსის მინიჭება, რათა მისცემოდა საშუალება ჩაეთვალა კუთვნილი დღგ 2812 ლარი, რაზეც ეთქვა უარი.

შემოსავლების სამსახურმა არ მიიღო მხედველობაში ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აღარ ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციიდან მოხსნის ფორმალობა (მიუხედავად მისი მიმართვისა, რომ შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა) უპირატესად მიიჩნია. ასევე, გარემოებად არ იქნა მიჩნეული დღგ-ის, როგორც არაპირდაპირი გადასახადის შინაარსი და ოჯახის კუთვნილი ავტოფარეხის მისი სახელით რეალიზაცია მიიჩნია მის სამეწარმეო საქმიანობად. საგადასახადო ორგანომ არ გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და იმოქმედა სამეურნეო ოპერაციის ფორმის მიხედვით და არა მისი შინაარსის შესაბამისად. მიუხედავად გადამხდელის მცდელობისა, რომ დაემტკიცებინა ის ფაქტი, რომ არ იყო მეწარმე და მითუმეტეს დღგ-ის გადამხდელი, ის შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია დღგ-ის გადამხდელად, ოღონდ როგორც აღმოჩნდა მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციების ნაწილში, რადგან როდესაც დადგა საკითხი ჩასათვლელი ოპერაციების მიხედვით კუთვნილი ჩათვლის მიღებაზე, აქ კვალიფიციური გადამხდელის სტატუსზე და ხანდაზმულობაზე მოხდა ფორმალური აპელირება. დღეისათვის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ახორციელებს დარიცხული 11 000 ლარამდე დღგ-ის ძირითადი თანხის და საურავის გადახდას. თუმცა, მიაჩნია პრინციპულად, რომ კუთვნილი 2 812 ლარის ჩასათვლელი დღგ-ით შეამციროს გადასახდელი თანხა, რაც, რა თქმა უნდა, ფინანსურადაც მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ სამართლიან და ლოგიკურ შედეგს მიაღწიოს.

აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს 2 813 ლარის დღგ-ის ჩათვლას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების უფლება, ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.

„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 16.02.2022 წლის №3751 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან, ასევე წინამდებარე „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციით (შემდგომში - ინსტრუქცია) განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.

2. არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონეა პირი, რომელსაც „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული სტატუსის მოქმედების პერიოდში, შეჩერებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების (ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების ან/და ჩათვლის მიღების) უფლება, ასევე აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემა და რომელსაც ამ ინსტრუქციის შესაბამისად მინიჭებული აქვს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.

3. კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონეა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირისა.

„არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისათვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 20 დეკემბრის №32086 ბრძანების მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს (შემდგომში შემსრულებელს),სპეციალურ პროგრამულ მოდულში, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიმართვის საფუძველზე ეწერება დავალება სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემსრულებელი, შესაბამისი დავალების მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას გადასახადის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარი თქმის შესახებ. ამავე ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული დავალების მიღებისას, შემსრულებელი თავდაპირველად, განწყობის შესაქმნელად, ამუშავებს გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში - გასს) არსებულ ინფორმაციას, რის შემდეგაც ამყარებს გადასახადის გადამხდელთან სატელეფონო კომუნიკაციას და საჭიროების შემთხვევაში უთანხმდება შეხვედრაზე. შემსრულებელი გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების დანართი №2-ით მიღებული, ასევე მის მიერ დამატებით მოძიებული ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის შედეგად.

დადგენილია, რომ მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2006 წლის 16 ნოემბრიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2018 წლის 23 მაისს. დღეის მდგომარეობით ეკონომიკურ საქმიანობას არ ახორციელებს და საინფორმაციო ბარათშიც მითითებულია სტატუსი „უმოქმედო“. გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით 2023 წლის 2 მაისს განხორციელდა კომუნიკაცია გადასახადის გადამხდელთან. მისი განმარტებით 2019 წლის ივლისის შემდგომ ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებს. ასევე 2020 წლის 20 მაისს წარმოდგენილია ID: ---------- განცხადება საქმიანობის შეჩერების შესახებ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გადამხდელს გასს-ის მიხედვით უფიქსირდება დასადასტურებელი ანგარიშ-ფაქტურები 2019 და 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ არ იყო მეწარმე და მითუმეტეს დღგ-ის გადამხდელი, თუმცა ის შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია დღგ-ის გადამხდელად, ოღონდ როგორც აღმოჩნდა მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციების ნაწილში, რადგან როდესაც დადგა საკითხი ჩასათვლელ ოპერაციების მიხედვით კუთვნილი ჩათვლის მიღებაზე, აქ კვალიფიციური გადამხდელის სტატუსზე და ხანდაზმულობაზე მოხდა ფორმალური აპელირება.

მხარეთა არგუმენტაციის შესწავლის და საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მხრიდან მიღებული ინფორმაციით და ანალიზის შედეგად არ გამოიკვეთა გადასახადის გადამხდელისთვის კვალიფიციური სტატუსის მინიჭების საჭიროება, რომლითაც დადასტურდებოდა დღგ-ის ოპერაციების ამსახველი დოკუმენტების გამოწერა/დადასტურება, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 16.06.2023 წლის №13637 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2006 წლის 16 ნოემბრიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2018 წლის 23 მაისს. დღეის მდგომარეობით ეკონომიკურ საქმიანობას არ ახორციელებს და საინფორმაციო ბარათშიც მითითებულია სტატუსი „უმოქმედო“. გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით 2023 წლის 2 მაისს განხორციელდა კომუნიკაცია გადასახადის გადამხდელთან. მისი განმარტებით 2019 წლის ივლისის შემდგომ ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებს. ასევე 2020 წლის 20 მაისს წარმოდგენილია განცხადება საქმიანობის შეჩერების შესახებ.

გადამხდელს გასს-ის მიხედვით უფიქსირდება დასადასტურებელი ანგარიშ-ფაქტურები 2019 და 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი;

 

შემოსავლების სამსახურის უფროსის 16.02.2022 წლის №3751 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები'

 

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 20 დეკემბრის №32086 ბრძანების მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები;