გადაწყვეტილება №22421/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.06.2024
№ დოკუმენტი 22421/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22421/2/2024

11 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 29.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22421/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 11.07.2023 წლის №16800 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 დეკემბრის №041-95 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 თებერვლის №2934 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 651 787 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 320 105

დღგ - (-60 991)

მოგების გადასახადი - 5 522

საშემოსავლო გადასახადი - 375 574

ჯარიმა - 197 661

საურავი - 134 021

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა დისტილირებული ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება და საბითუმო ვაჭრობა. 2022 წლის 14 იანვარს შპს „----------“ განახორციელა საფირმო დასახელებაში ცვლილება და გახდა შპს „----------“.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 17 აგვისტოს №26701 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია. საწარმოს ბუღალტრული პროგრამის შესწავლის შედეგად, შემოწმებით გამოვლინდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის ოდენობა. კერძოდ, სალაროში ნაშთი იზრდება 12 მილიონ ლარამდე. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა მეთოდური მითითებით „სალაროში ნაღდის ფულის შესახებ“ (დანართი №9). გონივრული ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნა კალენდარული თვის განმავლობაში დაფიქსირებული საკასო შემოსავლისა და ხარჯის 10%. ამასთან, კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვინაიდან ახორციელებს ყურძნის შესყიდვას ადგილობრივ ბაზარზე, სალაროს გონივრული ნაშთის დათვლისას სრულად იქნა გათვალისწინებული ყურძნის შესყიდვაზე გაწეული ხარჯები, აღნიშნული თანხის მიმართ დამატებით საგადასახადო ვალდებულებები არ განისაზღვრა.

არადამაჯერებლად იქნა მიჩნეული სალაროში გონივრულ ნაშთზე მეტი ოდენობით თანხის განთავსება-შენახვის საჭიროება. აღნიშნულ პერიოდებში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება კრედიტორული დავალიანება, საბანკო სესხი და დამფუძნებლისგან მიღებული სესხი. დაბეგვრის მიზნებისთვის, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაგონივრული ნაშთი, მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში დაკვალიფიცირდა როგორც საწარმოს დირექტორზე გაცემული უპროცენტო სესხი და შესაბამის საანგარიშო პერიოდებში დაიბეგრა მოგების გადასახადით საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით. ამასთან, სალაროში ნაღდი ფულის შეტანა, რომელიც წარმოადგენს აღებული სესხის დაბრუნებას, წარმოშობს გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის უფლებას.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლისა და „საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, 20%-იანი განაკვეთით გამოანგარიშებული პროცენტის შესაბამისი თანხა, საგადასახადო ორგანოს მიერ, ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №33493 ბრძანება და №041-68 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 441 738 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 24 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 11 ივლისის №16800 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 ივლისის №16800 ბრძანება 26.07.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 22.09.2023 წლის №20378/2/2023 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 11.07.2023 წლის №16800 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2023 წლის დასკვნა, 21.12.2023 წლის №32421 ბრძანება და 22.12.2023 წლის №041-95 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 586 008 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 651 787 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 18 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 12 თებერვლის №2934 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, საწარმოს სალაროში არსებულ ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად. 2021 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში საწარმოს არაგონივრულმა ნაშთმა შეადგინა 1 497 573 ლარი. ამასთან, აღნიშნული თანხის ნაწილი, 148 582 ლარი, უძრავი ნაშთის სახით ფიქსირდება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან. ამდენად, 148 582 ლარი ჩაითვალა როგორც 2020 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდში გაცემული ხელფასი, ხოლო 2021 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში გაცემულ ხელფასად ჩაითვალა სხვაობა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებულ არაგონივრულ ნაშთსა და უძრავ ნაშთს შორის. შესწავლის შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული საშემოსავლო და მოგების გადასახადები. ამასთან, გადაანგარიშების ეტაპზე საკასო შემოსავლის ნაწილში დამატებით გათვალისწინებული იქნა დამფუძნებლისგან მიღებული სესხის თანხის 10%. საკასო ხარჯის ნაწილში გათვალისწინებული იქნა კრედიტორული დავალიანების დაფარვისთვის გადახდილი თანხების 10%.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად. ამასთან, გადასახადის გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად ასევე მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმებას დაქვემდებარებულ 1.01.2019-1.07.2021 წლების საანგარიშო პერიოდთან დაკავშირებით არ არსებობდა არანაირი წინაპირობა და სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ გამოყენებულიყო შემოწმების აქტში მოხსენიებული „მეთოდური მითითება სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“, რომელიც წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების №9 დანართს, რომელიც დამტკიცდა 2021 წლის 30 დეკემბრის №42109 ბრძანებით.

საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არასამართლიანია და წინააღმდეგობაშია შესამოწმებელი პერიოდის საკანონმდებლო ნორმების გამოყენებასთან. ამ მხრივ გასათვალისწინებელია იდენტური სახის საგადასახადო დავასთან დაკავშირებით (რომელშიც გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება/განჩინება (საქმის ნომერი ბს-1210(2კ-21)), სადაც მითითებულია შემდეგი:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ დასახელებული საკანონმდებლო ნორმის გამოყენების საჭიროება უნდა იყოს დასაბუთებული, ხოლო დასაბუთება, თავის მხრივ, უნდა იყოს დამყარებული კანონმდებლობის მოთხოვნებზე. განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს ეკისრება ვალდებულება, დაასაბუთოს მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერება, რატომ წარმოადგენს შპს „.......ის“ სალაროში ფულადი ნაშთის არსებობა კონკრეტულ სამეურნეო ოპერაციას - თანხის უპროცენტო სესხად გატანას და დაბრუნებას. აღნიშნულის დასაბუთების მიზნით ადმინისტრაციული ორგანოს უთითებს მხოლოდ ერთ გარემოებაზე, კერძოდ კი, კომპანიის მიერ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დიდი ოდენობით თანხის უძრავად არსებობაზე, მაშინ, როდესაც საზოგადოების მიზანს წარმოადგენს, იყოს მოგებაზე ორიენტირებული პირი.

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა ზემოაღნიშნული არგუმენტი და განმარტა, რომ კონკრეტული სამეურნეო ოპერაციის განხორციელების დროს მოქმედი კანონმდებლობა გადასახადის გადამხდელს ანიჭებდა უფლებამოსილებას, ჰქონოდა სალაროში ფულადი ნაშთი (ოდენობის შეუზღუდავად) უმოძრაოდ და აღნიშნული არ წარმოადგენდა კანონით დადგენილი ვალდებულების დარღვევას. შესაბამისად, ცალსახაა, რომ მოსარჩელის სალაროში დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში დიდი ოდენობით თანხების არსებობა თავისთავად არ განაპირობებდა კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებდა ისეთ გარემოებაზე, როდესაც გადასახადის გადამხდელის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელებული ოპერაციით შედეგობრივად განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა. ასეთი ოპერაციების კანონის მოთხოვნათა დარღვევად შეფასება ეფუძნება მხოლოდ შემმოწმებელთა/საგადასახადო ორგანოს შეფასებას/მოსაზრებას, რომელიც, თავის მხრივ, დაფუძნებულია მხოლოდ ეჭვზე.

სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განხორციელებული ცალკეული ოპერაციების საპირწონედ ვერ გამოდგება საგადასახადო ორგანოს შეფასება/მოსაზრება მათ კანონიერების განსაზღვრასთან დაკავშირებით, თუკი იგი არ იქნება დაფუძნებული კონკრეტულ მტკიცებულებებსა და გარემოებებზე, რომლებიც მაღალი ალბათობით დაადასტურებს განხორციელებული ოპერაციებით სხვა სახის ოპერაციების დაფარვას. ფულადი აქტივის სალაროში უმოძრაოდ არსებობა ვერ გამოდგება ამ ოპერაციისთვის კანონსაწინააღმდეგო ხასიათის მინიჭების და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საფუძველი. ასეთი სახის ოპერაცია განეკუთვნება ყოველი კომპანიის ეკონომიკურ გათვლას, მათ რისკს, რომლის განხორცილების საშუალებას კანონმდებლობა ანიჭებს ეკონომიკური ოპერაციის განმახორციელებელ პირს. კანონმდებლობით მინიჭებული უფლების - სალაროში ფულადი ნაშთის არსებობის შეზღუდვა, ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს, რაც ერთი მხრივ, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, მმართველობა დაუქვემდებაროს კანონსა და სამართალს, ხოლო, მეორე მხრივ, მოქალაქეებს ავალდებულებს, განახორციელონ სამართლებრივი ოპერაციები კანონით დადგენილი წესით და მათ შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს გადასახადის გადამხდელთა მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება, რომელიც ეფუძნება კანონის მოთხოვნებს, შესუსტდება ნდობა კანონით დადგენილი რეგულაციების მიმართ და დამოკიდებული გახდება საგადასახადო ორგანოს შეფასებაზე“.

