საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/130-23
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
საქმე № 3/130-23
02 ივლისი, 2024 წელი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
ქ.ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი სხდომის მდივანი შალვა ქლიბაძე
მოსარჩელე - შპს „-----“;
დირექტორი - -----;
წარმომადგენელი - -----;
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური;
წარმომადგენელი - -----;
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - -----;
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 24 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნა N 40773;
1.2 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 24 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნა N 085-23;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს 2022 წლის 09 დეკემბრის N 17414/2022 გადაწყვეტილება;
სარჩელის თანახმად:
2022 წლის 26 იანვარს ელექტრონულად მიიღეს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 24 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნა N 085-23, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 24 დეკემბრის N 40773 ბრძანებასა და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 20 დეკემბრის N 3506 საგადასახადო შემოწმების აქტთან ერთად. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნით გადასახდელად დამატებით შპს „-----"-ს დაერიცხა სულ 1 767 299,59 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 1 017 961 ლარი (დღგ 447 729 ლარი, საშემოსავლო გადასახადი 570 232 ლარი) ჯარიმა 508 829 ლარი და საურავი 240 509,59 ლარი. გაეცვნენ რა, საგადასახადო მოთხოვნას და საქმეში არსებულ დოკუმენტალურ მასალებს, არ დაეთანხმნენ წინამდებარე აქტში შემმოწმებლის მოსაზრებებს და გაასაჩივრეს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 24 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნა N 085-23, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 24 დეკემბრის N 40773 ბრძანებასა და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 20 დეკემბრის N 3506 საგადასახადო შემოწმების აქტთან ერთად, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში, რამდენადაც, გააჩნდათ განსხვავებული პოზიციები. სწორედ აღნიშნული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის მიერ. საჩივარი არ დაუკმაყოფილათ არც ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ და N 17144/2/2022 გადაწყვეტილების მიხედვით არ გაიზიარა შპს „-----"-ის პოზიციები არც ერთ ნაწილში, შესაბამისად ითხოვენ სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას.
2. მოპასუხების პოზიცია:
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და მოითხოვა უსაფუძვლობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელისა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი, უსაფუძვლობის გამო.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილია, რომ შპს „-----"-ს (ს/ნ -----) საქმიანობის სფეროა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. კომპანია გადასახადის გადამხდელდ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2009 წლის 20 იანვრიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 15.04.2014 წლიდან. კომპანიის იურიდიული მისამართია: -----
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- ახსნა-განმარტება;
3.2. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 17 თებერვლის N 3893 ბრძანებისა და 27 ივლისის N 24772 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----"-ის (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან და 2021 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 20 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2021 წლის 24 დეკემბრის N 40773 ბრძანება, რომლის თანახმად შპს „-----“-ს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 1526790 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 1017961 ლარი, ჯარიმა 508829 ლარი და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის N 085-23 საგადასახადო მოთხოვნა. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 1 767 299 ლარით, მათ შორის გადასახადი 1 017 961 ლარი, ჯარიმა 508 829 ლარი, საურავი 240 509 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 24.12.2021 წლის N 40773 ბრძანება;
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 24 დეკემბრის N 085-23 საგადასახადო მოთხოვნა;
3.3. საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: გადამხდელმა ფიზიკური პირებისგან შეიძინა მიწა (საკადასტრო კოდებით: N----- N-----) და აიღო ვალდებულება მიწის სანაცვლოდ გარკვეული ფართები გადაეცა მიწის მფლობელებისათვის. გადასახადის გადამხდელს შემოწმების ეტაპზე აღნიშნული ვალდებულება შესრულებული არ აქვს. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად განისაზღვრება ფართების მიწოდების/გადაფორმების ეტაპზე.
დადგენილია, რომ 2013 წელს გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული მიწები გააერთიანა (ახალი საკადასტრო კოდით N ------) და 2015 წელს მშენებლობაზე ნებართვის მიღებიდან დაიწყო კორპუსის მშენებლობა, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.
