გადაწყვეტილება №24403/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 24.12.2024
№ დოკუმენტი 24403/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24403/2/2024

24 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "--------" (ს/ნ "--------" )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,12.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "--------" -ს 4.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24403/2/2024).

 

დავის საგანი:

საბაჟო დეპარტამენტის მიერ იმპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული საბაჟო ღირებულება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 9.10.2024 წლის №------- საბაჟო დეკლარაცია;

2. საბაჟო დეპარტამენტის 16.10.2024 წლის №010474/2024 საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს საქონლის ღირებულების განსაზღვრის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 19.11.2024 წლის №24321 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

დღგ - 2 882.54 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

9.10.2024 წელს მომჩივნის მიერ №------- საბაჟო დეკლარაციით იმპორტირებულ საქონელს (სასადილო თეთრეული – 866.40 კგ; პლასტმასის იატაკის საფარი – 455.38 კგ) მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ით დამუშავებისას განესაზღვრა „წითელი დერეფანი“, რისკის კრიტერიუმით – „საბაჟო ღირებულების სისწორის შემოწმება“.

აღნიშნულის გათვალისწინებით, დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების შემოწმების მიზნით, საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელდა №-------- საბაჟო დეკლარაციის და თანმხლები დოკუმენტების (ელექტრონული განცხადება №-------ინვოისი №--------03.10.2024; სატრანსპორტო ზედნადები ნ/გ 07.10.2024; პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი №--------; 03.10.2024წ.) კამერალური შემოწმება, ასევე საქონლის საბაჟო დეკლარაციით მონაცემთა ბაზებში არსებული იდენტური და მსგავსი საქონლის (იმავე ქვეყანაში წარმოებული) ერთეულის ფასის შესწავლა.

დადგინდა, რომ სასადილო თეთრეულის დეკლარირებული ფასი და იდენტური/მსგავსი საქონლის ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შეფასების პროცესში ვერ დადგინდა, რამ განაპირობა ურთიერთშესადარისი საქონლის „მნიშვნელოვნად განსხვავებული“ ფასთა სხვაობა (იყო თუ არა საქონლის გაყიდვა ან ფასი დაკავშირებული რაიმე პირობასთან ან გარემოებასთან, რამაც გამოიწვია ფასის შემცირება; არიან თუ არა მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდაკავშირებული პირები და იქონია თუ არა აღნიშნულმა ფასზე გავლენა; მოხდა თუ არა რაიმე სახის ფასდაკლება და ა.შ.). იმის გათვალისწინებით, რომ შესაფასებელი დეკლარირებული საქონლის ღირებულებაზე უცნობმა გარემოებამ მოახდინა გავლენა, არ იქნა გამოყენებული გარიგების ფასის მეთოდი და საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, ჩატარდა ექსპერტიზა. საბაჟო დეპარტამენტის 16.10.2024 წლის №010474/2024 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 866.40 კგ. სასადილო თეთრეულის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა - 4 167.37 აშშ დოლარი (11 347.75 ლარი), 455.38 კგ. პლასტმასის იატაკის საფარის საბაჟო ღირებულებად - 1 713.67 აშშ დოლარი (4 666.32 ლარი). ხოლო მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, 866.40 კგ. სასადილო თეთრეულის საბაჟო ღირებულება შეადგენდა – 6 988.12 ლარს, ხოლო 455.38 კგ. პლასტმასის იატაკის საფარის საბაჟო ღირებულება - 4 666.32 ლარს.

მომჩივანმა 17.10.2024 წელს საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელიც ეხებოდა საბაჟო დეპარტამენტის 16.10.2024 წლის №010474/2024 საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს საქონლის ღირებულების განსაზღვრის შესახებ ექსპერტიზის დასკვნას, საბაჟო დეპარტამენტის 9.10.2024 წლის №-------- საბაჟო დეკლარაციას და დარიცხულ დღგ-ს.

