გადაწყვეტილება №20951/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 20951/2/2023
06 დეკემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“ 30.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20951/2/2023).
დავის საგანი:
1. შემოსავლების სამსახურის 17.02.2022 წლის №3910 ბრძანების აღსრულების შედეგები;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის
საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 დეკემბრის №125-48 საგადასახადო მოთხოვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივლისის №125-15 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 სექტემბრის №21911 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 581 564 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 804 126
ჯარიმა - 402 063
საურავი - 375 375
სადავო საკითხები:
1. შემოსავლების სამსახურის 17.02.2022 წლის №3910 ბრძანების აღსრულების შედეგები
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 აპრილის №13756 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 დეკემბრის №41827 ბრძანება და №125-48 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 375 750 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 27 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 17.02.2022 წლის №3910 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელიც დამოწმებული იქნება სანოტარო წესით (წარსადგენი მტკიცებულებები შეთანხმდეს აუდიტის დეპარტამენტთან);
დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, კაპიტალის შემცირების შედეგად გატანილი თანხის სხვაობის უპროცენტო სესხად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 17.02.2022 წლის №3910 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2023 წლის დასკვნა, 10.07.2023 წლის №16642 ბრძანება და 12.07.2023 წლის №125-15 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 31 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 7 სექტემბრის №21911 ბრძანებით ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა შეძენილი საქონლის დაახლოებით 4 პროცენტზე, მხოლოდ რამდენიმე მომწოდებელთან გაფორმებული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, რომლის ნამდვილობაც დადასტურებული არ არის. წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა. რაც შეეხება კაპიტალის შემცირების შედეგად გატანილი თანხის სხვაობის ანგარიშვალდებული პირის სარგებლად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხულ თანხებს, აღნიშნულთან დაკავშირებით გადამხდელს დამატებითი დოკუმენტაცია არ წარუდგენია. ამასთან, ბუღალტრული პროგრამის ანალიზით ნამეტი თანხის უკან დაბრუნება არ ფიქსირდება. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
1.1. საწარმოს საქმიანობაა სხვადასხვა სახის ხილის და ბოსტნეულის ექსპორტზე გატანა. ძირითადად ხორციელდება მანდარინის და ატმის (ვაშლატამას) ექსპორტი, რისთვისაც ხორციელდება შეძენა სხვადასხვა ადგილობრივი მომწოდებლისგან/ფერმერისგან.
1.2. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ 930 ფერმერისგან განხორციელებულია 3 771 შესყიდვის ოპერაცია, ჯამში 38 795 405 ლარის ღირებულების.
1.3. შესყიდვის ოპერაციებთან დაკავშირებით, მომჩივნის მიერ საგადასახადო შემოწმებისას წარდგენილი იქნა პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია - შესყიდვების რეესტრი როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური ფორმით, რომლის მიხედვითაც იდენტიფიცირდება მომწოდებელი პირი (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), ასევე სანოტარო წესით დამოწმებული აქტები.
1.4. ექსპორტის დეკლარაციებით დადასტურებულია კომპანიის მიერ მიწოდების ფაქტი.
1.5. დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ნამდვილად ხორციელდებოდა საქონლის (ხილ-ბოსტნეულის) შეძენა.
1.6. საგადასახადო შემოწმების შედეგების გაანგარიშების დასკვნის მიხედვით, გასაჩივრებულ თემად მითითებულია შემდეგი: შპს „----------“ არ ეთანხმება ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების შედეგად დარჩენილი თანხის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
1.7. საკითხის კორექტირებაზე უარის თქმის საფუძვლად, საგადასახადო შემოწმების შედეგების გაანგარიშების დასკვნაში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებების ასლები მომწოდებელთა მხოლოდ 4%-თან, რომელთა ნამდვილობა არ არის დადასტურებული.
1.8. აუდიტორის მოთხოვნის შესაბამისად და მის შესასრულებლად, მომჩივნის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი იქნა იმ რაოდენობის სანოტარო წესით დამოწმებული შესყიდვის დამადასტურებელი აქტი, რამდენიც მოთხოვნილი იქნა საგადასახადო ორგანოს მიერ. შესაბამისად, დასკვნაში გაკეთებული მითითება მხოლოდ მომწოდებელთა 4%-ზე შესყიდვის ოპერაციის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაზე, არის უსაფუძვლო.