დადგენილია ასევე, რომ საწარმოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული აქვს სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებები, კერძოდ: 1) უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები გადამხდელმა ავანსის სახით წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების დადებისას მიიღო გარკვეული თანხა, რომლის დეკლარირებას არ ახდენს და შესაბამისად შემოსავალს არ აჩვენებს; 2) უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დადო სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ხელშეკრულების დადების თარიღში გადამხდელმა მიიღო გარკვეული თანხები, თუმცა ვალდებულება ვერ შეასრულა ბინები ვერ გამოისყიდა და მოცემული ხელშეკრულების თანახმად, ბინები გადავიდა ახალი მეპატრონეების საკუთრებაში. აღნიშნული თანხების მიღება გადამხდელს არ აქვს ასახული შესაბამის დეკლარაციებში; 3) უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გადამხდელის ხელშეკრულების თარიღში მოახდინა ბინების რეალიზაცია, თანხა მიიღო, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით, თუმცა მიღებული შემოსავალი სრულად არ ასახა შესაბამის დეკლარაციებში.
დადგენილია, რომ გადამხდელს დადებული აქვს სასაქონლო ბეტონის ნასყიდობის (მიწოდების) და უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება შპს „-----"-თან (ს/ნ -----), რომლის თანახმად, შპს „-----"-მა მიაწოდა შპს „-----"-ს ბეტონი, ხოლო კომპანიამ სანაცვლოდ გადაუფორმა ორი ბინა, რომელიც შემოწმების პროცესში საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა საბაზრო ფასით. გადამხდელმა არ ითანამშრომლა საგადასახადო ორგანოსთან, შესაბამისად არ მიუწოდებია არანაირი ბუღალტრული აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, შემოწმებით გაიზარდა ბინების რეალიზაციითა და წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებებით მიღებული შემოსავალი 2018 წელს - 1 171 097 ლარით, 2019 წელს - 1 217 344 ლარით, ხოლო 2020 წელს - 99 068 ლარით. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო შემოწმების აქტი N 3506;
- ხელშეკრულებები;
3.4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზების დამუშავების შედეგად, შემოწმების მიერ მოხდა კომპანიის ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშება, რომლის შედეგადაც, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ფულადი შემოსავლები აღემატება ფულად გასავლებს 2 280 929 ლარით. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 77-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა" ქვეპუნქტისა და მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, შემოწმებით, გადამხდელის მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობა განხილულ იქნა ფულადი სახსრების დანაკლისად. შესაბამისად, ზემოაღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო შემოწმების აქტი N 3506;
3.5. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 24 დეკემბრის N 085- 23 საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურში. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 12 ივლისის N 18180 ბრძანებით შპს „-----"-ის (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 12 ივლისის N 18180 ბრძანება;
3.6. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 24 დეკემბრის N 085-23 საგადასახადო მოთხოვნა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 12 ივლისის N 18180 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 09 დეკემბრის N 17414/2/2022 გადაწყვეტილებით შპს „-----"-ის (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 09 დეკემბრის N 17414/2/2022 გადაწყვეტილება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, წინამდებარე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე შპს „-----"-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს საგადასახადო კოდექსი; „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება N 996.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ" ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 24 დეკემბრის N 40773 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 24 დეკემბრის N 085-23 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 12 ივლისის N 18180 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 09 დეკემბრის N 17414/2/2022 გადაწყვეტილება წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.
6.2. საქართველოს კონსტიტუცია საგადასახადო კანონმდებლობას მიაკუთვნებს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას (მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი), რითაც ხაზს უსვამს მის როლს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებაში. გადასახადების აკრეფის ფუნქცია სახელმწიფოსათვის სასიცოცხლო დანიშნულების ფუნქციაა. გადასახადები არის სახელმწიფო, თუ სხვადასხვა დონის ბიუჯეტის შევსების უმთავრესი წყარო და საჯარო ამოცანების განხორციელების ერთ-ერთი ძირითადი მატერიალური წინაპირობა.
საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. ამდენად, საქართველოს კონსტიტუცია გადასახადის გადამხდელს არა მხოლოდ გადასახადის შესაბამისი ოდენობით გადახდას ავალებს, არამედ გადასახადის გადახდისას კანონით დადგენილი წესის დაცვასაც სთხოვს. გადასახადის გადამხდელმა უნდა შეასრულოს შესაბამისი პროცედურები, ითანამშრომლოს საგადასახადო ორგანოებთან და მიაწოდოს მათ აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც მის ფინანსებსა და კერძო სფეროს უკავშირდება.
6.3. საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს (საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლი).
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსი ადგენს სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშგების წესებს, რომელთა დაცვა გადასახადის გადამხდელთა უპირობო ვალდებულებას წარმოადგენს. კერძოდ, მითითებული კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ- კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე" ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ: დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „-----"-ს (ს/ნ -----) საქმიანობის სფეროა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. კომპანია გადასახადის გადამხდელდ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2009 წლის 20 იანვრიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 15.04.2014 წლიდან. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 17 თებერვლის N 3893 ბრძანებისა და 27 ივლისის N 24772 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----"-ის (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან და 2021 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 20 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2021 წლის 24 დეკემბრის N 40773 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის N 085-23 საგადასახადო მოთხოვნა. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 1 767 299 ლარით, მათ შორის გადასახადი 1 017 961 ლარი, ჯარიმა 508 829 ლარი, საურავი 240 509 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: გადამხდელმა ფიზიკური პირებისგან შეიძინა მიწა (საკადასტრო კოდებით: N -----, N -----, N -----) და აიღო ვალდებულება მიწის სანაცვლოდ გარკვეული ფართები გადაეცა მიწის მფლობელებისათვის. გადასახადის გადამხდელს შემოწმების ეტაპზე აღნიშნული ვალდებულება შესრულებული არ აქვს. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად განისაზღვრება ფართების მიწოდების/გადაფორმების ეტაპზე. დადგენილია, რომ 2013 წელს გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული მიწები გააერთიანა (ახალი საკადასტრო კოდით N -----) და 2015 წელს მშენებლობაზე ნებართვის მიღებიდან დაიწყო კორპუსის მშენებლობა, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.
დადგენილია ასევე, რომ საწარმოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული აქვს სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებები, კერძოდ: 1) უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები გადამხდელმა ავანსის სახით წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების დადებისას მიიღო გარკვეული თანხა, რომლის დეკლარირებას არ ახდენს და შესაბამისად შემოსავალს არ აჩვენებს; 2) უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით გადამხდელმა ხელშეკრულება დადო სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ხელშეკრულების დადების თარიღში გადამხდელმა მიიღო გარკვეული თანხები, თუმცა ვალდებულება ვერ შეასრულა, ბინები ვერ გამოისყიდა და მოცემული ხელშეკრულების თანახმად, ბინები გადავიდა ახალი მეპატრონეების საკუთრებაში. აღნიშნული თანხების მიღება გადამხდელს არ აქვს ასახული შესაბამის დეკლარაციებში; 3) უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გადამხდელის ხელშეკრულების თარიღში მოახდინა ბინების რეალიზაცია, თანხა მიიღო, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით, თუმცა მიღებული შემოსავალი სრულად არ ასახა შესაბამის დეკლარაციებში.
