გადაწყვეტილება №18734/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18734/2/2023
2.03.2023
გადაწყვეტილება
მომჩივანი: "------" (ს/ნ "------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი; ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------" - ის 27.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18734/2/2023).
დავის საგანი:
1. უარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების გამო დავის განახლებაზე;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება-დარღვეულია გასაჩივრების ვადა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.08.2021 წლის №25494 ბრძანება;
2. აუდიტის დეპარტამენტის 3.08.2021 წლის №041-83 საგადასახადო მოთხოვნა;
3. ვალის მართვის დეპარტამენტის 8.04.2022 წლის №024-430 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება; 4. შემოსავლების სამსახურის 9.01.2023 წლის №31 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 23 229 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 12 053
ჯარიმა - 6 027
საურავი - 5 149
პროცედურული გარემოებები
2018 და 2019 წლების საანგარიშო პერიოდებში შპს „-----“-ზე (ს/ნ „-----“), შპს „-------“ (ს/ნ „-----“) და შპს „-------“ (ს/ნ „-----“) მიწოდებული ცხვრის რეალიზაციის ფარგლებში მიღებული შემოსავლის საგადასახადო ვალდებულებების სისწორის განსაზღვრის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 22.07.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 3.08.2021 წლის №25494 ბრძანება და 3.08.2021 წლის №041-83 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2021 წლის 23 და 25 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 1.11.2021 წლის №34132 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში არ გასაჩივრებულა.
საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, მისი გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის 8.04.2022 წლის №024-430 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
10.11.2022 წელს მომჩივანმა ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების გამო დავის განახლების და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების გაუქმების მოთხოვნით, საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 9.01.2023 წლის №31 ბრძანებით საჩივარი დავის განახლების მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, ხოლო ვალის მართვის დეპარტამენტის 8.04.2022 წლის №024-430 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებასთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის 9.01.2023 წლის №31 ბრძანება 27.01.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. უარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების გამო დავის განახლებაზე
ფაქტების აღწერა
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს 2018 წლის საანგარიშო პერიოდში შპს „------“ ცხვრის მიწოდებით მიღებული აქვს შემოსავალი 241 060 ლარის ოდენობით, რასთან დაკავშირებითაც, არ აქვს წარდგენილი წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რის გამოც საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს საფუძველზე, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი განსაზღვრა, არაპირდაპირი მეთოდით (180 795 ლარი), დასაბეგრი შემოსავალი კი, განისაზღვრა 60 265 ლარის ოდენობით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო 308-ე, 299-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2022 წლის 12 ოქტომბრის № „-----“ წერილი) მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში არ არის გამოვლენილი ბრალეული პირი და აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ არის ისეთი გარემოებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების საფუძველი, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ ცხვრები არასდროს ყოლია და შესაბამისად ვერც მოახდენდა აღნიშნულის რეალიზაციას. ზემოთხსენებულ ორგანიზაციებში დასაქმებული იყო სატვირთო მანქანის მძღოლის პოზიციაზე (გაქონდა ნარჩენები). აღნიშნულ ორგანიზაციებს ხელი მიუწვდებოდათ მის პირად მონაცემებზე. შესაბამისად, გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით მათ მოახდინეს მისი და იქ დასაქმებული სხვა პირების პერსონალური მონაცემების გამოყენება (თითქოს მოახდინა ცხვრების რეალიზაცია), რათა თავი აერიდებინათ გადასახადებისათვის.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა სამართალდამცავ უწყებებს. შესაბამისად, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. აგრეთვე გამოძიების მიერ მოწვდილი ინფორმაციიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე №"------" შპს „------“-ის, შპს „--------“ და შპს „-------“, ასევე შპს „-------“ ხელმძღვანელი პირების მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისაგან განზრახ თავის არიდების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკის 218.2 მუხლით. აგრეთვე, გამოძიებით დადგენილია რომ "------" - ის გარდა ამ კომპანიების ანალოგიური თაღლითური სქემის (ცხვრების რეალიზაცია) შედეგად არსებობენ სხვა დაზარალებულებიც. ერთს მხრივ, არის დაზარალებული აღნიშნული ორგანიზაციების მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, ხოლო მეორეს მხრივ მათი ქმედების შედეგად დაყადაღებულია მისი ქონება და მიმდინარეობს ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურები. რაც მის უფლებებსა და თავისუფლებას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.