1.9. შესყიდვის ყველა აქტი (დოკუმენტი) არის სანოტარო წესით დადასტურებული. შესაბამისად, მითითება მათი ნამდვილობის საეჭვოობის შესახებ აბსოლუტურად უსაფუძვლოა.
1.10. 7.09.2023 წლის №21911 ბრძანების მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა შეძენილი საქონლის დაახლოებით 4%-ზე, მხოლოდ რამდენიმე მომწოდებელთან გაფორმებული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, რომლის ნამდვილობა არ არის დადასტურებული და ამ ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
პირველ რიგში, არ ეთანხმებიან საგადასახადო შემოწმების შედეგების გაანგარიშების დასკვნაში გასაჩივრებულ თემად ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების შედეგად დარჩენილი თანხის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მითითებას, რადგან საწარმოს მიერ სადავოდ არის გამხდარი არა მხოლოდ გადასახადის დარიცხვა, არამედ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოსავლების სამსახურის მიერ კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გადასახადის დარიცხვა არის არამართლზომიერი და უკანონო. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო არც ერთი საფუძველი. კომპანიის მიერ ბუღალტერიის წარმოება ხორციელდებოდა დადგენილი წესის დაცვით; საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაცია. მათ შორის, საგადასახადო შემოწმების შედეგების გაანგარიშებისას კომპანიის მიერ დამატებით იქნა წარდგენილი შესყიდვის დამადასტურებელი, სანოტარო წესით დამოწმებული აქტები იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც იქნა მოთხოვნილი საგადასახადო ორგანოს მიერ. აღნიშნული დოკუმენტები სრულად აკმაყოფილებენ საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით პირველადი საგადასახადო დოკუმენტისათვის დადგენილ ყველა მოთხოვნას და მათი ნამდვილობის ეჭვქვეშ დაყენებით, საგადასახადო ორგანოს მიერ ირღვევა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით, ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება, ასევე, უგულებელყოფილია ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით უპირობოდ დადგენილი თეზა - სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტის უდავო მტკიცებულებითი ძალის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი ეხება ყველა სახის გადასახადის განსაზღვრას... მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ უფლებას საგადასახადო ორგანო მოიპოვებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ნაწილის ორი პუნქტის პირობა მაინც იქნება დაკმაყოფილებული. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის დისპოზიცია ცალსახად განსაზღვრავს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესაძლებლობას, თუკი სახეზე არის ერთზე მეტი, ე.ი. მინიმუმ ორი პირობა (სუსგ №----------; -------------(------------)).
რაც შეეხება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლებად მითითებულ გარემოებებს, აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს. კერძოდ: შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურის მიერ არ იყო მოთხოვნილი შესყიდვის აქტების სანოტარო წესით დამოწმება და დარიცხვა განხორციელდა აბსოლუტურად ყველა შესყიდვის აქტზე. გადაანგარიშების პროცესში აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი იქნა შესყიდვის აქტების სანოტარო წესით დამოწმება 50 ფიზიკურ პირთან და 07.03.2022 წელს კომპანიას გადაეგზავნა ამ პირთა სია; 14.03.2022 წელს აუდიტის დეპარტამენტის მიერ კომპანიას დამატებით კიდევ გადაეგზავნა 50 ფიზიკური პირის სია და დაევალა ამ პირებთან შესყიდვის აქტების სანოტარო წესით დამოწმება, ანუ სულ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი იქნა შესყიდვის აქტების სანოტარო წესით დამოწმება 100 ფიზიკურ პირთან, საერთო თანხით 6 109 156.50 ლარი. საწარმოს მიერ, აუდიტის დეპარტამენტში, მოთხოვნილი 100 ფიზიკური პირიდან, წარდგენილი იქნა 56 ფიზიკურ პირთან გაფორმებული, სანოტარო წესით დადასტურებული შესყიდვის აქტი, რაც მოთხოვნილი პიროვნებების 56%-ია, საერთო თანხით 3 586 987.50 ლარი, რაც თანხობრივად 58.71%-ს შეადგენს. გადაანგარიშების ეტაპზე კომპანიის მიერ დამატებით იქნა ასევე წარდგენილი 9 ფიზიკურ პირთან გაფორმებული, სანოტარო წესით დამოწმებული შესყიდვის აქტი, საერთო თანხით 461999,50 ლარის. რაც შეეხება დანარჩენ ფიზიკურ პირებთან დაკავშირებით შესყიდვის აქტების წარუდგენლობას, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საკმარისად იქნა მიჩნეული მომჩივნის მიერ მიწოდებული შესყიდვის აქტების ოდენობა (64 ფიზიკურ პირთან). ამასთან, ფიზიკურ პირთა ნაწილი აღმოჩნდა გარდაცვლილი, ნაწილი საზღვარგარეთ წასული. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული დრო არ იყო საკმარისი ამ მოცულობის სამუშაოს ჩასატარებლად, რადგან მომწოდებელთა ნაწილი ცხოვრობს დასავლეთ საქართველოში, ნაწილი კი აღმოსავლეთ საქართველოში, შესაბამისად, კომპანიას მოუწია წასვლა ყველა მოთხოვნილ მომწოდებელთან, რაც ასევე ფინანსურ ხარჯთან იყო დაკავშირებული, ისევე როგორც მომწოდებელთა ტრანსპორტირება და სანოტარო მოქმედებებისათვის საფასურის გადახდა, რადგან მომწოდებელთა ინტერესში საერთოდ არ შედიოდა აღნიშნული დავალების შესრულება, რაც ასევე იწვევს იმასაც, რომ ისინი ცდილობენ თავი აარიდონ საგადასახადო და საგამოძიებო ორგანოებთან ურთიერთობას, რის გამოც უარყოფენ პროდუქციის მიწოდების ფაქტს. მიუხედავად ამისა, კომპანიის მიერ წარდგენილი სანოტარო წესით დადასტურებული აქტები არ იქნა გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის მიერ და დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გაუქმებას. ასევე, უსაფუძვლოა კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტების სანდოობის ეჭვქვეშ დაყენება და პრაქტიკული თვალსაზრისითაც სრული ალოგიკურობაა, რაც არსობრივად შემდეგში გამოხატება: საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნაში და 7.09.2023 წლის ბრძანებაში არ არის კონკრეტულად მითითებული თუ რა საფუძვლით, მიზეზით შეიტანა ეჭვი შემოსავლების სამსახურმა წარდგენილი შესყიდვის დამადასტურებელი, სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტის ნამდვილობაში, თუკი ამისი მიზეზი არის მომწოდებლის ვინაობის „გაყალბება“, ამისი გაკეთება სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტში აბსოლუტურად შეუძლებელია, რადგან დოკუმენტზე მისი ავტორის ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ და მითუმეტეს მომჩივანს ეს არაფერში არ სჭირდებოდა, რადგან მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ იქნება მომწოდებელი. თუკი მივყვებით საგადასახდო ორგანოს ლოგიკას, გამოდის ასეთი სურათი: კომპანია რეალურად საქონელს ყიდულობდა სხვა პირებისგან, ხოლო შესყიდვის დოკუმენტებში კი მომწოდებლად სხვა პირებს უთითებდა. მაგ.: რეალურად შეიძინა X პიროვნებისგან, ხოლო შესყიდვის დოკუმენტში X-ის ნაცვლად მიუთითა Y პიროვნება და ამით შეგნებულად შეიქმნა პრობლემა, რაც არის სრული აბსურდი და აბსოლუტური ალოგიკურობა.
2.1. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნაში აუდიტორმა მიუთითა, რომ გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია დამატებითი არგუმენტაცია/დოკუმენტაცია. შესაბამისად არ არსებობდა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით
დამტკიცებული მეთოდური მითითების გამოყენების საფუძველი და აღნიშნული საკითხი კორექტირებას არ დაექვემდებარა.
