ბრძანება N 1922

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.02.2023
№ დოკუმენტი 1922
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 1922

06.02.2023

შპს „----------’’ (ს/ნ ----------)

(მის.:ქ. ----------)

2022 წლის 12 აგვისტოს და 2023 წლის 12 იანვრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 15 დეკემბრის და 2023 წლის 12 იანვრის სხდომებზე (ოქმები №118 და №1) განიხილა შპს „----------’’ (ს/ნ ----------) №17465/2/2022 და №4494/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 ივლისის №012-4 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ შემოწმების პროცესში აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მომხდარა კომპანიაში არსებული დოკუმენტაციის არსებითი გამოკვლევა და შესწავლა. ასევე, აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში კომპანიამ მიმართა აუდიტის დეპარტამენტს განცხადებით, რომლითაც აცნობა, რომ საწარმოს მთელი დოკუმენტაცია, მათ შორის ბუღალტრული პროგრამა ამოღებული და გატანილი იყო საგამოძიებო სამსახურის მიერ. შესაბამისად აღნიშნული დოკუმენტაცია ამ ეტაპზე გადამხდელისთვის მიუწვდომელია.

2. არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.

3. არ ეთანხმება ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული ავტომობილების თანამშრომლის მიერ პირადი სარგებლობისთვის გამოყენების უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ აღნიშნული ქონების შეძენა განხორციელდა კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე და დღემდე ეს ქონება ირიცხება საწარმოს საკუთრებაში. ასევე, თანამშრომლის მიერ მანქანით სარგებლობა ხდებოდა მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებიდან გამომდინარე.

4. არ ეთანხმება ჩასათვლელი დღგ-ის კორექტირების შედეგად დარიცხულ თანხას. მიუთითებს, რომ ცალსახად არასწორად არის მითითებული დღგ-ის დეკლარაციებში ჩასათვლელი დღგ-ის ოდენობა და დასაბუთება. მიუთითებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაზუსტებულ პოზიციას წარმოადგენს დაზუსტებულ საჩივართან ერთად.

5. საჩივრის ზეპირი განხილვისას გადამხდელმა სადავოდ გახადა ასევე საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხების, რომელიც შემოწმებით ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად, მოგების გადასახადით დაბეგვრა. სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია მთელი რიგი დოკუმენტები (შპს ,,----------’’ წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელი, სესხის ხელშეკრულება, საგადახდო დავალებები).

 

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 20 დეკემბრის №39349 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----------’’ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 14 ივლისის №18538 ბრძანება და ამავე თარიღის №012-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 2 456 015 ლარი, მათ შორის: გადასახადი 1 205 091 ლარი, ჯარიმა 604 003 ლარი, საურავი 646 920 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს ,,----------’’ საქმიანობას წარმოადგენს გათბობა-გაყვანილობისთვის განკუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებით ვაჭრობა. საწარმოს უფიქსირდება შეძენები ადგილობრივ ბაზარზე. გადამხდელი არ აწარმოებს აღრიცხვას, შეუძლებელია მიღებული/გახარჯული, რეალიზებული პროდუქციის რაოდენობრივი გაშიფვრა პერიოდების მიხედვით. გადამხდელს არ წარმოუდგენია ინფორმაცია, რომლის მიხედვით თითოეულ ოპერაციაზე კონტროლის განხორციელება იქნებოდა შესაძლებელი, ასევე შეუძლებელია რეალიზებული პროდუქციის და ჩამოწერილი პროდუქციის იდენტიფიცირება. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად და საწარმოს შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ: საცალოდ რეალიზებული პროდუქციის ფასნამატის განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა გადამხდელის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები. შეძენილი საქონლის იმ სახეობებზე, რომლის რეალიზებაც არ ხდება დოკუმენტურად გავრცელებულ იქნა საშუალო შეწონილი ფასნამატი. 2019 წლის 1 იანვრისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ ინფორმაცია გათვალისწინებულ იქნა საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულ საბუღალტრო პროგრამაში არსებული მონაცემებიდან. ვინაიდან გადასახადის გადამხდელს შეწყვეტილი აქვს ეკონომიკური საქმიანობა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სმფ-ების ნაშთი შეადგენს 0 ლარს, 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი რეალიზებულ იქნა შემდგომ პერიოდში. შემოწმების მიერ დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმების პროცესში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა შემოწმებისთვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია. გადამხდელმა არ წარმოადგინა შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ასევე, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, შესყიდვის აქტები, ინფორმაცია დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე მესამე პირებისგან გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე გაანგარიშებულ იქნა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა. საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ 2019 წლის იანვრის თვეში ---------- ბანკის და ----------- ბანკის ევროს ანგარიშზე არარეზიდენტი კომპანიებისგან ჩარიცხულია 1 234 600 და 389 840 ევრო. აღნიშნული თანხები შემდგომ გამოტანილი აქვს საწარმოს დირექტორს. აღნიშნული თანხის მიზნობრიობა, შინაარსი და შემდგომი გახარჯვის დანიშნულება შემოწმებისთვის უცნობია. შესაბამისად, შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი (დარიცხული შეადგენს 5 183 194 ლარს) განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი დი ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.

3. შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე შპს ,,----------’’ გამოთხოვილ იქნა დოკუმენტაცია შპს ,,----------’’ არსებულ სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებით. წარმოდგენილი ხელშეკრულებებით ირკვევა, რომ ლიზინგის გამცემი (შპს ,,----------'’) იღებს ვალდებულებას შემდგომი შესყიდვის უფლებით ლიზინგის მიმღებს (შპს ,,----------’’) განსაზღვრული ვადით მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცეს ლიზინგის საგანი (ავტომობილები). შესაბამისად ავტომობილები, რომლებიც ლიზინგის საგანს წარმოადგენდა იყო შპს ,,----------’’ მფლობელობაში და შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით სარგებლობდა თანამშრომელი. შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით, ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებელი ჩაითვალა დაქირავებულის მიერ მიღებულ ხელფასად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის მე2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

4. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ გადამხდელის მიერ დეკლარირებული ჩასათვლელი დღგ-ის თანხა განსხვავდება შემოწმებით დადგენილისგან. აღნიშნული სხვაობები გამოწვეულია კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც გადამხდელს დეკლარაციებში არ აქვს ასახული. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს სრულად არ აქვს ჩათვლილი მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლების გათვალისწინებით, დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა.

5. გადასახადის გადამხდელთან შემოწმების მიერ გაგზავნილია წერილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით, თუმცა გადამხდელის მხრიდან შემოწმებასთან თანამშრომლობა არ მომხდარა. საგამოიძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ გადამხდელს საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხული აქვს თანხები სხვადასხვა იურიდიულ პირზე, რომლის მიზნობრიობაც და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებაც ვერ ხორციელდება. კერძოდ, 679 184 ლარი გადარიცხულია შპს ,,----------’’ ანგარიშზე, დანიშნულებით სასესხო ხელშეკრულება, თუმცა აღნიშნული ოპერაციის ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი ვერ დგინდება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხები შემოწმებით ჩაითვალა ხარჯად, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას შესაბამისი თვეების საანგარიშო პერიოდებში. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: პირველ სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას. შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შეუძლებელია მიღებული/გახარჯული, რეალიზებული პროდუქციის რაოდენობრივი გაშიფვრა პერიოდების მიხედვით. გადამხდელს არ წარმოუდგენია ინფორმაცია, რომლის მიხედვით თითოეულ ოპერაციაზე კონტროლის განხორციელება იქნებოდა შესაძლებელი, ასევე შეუძლებელია რეალიზებული პროდუქციის და ჩამოწერილი პროდუქციის იდენტიფიცირება. შესაბამისად, შემოწმებამ საწარმოს შემოსავალი განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ამასთან, 2019 წლის 1 იანვრისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ ინფორმაცია გათვალისწინებულ იქნა საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულ საბუღალტრო პროგრამაში არსებული მონაცემებიდან. ვინაიდან გადასახადის გადამხდელს შეწყვეტილი აქვს ეკონომიკური საქმიანობა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სმფ-ების ნაშთი შეადგენს 0 ლარს, 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი რეალიზებულ იქნა შემდგომ პერიოდში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ხელფასად განხილული თანხები გაცემულია დირექტორზე სესხად და აღნიშნულზე არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია. მიაჩნია, რომ სესახდ გაცემული თანხა, რომელიც უკან უნდა დაბრუნდეს არ წარმოადგენს დასაბეგრ თანხას. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმეტაცია ინახება საგამოძიებო სამსახურში და გადამხდელი დამატებით წარმოადგენს მას. საჩივრის ზეპირი განხილვისას სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელმა წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულებები (სალაროს შემოსავლის ორდერები) და მოითხოვა აღნიშნული თანხის სესხად გადაკვალიფიცირება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით დადენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები, მათ შორის საჩივარზე თანდართული დოკუმენტები, ასევე შეისწავლოს აღნიშნული ოპერაციის სესხად კვალიფიკაციის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-3 სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებელი ხელფასად მიიჩნევა და იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, ამავე ნაწილით დადგენილი ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახად, საქონლის/მომსახურების თანამშრომლებისათვის მიწოდების შემთხვევაში, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო 1601 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნატის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, მომსახურების გაწევად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 1601 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმების მიერ შპს ,,-----------’’ გამოთხოვილ იქნა დოკუმენტაცია შპს ,,-----------’’ არსებულ სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებით. წარმოდგენილი ხელშეკრულებებით ირკვევა, რომ ლიზინგის გამცემი (შპს ,,-----------'’) იღებს ვალდებულებას შემდგომი შესყიდვის უფლებით ლიზინგის მიმღებს (შპს ,,-----------’’) განსაზღვრული ვადით მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცეს ლიზინგის საგანი (ავტომობილები). შესაბამისად ავტომობილები, რომლებიც ლიზინგის საგანს წარმოადგენდა იყო შპს ,,-----------’’ მფლობელობაში, რომლითაც შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით სარგებლობდა თანამშრომელი. შემოწმების შედეგად, ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებელი ჩაითვალა დაქირავებულის მიერ მიღებულ ხელფასად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის მე2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-4 სადავო საკითხთან მიმართებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტების თანახმად: თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის თანახმად:

1. დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;

ბ) შეცვლილია დასაბეგრი ოპერაციის სახე;

გ) ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;

დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ერთ-ერთი გარემოების დადგომისას დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, თუ გადამხდელის მიერ: ა) საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ან/და დღგ-ის დეკლარაციაში ასახულია დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის აღნიშნული;

ბ) დღგ-ის დეკლარაციაში არასწორად არის აღნიშნული დღგ-ის თანხა;

გ) გამოწერილია დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის აღნიშნული.

3. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

4. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების დროს, თუ კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის შედეგად დასაბეგრი ოპერაციის თანხა იცვლება, შესაბამისი კორექტირება უნდა განხორციელდეს კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის თანახმად:

1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელის მიერ დეკლარირებული ჩასათვლელი დღგ-ის თანხა განსხვავდება შემოწმებით დადგენილისგან. აღნიშნული სხვაობები გამოწვეულია კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც გადამხდელს დეკლარაციებში არ აქვს ასახული. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს სრულად არ აქვს ჩათვლილი მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. შემოწმებით დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე სადავო საკითხთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-5 სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახამად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

საჩივრის ზეპირი განხილვისას, სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელმა წარმოადგინა მთელი რიგი დოკუმენტები (შპს ,,-----------’’ წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელი, სესხის ხელშეკრულება, საგადახდო დავალებები), რომელთა გათვალისწინებით ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შპს ,,-----------’’ ანგარიშზე გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები, მათ შორის საჩივარზე თანდართული დოკუმენტები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------’’ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები, მათ შორის საჩივარზე თანდართული დოკუმენტები, ასევე შეისწავლოს აღნიშნული ოპერაციის სესხად კვალიფიკაციის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები, მათ შორის საჩივარზე თანდართული დოკუმენტები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. დგინდება, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შეუძლებელია მიღებული/გახარჯული, რეალიზებული პროდუქციის რაოდენობრივი გაშიფვრა პერიოდების მიხედვით. ასევე ავტომობილები, რომლებიც ლიზინგის საგანს წარმოადგენდა იყო გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში, რომლითაც სარგებლობდა თანამშრომელი. შემოწმების შედეგად, ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებელი ჩაითვალა დაქირავებულის მიერ მიღებულ ხელფასად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადამხდელის მიერ დეკლარირებული ჩასათვლელი დღგ-ის თანხა განსხვავდება შემოწმებით დადგენილისგან. შემოწმებით დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა. შემოწმებით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა გადასახადი ჯარიმა და საურავი.

 

გადაწყვეტილება

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები, მათ შორის საჩივარზე თანდართული დოკუმენტები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 ,,ა"); 97; 101(21); 136; 154; 1601 (2 ,,ა"); 173; 174; 275; 291;