შემოსავლების სამსახურს მიმართა საჩივრით და მოითხოვა საქმისწარმოების განახლება, რადგან საქმეში არსებობდა და არსებობს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებები. კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე. თუმცა, შემოსავლების სამსახურმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.1 მუხლზე, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველ და მე-5 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, რადგანაც არ შეისწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არ განიხილა ის საკითხები, რომლებსაც ის უთითებდა. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიება, როგორც ფაქტობრივი გარემოება, სრულად იქნა უგულებელყოფილი.
შემოსავლების სამსახური არც კი დაინტერესდა ინფორმაცია გამოეთხოვა საგამოძიებო სამსახურიდან, რაც საქმის ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებისათვის აუცილებელი იქნებოდა. იმ შემთხვევაში თუკი შემოსავლების სამსახური ინფორმაციას, გამოითხოვდა, შეისწავლიდა და გადაწყვეტილებას მიიღებდა აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება გვემსჯელა იმის თაობაზე რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნები ფორმალურად მაინც იქნა დაცული. შესაბამისად, რადგან, აღნიშნულს ადგილი არ ქონია და შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში უთითებს მხოლოდ ზოგად მითითებას, რომ მიმდინარე გამოძება არ შეიძლება იყოს ახლად გამოვლენილი გარემოება, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, რადგანაც აღნიშნულის შესაფასებლად დავის განმხილველ პირს/ორგანოს არანაირი ინფორმაცია არ გამოუთხოვია და არ შეუსწავლია. ზოგადი და აბსტრაქტული მითითებები კი ვერც დასაბუთებად ჩაითვლება და ვერც ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების შესრულებად, რომლის მიხედვითაც ის არის ვალდებული თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება არ აკმაყოფილებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ და მე-5 ნაწილების მოთხოვნებს.
შეუძლებელია, მას ჰქონოდა ან ჰქონდეს ინფორმაცია, შესაბამის საგამოძიებო ორგანოებში როდის და რის თაობაზე მიმდინარეობდა გამოძიება. მისთვის როგორც კი გახდა ცნობილი აღნიშნული ფაქტის შესახებ, მოახდინა შესაბამისი რეაგირება და ინფორმაცია მიაწოდა შემოსავლების სამსახურს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. როდესაც ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეისწავლა საქმის გარემოებები რითიც პირდაპირ დაარღვია ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილების მოთხოვნები. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ მომზადებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონსა და დარღვეულია მისი მომზადების წესები, რაც ბათილობის საფუძველია. საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ავალდებულებს საგადასახადო ორგანოებს, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დაიცვან, გადასახადის გადამხდელთა უფლებები და აგრეთვე, გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე. აღნიშნული მუხლის მიზანი არის ის, რომ უზრუნველყოს თითოეული გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა იმგვარად, რომ არ მოხდეს მათთვის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ვალდებულების დაკისრება, რამაც თავის მხრივ შეიძლება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების გამოუსწორებელი შელახვა გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, საგადასახადო ორგანოს აღნიშნული ვალდებულება მის საქმესთან დაკავშირებითაც გააჩნდა.
