გადაწყვეტილება №22700/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 10.07.2024
№ დოკუმენტი 22700/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22700/2/2024

10 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ---- (ს/ნ ------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ს 27.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22700/2/2024).

 

დავის საგანი:

1. ფიზიკურ პირზე გაცემული თანხების/თანხის ნაწილის ხელფასად დაკვალიფიცირება;

2. ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე რეალიზებულ კომერციული ფართზე შემოწმების შედეგად განსაზღვრული საბაზრო ფასი და ამ ნაწილში მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზის განსაზღვრა უძრავი ქონების საბაზრო ფასით, დღგ-ის ჩათვლით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის №006-676 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5198 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 228 169.13 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 144 796

დღგ - 27 045

მოგების გადასახადი - 32 288

საშემოსავლო გადასახადი - 86 463

ჯარიმა - 72 398

საურავი - 10 975.13

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ტანსაცმელებით, ფეხსაცმელებით და ჩანთებით ქ. თბილისში, ----ის №3-ში არსებულ ----ში.

აუდიტის დეპარტამენტის 21.09.2023 წლის №23199 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.09.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 20.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის №32617 ბრძანება და ამავე თარიღის №006-676 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 23.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.03.2024 წლის №5198 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, რეალიზებული კომერციული ფართის საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან (საექსპერტო დაწესებულება) გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5198 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ფიზიკურ პირზე გაცემული თანხების/თანხის ნაწილის ხელფასად დაკვალიფიცირება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელს საბუღალტრო მონაცემებში შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდება ფიზიკური პირის მიმართ ვალდებულება 849 944 ლარი (ურთიერთდამოკიდებული პირი). გადასახადის გადამხდელის განმარტებით აღნიშნული თანხა ფიზიკურმა პირმა გადასცა კომპანიას სესხის სახით, ხოლო უშუალოდ შესამოწმებელ პერიოდში კომპანია აღნიშნულ თანხას უხდის/უბრუნებს ფიზიკურ პირს.

შესწავლილია აღნიშნული ვალდებულების და შემდგომში ვალდებულებების შემცირების მიზნით გადახდილი თანხების მართლზომიერება, დამუშავდა ძველი პერიოდის დეკლარირებული მონაცემები, რის საფუძველზეც ვერ დადგინდა ნაშთად დაფიქსირებული ვალდებულებების (გადასახადის განმარტებით არსებული სესხის) კანონზომიერება. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე ფიზიკური პირისათვის გადახდილ თანხებს შეეცვალა ფორმა/შინაარსი და დაკვალიფიცირდა ხელფასად, შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე, 73-ე და 81-ე მუხლების გათვალისწინებით ფიზიკურ პირზე გაცემული თანხები/თანხის ნაწილი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 491 მუხლზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს საბუღალტრო მონაცემებში შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდება ფიზიკური პირის მიმართ ვალდებულება 849 944 ლარი (ურთიერთდამოკიდებული პირი). გადასახადის გადამხდელის განმარტებით აღნიშნული თანხა ფიზიკურმა პირმა გადასცა შპს „----ს“ სესხის სახით, ხოლო უშუალოდ შესამოწმებელ პერიოდში შპს „----“ აღნიშნულ თანხას უხდის/უბრუნებს ფიზიკურ პირს. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა აღნიშნული ვალდებულების და შემდგომში ვალდებულებების შემცირების მიზნით გადახდილი თანხების მართლზომიერება, დამუშავდა ძველი პერიოდის დეკლარირებული მონაცემები,რის საფუძველზეც ვერ დადგინდა ნაშთად დაფიქსირებული ვალდებულებების (გადასახადის განმარტებით არსებული სესხის) კანონზომიერება. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე ფიზიკური პირისათვის გადახდილ თანხებს შეეცვალა ფორმა/შინაარსი და კვალიფიცირდა ხელფასად, შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოწმების მიერ დეკლარირებული მონაცემების საფუძველზე გაანგარიშებულ იქნა წინა საანგარიშო პერიოდები მოგება/ზარალი, რის საფუძველზე ზემოაღნიშნული ვალდებულების (849 944 ლარი) გარკვეული ნაწილი (501 148 ლარი) ჩაითვალა მართლზომიერად და შესაბამისად არ დაიბეგრა შემოწმების მიერ. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებელი საგადასახადო შემოწმების აქტში მიუთითებს, რომ მათ მიერ დამუშავებული იქნა ძველი პერიოდის დეკლარირებული მონაცემები, რის საფუძველზეც ვერ დგინდება ნაშთად დაფიქსირებული ვალდებულებების (გადასახადის განმარტებით არსებული სესხის) კანონზომიერება და აღნიშნული ვალდებულებების დაფარვის მიზნით განხორციელებული განაცემები მიჩნეულ იქნა ფიზიკური პირის მიერ მიღებულ ხელფასად და განისაზღვრა შესაბამისი ვალდებულებები.