შემოსავლების სამსახურის 19.11.2024 წლის №24321 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლზე, მე-6 მუხლზე, 37-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებზე. ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შეფასების პროცესში ვერ დადგინდა, რამ განაპირობა ურთიერთშესადარისი საქონლის „მნიშვნელოვნად განსხვავებული“ ფასთა სხვაობა (იყო თუ არა საქონლის გაყიდვა ან ფასი დაკავშირებული რაიმე პირობასთან ან გარემოებასთან, რამაც გამოიწვია ფასის შემცირება; არიან თუ არა მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდაკავშირებული პირები და იქონია თუ არა აღნიშნულმა ფასზე გავლენა; მოხდა თუ არა რაიმე სახის ფასდაკლება და ა.შ.).

საგულისხმოა ასევე, რომ არც დავის ეტაპზე ყოფილა წარდგენილი მხარის მიერ ისეთი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საქმეზე უკვე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს საქონლის ღირებულების განსაზღვრის შესახებ 16.10.2024 წლის №010474/2024 ექსპერტიზის დასკვნა, №------- საბაჟო დეკლარაცია და დარიცხული დღგ, შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით, 16.10.2024 წელს იმპორტის დეკლარაციას განესაზღვრა წითელი დერეფანი, მოხდა ტვირთის ჩამოცლა და გადათვლა. საქონლის რაოდენობა იდენტური იყო ინვოისში დაფიქსირებულ მონაცემებთან. საბაჟო ორგანოს მიერ ჩატარდა კამერალური შემოწმება, რა დროსაც ექსპერტმა მიიჩნია, რომ პროდუქცია საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასში იქნა შემოტანილი, რის გამოც, დამატებით განახორციელა დღგ-ის დარიცხვა. საბაჟო დეპარტამენტს დღგ-ის დარიცხვასთან დაკავშირებით, არც წერილობით და არც ზეპირსიტყვიერად არ დათანხმებია და განაცხადა, რომ არ ეთანხმებოდა ექსპერტიზის დასკვნასა და დღგ-ის დარიცხვას, თუმცა, ამის მიუხედავად, დამატებით განხორციელდა დღგ-ის დარიცხვა და დაიხურა საბაჟო დეკლარაცია.

კატეგორიულად არ ეთანხმება მსჯელობას, რომ საქონელი შემოტანილი საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასში, ვინაიდან კომპანია დაფუძნების დღიდან იდენტური საქონლის შემოტანას და განბაჟებას ახორციელებს, მომწოდებელი კომპანიაც დღემდე იდენტურია. მიმდინარე წლის მარტის და ივნისის თვეების განბაჟებული საქონლის მონაცემები ცხადყოფს, რომ ფასები არა თუ დაწეულია, არამედ, ზოგიერთ შემთხვევაში გაზრდილია კიდეც ან დარჩა უცვლელი, რაც ექსპერტს უნდა ენახა და მოეხდინა შედარება. მაგალითად, პოზიცია 138 სმ printed tablecloth decorama-ს ფასი იყო 1.60 აშშ დოლარი (ივნისის მდგომარეობით, იხილეთ 6.06.2024 წლის ინვოისი, სადაც წითელი ფერით აღნიშნულია შესაბამისი პოზიცია და მონიშნულია ინვოისში, დანართი №3) და 1.65 აშშ დოლარი ოქტომბრის თვეში (ანუ ფასი გაზრდილია), 65სმ*40სმ Antislip mats 0.65 აშშ დოლარი ღირდა მარტის თვეში და 0.7 აშშ დოლარი ოქტომბერში (დანართი №4, ფასი მითითებულია შესაბამის პოზიციაზე), აქაც ფასი გაზრდილია. საჩივარზე დართულ დოკუმენტებში დანარჩენი პოზიციების შედარება ცალსახად ადასტურებს, რომ წინა პერიოდების იმპორტთან შედარებით, ფასი არსად არ შემცირებულა.