გამოდის, რომ ნებისმიერ პირს, გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით, შეუძლია არაკეთილსინდისიერად მოიქცეს და პირადი სარგებლის ან სხვა მიზნით მოახდინოს თავის საქმიან დოკუმენტაციაში ნებისმიერ ჩვენგანის სახელისა და გვარის შეტანა, ანუ თითქოს შეიძინეს რაიმე. შესაბამისად, რადგან არსებული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევა არ მოხდა, ეს ვერც საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის დაცვად ვერ ჩაითვლება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას რომ მიღებული გადაწყვეტილება, არ არის შესაბამისობაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველ და მეხუთე ნაწილებთან და 601 მუხლის პირველ ნაწილთან. შესაბამისად, საგადასახდო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის განახლება დასაშვებია, მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში. აღნიშნული ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები და დაზარალებულთა ფართო წრე (ერთგვაროვან საქმეებზე) ახალი გარემოება, რომლის საფუძველზეც, უნდა განახლდეს საქმის წარმოება და მოხდეს მის მიმართ არსებული დავალიანების ჩამოწერა, რადგანაც დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების თანახმად:
6. 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით;
7. ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
ამავე კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
მომჩივანი სადავო საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადის აღდგენას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს მოკვლევა აღნიშნულ საქმეზე და წარმოადგენს საგამოძიებო სამსახურის 12.10.2022 წლის № „-----“ წერილს, რომლის თანახმად აღნიშნული საქმეში ფიგურირებს როგორც "------" -ის , ასევე საქართველოს სხვა მოქალაქე პირები, რომელთა მიმართ მითითებული (შპს "------", შპს "------" , შპს "------" და შპს"------") კომპანიების ამ ეტაპზე დაუდგენელი წარმომადგენლის მიერ შედგენილ შესყიდვის აქტებში შეტანილია გაყალბებული ინფორმაცია, რასთან დაკავშირებითაც აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება დამნაშავე პირთა დადგენის მიზნით. ასევე დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს "------"- ის სახელით გაყალბებული შესყიდვის აქტების დედნების მოძიება კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნის მიზნით.
აღნიშნულ წერილზე შემოსავლების სამსახურმა მიუთითა, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში არ არის გამოვლენილი ბრალეული პირი და აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და განმარტა, რომ გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ არის ისეთი გარემოებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. შესაბამისად, მიიჩნია რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების საფუძველი.
საქმეში წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 16.02.2023 წლის № „-----“ წერილი საიდანაც ირკვევა, რომ ამ დღის მდგომარეობით მიმდინარეობს გამოძიება შპს „-----“და სხვა კომპანიების ხელმძღვანელი პირების მიერ, მომჩივნის სახელით გაყალბებული დოკუმენტაციის, კერძოდ შესყიდვის აქტებში, ყალბი მონაცემების შემტანთა დადგენისა და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მიზნით, რომელთა ბრალეულობით გამოწვეულია მომჩივნის მიმართ თანხების უსაფუძვლო დარიცხვა.
საბჭოს სხდომაზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული წერილის შინაარსი საჩივრის განხილვის ეტაპზე დავის განმხილველი ორგანოსთვის ცნობილი არ იყო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 16.02.2023 წლის №------- წერილი მისი შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ (გამოვლენილ) გარემოებას. შესაბამისად, საჩივარი ამ ნაწილში არსებითად განსახილველად უნდა დაუბუნდეს შემოსავლების სამსახურს.
2. საჩივრის განუხილველად დატოვება-დარღვეულია გასაჩივრების ვადა
ფაქტების აღწერა
მომჩივანს 8.04.2022 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება გადასახადის სახით 12 053 ლარი, ჯარიმა 6 027 ლარი და საურავი 6 602 ლარი. აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 8.04.2022 წელს გამოიცა №024-430 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რომელიც მომჩივანს ჩაბარდა ხელზე 14.04.2022 წელს. აღნიშნული ბრძანება შემოსავლების სამსახურში გასაჩივრდა 10.11.2022 წელს.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-6 ნაწილებზე, 299-ე მუხლის მე-4 და მე-10 ნაწილებსა და 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ვინაიდან ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანება მომჩივანს ჩაბარდა 14.04.2022 წელს და საჩივარი წარმოდგენილია 10.11.2022 წელს, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ამასთან მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების და ქონების რეალიზაციის პროცედურის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
ვალის მართვის დეპარტამენტის 15.02.2023 წლის № „-----“ წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის 8.04.2022 წლის №024-430 ბრძანება
მომჩივანს ხელზე ჩაბარდა 14.04.2022 წელს. შესაბამისად, საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა იყო 16.05.2022 წელი (30-ე დღე, 14.05.2022 წელი, ემთხვევა არასამუშაო დღეს (კვირა)). საჩივარი კი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 10.11.2022 წელს, გასაჩივრების 30 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
ამასთან, მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას ან/და არგუმენტაციას სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, შემოსავლების სამსახურის 9.01.2023 წლის №31 ბრძანება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის ამ ნაწილში განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 9.01.2023 წლის №31 ბრძანება;
3. საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად განსახილველად დაუბუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.