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემმოწმებლის მიერ განხორციელდა ხანდაზმული პერიოდის მოგება-ზარალის არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშება და არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საჭირო ფულადი სახსრების ოდენობა. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასა და მის წინაპირობებს განსაზღვრავს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი.

პირველ რიგში გაუგებარია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები, რადგან საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს დასაბუთებას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესაძლებლობასა და მართლზომიერებაზე. შემმოწმებელი მიუთითებს რომ მის მიერ გამოყენებულია საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი. კატეგორიულად არ ეთანხმება შემმოწმებლის შეფასებას და მიაჩნია, რომ ყოველგვარი ფაქტობრივი გარემოებების უგულვებელყოფით იქნა ვალდებულებები განსაზღვრული. კომპანიას გააჩნია სრულყოფილი საბუღალტრო აღრიცხვა და ხსენებული ნორმით არაპირდაპირი მეთოდით ვალდებულებების განსაზღვრა ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს. ამასთან, ბუღალტრული ჩანაწერების ანალიზის შედეგად წარმოუდგენელია შემოწმების მიერ განსაზღვრული ფინანსური შედეგის არსებობა, რამდენადაც საბუღალტრო ჩანაწერებით სრულად დგინდება მოზიდული ფინანსური სახსრების საჭიროება/ეკონომიკურ საქმიანობაში გახარჯვის ფაქტი.

კომპანია ეწევა საბითუმო ვაჭრობას ტანსაცმელებით, ფეხსაცმელებით და ჩანთებით. აღნიშნული საქმიანობის განხორციელების მიზნით, კომპანიის მიერ ხდება პროდუქციის იმპორტი, რაზეც არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო რეალიზაცია ხორციელდება საბითუმოდ და ანგარიშსწორება ხდება, როგორც საკონტროლო-სალარო აპარატის, ასევე ბანკის მეშვეობით. კომპანია კეთილსინდისიერად ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას და სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლენილი არ არის.

კომპანიას წინა საანგარიშო პერიოდებში წარმოეშვა ფინანსური სახსრების მობილიზების საჭიროება, რომელიც უზრუნველყოფილ იქნა ურთიერთდამოკიდებული პირისგან სესხის აღების გზით და შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის სწორედ, რომ აღნიშნული სესხის ნაშთის არსებობა იქნა სადავოდ მიჩნეული შემმოწმებლის მიერ და შემმოწმებლის მიერ გაურკვეველ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოანგარიშებულ იქნა კომპანიის ფინანსური სახსრების საჭიროების ანალიზი და მიჩნეულ იქნა, რომ ზემოაღნიშნული ოდენობის ფინანსური სახსრების საჭიროება არ გააჩნდა კომპანიას, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება. შემმოწმებლის მიერ უგულვებელყოფილი იქნა არა მხოლოდ საბუღალტრო ჩანაწერები, არამედ კომპანიის სამეურნეო ოპერაციები ფაქტობრივად სრულად, რამდენადაც მხედველობაში არ იქნა გათვალისწინებული, არც კომპანიის ძირითადი საშუალებები და სასაქონლო-მატერიალური მარაგები და არც კომპანიის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სხვა დანახარჯები.