მომჩივანი დავის პროცესში ითხოვდა, რომ საჩივრის განმხილველ ორგანოს მხედველობაში მიეღო აღნიშნული არგუმენტები, მოეხდინა საბაჟო დეკლარაციის შესწორება და ზედმეტად დარიცხული დღგის გადათვლა. სადავო თანხას (ზედმეტად დარიცხულ დღგ-ის) წარმოადგენს 2 882.54 ლარი.

მომჩივანი თურქეთში პროდუქციის მწარმოებელთან რამდენიმე წელია თანამშრომლობს. მისთვის გაუგებარია, თუ რატომ და რის საფუძველზე დაადგინა ექსპერტმა, რომ ფასი მომჩივნის მიერ ხელოვნურადაა შემცირებული. ასევე გაუგებარია, თუ რატომ არ იქნა მხედველობაში მიღებული საჩივართან ერთად წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებები, რაც ცხადყოფს, რომ წინა პერიოდების საბაჟო დეკლარირების პროცესში იდენტური საქონელი უფრო დაბალ ან იგივე ფასად იქნა განბაჟებული და არცერთ შემთხვევაში, არცერთ პოზიციასთან მიმართებით, ოქტომბრის თვეში ფასის კლება არ დგინდებოდა.

საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. მომჩივანს, როგორც დეკლარანტს, სწორად ჰქონდა განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება, რასაც როგორც ზემოთ აღინიშნა, ადასტურებს იდენტური საქონლის ნაწილში სხვა შესადარებელ პერიოდებში დაფიქსირებული საბაჟო ღირებულებები.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მომჩივანი მიიჩნევს, რომ სადავო საექსპერტო დასკვნა, №--------საბაჟო დეკლარაცია და დარიცხული დღგ, არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, უსაფუძვლოდ არის გაზრდილი საბაჟო კონტროლის განმახორციელებელი პირის მხრიდან საქონლის საბაჟო ღირებულება და შესაბამისად, უსაფუძვლოდაა გაზრდილი დასარიცხი დღგ-ის თანხა, რაც საჩივრის განმხილველ ორგანოს აუცილებლად უნდა მიეღო მხედველობაში და მისი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა.

ზემოთ აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო დეკლარაციის შესწორებას და ზედმეტად დარიცხული დღგ-ის კორექტირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.

დ) საბაჟო ფორმალობა არის დაინტერესებული პირის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელი სავალდებულო ქმედება.

საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსისა და „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ“ 1994 წლის გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის განხორციელების შესახებ“ შეთანხმებით დადგენილი წესების შესაბამისად.

2. საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.

საბაჟო კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება გარიგების ფასით, ანუ საქართველოში საექსპორტოდ გაყიდული საქონლისთვის ფაქტობრივად გადახდილი ან/და გადასახდელი ფასით, თუ სრულდება შემდეგი პირობა – არ არსებობს რაიმე შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია მყიდველის მიერ საქონლის განკარგვასთან ან გამოყენებასთან, გარდა იმ შეზღუდვისა, რომელიც გავლენას არ ახდენს საქონლის ღირებულებაზე.

საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად:

3. სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ადრე განსაზღვრულ საქონლის საბაჟო ღირებულებას.

4. საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს, რომლებიც საინფორმაციო ხასიათისაა და გამოიყენება მხოლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით.

დადგენილია, რომ 9.10.2024 წელს მომჩივნის მიერ იმპორტირებულ საქონელს საბაჟო ღირებულების დადგენის მიზნით, ჩაუტარდა ექსპერტიზა. საბაჟო დეპარტამენტის 16.10.2024 წლის №010474/2024 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 866.40 კგ. სასადილო თეთრეულის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა - 4 167.37 აშშ დოლარი (11 347.75 ლარი), 455.38 კგ. პლასტმასის იატაკის საფარის საბაჟო ღირებულებად - 1 713.67 აშშ დოლარი (4 666.32 ლარი). მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, 866.40 კგ. სასადილო თეთრეულის საბაჟო ღირებულება შეადგენდა - 6 988.12 ლარს, ხოლო 455.38 კგ. პლასტმასის იატაკის საფარის საბაჟო ღირებულება - 4 666.32 ლარს.