2.2. 7.09.2023 წლის №21911 ბრძანების მიხედვით, კაპიტალის შემცირების შედეგად გატანილი თანხის სხვაობის ანგარიშვალდებული პირის სარგებლად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხულ თანხასთან დაკავშირებით, გადამხდელს დამატებითი დოკუმენტაცია არ წარუდგენია. ამასთან, ბუღალტრული პროგრამის ანალიზით - ნამეტი თანხის უკან დაბრუნება არ ფიქსირდება. შესაბამისად, დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
აუდიტორის ეს მითითება არის არასწორი, 2018 წლის 30 ოქტომბერს საწარმოს კაპიტალი წარმოდგენილი იყო 310 000 ლარით, რაც შემცირებული იქნა მთლიანად და 14 000 ლარი გავიდა სალაროდან ზედმეტად. 2018 წლის 1 დეკემბერს განხორციელდა საწარმოს კაპიტალის ცვლილება, შემოტანილი იქნა 322 000 ლარი, საიდანაც დაიფარა 14 000 ლარი - ზედმეტად გატანილი თანხა და კაპიტალი გახდა 308 000 ლარი (და არა 322 000 ლარი). აღნიშნული ბუღალტრული ოპერაციები მიუთითებენ თანხით დროებით სარგებლობაზე, რაც საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მიხედვით, ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას, სანამ არ მოხდება მისი დაბრუნება. ამასთან, საგადასახადო სანქციის დაკისრება უნდა განხორციელდეს არა სრულ თანხაზე, არამედ საბაზრო პროცენტით გაანგარიშებულ სარგებელზე. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილით საწარმოს ვალდებულების განსაზღვრა არის არამართლზომიერი და საფუძველს მოკლებული.
29.12.2021 წლის №125-48 საგადასახადო მოთხოვნასთან მიმართებით საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მართალია ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 17.02.2022 წლის №3910 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მაგრამ ერთიან კონტექსტში, ყველა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამომდინარეობს ერთმანეთისგან და კავშირშია ერთმანეთთან, რაც დღის წესრიგში აყენებს ყველა მათგანის გასაჩივრების აუცილებლობას.
მომჩივანი ითხოვს სრულად დაკმაყოფილდეს საჩივარი და ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 17.02.2022 წლის №3910 ბრძანებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელიც დამოწმებული იქნება სანოტარო წესით (წარსადგენი მტკიცებულებები შეთანხმდეს აუდიტის დეპარტამენტთან);
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, კაპიტალის შემცირების შედეგად გატანილი თანხის სხვაობის უპროცენტო სესხად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა შემდეგი: - შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტთან შეთანხმებით გადასახადის გადამხდელს დაევალა წარედგინა სანოტარო წესით დამოწმებული მომწოდებლებთან გაფორმებული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მომჩივნის მიერ წარდგენილ იქნა შეძენილი საქონლის დაახლოებით 4 პროცენტზე მხოლოდ რამდენიმე მომწოდებელთან გაფორმებული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, რომლის ნამდვილობაც დადასტურებული არ არის. წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, ამ ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
- კაპიტალის შემცირების შედეგად გატანილი თანხის სხვაობის ანგარიშვალდებული პირის სარგებლად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს დამატებითი დოკუმენტაცია/არგუმენტაცია არ წარუდგენია. ამასთან, ბუღალტრული პროგრამის ანალიზით, ნამეტი თანხის უკან დაბრუნება არ ფიქსირდება. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების გამოყენების საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, დარიცხული თანხები ამ ნაწილში არ დაექვემდებარა კორექტირებას.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საჩივრის განუხილველად დატოვება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 დეკემბრის №125-48 საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 27 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 17.02.2022 წლის №3910 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 31 ივლისს კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 7 სექტემბრის №21911 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ნაწილში განუხილველი დატოვა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 დეკემბრის №125-48 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 17 თებერვლის №3910 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 დეკემბრის №125-48 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უკვე არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საწარმოს საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 დეკემბრის №125-48 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილვას თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 დეკემბრის №125-48 საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 27 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 17.02.2022 წლის №3910 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 31 ივლისს კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 7 სექტემბრის №21911 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ნაწილში განუხილველი დატოვა საჩივარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სრულად დაკმაყოფილდეს საჩივარი და ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.
ფაქტობრივი გარემოებები
კაპიტალის შემცირების შედეგად გატანილი თანხის სხვაობის ანგარიშვალდებული პირის სარგებლად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს დამატებითი დოკუმენტაცია/არგუმენტაცია არ წარუდგენია. ამასთან, ბუღალტრული პროგრამის ანალიზით, ნამეტი თანხის უკან დაბრუნება არ ფიქსირდება.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;301(ზ)