ამდენად, შემმოწმებლის მიერ სადავო გარემოებად მიჩნეულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის კომპანიის მიერ აღებული სასესხო ვალდებულების ნაშთის არსებობა. უსაფუძვლო, სამართლებრივად დაუსაბუთებელი და ფაქტობრივი გარემოებების უგულვებელყოფითაა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, რამდენადაც შემმოწმებელი აქტში უთითებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ დამუშავებულ იქნა ძველი პერიოდის დეკლარირებული მონაცემები, რის საფუძველზეც ვერ დგინდება ნაშთად დაფიქსირებული ვალდებულებების (გადასახადის განმარტებით არსებული სესხი) კანონზომიერება. თუ შემმოწმებლების მიერ ადგილი ჰქონდა 1.01.2020 წლამდე აღებული სესხის ნაშთის უგულვებელყოფას, კიდევ უფრო გაურკვეველია როგორ მოხდა.

შემმოწმებლის მიერ აღნიშნული გაანგარიშება მოხდა დეკლარაციების მეშვეობით. მიაჩნია, რომ ლოგიკურ მსჯელობასაც კი მოკლებულია დეკლარაციების მიხედვით კომპანიის ფინანსური სახსრების ანალიზი და აღნიშნულის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მხოლოდ სალარო აპარატის ფისკალური ამონაწერის და საბანკო ამონაწერების ანალიზით ცალსახად დგინდება, რომ კომპანიის საბანკო ანგარიშებზე მხოლოდ 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდებში ფიზიკური პირის მიერ შეტანილია 475 120 ლარით მეტი თანხა, ვიდრე კომპანიას მიღებული აქვს შემოსავლები სალარო აპარატის მეშვებით, ამდენად, სრულიად გაურკვეველი და დაუსაბუთებელია სადავო საკითხის მიმართა შემმოწმებლების შეფასება.

შემოწმების პროცესში აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია შესამოწმებელ პერიოდამდე კომპანიაში ფინანსური თანხების საჭიროების თაობაზე, რის საფუძველზეც წარდგენილია 2018 და 2019 წლების ფინანსური ანალიზი, რომელიც წარდგენილ იყო პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით და აღნიშნულის გადამოწმების მექანიზმი გააჩნდა ადმინისტრაციულ ორგანოს. ანალიზის მიხედვით, ნათლად დასტურდებოდა კომპანიაში სასესხო ვალდებულებების მობილიზების აუცილებლობა. თუმცა მიუხედავად ამ გარემოებისა, აღნიშნული უგულვებელყო აუდიტის დეპარტამენტმა და მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოკლებულია ფაქტობრივ საფუძვლებს.

საგადასახადო ვალდებულებების ასახვის უსაფუძვლობაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ შემმოწმებლის მიერ უგულვებელყოფილი იქნა ყველა სამართლებრივი საფუძველი, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმები და სასამართლო პრაქტიკები. რამდენადაც, თუ შემმოწმებლის მიერ განხორციელდა კომპანიაში სასესხო ვალდებულების უგულვებელყოფა და აღნიშნულის საფუძველზე განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. მიიჩნევა, რომ შემმოწმებლის მიერ გამოყენებულ იქნა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი, ხოლო საგადასახადო შემოწმების აქტი, არათუ არ შეიცავს აღნიშნული ნორმის გამოყენების საფუძვლების თაობაზე დასაბუთებას, არამედ აღნიშნული ნორმა მითითებულიც არ არის, ეს კი მაშინ როდესაც საგადასახადო ორგანო არ არის აღჭურვილი ყველა ოპერაციაზე გამოიყენოს მისთვის ამ ნორმით მინიჭებული უფლებამოსილება, აღნიშნულის გამოყენების შემთხვევაში კი, საგადასახადო ორგანოს წარმოეშვება მტკიცების ტვირთის ვალდებულება.

მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და განმარტავს რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობით სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი თუ ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. საგადასახადო ორგანო ვალდებულია მითითებული მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოიკვლიოს გარემოებები და მხოლოდ ამ გარემოებათა კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისობის დადგენისა და შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 14.03.2017 წლის (საქმე №ბს-702-695(2კ-16)) გადაწყვეტილებით განმარტებულია, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა ან სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარს, შესაბამისად, კანონმდებელი შესაძლებლად მიიჩნევს ოპერაციის კორექტირებას, თუ მისი გამოხატვის ფორმა და მხარეთა რეალური ნება არ ემთხვევა ერთმანეთს.

ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას. ოპერაციის შინაარსისა და ფორმის შესაბამისობა ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობიდან დგინდება. მხარეთა რეალური ნების შესწავლის გარეშე არ დაიშვება გარიგების კვალიფიკაციის შეცვლა. დაუშვებელია მხარის რეალური ნების იგნორირება, თუ არ არის საკმარისი დიდი ალბათობა იმისა, რომ მხარე თვალთმაქცობს ან ცდება თავის ნების გამოხატვაში.

ოპერაციის ფორმისა და მხარეთა ნებას შორის შესაბამისობის გარკვევა ხდება იმ კანონმდებლობის საფუძველზე, რომლითაც რეგულირდება კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ამ ნორმატიული აქტების გამოყენებით ხდება კონკრეტული სამართლებრივი კონსტრუქციის ფორმის ნორმატიულად დადგენილი შინაარსისა და მხარეთა ფაქტობრივი ნების შეპირისპირება. ფორმა წარმოადგენს მხარეთა შეთანხმების კანონმდებლობით დადგენილ შინაარსს, ხოლო შინაარსი კი მხარეთა რეალურ ნებას. ამასთან, ოპერაციის ფორმისა და შინაარსის შეუსაბამობის, კვალიფიკაციის შეცვლის საჭიროების მტკიცების ტვირთი აკისრია აღნიშნულის შესახებ აქტის გამომცემ ორგანოს.

შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძვლად მითითებულია, რომ დავის პროცესში არ ყოფილა რაიმე არგუმენტაცია/მტკიცებულებები წარდგენილი, რასაც კატეგორულად არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება განსახილველ ნაწილში მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, ვინაიდან დავის პროცესში იყო წარდგენილი 2015 წლის საგადახდო დავალება, რომლითაც დასტურდება რომ კომპანიას აღებული აქვს სესხი. თუმცა აღნიშნული მტკიცებულება არ იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ გათვალისწინებული და არ მიუთითა მტკიცებულებების გაუთვალისწინებლობის საფუძველზე.

ამასთან, შემოსავლების სამსახური გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებას, რომლის მიხედვითაც დეკლარაციების ანალიზის შედეგად ვერ დადგინდა სესხის საჭიროება. მიაჩნია, რომ აღნიშნულის მითითებაზე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სცდება სამართლებრივ საფუძვლებს, რამდენადაც, კომპანიის ბიზნეს პროცესების ყველა ასპექტი ვერ აისახება საგადასახადო დეკლარაციაში. ამასთან, აღნიშნული მიდგომით დავების განხილვის საბჭო ადასტურებს შემმოწმებლის პოზიციას და წინა საანგარიშო პერიოდებში (2015- 2018) იყენებს არაპირდაპირ მეთოდს, მხოლოდ საგადასახადო დეკლარაციებზე დაყრდნობით უსაზღვრავს კომპანიას მიღებული სესხის შესაძლო ოდენობას, მიღებული სესხს უცვლის კვალიფიკაციას, რამდენადაც უგულვებელყოფს სესხის ოპერაციის - სესხის აღების ფაქტს და მიიჩნევს რომ კომპანიიდან სესხის დაფარვის მიზნით გადახდილი თანხები წარმოადგენს პასუხისმგებელი პირის ხელფასს. აღნიშნულს კატეგორიულად არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოები არ არიან აღჭურვილი შესაძლებლობით, უგულვებელყონ მოქმედი კანონმდებლობა, ხანდაზმულ საანგარიშო პერიოდზე გამოიყენონ არაპირდაპირი მეთოდი და ხანდაზმული პერიოდის ოპერაციას შეუცვალონ კვალიფიკაცია, რის გამოც მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება და შემოწმების შედეგები განსახილველ სადავო ნაწილში ექვემდებარება სრულად გაუქმებას.