დადგენილია, რომ გადამხდელს დადებული აქვს სასაქონლო ბეტონის ნასყიდობის (მიწოდების) და უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება შპს „-----"-თან (ს/ნ -----), რომლის თანახმად, შპს „-----" მიაწოდა შპს „-----"-ს ბეტონი, ხოლო კომპანიამ სანაცვლოდ გადაუფორმა ორი ბინა, რომელიც შემოწმების პროცესში საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა საბაზრო ფასით. გადამხდელმა არ ითანამშრომლა საგადასახადო ორგანოსთან, შესაბამისად არ მიუწოდებია არანაირი ბუღალტრული აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, შემოწმებით გაიზარდა ბინების რეალიზაციითა და წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებებით მიღებული შემოსავალი 2018 წელს - 1 171 097 ლარით, 2019 წელს - 1 217 344 ლარით, ხოლო 2020 წელს - 99 068 ლარით. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზების დამუშავების შედეგად, შემმოწმებლის მიერ მოხდა კომპანიის ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშება, რომლის შედეგადაც შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ფულადი შემოსავლები აღემატება ფულად გასავლებს 2 280 929 ლარით. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 77-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა" ქვეპუნქტისა და მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, შემოწმებით, გადამხდელის მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობა განხილულ იქნა ფულადი სახსრების დანაკლისად. შესაბამისად, ზემოაღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 24 დეკემბრის N 085-23 საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურში. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 12 ივლისის N 18180 ბრძანებით შპს „-----"-ის (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 24 დეკემბრის N 085-23 საგადასახადო მოთხოვნა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 12 ივლისის N 18180 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 09 დეკემბრის N 17414/2/2022 გადაწყვეტილებით შპს „-----"-ის (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხია: 1. ბინების რეალიზაციით და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებით მიღებული შემოსავლების დღგ-ით დაბეგვრა. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელე განმარტავს შემდეგს: გარკვეული სხვაობაა დეკლარირებულ და შემოწმებით გაანგარიშებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. გასაანალიზებელია მიღებული ხელშეკრულების გაუქმების შედეგად დაბრუნებული ავანსების საკითხი. 2018-2019-2020 წლების განმავლობაში საბანკო ამონაწერების შესაბამისად მყიდველებზე დაბრუნებული ავანსები შეადგენს 85 404.45 ლარს. ამავე პერიოდში წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, გადახდილი ავანსები დაბრუნებულია ნაღდი ანგარიშსწორებითაც. უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით დადებული ხელშეკრულების მომენტში მიღებული თანხებიდან საწარმოს გადახდილი აქვს მიღებული თანხების დიდი ნაწილი. მოსარჩელის მოსაზრებით დღგ-ით უნდა დაიბეგროს ბინების საკუთრებაში გადაფორმების მომენტისათვის დარჩენილი თანხები და არა ხელშეკრულების მიხედვით, მიღებული თანხები. გაუგებარია, რომელი ბინების ღირებულების დაბეგვრას ედავება აუდიტის დეპარტამენტი, გარდა შპს „-----"- ზე მიწოდებული ბინებისა, უნდა დაზუსტდეს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დარიცხული დღგ.
მოცემულ სადავო საკითთან დაკავშირებით სასამართლო იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოების პოზიციას და ვერ გაიზიარებს გადამხდელის ამგვარ მსჯელობას შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლით: შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, „დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, „დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ა. ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა. ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ" და „ა.ბ.გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა".
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, „დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე ამ კოდექსის მე- 18 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში".
შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილების თანახმად: „7. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული ოპერაციის თითოეული მხარისათვის: ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად; ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დრო განისაზღვრება ამ მუხლის პირველი ნაწილის ქვეპუნქტის შესაბამისად. „აბ" 8. უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა. ბ. დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი".
შემოწმებისას დადგენილია, რომ საწარმოს შემოსავლები გაანგარიშდა შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით. კერძოდ, მოსარჩელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა ბინების რეალიზაციითა და წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებებით მიღებული შემოსავლებით. ამასთან აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელე საგადასახადო ორგანოსთან არ თანამშრომლობდა, არ მიუწოდებია ბუღალტრული აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამასთან, არც დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია არგუმენტი/მტკიცებულება, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბინების რეალიზაციით და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებით მიღებული შემოსავლების დღგ-ით დაბეგვრა მართებულია.