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ „არადამაჯერებლად იქნა მიჩნეული სალაროში გონივრულ ნაშთზე მეტი ოდენობით თანხის განთავსებაშენახვის საჭიროება“. აღნიშნულს არ ეთანხმება, რადგანაც საზოგადოების სალაროში თანხების განთავსება განპირობებული იყო კომპანიის ეკონომიკური გათვლებიდან, დაგეგმილი პროექტებიდან და მიზნებიდან (იხ. თანდართული 2019-2022 წლების ბიზნეს-გეგმა ცხრილური და ტექსტური სახით) გამომდინარე, რასაც თან დაერთო COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკები (რამაც არსებითად შეცვალა კომპანიის გეგმები). მსოფლიოში განვითარებული COVID-19 პანდემიის ფონზე, როდესაც სრულიად შეუძლებელი იყო მსოფლიო ფინანსურ და სავაჭრო ბაზარზე მოვლენების განვითარების წინასწარ განჭვრეტა, ბუნებრივია რომ კომპანია ახდენდა მის ხელთ არსებული ფულადი რესურსების მობილიზებას და შენახვას მისი გათვლებით უფრო სანდო ფორმით - ე.წ. ქეშის სახით, კომპანიის დაცულ სალაროში განთავსების გზით, რადგანაც არც საბანკო სექტორის მოშლა იყო გამორიცხული იმ მსოფლიო ისტერიის და შეზღუდვების ფონზე, რაც დაკავშირებული იყო COVID-19 პანდემიასთან. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სალაროში თანხების შენახვა/განთავსება განპირობებული იყო კომპანიის მსხვილი უცხოელი კრედიტორების თხოვნითაც, რომლებსაც ასევე COVID-19 პანდემიის გამო არ სურდათ კუთვნილი თანხების ჩარიცხვა და მათ კუთვნილ თანხებს ეტაპობრივად იღებდნენ ნარდი ანგარიშსწორებით კომპანიის სალაროდან.

გარდა ამისა, აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში ასევე მითითებულია, რომ „აღნიშნულ პერიოდებში გადამხდელს უფიქსირდება კრედიტორული დავალიანება, საბანკო სესხი და დამფუძნებლისგან მიღებული სესხი“. შემმოწმებელმა ნაცვლად იმისა, რომ როგორც მინიმუმ სალაროს ნაშთიდან გადახდილად (დაფარულად) ჩაეთვალა დამფუძნებლისგან მიღებული სესხი, პირიქით - არსებული ნაშთი ჩათვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ სესხად, რაც სრულიად უსაფუძვლო და უსამართლოა.

შემოწმების დასრულების მომენტისთვის საზოგადოებას არ გააჩნია სალაროს ნაშთები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სალაროში შესამოწმებელ პერიოდში არსებული ფულადი სახსრები ათვისებულია კომპანიის სამეურნეო საჭიროებიდან გამომდინარე და თანხვედრაშია კომპანიის ეკონომიკურ გათვლებთან.

გარდა ამისა, ვინაიდან სალაროს ნაშთები სრულად არის ათვისებული (განაშთული), საგადასახდო შემოწმების აქტის „ენაზე“ ეს იმას ნიშნავს, რომ მოხდა „სალაროში ნაღდი ფულის შეტანა, რომელიც წარმოადგენს აღებული სესხის დაბრუნებას და წარმოშობს გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის უფლებას“. ამ ფონზე განსაკუთრებით უსამართლოდ მიაჩნია კომპანიაზე დაკისრებული საჯარიმო სანქციები და ფიქრობს, რომ გადამხდელის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლი და გათავისუფლებული იქნეს დაკისრებული სანქციებისაგან.