აღნიშნულის გათვალისწინებით მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად სრულიად დაუსაბუთებელი, სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების უგულვებელყოფით იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული და ითხოვს დარიცხული თანხების სრულად გაუქმებას და საჩივრის განხილვას კომპანიის უშუალო წარმომადგენლების მონაწილეობით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის განმარტებით კომპანიას გააჩნია სრულყოფილი საბუღალტრო აღრიცხვა და ხსენებული ნორმით არაპირდაპირი მეთოდით ვალდებულებების განსაზღვრა ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს. საბუღალტრო ჩანაწერებით სრულად დგინდება მოზიდული ფინანსური სახსრების საჭიროება/ეკონომიკურ საქმიანობაში გახარჯვის ფაქტი. კომპანიას წინა საანგარიშო პერიოდებში წარმოეშვა ფინანსური სახსრების მობილიზების საჭიროება, რომელიც უზრუნველყოფილ იქნა ურთიერთდამოკიდებული პირისგან სესხის აღების გზით და შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის სწორედ, რომ აღნიშნული სესხის ნაშთის არსებობა იქნა სადავოდ მიჩნეული შემმოწმებლის მიერ. მიაჩნია, რომ ლოგიკურ მსჯელობასაც კი მოკლებულია დეკლარაციების მიხედვით კომპანიის ფინანსური სახსრების ანალიზი და აღნიშნულის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მხოლოდ სალარო აპარატის ფისკალური ამონაწერის და საბანკო ამონაწერების ანალიზით ცალსახად დგინდება, რომ კომპანიის საბანკო ანგარიშებზე მხოლოდ 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდებში ფიზიკური პირის მიერ შეტანილია 475 120 ლარით მეტი თანხა, ვიდრე კომპანიას მიღებული აქვს შემოსავლები სალარო აპარატის მეშვეობით, ამდენად, სრულიად გაურკვეველი და დაუსაბუთებელია სადავო საკითხის მიმართა შემმოწმებლების შეფასება. დავის პროცესში წარდგენილი იყო 2015 წლის საგადახდო დავალება, რომლითაც დასტურდება რომ კომპანიას აღებული აქვს სესხი. თუმცა აღნიშნული მტკიცებულება არ იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ გათვალისწინებული.

მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელს საბუღალტრო მონაცემებში შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდება ფიზიკური პირის მიმართ ვალდებულება 849 944 ლარი (ურთიერთდამოკიდებული პირი). გადასახადის გადამხდელის განმარტებით აღნიშნული თანხა ფიზიკურმა პირმა გადასცა კომპანიას სესხის სახით, ხოლო უშუალოდ შესამოწმებელ პერიოდში კომპანია აღნიშნულ თანხას უხდის/უბრუნებს ფიზიკურ პირს. შესწავლილია აღნიშნული ვალდებულების და შემდგომში ვალდებულებების შემცირების მიზნით გადახდილი თანხების მართლზომიერება, დამუშავდა ძველი პერიოდის დეკლარირებული მონაცემები, რომელთა საფუძველზე გაანგარიშებულ იქნა წინა საანგარიშო პერიოდების მოგება/ზარალი, კომპანიას 2015 წლამდე უფიქსირდება მოგებები, ხოლო 2015 წელს შეიძინა კომერციული ფართი და აღნიშნული პერიოდიდან უკვე უფიქსირდება ზარალი, რაც მოჰყვება შემდგომ წლებში. აღნიშნულის საფუძველზე ზემოაღნიშნული ვალდებულების (849 944 ლარი) გარკვეული ნაწილი (501 148 ლარი) ჩაითვალა მართლზომიერად და შესაბამისად არ დაიბეგრა შემოწმების მიერ.

საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

2. ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე რეალიზებულ კომერციული ფართზე შემოწმების შედეგად განსაზღვრული საბაზრო ფასი და ამ ნაწილში მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზის განსაზღვრა უძრავი ქონების საბაზრო ფასით, დღგ-ის ჩათვლით

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიამ 12.12.2015 წელს შპს „-----გან“ შეიძინა კომერციული ფართი (151.8 მ2) 135 000 აშშ დოლარად, რომელშიც ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას. 6.06.2023 წელს განხორციელდა აღნიშნული ფართის რეალიზაცია ფიზიკურ პირზე 350 000 ლარად.

საგადასახადო კოდექსის მე-18, მე-19, 73-ე და 981 მუხლების გათვალისწინებით დადგინდა კომერციული ფართის რეალიზაცია ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, აღნიშნულიფართის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებფასად რეალიზაცია (880 აშშ დოლარი 1მ2), შესაბამისად განხორციელდა მისი ღირებულების აფასება და დადგინდა საბაზრო ღირებულება (1 325 აშშ დოლარი 1მ2). რეალიზებული ქონების ნამეტი ღირებულება დაიბეგრა დღგ-ით და მოგების გადასახადით. გადამხდელს ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-18 მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე, 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება რეალიზებულ კომერციულ ფართზე შემოწმების მიერ საბაზრო ფასის ცვლილებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მომჩივნის განმარტებით, შემოწმებამ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირზე უძრავი ქონების რეალიზაცია განხორციელდა საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად, თუმცა აქტი არ მოიცავს დასაბუთებას ურთიერთდამოკიდებულებასთან დაკავშირებით. ამასთან, შემოწმების მიერ თვითნებურად იქნა რეალიზაციის თანხა კორექტირებული/გაზრდილი და საბაზრო ფასის თაობაზე არ არსებობს კვალიფიციური პირის დასკვნა. შემოწმების მიერ კი უძრავი ქონების შეფასება საბაზრო ღირებულებით განხორციელდა ყველა სამართლებრივი ნორმის უგულვებელყოფით, რამდენადაც შემმოწმებელი არ წარმოადგენს კვალიფიციურ პირს უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, ხოლო შემოწმების აქტი ასევე არ შეიცავს ინფორმაციას უძრავი ქონების კვალიფიციური პირის მიერ შეფასების თაობაზე. კომპანიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა რეალიზებული შემფასებლის დასკვნა, რომლითაც დადასტურდება კომპანიის მიერ განხორციელებული გარიგების შესაბამისობა კანონმდებლობის მოთხოვნებთან. გარდა ამისა, შემოწმება დღგ-ის მიზნებისთვის დასაბეგრ ბრუნვას დამატებით უზრდის კომპანიას 150 250 ლარის ოდენობით, ხოლო მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზად განიხილავს მის მიერვე განსაზღვრულ უძრავი ქონების საბაზრო ფასს დღგ-ის ჩათვლით. მაშინ როდესაც, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს - საბაზრო ფასით, დღგის გარეშე. შესაბამისად, შემოწმების მიერ არამართლზომიერად არის განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

ხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, რეალიზებული კომერციული ფართის საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან (საექსპერტო დაწესებულება) გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების აქტით დგინდება, შემმოწმებლის მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრულია იქნა კომპანიის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, კერძოდ შემმოწმებელი მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირზე უძრავი ქონების რეალიზაცია განხორციელდა საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად, რის გამოც კომპანიას საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა როგორც დღგ-ში ასევე, მოგების გადასახადში.

საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრის სამართლებრივი საფუძვლად მითითებული საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტი. აღნიშნული ნორმით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის საფუძვლად მოქმედი კანონმდებლობა განიხილავს კომპანიის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებულ ოპერაციას. შესაბამისად იმისათვის, რომ მოქმედი კანონმდებლობის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის შესაძლებლობა გააჩნდეს შემმოწმებელს, იგი უნდა ადასტურებდეს მხარეთა ურთიერთდამოკიდებულებას, თუმცა განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს აღნიშნულზე მითითებას.