სადავო საკითხია აგრეთვე 2. შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის ფულადი სახსრების დანაკლისად და საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულად განხილვა. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელის არგუმენტაცია არის შემდეგი: შემოწმების პერიოდის განმავლობაში უნაღდო ანგარიშსწორებით ბინების რეალიზაციიდან მიღებული აქვს 61 061.80 ლარი, დამფუძნებელს კომპანიის საბანკო ანგარიშზე შემოტანილი აქვს 232 450 ლარი, ხელშეკრულების გაუქმების შედეგად უკან დაბრუნებული აქვს მიღებული ავანსები 85 404.45 ლარი, გადახდილი აქვს მასალების ღირებულება 137 882.90 ლარი, ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი აქვს მომწოდებლებზე 52 557.40 ლარი. ეს არის არასრული მონაცემები, ამ გარემოებებიდან გამომდინარე საჭიროა საგადასახადო ორგანომ შეისწავლოს მის მიერ წარდგენილი ფულის, შემოსავლებისა და ხარჯვის დოკუმენტაცია და შესაბამისად მოახდინოს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის გადაანგარიშება.
მოცემულ სადავო საკითთან დაკავშირებით სასამართლო იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოების პოზიციას და ვერ გაიზიარებს გადამხდელის ამგვარ მსჯელობას შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლით: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, „საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს". ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისთვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს".
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან".
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს". შემოწმების შედეგად გადამხდელის მიერ მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობა განხილულ იქნა ფულადი სახსრების დანაკლისად. შესაბამისად, ზემოაღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად.მოსარჩელეს დავის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგინია არგუმენტები/მტკიცებულებები, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) საფუძველი გახდებოდა. ფაქტობრივი გარემოებების და სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შემოწმებისას დადგენილი ფულადი სახსრების დანაკლისის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე, მათი მიღების დროისათვის არ მომხდარა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არ არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა განსხვავებული გადაწყვეტილება და არ არსებობდა მათი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმა მუხლით გათვალისწინებული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები. შესაბამისად მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის გამო.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1. მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ამ კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო იზიარებს მოპასუხეთა და სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებში გამოთქმულ მოსაზრებებს დავის საგანთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით განსაზღვრული გასაჩივრებული სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 24 დეკემბრის N 40773 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 24 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნის N 085-23, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 12 ივლისის N 18180 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს 2022 წლის 09 დეკემბრის N 17414/2/2022 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ვინაიდან სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები არ არსებობს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.2 მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.
ამ კოდექსის 55.2. მუხლით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ამ კოდექსის 38.1.,,ა" მუხლით, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: ა) სარჩელზე.
ამ კოდექსის 39.3.,,ა.ბ." მუხლით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა: ა) პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს: იურიდიული პირისათვის – 5 000 ლარს;
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. შპს „-----“-ს მიერ ასევე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი, რომელიც უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, როგორც ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „-----“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
2.1. მოსარჩელე შპს „-----“-ს (ს/ნ -----) დაუბრუნდეს ----- (პ/ნ: -----) მიერ 01.03.2023 წელს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი, გადამხდელის ბანკი: სს „-----”; საგადახდო დავალება N 6699; ანგარიში/სახაზინო კოდი 300183150, გადახდის დანიშნულება სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საკითხზე).
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N 32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა N 11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე
მიხეილ ბებიაშვილი
სადავო საკითხი
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება;
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. დადგენილია რომ საწარმოს ფულადი შემოსავლები აღემატებოდა ფულად გასავლებს. გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოსთან არ თანამშრომლობდა, მოსარჩელის მიერ მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობა განხილულ იქნა ფულადი სახსრების დანაკლისად. შესაბამისად, ზემოაღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით დაიბეგრა - საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან.
გადაწყვეტილება
სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით განსაზღვრული გასაჩივრებული სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 24 დეკემბრის N 40773 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 24 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნის N 085-23, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 12 ივლისის N 18180 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს 2022 წლის 09 დეკემბრის N 17414/2/2022 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები არ არსებობს.
დასაბუთება
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.