არ მიაჩნია მიზანშეწონილად 2023 წლის 11 ივლისის №16800 ბრძანებაში გადაანგარიშების (შემცირების) საფუძვლად შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების (და მაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანების) მითითება.

მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ უსამართლოდ არის განხორციელებული დარიცხვები (მ.შ. ჯარიმა/საურავები), ვინაიდან სამეწარმეო სუბიექტის მხრიდან, სამეურნეო საჭიროებისთვის (მ.შ. ბიზნეს სტრატეგიის ფარგლებში) სალაროში ნაშთის ქონა არ შეიძლება განხილული იქნეს არაგონივრულ ან/და ფიქტიურ ნაშთად და შესაბამისად უნდა მოხდეს დარიცხული თანხების სრულად გაუქმება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება გადაწყვეტილების მისაღებად. შესაბამისად, ითხოვს გათვალისწინებულ იქნას დაფიქსირებული ფაქტები/გარემოებები და ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 თებერვლის №2934 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 ივლისის №16800 ბრძანებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილი იქნა საწარმოს სალაროში არსებულ ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად. 2021 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში საწარმოს არაგონივრულმა ნაშთმა შეადგინა 1 497 573 ლარი. ამასთან, აღნიშნული თანხის ნაწილი, 148 582 ლარი, უძრავი ნაშთის სახით ფიქსირდება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან. ამდენად, 148 582 ლარი ჩაითვალა როგორც 2020 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდში გაცემული ხელფასი, ხოლო 2021 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში გაცემულ ხელფასად ჩაითვალა სხვაობა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებულ არაგონივრულ ნაშთსა და უძრავ ნაშთს შორის. შესწავლის შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული საშემოსავლო და მოგების გადასახადები. ამასთან, გადაანგარიშების ეტაპზე საკასო შემოსავლის ნაწილში დამატებით გათვალისწინებული იქნა დამფუძნებლისგან მიღებული სესხის თანხის 10%. საკასო ხარჯის ნაწილში გათვალისწინებული იქნა კრედიტორული დავალიანების დაფარვისთვის გადახდილი თანხების 10%, რომელიც შემოწმების პროცესში არ იქნა გაშიფრული, აღნიშნულთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარდგენილი იქნა დამატებითი დოკუმენტაცია (სალაროს გასავლის ორდერები, გადახდის ქვითრები).

გადაანგარიშების შედეგად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 586 008 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 231 782 ლარი და ჯარიმა - 354 226 ლარი.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი სადავოდ ხდის ისეთ გარემოებებს, რაც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 11.07.2023 წლის №16800 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 ივლისის №16800 ბრძანებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილი იქნა საწარმოს სალაროში არსებულ ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად. 2021 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში საწარმოს არაგონივრულმა ნაშთმა შეადგინა 1 497 573 ლარი. ამასთან, აღნიშნული თანხის ნაწილი, 148 582 ლარი, უძრავი ნაშთის სახით ფიქსირდება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან. ამდენად, 148 582 ლარი ჩაითვალა როგორც 2020 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდში გაცემული ხელფასი, ხოლო 2021 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში გაცემულ ხელფასად ჩაითვალა სხვაობა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებულ არაგონივრულ ნაშთსა და უძრავ ნაშთს შორის. შესწავლის შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული საშემოსავლო და მოგების გადასახადები. ამასთან, გადაანგარიშების ეტაპზე საკასო შემოსავლის ნაწილში დამატებით გათვალისწინებული იქნა დამფუძნებლისგან მიღებული სესხის თანხის 10%. საკასო ხარჯის ნაწილში გათვალისწინებული იქნა კრედიტორული დავალიანების დაფარვისთვის გადახდილი თანხების 10%, რომელიც შემოწმების პროცესში არ იქნა გაშიფრული, აღნიშნულთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარდგენილი იქნა დამატებითი დოკუმენტაცია (სალაროს გასავლის ორდერები, გადახდის ქვითრები). გადაანგარიშების შედეგად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 586 008 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 231 782 ლარი და ჯარიმა - 354 226 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3 „ზ“); 101(1); 154(1„ა“); 275.