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული კანონმდებლობის ნორმის მიხედვით ურთიერთდამოკიდებულების შემთხვევაშიც კი (რაც არაერთგზის აღინიშნა რომ განსახილველ ნაწილში არ არსებობს), საგადასახადო ვალდებულებები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეებს შორის განხორციელებული დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისგან. მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგებით შემმოწმებლის მიერ თვითნებურად იქნა რეალიზაციის თანხა კორექტირებული/გაზრდილი და საბაზრო ფასის თაობაზე არ არსებობს კვალიფიციური პირის დასკვნა. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფით.

ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრულია, რომ საშემფასებლო საქმიანობის განხორციელების უფლება საქართველოში ენიჭება მხოლოდ იმ პირს, რომელშიც დასაქმებულია აკრედიტებულ შემფასებელთან სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული შემფასებელი. შეფასების განხორციელების და შეფასების ანგარიშზე/დასკვნაზე ხელის მოწერის უფლება ენიჭება აკრედიტებულ შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს.

შემმოწმებლის მიერ კი უძრავი ქონების შეფასება საბაზრო ღირებულებით განხორციელდა ყველა სამართლებრივი ნორმის უგულვებელყოფით, რამდენადაც შემმოწმებელი არ წარმოადგენს კვალიფიციურ პირს უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, ხოლო შემოწმების აქტი, ასევე არ შეიცავს ინფორმაციას უძრავი ქონების კვალიფიციური პირის მიერ შეფასების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნათა დაცვით კომპანიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა რეალიზებული უძრავი ქონების რეალური ღირებულების განსაზღვრის მიზნით წარმოადგინოს კვალიფიციური შემფასებლის დასკვნა, რომლითაც დასტურდება კომპანიის მიერ განხორციელებული გარიგების შესაბამისობა კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

როგორც არაერთგზის აღინიშნა, შემოწმების შედეგები არ შეიცავს ინფორმაციას შემმოწმებლის მიერ საბაზრო ფასის კორექტირების საფუძველზე, ასევე გაურკვეველია დაბეგვრის მიზნებისათვის რა ინფორმაციაზე დაყრდნობით განსაზღვრა შემფასებელმა უძრავი ქონების ღირებულება გარიგების ფასისგან განსხვავებული ფასით.

ამასთან, მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს შემმოწმებლის მიდგომა სადავო საკითხის მიმართ განსაზღვრულ ვალდებულებებთან მიმართებაში, რამდენადაც, შემმოწმებელი დღგ-ის მიზნებისთვის დასაბეგრ ბრუნვას დამატებით უზრდის კომპანიას 150 250 ლარის ოდენობით, ხოლო მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზას შემმოწმებელი განხილვის მის მიერვე განსაზღვრულ უძრავი ქონების საბაზრო ფასს დღგ-ის ჩათვლით, კერძოდ მოგების გადასახადში განსახილველ ნაწილში კომპანიას საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა რეალიზებული უძრავი ქონების საბაზრო ფასიდან დღგ-ის ჩათვლით და მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზას შემმოწმებელი განიხილავს მის მიერვე განსაზღვრულ უძრავი ქონების საბაზრო ფასს დღგ-ის ჩათვლით, კერძოდ მოგების გადასახადში განსახილველ ნაწილში კომპანიას საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა რეალიზებული უძრავი ქონების საბაზრო ფასიდან დღგ-ის ჩათვლით და მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზად განისაზღვრა 177 295 (150250*1.18) ლარი. ეს კი მაშინ როდესაც საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილით ცალსახად განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის 981 - 984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს - საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე. შესაბამისად, მიაჩნია, რომ შემმოწმებლის მიერ არამართლზომიერად არის განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, მიეცა წინადადება წარადგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება და აღნიშნულის საფუძველზე წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესწავლის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შესაბამისი კორექტირება. თუმცა განსახილველ ნაწილში შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ არ იმსჯელა საჩივარში მითითებულ გარემოებაზე, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ პრინციპულ საკითხს, სადავო საკითხის ნაწილში, როგორც აღინიშნა, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას მოგების გადასახადში შემმოწმებელი საგადასახადო ვალდებულებას საზღვრავს დღგ-იან თანხაზე, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება და მიაჩნია რომ აღნიშნული მიდგომით უხეშად ირღვევა მოქმედი კანონმდებლობა და დგინდება არასწორი საგადასახადო პრაქტიკა. შესაბამისად, განსახილველ ნაწილში შემოსავლების სამსახურის ბრძანება არამართლზომიერია და საგადასახადო შემოწმების შედეგები ექვემდებარება კორექტირებას.

მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სრულიად დაუსაბუთებელია, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების უგულვებელყოფით და ითხოვს განსახილველი სადავო საკითხის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სრულად გაუქმებას და საჩივრის განხილვას კომპანიის უშუალო წარმომადგენლების მეშვეობით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად:

2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის და მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

4. მოგების განაწილებად ითვლება:

ა) საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს:

ა.ა) გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების შესაბამისად:

1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

7. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ:

ა) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება;

ბ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს ამ კოდექსის შესაბამისად, არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება და მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე;

გ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა მაღალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.

მომჩივანი განმარტავს, რომ

მოქმედი კანონმდებლობის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის შესაძლებლობა გააჩნდეს შემმოწმებელს, იგი უნდა ადასტურებდეს მხარეთა ურთიერთდამოკიდებულებას, თუმცა განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს აღნიშნულზე მითითებას.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის განმარტებით, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული კანონმდებლობის ნორმის მიხედვით ურთიერთდამოკიდებულების შემთხვევაშიც კი (რაც არაერთგზის აღინიშნა რომ განსახილველ ნაწილში არ არსებობს), საგადასახადო ვალდებულებები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეებს შორის განხორციელებული დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისგან. მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგებით შემმოწმებლის მიერ თვითნებურად იქნა რეალიზაციის თანხა კორექტირებული/გაზრდილი და საბაზრო ფასის თაობაზე არ არსებობს კვალიფიციური პირის დასკვნა. თუმცა, ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, წარედგინა კომპეტენტურ პირთან (საექსპერტო დაწესებულება) გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და მალე წარადგენს ექსპერტიზის დასკვნასაც. აღნიშნულ სადავო საკითხში მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას მოგების გადასახადში შემმოწმებელი საგადასახადო ვალდებულებას საზღვრავს დღგ-იან თანხაზე, ეს კი მაშინ როდესაც საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილით ცალსახად განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის 981 - 984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს - საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ არ იმსჯელა საჩივარში მითითებულ ამ გარემოებაზე, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ პრინციპულ საკითხს, სადავო საკითხის ნაწილში.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიუთითებს შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5198 ბრძანებაზე, რაც მიაჩნია მართებულად, ხოლო ამ სადავო საკითხის მეორე ნაწილზე მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზის განსაზღვრა უძრავი ქონების საბაზრო ფასით, დღგ-ის ჩათვლით, სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი ამ ნაწილში საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5198 ბრძანება;

3. საჩივარი პირველი დავის საგნის და მე-2 დავის საგნის მე-2 ნაწილში (მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზის განსაზღვრა უძრავი ქონების საბაზრო ფასით, დღგ-ის ჩათვლით) დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ფიზიკურ პირზე გაცემული თანხების/თანხის ნაწილის ხელფასად დაკვალიფიცირება;

2. ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე რეალიზებულ კომერციული ფართზე შემოწმების შედეგად განსაზღვრული საბაზრო ფასი და ამ ნაწილში მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზის განსაზღვრა უძრავი ქონების საბაზრო ფასით, დღგ-ის ჩათვლით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №23199 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.09.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 20.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №32617 ბრძანება და №006-676 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №5198 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, რეალიზებული კომერციული ფართის საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან (საექსპერტო დაწესებულება) გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის №5198 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზის განსაზღვრა უძრავი ქონების საბაზრო ფასით, დღგ-ის ჩათვლით, სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი ორივე ნაწილში საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ორივე სადავო საკითხის ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 18(2.3); 19 (1); 73(5 „ა“.4.9 „ბ“); 97(1 „ა“); 981(1.4 „ა.ა“); 101(1); 154(1 „ა“); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1); 164(1.7);