მომჩივანი არ ეთანხმება მსჯელობას, რომ საქონელი შემოტანილია საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასში, ვინაიდან კომპანია დაფუძნების დღიდან იდენტური საქონლის შემოტანას და განბაჟებას ახორციელებს, მომწოდებელი კომპანიაც დღემდე იდენტურია. მიმდინარე წლის მარტის და ივნისის თვეებში განბაჟებული საქონლის მონაცემები ცხადყოფს, რომ ფასები არა თუ დაწეულია, არამედ, ზოგიერთ შემთხვევაში გაზრდილია კიდეც ან დარჩა უცვლელი, რაც ექსპერტს უნდა ენახა და მოეხდინა შედარება. საჩივარზე დართულ დოკუმენტებში დანარჩენი პოზიციების შედარება ცალსახად ადასტურებს, რომ წინა პერიოდების იმპორტთან შედარებით, ფასი არსად არ შემცირებულა.

სადავო საკითზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 9.12.2024 წლის №------- წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელდა №------ საბაჟო დეკლარაციის და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება, ასევე საქონლის საბაჟო დეკლარაციათა მონაცემთა ბაზებში არსებული იდენტური და მსგავსი საქონლის (რომელიც წარმოებულია იმავე ქვეყანაში) ერთეულის ფასის შესწავლა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საქონლის - სასადილო თეთრეულის დეკლარირებული ფასი და იდენტური/მსგავსი საქონლის ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შეფასების პროცესში ვერ დადგინდა რამ განაპირობა ურთიერთშესადარისი საქონლის „მნიშვნელოვნად განსხვავებული“ ფასთა სხვაობა (იყო თუ არა საქონლის გაყიდვა ან ფასი დაკავშირებული რაიმე პირობასთან ან გარემოებასთან, რამაც გამოიწვია ფასის შემცირება, არიან თუ არა მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდაკავშირებული პირები და იქონია თუ არა აღნიშნულმა ფასზე გავლენა, მოხდა თუ არა რაიმე სახის ფასდაკლება და ა.შ.).

საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც საგადასახადო ორგანო ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა, თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 19.11.2024 წლის №24321 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს საბაჟო დეკლარაციის შესწორებას და ზედმეტად დარიცხული დღგ-ის კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების შემოწმების მიზნით, საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საბაჟო დეკლარაციის და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება, ასევე საქონლის საბაჟო დეკლარაციით მონაცემთა ბაზებში არსებული იდენტური და მსგავსი საქონლის ერთეულის ფასის შესწავლა.

დადგინდა, რომ სასადილო თეთრეულის დეკლარირებული ფასი და იდენტური/მსგავსი საქონლის ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.იმის გათვალისწინებით, რომ შესაფასებელი დეკლარირებული საქონლის ღირებულებაზე უცნობმა გარემოებამ მოახდინა გავლენა, არ იქნა გამოყენებული გარიგების ფასის მეთოდი და საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, ჩატარდა ექსპერტიზა.

მომჩივანმა 17.10.2024 წელს საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელიც ეხებოდა საბაჟო დეპარტამენტის 16.10.2024 წლის №010474/2024 საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს საქონლის ღირებულების განსაზღვრის შესახებ ექსპერტიზის დასკვნას, საბაჟო დეპარტამენტის 9.10.2024 წლის საბაჟო დეკლარაციას და დარიცხულ დღგ-ს.

შემოსავლების სამსახურის 19.11.2024 წლის №24321 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

37,38,43.